ნაცრისფერი სიდამპლე

ნაცრისფერი სიდამპლემცენარეთა სოკოვანი დაავადება, რომელიც ვლინდება ვაზში, კომბოსტოში, მარწყვში, გარგარში, წიწაკაში, თამბაქოში და სხვ. ძირითადად იწვევს სოკო Botrytis cinerea, აგრეთვე მის გვარში შემავალი ზოგიერთი სხვა სახეობა.[1]

კომბოსტოს ნაცრისფერი სიდამპლე

რედაქტირება

კომბოსტოს ნაცრისფერი სიდამპლის გამომწვევია სოკო Botrytis cinerea. მაღალი ტემპერატურის პირობებში, საწყობში შენახული კომბოსტოს თავების ზედაპირი იფარება ნაცრისფერი ნადებით. დაზიანების ადგილებში გარკვეული დროის შემდეგ ჩნდება შავი ფერის სიმსივნეები — სოკოს სკლეროციები, რომლებიც სიცოცხლისუნარიანობას 2 წელი ინარჩუნებენ. დაავადება ადვილად ვრცელდება სხვა საღ მცენარეებზეც. ხანდახან სოკო აზიანებს აღმონაცენებსაც და ხდება იწვევს მათ ჩაწოლას.[2]

ბრძოლის ღონისძიებები: საწყობების დეზინფექცია, დაზიანებული მცენარეების მოცილება და განადგურება, შენახვის ოპტიმალური პირობების დაცვა შესაბამისი წამლობების განხორციელება.[2]

ხახვის ნაცრისფერი სიდამპლე

რედაქტირება
 
Botrytis allii ხახვის ბოლქვზე.

ხახვის ნაცრისფერი სიდამპლის გამომწვევები არიან უსრული სოკოები Botrytis porri, B. aclada, B. byssoidea, B. squamosa,[3] B. allii.[1] დაავადება ძირითადად ჩნდება შენახვის პერიოდში. შენახვის პირობების დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს დაავადების გავრცელება და მოსავლის 50%-ზე მეტი დანაკარგი. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს ხახვის სათანადო წესით არ გაშრობა. პათოგენი ვრცელდება სათესლე და სარგავი მასალით. თუ სათესლე მასალა ინახება შესამჩნევად დაბალ ტემპერატურაზე, ამ შემთხვევაში სოკოს შეუძლია 3 ან მეტი წლის განმავლობაში იარსებოს სათესლე მასალაზე. პათოგენი დაინფიცირებულ სათესლე მასალაზე წარმოქმნის კონიდიებს, რომელთა მეშვეობითაც მცენარეზე ვითარდება დაავადება. ვეგეტაციის პერიოდში ინფექცია არსებობს მხოლოდ ფოთლებზე. მოსავლის აღებამდე მცირე პერიოდით ადრე მცენარის ბოლქვის ფურცლები დაფარულია ჭრილობებით, რომლებზეც ჩნდება ინფექცია. სანამ ღეროს ქსოვილი სინესტეს ინარჩუნებს, პათოგენი იზრდება ბოლქვში და ალპობს მას. დაინფიცირებულ ქსოვილებში წარმოიქმნება მცირე ზომის შავი სკლეროციები, რომელთაც მინიმუმ 2 წლის განმავლობაში შეუძლიათ არსებობა მცენარეულ ნარჩენებსა და ფართობებში.[3]

