უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (აშშ)

უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (ინგლ. Foreign Agents Registration Act, FARA) (2 U.S.C. § 611 et seq.) — ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებული კანონი, რომელიც უცხო ქვეყნის ინტერესების წარმომადგენელ პირებს ვინაობის გასაჯაროებას ავალდებულებს.[1][2] კანონი მოითხოვს, რომ „უცხოეთის აგენტებმა“ (პიროვნებები ან ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობენ უცხო ქვეყნების მთავრობების ლობირებასა და ადვოკატირებაში) გაიარონ რეგისტრაცია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში (Department of Justice, DOJ) და საჯარო გახადონ მათი კავშირები, ქმედებები და ფინანსური კომპენსაცია.[2]

FARA არ კრძალავს უცხოური ინტერესების ლობირებას, ან რაიმე სხვა კონკრეტულ ქმედებას.[3] მის გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს გამჭვირვალობის ხელშეწყობა ამერიკის საზოგადოებრივ აზრზე, პოლიტიკაზე და კანონმდებლობაზე უცხოური გავლენების შესახებ, რა მიზნითაც იუსტიციის დეპარტამენტი ვალდებულია, უზრუნველჰყოს მსგავსი ინფორმაციის საჯაროობა.[4] FARA ძალაში შევიდა 1938 წელს და მისი მთავარი ფუნქცია ნაცისტურ პროპაგანდასთან გამკლავება იყო.[5][6] თავდაპირველად კანონის აღსასრულებლად სისხლის სამართლებრივი დევნაც გამოიყენებოდა, თუმცა, 1966 წლიდან მხოლოდ სამოქალაქო სახდელები და ნებაყოფლობითი რეგისტრაცია გამოიყენება.[7]

თავისი არსებობის განმავლობაში FARA, მეტწილად, უცნობი იყო და იშვიათად გამოიყენებოდა,[8] თუმცა, 2017 წლიდან იგი გაცილებით უფრო რეგულარულად და ინტენსიურად აღესრულება, განსაკუთრებით, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელ ოფიციალურ პირებთან დაკავშირებით.[7][9] ამ კანონის ძალით აღსრულებულ გახმაურებულ საქმეებს დიდი საჯარო, პოლიტიკური და სამართლებრივი განხილვები და კანონის რეფორმირების მოთხოვნებიც მოჰყვა.[6][7]

FARA-ს ადმინისტრირებას და აღსრულებას უზრუნველჰყოფს შესაბამისი დანაყოფი (FARA Unit) იუსტიციის დეპარტამენტის ეროვნული უსაფრთხოების დივიზიის (National Security Division, NSD) კონტრდაზვერვისა და ექსპორტის კონტროლის განყოფილებაში (Counterintelligence and Export Control Section, CES).[10][11] 2016 წლის შემდეგ რეგისტრაცია 30%-ით არის გაზრდილი და ამჟამად რეგისტრირებულია 500-ზე მეტი უცხოური გავლენის აქტიური აგენტი.[12]

