უ ტანი
უ ტანი (ბირმ. ဦးသန; დ. 22 იანვარი, 1909, პანდანო, ბირმა — გ. 25 ნოემბერი, 1974, ნიუ-იორკი, აშშ) — ბირმელი პედაგოგი, დიპლომატი. გაეროს მე-3 გენერალური მდივანი (1962–1971 წწ.). გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე აირჩიეს დაგ ჰამარშელდის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ 1961 წლის სექტემბერში. პირველი არასკანდინავიელი მდივანი. უ ტანი ყველაზე დიდხანს იკავებდა გაეროს გენერალური მდივანის თანამდებობას.
უ ტანი | |
გაეროს გენერალური მდივანი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 ნოემბერი, 1962 – 31 დეკემბერი, 1971 | |
წინამორბედი | დაგ ჰამარშელდი |
მემკვიდრე | კურტ ვალდჰაიმი |
დაბადებული | 22 იანვარი, 1909 პანდანო, ბირმა |
გარდაცვლილი | 25 ნოემბერი, 1974 ნიუ-იორკი, აშშ |
მეუღლე | დოუ თჰეინ თინი |
რელიგია | ბუდიზმი |
უ ტანის გენერალურ მდივნად მოღვაწეობის პერიოდს დაემთხვა ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორიცაა კონგოს კრიზისი, კარიბის კრიზისი, ექვსდღიანი ომი და ვიეტნამის ომის დასაწყისი. მოღვაწეობის განმავლობაში უ ტანმა საკუთარი წვლილი შეიტანა კარიბის კრიზისის დასრულებაში, განავითარა პრევენციული დიპლომატიისა და მედიაციის პრაქტიკა, მიმართა მშვიდობის იძულებას. უ ტანი გარდაიცვალა 1974 წელს. მის გარდაცვალებას ბირმაში სახალხო მღელვარება მოჰყვა.
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებაუ ტანი დაიბადა კოლონიური ბირმის პატარა ქალაქ პანტანაუში 1909 წლის 22 იანვარს, შეძლებული მეწისქვილე მამისა და მორწმუნე ბუდისტი დედის ოჯახში. მისი ოჯახი ბამარების ეთნიკურ ჯგუფს განეკუთვნებოდა. სკოლაში სწავლისას ტანი ინტერესს იჩენდა კითხვისადმი, რის გამოც, სკოლაში მას ზედმეტსახელად „ფილოსოფოსი“ შეარქვეს.[1] ბირმელი ახალგაზრდების უმრავლესობის მსგავსად, უ ტანმა გარკვეული ხანი დაჰყო ბუდისტურ მონასტერში. ახალგაზრდა უ ტანისთვის სამაგალითო პიროვნებები იყვნენ სერ სტეფორდ კრიპსი — ინდოეთის დამოუკიდებლობის მომხრე ბრიტანელი სოციალისტი პოლიტიკოსი, ეროვნული მოძრაობების ლიდერები - ეამონ დე ვალერა, სუნ იატსენი და მაჰათმა განდი.[1]
მშობლიურ პანტანაუში უმაღლესი ეროვნული სკოლის დამთავრების შემდეგ, ტანმა რანგუნის საუნივერსიტეტო კოლეჯში განაგრძო სწავლა. მამის გარდაცვალების შემდეგ ტანს მშობლიურ ქალაქში დაბრუნება მოუხდა, რათა ოჯახის საქმეებს გაძღოლოდა და დაქვრივებულ დედასა და უმცროს ძმებზე ეზრუნა.
20 წლის ასაკში ტანმა გაიმარჯვა მთელი ბირმის მასშატბით ჩატარებულ მთარგმნელობით კონკურსში. 22 წლისა კი სკოლის დირექტორი გახდა პანტანაუში. პარალელურად, ტანი განაგრძობდა მთარგმნელობით საქმიანობას. მან ინგლისურიდან ბირმულად თარგმნა წიგნი ერთა ლიგის შესახებ. პანტანაუს სკოლის დირექტორად მუშაობისას ტანმა გაიცნო და სკოლების ზედამხედველი უ ნუ, ბირმის მომავალი პრემიერ-მინისტრი.