სიმპტომები: მინდორში მცენარეზე ვითარდება 1–5 მმ სიგრძის ღია-მწვანე ფერის არშიის მქონე თეთრი ლაქები, რომლებიც ჰერბიციდების მოქმედების შედეგად გაჩენილ ლაქებს წააგავს. გარჩევა შესაძლებელია ლაქების ირგვლივ არსებული, ნაცრისფერი სიდამპლისთვის დამახასიათებელი, ღია მწვანე არშიის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება ჩნდება მინდორში, მის გავრცელებას ყველაზე დიდი ზიანი მოაქვს საწყობებში, სადაც იგი ხვდება მინდვრიდან და შენახვის სათანადო პირობების დაუცველობის შემთხვევაში აზიანებს დასაწყობებული მოსავლის უდიდეს ნაწილს. ამ პერიოდში დაავადებული ბოლქვის ყელი რბილდება და ნესტიანდება; დაზიანებულ უბნებზე ჩნდება ნაცრისფერი ნადები, რომელიც დროთა განმავლობაში ვრცელდება ბოლქვის ზედაპირზე. მოგვიანებით ბოლქვები იფარება 5 მმ დიამეტრიანი შავი სკლეროციებით. მიცელიუმის გამონაზარდები თვალსაჩინო ხდება დასაწყობებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. პათოგენი განაგრძობს ზრდას ბოლქვში და დროთა განმავლობაში ბოლქვის უმეტესი ნაწილი რბილდება და ლპება. დაავადებული ბოლქვის გადანაჭერზე დაზიანებული ქსოვილი მკვეთრად გამოირჩევა საღი ქსოვილისაგან — შავია და დარბილებული.[3] თუ მცენარეზე მარტოა დასახლებული, მშრალი სიდამპლე ვითარდება, ხოლო თუ სხვა მიკროორგანიზმებიც არიან, მაშინ სველი სიდამპლის ტიპს იძლევა.[1]

ბრძოლის ღონისძიებები: კულტურათა მონაცვლეობა (დაავადების გაჩენის შემთხვევაში მინიმუმ 2 წლის მანძილზე არ უნდა იწარმოოს მასმინძელი კულტურა), მოსავლის დროული აღება, ბოლქვებისათვის მექანიკური დაზიანებების არიდება, დასაწყობების ოპტიმალური პირობების გამოყენება (ტემპერატურა არაუმეტეს 30-32°C, ტენიანობა არაუმეტეს 80%), მინერალური სასუქების რაციონალური გამოყენება, ფუნგიციდების დროული და ხარისხიანი გამოყენება,[3] შენახვის წინ მოსვლის დახარისხება.[1]

ვაზის ნაცრისფერი სიდამპლე

რედაქტირება
 
ნაცრისფერი სიდამპლით დაზიანებული რისლინგის მტევანი.

ვაზის/ყურძნის ნაცრისფერ სიდამპლეს იწვევს სოკო Botrytis cinerea. გაჩენისათვის ოპტიმალური პირობებია: ტემპერატურა — 15–20°C, ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა — 90%.[4]

სიმპტომები: დაავადება ვითარდება მწიფე ყურძენზე, იშვიათად — რქებზე, ყლორტებსა და ფოთლებზე. დაავადებული მარცვალი იღებს მუქ ყავისფერ შეფერილობას, ნაოჭდება, ხმება და ზემოდან იფარება ნაცრისფერ ნაფიფქით. მწიფე ყურძნის დაავადებას, ამინდების გათვალისწინებით, სხვადასხვანაირი მნიშვნელობა აქვს. იმ შემთხვევაში, თუკი დაავადების შემდეგ მშრალი ამინდი დადგა, სოკოს გავლენით ყურძენში მჟავიანობა მცირდება და შაქრიანობა მატულობს. ასეთი ყურძნისაგან დამზადებული ღვინო განსაკუთრებული სურნელითა და გემოთი ხასიათდება, რის გამოც ავადმყოფობას კეთილთვისებიანს უწოდებენ. წვიმიან ამინდებში სოკო მასობრივად ვრცელდება და ყურძნის ნაცრისფერ სიდამპლეს იწვევს. ასეთი ყურძნისაგან დამზადებული ღვინო ხასიათდება არასასიამოვნო ობის გემოთი. დაავადება წითელ ღვინოს ფერსაც კი უცვლის. სიმპტომები ვლინდება გაზაფხულზე, ზაფხულში და შემოდგომაზე.[4]

ბრძოლის ღონისძიებები: ვაზის მაღალ შტამბზე დაყენება, დაავადების წინააღმდეგ წამლობების ჩატარება (კულტურის განვითარების ეტაპების გათვალისწინებით) პირიმეთანილის, ფლუაზინამის, ბოსკალიდის და დაავადების წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა შემცველი ფუნგიციდებით.[4]

მარწყვის ნაცრისფერი სიდამპლე

რედაქტირება
 
Botrytis cinerea-ით დაზიანებული მარწყვის ნაყოფი.