ამერიკის პოლიტიკაზე უცხოური გავლენები სახელმწიფოს ჩამოყალიბების დღიდან აქტიური განხილვის და შეშფოთების საგანი იყო.[13][14] 1796 წელს, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომამდე გამოქვეყნებულ წერილში ჯორჯ ვაშინგტონმა გააფრთხილა ამერიკელი პოლიტიკოსები უცხო ქვეყნების შესახებ, რომლებიც შეეცდებოდნენ გავლენის მოპოვებას ამერიკის მთავრობასა და ხალხზე, კერძოდ, ადგილობრივი მარიონეტების საშუალებით.[15] ჯერ კიდევ 1808 წელს წარმომადგენელთა პალატა იძიებდა აშშ არმიის გენერალ ჯეიმზ ვილკინსონთან დაკავშირებულ ბრალდებებს, რომ იგი, შეიძლება, ესპანეთის ჯაშუში ყოფილიყო.[16] 1852 წელს კონგრესმა მიიღო ერთიანი რეზოლუცია, რომელიც მოიხმობდა ვაშინგტონის გაფრთხილებას და ადასტურებდა აშშ-ის ხელისუფლების მზაობას „უცხოური გავლენათა ბოროტების“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ უცხოური გავლენებთან დაკავშირებული შეშფოთება ამერიკულ პოლიტიკაში თავიდანვე არსებობდა, ამერიკელებს უცხოური მთავრობების და ინტერესების ლობირება არ ეკრძალებათ.[17] აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებულია მთავრობისადმი მიმართვის უფლება, მათ შორის, პოლიტიკური ლობირების ფორმით,[18] როგორც მოქალაქე, ისე არამოქალაქე პირებისთვის.[17] შედეგად, უცხოურ გავლენებთან ბრძოლის დროს გამჭვირვალობის მისაღწევად ცენზურის გამოყენება, როგორც წესი, არ ხდებოდა.[19] მხოლოდ 1917 წელს, პირველ მსოფლიო ომში ამერიკის შეერთებული შტატების ჩართვიდან ცოტა ხნის შემდეგ დაიწყო კონგრესმა ოფიციალური ზომების მიღება უცხოური ლობიზმის რეგულირებისა და შეზღუდვის მიზნით, რისთვისაც განიხილებოდა უცხოური აგენტებისთვის თავიანთი საქმიანობის გასაჯაროების დავალდებულება და ნებართვის გარეშე ლობისტური საქმიანობის აკრძალვა არამოქალაქე რეზიდენტებისათვის.[20][21]

1930-იან წლებში გერმანიაში ნაციზმის აღზევების და აშშ-ში უცხოურ პროპაგანდასთან დაკავშირებული ზრდადი შეშფოთების პასუხად წარმომადგენელთა პალატამ შექმნა არაამერიკური ქმედებების საგანგებო საგამოძიებო კომიტეტი (Committee on Un-American Activities).[22][23] კომიტეტს დაევალა, ეწარმოებინა საგამოძიებო მოქმედებები სამი მიმართულებით: (1) ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაცისტური პროპაგანდის მასშტაბი, ხასიათი და მიზნები; (2) ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ ძირგამომთხრელი პროპაგანდის გავრცელება, რომელიც ხელშეწყობილია უცხო ქვეყნებისგან და ეწინააღმდეგება მმართველობის იმ ფორმის პრინციპებს, რომელიც გარანტირებულია კონსტიტუციით; (3) ნებისმიერი სხვა საკითხი აღნიშულის გარშემო, რომელიც დაეხმარება კონგრესს ნებისმიერი საჭირო საკანონმდებლო ზომის მიღებაში.[24]

კომიტეტის რეკომენდაციების საფუძველზე, 1938 წელს ძალაში შევიდა „უცხო ქვეყნის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA), რომელმაც მიზანში ამოიღო პროპაგანდა და ძირგამომთხრელი პოლიტიკური საქმიანობა, განსაკუთრებით, ნაცისტური წყაროების მხრიდან.[25] კანონი ეხებოდა როგორც ამ ინტერესებისთვის მოქმედ, ისე მათთან კავშირში მყოფ უცხოური გავლენის აგენტებს.[26] კანონი არ კრძალავდა ამგვარ ქმედებებს, თუმცა, უცხო ქვეყნების მთავრობებსა და მრწმუნებლებთან კავშირში მყოფ პირებს, რომლებიც პროპაგანდას ეწეოდნენ, აკისრებდა ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულებას თავიანთი კლიენტების, ქმედებების და კონტრაქტის პირობების შესახებ.[3] კანონის აღსრულება სახელმწიფო დეპარტამენტს დაეკისრა, რომელმაც ამას პროტესტით უპასუხა, რადგან არ გააჩნდა მსგავსი პასუხისმგებლობის შესაბამისი რესურსები და პერსონალი,[27] რის შედეგადაც აღსრულების უფლებამოსილება 1942 წლიდან იუსტიციის დეპარტამენტს გადაეცა.[26] დეპარტამეტის ახლადდაფუძნებულ ომის დანაყოფში ჩამოყალიბდა „უცხოური აგენტების რეგისტრაციის განყოფილება“ (Foreign Agents Registration Section), რომელმაც ომის პერიოდში 23 სისხლის სამართლის საქმე აწარმოა.[26][28]