იაპონიის მიერ ბირმის ოკუპაციის დროს ტანი პანტანაუს ადმინისტრაციულ საბჭოში მსახურობდა. 3 თვის განმავლობაში კი რანგუნიში განათლების რეორგანიზების კომიტეტის მდივნის მოვალეობას ასრულებდა. ტანმა უარი განაცხადა დამორჩილებოდა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, იაპონური ენა სავალდებულო უნდა გამხდარიყო სკოლებში. დაპატიმრებას ტანი ყოფილი მოსწავლეებისა და მასთან დამეგობრებული იაპონელი ჯარისკაცის წყალობით გადაურჩა.[2]
საჯარო მოხელე
რედაქტირება1948 წელს ბირმამ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი უ ნუ გახდა. უ ტანი მთავრობის კომუნიკაციების დირექტორი გახდა.
1948 წელს კარენების ეთნიკურ ჯგუფმა ცენტრალურ ხელისუფლების დაუმორჩილებლობა დაიწყო. უ ტანი პირადად იყო ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებებში. მიუხედავად მისი მცდელობისა, ბირმაში კონფლიქტმა იფეთქა. დაუმორჩილებლობა სეცესიონისტურ მოძრაობაში გადაიზარდა. კონფლიქტის დროს დაზარალდა ტანის მშობლიური ქალაქი და მისი ოჯახის ქონებაც.
1951-1957 წლებში ტანი ბირმის პრემიერ-მინისტრის მდივანი იყო. ის უ ნუსთვის ამზადებდა სიტყვებს, გეგმავდა მის საგარეო ვიზიტებსა და შეხვედრებს. ტანი თან ახლდა პრემიერ-მინისტრს 1955 წელს გამართულ ბანდუნგის კონფერენციაზე, რომელზეც აფრიკისა და აზიის სახელმწიფოების წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი. ბანდუნგის კონფერენციაზე მიუმხრობლობის მოძრაობას ჩაეყარა საფუძველი.
ბირმის წარმომადგენელი გაეროში
რედაქტირება1957 წელს ტანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ბირმის მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა. ტანი თავმჯდომარეობდა აფრო-აზიური კომიტეტს ალჟირის დამოუკიდებლობის საკითხის განხილვისას. მან მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომლითაც დაიგმო უნგრეთის 1956 წლის რევოლუციის ჩახშობა. 1960-იან წლებში გაეროსთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შექმნილი კრიზისი. 1961 წელს ტანი დაინიშნა კონგოს შერიგების კომისიის თავმჯდომარედ.
გენერალური მდივანი
რედაქტირებათანამდებობაზე არჩევა
რედაქტირება1961 წლის სექტემბერში კონგოში მიმავალი გაეროს გენერალური მდივანი დაგ ჰამარშელდი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. გაეროს სამდივნო კრიზისში აღმოჩნდა. საბჭოთა კავშირი გამოვიდა ინიციატივით, გენერალური მდივნის ნაცვლად აერჩიათ „ტროიკა“. ტანი ამ წინადადების წინააღმდეგ წავიდა, რადგან მისი აზრით, ეს გაეროს დაასუსტებდა. მას შემდეგ, რაც „ტროიკის“ შექმნის იდეამ მხარდაჭერა კვლავ ვერ მოიპოვა, საბჭოელებმა მათთვის მისაღები კანდიდატურის ძებნა დაიწყეს და თანამდებობა ირლანდიელ დიპლომატ ფრედერიკ ბოლანდს შესთავაზეს.
ბოლანდმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა და გენერალური მდივნის თანამდებობაზე წამოაყენა ტანის კანდიდატურა. მისი საქმის კურსში ჩაყენების გარეშე, ბოლანდმა ტანი იახლა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი გრომიკოსთან შეხვედრაზე. გრომიკომ განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირი აღარ მოითხოვდა „ტროიკის“ ფორმატზე გადასვლას, თუკი გენერალური მდივანი არ იქნებოდა დასავლეთის ქვეყნის წარმომადგენელი.
1961 წლის 3 ნოემბერს უშიშროების საბჭოს მიერ ერთსულოვნად მხარდაჭერილი ტანი გენერალურმა ასაბლეამ გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებლად აირჩია, ხოლო 1962 წლის 30 ნოემბერს უ ტანი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად აირჩია გენერალურ მდივნად.
კარიბის კრიზისი
რედაქტირებაუ ტანის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა ცივი ომის ერთ-ერთ პიკს დაემთხვა, როცა ორი ზესახელმწიფო ბირთვული ომის ზღვარზე აღმოჩნდა. 1961 წლის 16 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯონ კენედის აცნობეს, რომ საბჭოთა კავშირმა კუბაზე ბირთვული რაკეტები განათავსა. შემდგომი ექვსი დღის განმავლობაში პრეზიდენტი და მისი მრჩევლები შესაძლო საპასუხო ქმედებების შესახებ მსჯელობდნენ. 20 ოქტომბერს რაკეტების შესახებ უ ტანის მრჩეველ ინდარ ჯიტ რიხის აცნობეს. რიხი პენტაგონს ეწვია, რის შემდეგაც ტანს ამერიკელების მიერ მოწოდებული რაკეტის სურათები წარუდგინა.