მარწყვის ნაცრისფერ სიდამპლეს იწვევს სოკო Botrytis cinerea. გაჩენისათვის ოპტიმალური პირობებია: ტემპერატურა — 15–24°C, ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა — 90%.[5] ძირითადად აზიანებს ყვავილებსა და ნაყოფებს. ნაყოფები ავადდება სიმწიფის პერიოდში და ტრანსპორტირებისას. დაავადება ადვილად ჩნდება და სწრაფად პროგრესირებს ნოტიო და შედარებით გრილ ამინდებში. მისი გამომწვევი სოკო აავადებს მცენარის ყველა ორგანოს.[6]

სიმპტომები: ნაცრისფერი სიდამპლით დაავადებულ მარწყვის ნაყოფებზე ჩნდება ღია ყავისფერი ლაქები. დროთა განმავლობაში ისინი სწრაფად იზრდებიან ზომაში და ფარავენ ნაყოფების ზედაპირის დიდ ნაწილს. ლაქის ზედაპირი იფარება მონაცრისფრო შეფერილობის ნადებით და იწყება ნაყოფის ლპობის პროცესი.[5] ავადდება, როგორც მწიფე, ასევე მკვახე ნაოფები. ფოთოლზე ვითარდება დიდი ნაცრისფერი ლაქა, ხოლო ყლორტზე – ჩაზნექილი მოყავისფრო ლაქა, რომელიც დამწვარს წააგავს; ნაყოფის ყუნწის დაავადების შემთხვევაში ლაქა სწრფად უვლის მას ირგვლივ და ახმობს ჯერ კიდევ მწვანე ნასკვს.[6] სიმპტომები ვლინდება გაზაფხულზე და ზაფხულში.[5]

ბრძოლის ღონისძიებები: დარგვისას მცენარეთა სწორი განლაგება ფართობში (რიგებსა და მცენარეებს შორის ოპტიმალური მანძილების დაცვა),[5] მარწყვის დარგვა განათებულ და კარგი აერაციის მქონე ადგილებში, ასევე წყლისა და ჰაერის კარგ გამტარ ნიადაგებზე,[6] შენახვის სათანადო პირობების დაცვა, დაზიანებული ნაყოფების დროული აღმოჩენა და მოცილება, საღი სანერგე მასალის შერჩევა დასარგავად, პესტიციდების გამოყენება (სიმწიფის დაწყებამდე). მისაღებია ფენჰექსამიდის და პათოგენის წინააღმდეგ ეფექტურად მოქმედ სხვა ნივთიერებათა ბაზაზე წარმოებული ფუნგიციდები.[5]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 მინდვრისა და ბოსტნეული კულტურების დაცვა გვ. 19. agriedu.ge. ციტირების თარიღი: 18 აგვისტო, 2020.
  2. 2.0 2.1 მემარნიშვილი, ნ.; კელენჯერიძე, ნ.; ხეთერელი, ა.. კომბოსტოს წარმოების აგროტექნოლოგია. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია. gfa.org.ge (2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-28. ციტირების თარიღი: 19 აგვისტო, 2020.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 ხიდეშელი, ზ.; მემარნიშვილი, ნ.; ხეთერელი, ა.. ხახვის წარმოების აგროტექნოლოგია. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია. gfa.org.ge (2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-23. ციტირების თარიღი: 20 აგვისტო, 2020.
  4. 4.0 4.1 4.2 ყურძნის ნაცრისფერი სიდამპლე. ქართული აგრო-ენციკლოპედია. agropedia.ge (25 თებერვალი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-10. ციტირების თარიღი: 20 აგვისტო, 2020.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 ლორთქიფანიძე, ზ. და სხვები. მარწყვის წარმოების აგროტექნოლოგია. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია. gfa.org.ge (2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-23. ციტირების თარიღი: 20 აგვისტო, 2020.
  6. 6.0 6.1 6.2 მარწყვის ნაცრისფერი სიდამპლე — სიმპტომები და ბრძოლის ღონისძიებები. ქართული აგრო-ენციკლოპედია. agropedia.ge (11 იანვარი,). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-10. ციტირების თარიღი: 20 აგვისტო, 2020.