ომის დასრულების (1945) შემდეგ FARA-ს აღსრულება მნიშვნელოვნად შემცირდა: 1945–1955 წლებში მხოლოდ ორი საქმე აწარმოეს, ხოლო 1955–1962 წლებში წამოწყებული ცხრა საქმე მხოლოდ რეგისტრაციის დაგვიანებას ეხებოდა.[29]

1966 წლის რევიზია

რედაქტირება

1966 წელს FARA-ში შესწორება შევიდა. კანონი დავიწროვდა და შეეხო აგენტებს, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ უცხო ქვეყნის ძალებთან იმისთვის, რომ ხელისიფლების გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების გზით ეკონომიკური ან პოლიტიკური სარგებელი მიიღონ. შესწორებამ კანონის ფოკუსი პროპაგანდიდან პოლიტიკურ ლობირებაზე გადაიტანა და დაავიწროვა ტერმინ „უცხო ქვეყნის აგენტის“ მნიშვნელობაც.[30] შედეგად, პიროვნება და ორგანიზაცია აღარ მოხვდებოდა FARA-ს ბაზაში, თუ მთავრობა ვერ დაადასტურებდა, რომ ისინი მოქმედებდნენ „უცხო ქვეყნის მრწმუნებლის დავალებით, მოთხოვნით ან ხელმძღვანელობით და კონტროლით“ და აღნიშნული სავარაუდო აგენტი „ჩართული იყო პოლიტიკურ საქმიანობაში აღნიშნული მრწმუნებლის ინტერესების სასარგებლოდ“, მათ შორის, „წარმოადგენდა ასეთი მრწმუნებლის ინტერესებს შეერთებული შტატების მთავრობის ნებისმიერი ორგანოს და ოფიციალური პირის წინაშე“.[31]

იმის გამო, რომ შესწორებამ მთავრობას მტკიცების ტვირთი დაუმძიმა, 2015 წლამდე FARA-ს ეგიდით მხოლოდ შვიდი სისხლის სამართლი საქმე აწარმოეს,[9] რომელთაგანაც არცერთი არ დასრულებულა ბრალის წარდგენით.[30] თუმცა, შესწორებამ შემოიღო სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზომა, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტს საშუალებას აძლევს, გააფრთხილოს პიროვნებები და ორგანიზაციები კანონის შესაძლო დარღვევის შესახებ, რამაც უზრუნველჰყო კანონის ნებაყოფლობითი შესრულება და მეტი გამჭვირვალობა იმის შესახებ, თუ რა შემთხვევებში ირღვევა იგი. ამან შედეგად გამოიღო აღსრულების ორიენტირება არა სისხლის, არამედ სამოქალაქო სამართალწარმოებაზე და გაიზარდა წარმატებული სამოქალაქო საქმეების და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების რაოდენობა.[26]

1995 წლის რევიზია

რედაქტირება

1995 წელს კანონიდან ამოღებულ იქნა ტერმინი „პოლიტიკური პროპაგანდა“, რაც შედეგი იყო 1987 წელს უზენაეს სასამართლოში წარმოებული საქმისა „მიზი კინის წინააღმდეგ“ (Meese v. Keene), სადაც კალიფორნიის შტატის სენატორს სურდა სამი კანადური ფილმის დისტრიბუცია მჟავური წვიმების და ბირთვული ომის შესახებ, თუმცა, ფიქრობდა, რომ მისი რეპუტაცია დაზიანდებოდა, თუ მოხდებოდა ფილმების ოფიციალური კლასიფიკაცია „პოლიტიკურ პროპაგანდად“.[28][32] სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ერთ-ერთი ფილმის დისტრიბუტორების სასარგებლოდ საქმეში „ბლოკი მიზის წინააღმდეგ“ (Block v. Meese).[33] 1995 წლის ლობირების გასაჯაროების აქტმა (Lobbying Disclosure Act of 1995) შემოიღო გამონაკლისების წესი FARA-ს მიმართ გარკვეული აგენტებისთვის, რომლებიც დარეგისტრირდებიან კონგრესში და მიიღებენ ლობირების უფლებას საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა წინაშე.[34]