22 ოქტომბერს პრეზიდენტმა კენედიმ კუბის საზღვაო კარანტინის ბრძანება გასცა. ბრძანების თანახმად, კარანტინი ძალაში 24 ოქტომბერს შედიოდა. 24 ოქტომბერს საბჭოთა კავშირის ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა კენედის გადაწყვეტილება აგრესიის აქტად შეაფასა. 24 ოქტომბერს ტანმა უშიშროების საბჭოს მიმართა და თქვა, რომ სასწორზე მთელი კაცობრიობის ბედი იდო. მან მოითხოვა მყისიერად დაწყებულიყო მოლაპარაკებები მხარეებს შორის. იმავე დღეს, ტანმა კენედისა და ხრუშოვს გაუგზავნა მოთხოვნა 2 ან 3-კვირიანი მორატორიუმის დაწესების შესახებ. საბჭოთა კავშირის მხრიდან, ეს გულისხმობდა კუბის იარაღით მომარაგების შეწყვეტას, შეერთებული შტატების მხრიდან კი, კარანტინის შეწყვეტას.
25 ოქტომბერს ხრუშოვი დათანხმდა უ ტანის შეთავაზებას, რის შემდეგაც კუბისკენ მიმავალი საბჭოთა გემების უმრავლესობამ კურსი უკან აიღეს, თუმცა რამდენიმე გემი განაგრძობდა გადაადგილებას კუბისკენ და უახლოვდებოდა კარანტინში მოქცეულ წყლებს. წინადადების მიღებაზე მზაობა განაცხადა შეერთებული შტატაების პრეზიდენტმაც. ამასთან, კენედისთვის კრიზისის დასაძლევად საჭირო პირობა იყო კუბიდან საბჭოური იარაღის გატანა. საბჭოთა გემები განაგრძობდნენ გადაადგილებას ბლოკადაში მოქცეული წყლებისკენ. იყო საშიშროება საბჭოთა ხომალდებს დაერღვიათ კარანტინი, რასაც მოჰყვებოდა ორი სახელმწიფოს გემებს შორის დაპირისპირება, რაც შეუძლებელს გახდიდა შემდგომ მოლაპარაკებებს. დაპირისპირების აღსაკვეთად, იმავე დღეს, უ ტანმა მოუწოდა ხრუშჩოვს გარკვეული დროით შეეჩერებინა საბჭოთა გემების გადაადგილება კარანტინში მოქცეული არეალისკენ, ხოლო კენედის სთხოვა გაეცა განკარგულება კარიბის ზღვაში განლაგებული ამერიკული გემებისათვის თავი აერიდებინათ პირდაპირი კონფრონტაციისთვის საბჭოთა ხომალდებთან. უ ტანი დაპირდა მხარეებს, რომ დაუყოვნებლივ მიაწვდიდა თითოეულს ინფორმაციას მოწინააღმდეგე მხარის გადაწყვეტილების შესახებ.
ორივე მხარე დაეთანხმა უ ტანის შეთავაზებას და მიიღო შესაბამისი ზომები. 26 ოქტომბერს უ ტანმა აცნობა კუბის ლიდერ ფიდელ კასტროს ამერიკისა და საბჭოთა კავშირის პოზიციები და მოუწოდა მას მოლაპარაკებების მსვლელობის პროცესში შეეჩერებინა საშუალო და შორი დაფარვის რაკეტების გასაშვები სამხედრო ობიექტების მშენებლობა კუბის ტერიტორიაზე.
უ ტანის ძალისხმევის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტსა და საბჭოთა კავშირის გენერალურ მდივანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო, რასაც შემდგომი შეთანხმება და კრიზისის დასრულება მოჰყვა. 30-31 ოქტომბერს უ ტანი კუბას ეწვია და კუბის ლიდერებს შეხვდა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ამერიკელმა და საბჭოელმა მომლაპარაკებლებმა ერთობლივი წერილით მადლობა მოუხადეს უ ტანს მის მიერ კრიზისის დროს გაწეული ძალისხმევისათვის, რამაც კარიბის რეგიონში მშვიდობისათვის შექმნილი საფრთხე აღმოფხვრა.