XXI საუკუნე

რედაქტირება

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა შექმნა FARA-ს რეგისტრანტების მონაცემთა ონლაინ ბაზა. 2004 წელს იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მანამდე არსებული მონაცემთა ბაზა არასახარბიელო მდგომარეობაში იყო[35] და 2007 წლისთვის გაუშვა მონაცემთა ონლაინ ბაზა, რომელიც ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის.[36] იმავე წელს დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებობდა დაახლოებით 1 700 ლობისტი, რომელიც კონგრესის, თეთრი სახლის და ფედერალური მთავრობის წინაშე წარმოადგენდა 100-ზე მეტი ქვეყნის აქტორს, ხოლო მათი მნიშვნელოვანი ნაწილი არ იყო რეგისტრირებული FARA-ს მონაცემთა ბაზაში.[36]

საჯარო ინტერესის, რეგისტრაციათა და გახმაურებული საქმეების რაოდენობის ზრდის შემდეგ, კერძოდ, 2016 წლის შემდეგ, ჟურნალი Foreign Affairs წერდა: „FARA აღარ არის ახალი გარიგების დროინდელი ერთი მივიწყებული და ხშირად, იგნორირებული რეფორმა. ძალაში შესვლიდან რვა ათეული წლის შემდეგ იგი, ბოლოს და ბოლოდ, ღირს იმ ქაღალდად, რომელზეც დაიწერა“.[8]

მოქმედების სფერო

რედაქტირება

აქტი მოითხოვს ყველა ქმედებისა და ფინანსების გასაჯაროებას შემდეგი სუბიექტებისგან:

  • პიროვნებები და ორგანიზაციები, რომლებიც კონტროლდება
    • უცხო ქვეყნის მთავრობის ან
    • ორგანიზაციების და პიროვნებებისგან ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ („უცხოელი მრწმუნებელი“);
  • პიროვნებები და ორგანიზაციები („აგენტები“), რომლებიც მოქმედებენ
    • ამ მრწმუნებლის ან
    • იმ პიროვნებების „დავალებით, მითითებით ან კონტროლით“, რომლებიც „უმეტესად კონტროლდებიან ან ფინანსდებიან“ ამ მრწმუნებლის მიერ.[31]

ორგანიზაციები, რომლებიც შეიძლება მსგავს უცხო კონტროლს ექვემდებარებოდნენ, შეიძლება მოიცავდეს პოლიტიკურ აგენტებს, საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩევლებს, სარეკლამო აგენტებს, საინფორმაციო სამსახურების თანამშრომლებს, პოლიტიკურ კონსულტანტებს, ფონდებს ან ნებისმიერ სხვას, რომლებიც უცხო ქვეყნის ძალას შეერთებული შტატების მთავრობის რომელიმე ოფიციალურ ორგანოსთან წარმოადგენენ.[31]

კანონი არ მოიცავს ახალი ამბების ან ბეჭდური მედიის სამსახურებს, რომლებიც არ არიან უცხოელი მრწმუნებლის მფლობელობაში.[31] მასში ასევე გათვალისწინებულია ღია გამონაკლისი „რელიგიური, სასკოლო, აკადემიური და სამეცნიერო, ან ხელოვნების მიმართულებისთვის“, ასევე, მათთვის, რომლებიც „ძირითადად არ ემსახურებიან უცხოურ ინტერესს“.[37]