კონგოს კრიზისი
რედაქტირებაუ ტანის გენერალური მდივნობისას გაგრძელდა გაეროს ჩართულობა კონგოს კრიზისში. 1961 წლის ნოემბერში კონგოში გაერთიანებულ ერების ოპერაციის (ONUC) 13 თანამშრომელი აჯანყებულმა კონგოელმა ჯარისკაცებმა მოკლეს. 1962 წელს კონგოს სამოქალაქო ომში ჩართული კატანგელი სეცესიონისტები მოიზ ჩომბეს მეთაურობით თავს დაესხნენ გაეროს მშვიდობისმყოფელებს. უ ტანმა შესაბამისი ზომები მიიღო და ბრძანება გასცა ოპერაცია „გრანდ-სლემის“ ჩატარების შესახებ, რომლის მიზანსაც ONUC-ის მიერ კატანგაში გადაადგილების სრული თავისუფლების უზრუნველყოფა იყო. გაეროს მიერ ძალის გამოყენებას მშვიდობის დასამყარებლად მხარი დაუჭირა შეერთებულმა შტატებმა და საბჭოთა კავშირმა. ოპერაციამ მიზანს მიაღწია — ჩომბე პრობლემის გადაწყვეტის მშვიდობიან გზებს დათანხმდა და კატანგაში მიმდინარე სეცესიონისტური მოძრაობა დაასრულა. 1963 წელს სეცესიონისტური მოძრაობის ცენტრი, ქალაქი ელიზაბეტვილი გაეროს კონტროლქვეშ გადავიდა.[3]
კონგოსგან განსხვავებით, ნაკლებად შედეგიანი აღმოჩნდა გაეროს ჩართულობა კვიპროსში. 1960 წელს კვიპროსის დამოუკიდებლობა გამოცხადდა. 1963 წლის შობის ღამეს კუნძულზე თემთაშორისმა დაპირისპირებამ იფეთქა. დიდმა ბრიტანეთმა, როგორც კვიპროსის დამოუკიდებლობის ერთ-ერთმა გარანტორმა ვერ უზრუნველყო ბრძოლების აღკვეთა, რის შემდეგაც გაეროს უშიშროების საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გენერალურ მდივანს მიეცა უფლებამოსილება კვიპროსზე გაეროს სამშვიდობო ძალები (UNFICYP) გაეგზავნა. სამშვიდობო ძალებს სამთვიანი მანდატი მიეცათ, რა დროშიც მათ ევალებოდათ ბრძოლების განახლების აღკვეთა და წესრიგის უზრუნველყოფა.
1965-1966 წლებში უ ტანი უშედეგოდ ცდილობდა შუამავლობა გაეწია ვაშინგტონსა და ჰანოის შორის. მის მიერ შემუშავებული სამსაფეხურიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა მოლაპარაკებებისთვის ნიადაგის შემზადებას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უგულვებელყო.
1966 წლის 2 დეკემბერს უ ტანი მეორე ვადით აირჩიეს გაეროს გენერალურ მდივნად.[4]
მეორე ვადისას უ ტანის გამოწვევად იქცა ისრაელ-არაბული კონფლიქტი. სუეცის კრიზისის შემდეგ გაერთიანებული ერების საგანგებო ძალები (UNEF) სინის ნახევარკუნძულზე იყვნენ განთავსებული. 1967 წელს ეგვიპტის ხელისუფლებამ გაეროს მოუწოდა საკუთარი ძალები გაეყვანა სინის ნახევარკუნძულიდან. უ ტანმა გენერალური ასამბლეისა და უშიშროების საბჭოს თანხმობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება სამშვიდობოების გაყვანის შესახებ. სამშვიდობოების გაყვანას ექვსდღიანი ომი მოჰყვა, რის გამოც ტანის გადაწყვეტილება კრიტიკის სამიზნე აღმოჩნდა.
1971 წელს ვადის ამოწურვის შემდეგ უ ტანმა გენერალური მდივნის თანამდებობა დატოვა. მისი ადგილი კურტ ვალდჰაიმმა დაიკავა.[5]
გარდაცვალება და დაკრძალვა
რედაქტირებაუ ტანი 1974 წლის 25 ნოემბერს ფილტვის კიბოსგან გარდიცვალა. იმჟამად ბირმის მმართველმა სამხედრო ხუნტამ, რომელიც ხელისუფლებაში უ ნუს დამხობის შემდეგ მოვიდა უარი განაცხადა ტანისათვის ოფიციალური პატივის მიგებაზე. უ ტანის დაკრძალვაზე რანგუნში ათი ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. ტანი რანგუნის სასაფლაოზე უნდა დაეკრძალათ, თუმცა სტუდენტების ჯგუფმა ტანის ცხედარი გაიტაცა და იმ ადგილას დაასაფლავა, სადაც ადრე რანგუნის უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირი მდებარეობდა, ვიდრე ის 1962 წელს ნე ვინმა არ ააფეთქებინა. საფლავზე რამდენიმე დღით დროებითი მავზოლეუმიც აღიმართა სადაც სტუდნეტები დემონსტრაციებს მართავდნენ და ანტისამთავრობო განცხადებებს აკეთებდნენ. 12 დეკემბერს სამთავრობო ძალებმა მიტინგი დაარბიეს და ტანის ცხედარი კანდავმინის მავზოლეუმების ბაღში გადაასვენეს.