იმ ორგანიზაციების მაგალითები, რომლებიც უცხო ქვეყნების მთავრობებს ლობირებენ, არის DMP International,[38] Flynn Intel Group,[39][40] DLA Piper, Dickens & Madson Canada, Invest Northern Ireland, Japan National Tourism Organization, Netherlands Board of Tourism and Conventions[41] და Ketchum Inc.[42]

გახმაურებული საქმეები

რედაქტირება

FARA-ს ეგიდით განხორციელდა რამდენიმე ათეული სისხლის სამართლისა და სამოქალაქო საქმის წარმოება.[43] გახმაურებულ საქმეთა შორის აღსანიშნავია:

  • შეერთებული შტატები „მშვიდობის ინფორმაციის ცენტრის“ წინააღმდეგ (United States v. Peace Information Center, D.D.C. 1951) 97 F. Supp. 255, სადაც ამერიკის მთავრობამ სამშვიდობო ორგანიზაცია, რომლის სათავეშიც პან-აფრიკანისტი სამოქალაქო უფლებათა აქტივისტი უილიამ დიუბუა იდგა, უცხო ქვეყნების სასარგებლოდ პროპაგანდის გავრცელებაში დაადანაშაულა. მოსამართლემ საქმე მტკიცებულებათა არარსებობის გამო დახურა.[44]
  • შეერთებული შტატები ჯონ ჯოზეფ ფრენკის წინააღმდეგ (United States v. John Joseph Frank, D.D.C. 1959), სადაც ჯოზეფ ფრენკის მხრიდან დომინიკის რესპუბლიკის სასარგებლოდ მოქმედ აგენტად დარეგისტრირების დაგვიანება დაამძიმა იმ ფაქტმა, რომ იგი აღნიშნული ვალდებულების შესახებ წერილობით იყო გაფრთხილებული.[26][45]
  • შეერთებული შტატები პარკ ტონგ-სუნის წინააღმდეგ (United States v. Park Tong-Sun, D.D.C. 1977), რომელშიც სამხრეთი კორეა ფიგურირებდა. საქმე საპროცესო შეთანხმებით დასრულდა.[26][46]
  • გენერალური პროკურორი „ირლანდიის ჩრდილოეთის დახმარების კომიტეტის“ წინააღმდეგ (Attorney General v. Irish Northern Aid Committee, 1981), რომელშიც მთავრობა ცდილობდა აღნიშნული ორგანიზაციის, რომელიც უკვე იყო FARA-ს ბაზაში, იძულებას, ხელახლა დარეგისტრირებულიყო უფრო დაზუსტებული სტატუსით, კერძოდ, როგორც ირლანდიის რესპუბლიკური არმიის (IRA) აგენტი. ბელფასტში ბაზირებული კომიტეტი, რომელიც ამერიკელი მხარდამჭერებისგან შემოწირულობებს იღებდა, უარყოფდა კავშირს IRA-სთან და აცხადებდა, რომ ადგილი ჰქონდა შერჩევით დევნას იმის გამო, რომ გენერალური პროკურორი მათი შეხედულებების მიმართ მტრულად იყო განწყობილი.[47] აღნიშნულის იძულების წარუმატებელ მცდელობას 1972 წელსაც ჰქონდა ადგილი, თუმცა, 1981 წელს იუსტიციის დეპარტამენტმა შეძლო საქმის მოგება, რამაც აიძულა კომიტეტი, დარეგისტრირებულიყო ხელახლა და უცხოელ მრწმუნებლად IRA მიეთითებინა, თუმცა, სასამართლომ მას ნება დართო, საქმეში შეეტანა წერილობითი განცხადება განჩინების წინააღმდეგ.[48]
  • გენერალური პროკურორი კორპორაცია „ირლანდიელი ხალხის“ წინააღმდეგ (Attorney General v. The Irish People, Inc., 1986), სადაც სასამართლომ განაჩინა, რომ ირლანდიის ჩრდილოეთის დახმარების კომიტეტის კუთვნილი პუბლიკაცია The Irish People ასევე უნდა დარეგისტრირებულიყო და უცხოელ მრწმუნებლად IRA მიეთითებინა.[49][50]
  • შეერთებული შტატები მაკგოფის წინააღმდეგ (United States v. McGoff: 831 F.2d 1071, D.C. Cir. 1987), სადაც სასამართლომ შეამოკლა შეზღუდვათა ჩამონათვალი იმ აგენტებისთვის, რომლებიც უარს ამბობდნენ რეგისტრაციაზე, რაც ეწინააღმდეგებოდა აქტის 8(e) სექციას.[26]
  • „კუბური ხუთეული“ (Cuban Five, 1998–2000), სადაც ხუთი კუბელი დაზვერვის ოფიცერი მსჯავრდებულ იქნა, უცხო ქვეყნის აგენტობის, ასევე, შეთქმულების რამდენიმე ბრალდებით, რაც მოიცავდა ჯაშუშურ მოქმედებებს აშშ-ის სამხრეთის სარდლობის და კუბელი ამერიკელების რამდენიმე დაჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც, კუბის მთავრობის აზრით, კუბაში ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ.[51]
  • შეერთებული შტატები სიუზან ლინდაუერის და სხვათა წინააღმდეგ (United States v. Susan Lindauer et al, 2004), რომელშიც ჩართული იყო აშშ კონგრესის ყოფილი თანამშრომელი და ჟურნალისტი, რომელსაც აშშ მთავრობა ომის წინ ერაყის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების დარღვევას ედავებოდა, რაც ერაყის დაზვერვის თანამშრომლებისგან თანხების მიღებაში გამოიხატებოდა. FARA-ს გარდა, ლინდაუერი დამნაშავედ ცნეს მე-18 მუხლის 2332d სექციით (ფინანსური დანაშაული) და საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური ძალაუფლების აქტით (International Emergency Economic Powers Act, IEEPA). მისი ერთწლიანი პატიმრობის განმავლობაში და ამ ვადის ამოწურვის შემდეგაც ლინდაუერი ორჯერ იქნა ცნობილი არაკომპეტენტურად სასამართლოში წარსადგომად. სასამართლოში ლინდაუერმა მოიგო საქმე იუსტიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ, რომელსაც სურდა მისი იძულება, მიეღო ანტიფსიქოზური მედიკამენტები. საქმე 2009 წელს შეწყდა.
  • შეერთებული შტატები სამირ ვინსენტის წინააღმდეგ (United States v. Samir A. Vincent, 2005), რომელიც მოიცავდა შეთქმულების ბრალდებას უცხოეთის არარეგისტრირებულ აგენტად მოქმედებასთან დააკავშირებით სადამ ჰუსეინის რეჟიმის სასარგებლოდ.[52] საქმე უკავშირდებოდა გაეროს პროგრამას Oil for Food და მასთან დაკავშირებულ კორუფციულ სკანდალებს. სამირი 300 000 დოლარით დააჯარიმეს და პირობითი სასჯელი მიუსაჯეს.[53][54]
  • 2011 წელს აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დააპატიმრა სიედ ღულამ ნაბი ფაი, ინდოეთის მოქალაქე ჯამუს და ქაშმირის პროვინციიდან პაკისტანის სამსახურთაშორისი დაზვერვის სასარგებლოდ საიდუმლო ლობირების ბრალდებით.[55] მოგვიანებით ბრალდებულმა დამნაშავედ ცნო თავი გადასახადებისგან თავის არიდებასა და ცრუ განცხადებების გავრცელებაში.[56]
  • 2017 წლის 13 ნოემბერს ტელეკომპანია RT America ოფიციალურად დარეგისტრირდა, როგორც უცხოეთის აგენტი და წაეყენა მოთხოვნა ფინანსური ინფორმაციის გასაჯაროებაზე.[57]
  • 2018 წელს აშშ იუსტიციის დეპარტამენტმა ჩინეთის სახელმწიფოს მმართველობის ქვეშ მყოფ ჩინეთის გლობალურ სატელევიზიო ქსელს (China Global Television Network) უცხოეთის აგენტად დარეგისტირების მოთხოვნა წაუყენა.[58]
  • ორგანიზაცია The Overseas Friends of the BJP (OFBJP — BJP ნიშნავს Bharatiya Janata Party, ინდოეთის მმართველი პარტია), შეერთებულ შტატებში 29 წლიანი საქმიანობის შემდეგ, 2020 წლის 27 აგვისტოს უცხოეთის აგენტად დარეგისტრირდა.[59]
  • 2020 წლის ოქტომბერში ელიოტ ბროიდიმ დამნაშავედ ცნო თავი უცხოეთის არარეგისტრირებულ აგენტად საქმიანობაში. მან აღიარა 9 მილიონი აშშ დოლარის მიღება მალაიზიის და ჩინეთის მთავრობების სასარგებლოდ ტრამპის ადმინისტრაციის წინაშე ლობირებისთვის.[60][61]