მემკვიდრეობა
რედაქტირებადაგ ჰამარშელდის კვალდაკვალ, უ ტანი შეეცადა გენერალური მდივნის, როგორც უშიშროების საბჭოსა და გენერალური ასამბლეისაგან დამოუკიდებელი მედიატორის როლის წინ წამოწევას. ტანის აზრით, ზოგიერთ შემთხვევაში გენერალურ მდივანს უნდა შეესრულებინა „მოდერატორის“ როლი. მაგალითად, იემენის კონფლიქტისას ტანმა მონაწილეობა მიიღო არა მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების შედგენაში, არამედ უზრუნველყო იქ სამშვიდობო ოპერაციის გაგზავნა და მხოლოდ ამის შემდეგ მოახდინა ოპერაციის ავტორიზება უშიშროების საბჭოზე.
წინამორბედი გენერალური მდივნის მსგავსად, ტანი აქცენტს აკეთებდა პრევენციულ დიპლომატიაზე, რისი გამოვლინება იყო მისი მოქმედება კარიბის კრიზისის დროს.
ტანმა ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ტერმინები „მესამე სამყარო“ და „განვითარებადი სამყარო“. მისი გენერალური მდივნობისას გაერომ იწყო დიდი ხარჯების გაწევა განვითარების, ეკონომიკურ და სოციალურ საკიხებზე. ტანის გენერალური მდივნობისას დაფუძნდა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).
ჯილდოები
რედაქტირება1965 წელს ნორვეგიელმა დიპლომატმა უ ტანს აცნობა, რომ კარიბის კრიზისის გადალახვაში შეტანილი წვლილისათვის იგეგმებოდა მისთვის ნობელის პრემიის მინიჭება მშვიდობის დარგში, რაზეც ტანმა განაცხადა, რომ მშვიდობისთვის მუშაობა გენერალური მდივნი საკუთარ საქმეს ასრულებდა. 1965 წელს უ ტანი საერთაშორისო ურთიერთგაგების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯავაჰარლალ ნერუს სახელობის პრემიით დაჯილდოვდა.[6]
ლიტერატურა
რედაქტირება- June Bingham Birge (1966). U Thant: The Search for Peace. New York: Knopf Publishing Group.
- A. Walter Dorn and Robert Pauk (April 2009). „Unsung Mediator: U Thant and the Cuban Missile Crisis“. Diplomatic History. 33 (2): 261–291. doi:10.1111/j.1467-7709.2008.00762.x.
- Louis Kriesberg, Stuart J. Thorson (1991). Timing the De-escalation of International Conflicts. Syracuse, NY: Syracuse University Press. ISBN 978-0-8156-2521-6.
- A. Walter Dorn and Robert Pauk (November 2012). „The closest brush: How a UN secretary-general averted doomsday“. Bulletin of the Atomic Scientists. 68 (6): 79–84. Bibcode:2012BuAtS..68f..79D. doi:10.1177/0096340212464363. S2CID 143657372.
- Lewis, Terrance L. (2012). „U Thant“. Salem Press Biographical Encyclopedia:Research Starters. Salem Press.
- A. Walter Dorn (2007). „U Thant: Buddhism in Action“, რედ. Kille, Kent: The UN Secretary-General and Moral Authority: Ethics and Religion in International Leadership. Washington, DC: Georgetown University Press. ISBN 978-1-58901-180-9.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Dorn, 2007, გვ. 144
- ↑ Dorn, 2007, გვ. 145
- ↑ Dorn, 2007, გვ. 161
- ↑ Middleton, Drew (September 2, 1966). „Thant Declares He Will Not Seek Second U.N. Term“. The New York Times. p. 1.
- ↑ FRUS 1969–1976 V, Document 247: Telegram From the Mission to the United Nations to the Department of State, December 22, 1971, 0356Z.
- ↑ Dorn, 2007, გვ. 147