დაკავშირებული კანონმდებლობა

რედაქტირება

FARA ერთ-ერთია რამდენიმე ფედერალური კანონიდან, რომელიც უკავშირდება უცხოეთის აგენტად მიჩნეულ პირებს.[62] ტაივანთან ურთიერთობის აქტი (Taiwan Relations Act) და მიკრონეზიასა და მარშალის კუნძულებთან გაფორმებული თავისუფალი ასოცირების ხელშეკრულება (Compact of Free Association) ითვალისწინებს გაკვეულ გამონაკლისებს მსგავსი პირებისთვის. გარდა ამისა, არსებობს რეგულაციები, რომლებიც მიმართულია კონკრეტულ აგენტებზე. ასეთი იყო პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის (Palestine Liberation Organization) ოფისის დახურვა ვაშინგტონში 1981 წელს და შეერთებული შტატების ტერიტორიაზე იმ ჯგუფების სასარგებლოდ თანხების შეგროვების აკრძალვა, რომლებიც ხელს უშლიდნენ ისრაელ–პალესტინის სამშვიდობო პროცესს.[63] 1996 წელს მიღებული ანტიტერორისტული და ეფექტური სასიკვდილო განაჩენის აქტი (Antiterrorism and Effective Death Penalty Act of 1996) კრძალავს თანხების შეგროვებას იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც შეერთებულ შტატებს ტერორისტულად ჰყავს გამოცხადებული.[26]

ბრალდებები შერჩევითი აღსრულების შესახებ

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ აქტი უცხოეთის ნებისმიერი აგენტის წინააღმდეგაა მიმართული, ხშირია ბრალდებები მისი შერჩევითი გამოყენების თაობაზე იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებთანაც იმჟამინდელ ადმინისტრაციას არასახარბიელო დამოკიდებულება აქვს.[64] მსგავსი ბრალდება გაჟღერდა ირლანდიის ჩრდილოეთის დახმარების კომიტეტის მიერ.[65] 1980-იან წლებში FBI-მ ჩაატარა ოპერაციები სალვადორის ხალხის სოლიდარობის კომიტეტის წინააღმდეგ (Committee in Solidarity with the People of El Salvador, CISPES), რაც, გამოთქმული ბრალდებების მიხედვით, FARA-ს შერჩევითი აღსრულების მაგალითი იყო.[66] როგორც აღნიშნული ბრალდების ავტორები აღნიშნავდნენ, იმავე პერიოდში ბიურომ ყურადღების მიღმა დატოვა FARA-ს სავარაუდო დარღვევა ჟურნალ Soldier of Fortune-ის მიერ, რომელიც რეგულარულად აქვეყნებდა განცხადებებს როდეზიის ეროვნულ არმიაში მებრძოლთა მისაზიდად.[67]

1950-იან წლებში პრეზიდენტ ეიზენჰაუერის ადმინისტრაციამ რამდენჯერმე მოითხოვა ამერიკის სიონისტთა საბჭოსგან ორგანიზაციის „უცხო ქვეყნის მთავრობის აგენტად“ დარეგისტრირება.[68] 1962 წლის ნოემბერში შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა რობერტ კენედიმ დაავალა იუსტიციის დეპარტამენტს, დაერეგისტრირებინა ამერიკის სიონისტური საბჭო უცხოეთის აგენტად FARA-ს ბაზაში, რადგან იგი ფინანსდებოდა ისრაელის ებრაელთა სააგენტოსგან და შესაბამისად, ისრაელის ინტერესებით მოქმედებდა. დეპარტამენტმა აღნიშნული მოთხოვნა, მოგვიანებით, უკან გაიწვია.[54]

1963 წელს ამერიკის სიონისტური საბჭო ამერიკის ისრაელის საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტად (American Israel Public Affairs Committee, AIPAC) გადაკეთდა. 1988 წელს ყოფილმა სენატორმა უილიამ ფულბრაიტმა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ვიქტორ მარკეტიმ წარუმატებლად მიმართეს იუსტიციის დეპარტამენტს ამ ლობისტური ორგანიზაციის FARA-ს ბაზაში რეგისტრაციისთვის.[69]

2005 წლის საქმემ „შეერთებული შტატები ფრენკლინის, როზენის და ვაისმანის წინააღმდეგ“ (United States v. Franklin, Rosen, and Weissman), რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თანაშრომელ ლარი ფრენკლინის, AIPAC-ის პოლიტიკის დირექტორ სტივენ როზენის და AIPAC-ის უფროს ანალიტიკოს კით ვაისმანის წინააღმდეგ მიმდინარეობდა,[70][71] წარმოშვა ეჭვები, რომ AIPAC-ი უფრო მკაცრი დაკვირვების ქვეშ მოექცეოდა. ფრენკლინმა აღიარა, რომ სამთავრობო საიდუმლოებებს გადასცემდა როზენს და ვაისმანს, ასევე, ისრაელის მთავრობის ერთ-ერთ ოფიციალურ პირს,[72][73] თუმცა, როზენის და ვაისმანის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა და არც AIPAC-ის წინააღმდეგ მიუღიათ ზომები.[69]

შემოთავაზებული რეფორმა

რედაქტირება

FARA-ს მოდერნიზაციის და აღსრულების გაუმჯობესების მიზნით შემოთავაზებული იქნა რამდენიმე რეფორმა. 2016 წლის სექტემბერში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის გენერალური ინსპექციის ოფისმა გამოაქვეყნა ეროვნული უსაფრთოების დანაყოფის მიერ FARA-ს აღსრულების აუდიტი.[74] აუდიტში აღნიშნული იყო, რომ უსაფრთხოების დანაყოფის თანამშრომლების მხრიდან შემოთავაზებული იქნა იდეა იუსტიციის დეპარტამენტის დამატებითი საგამოძიებო ფუნქციებით აღჭურვის თაობაზე FARA-ს უკეთ აღსასრულებლად, აგრეთვე, ლობირების გასაჯაროების აქტით გათვალისწინებული გამონაკლისების გაუქმების შესახებ.

არამომგებიანი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ FARA-ში მოცემული ზედმეტად ფართო განსაზღვრებები მოიცავს ყოველდღიურ არამომგებიან საქმიანობებსაც, რის გამოც მათ შეიძლება უცხოეთის აგენტად დარეგისტრირება მოუხდეთ.[75] ამის საპასუხოდ, არსებობს შემოთავაზებები, რომ უცხოელი მრწმუნებელი განისაზღვროს, როგორც მხოლოდ უცხო ქვეყნის მთავრობა ან პოლიტიკური პარტიები და მათ ინტერესებში მოქმედი პირები, ასევე, შეიცვალოს აგენტის ამჟამინდელი, ფართო და გაურკვეველი დეფინიცია და მიესადაგოს აგენტურის კანონის მესამე განმარტებას, რომელიც ამერიკის იურისპრიდენციის ინსტიტუტის მიერაა გამოცემული.[76]

2020 წლის ივლისში აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა გააფრთხილა ამერიკული კომპანიები და მათი ხელმძღვანელები, რომ ჩინეთის მთავრობის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედება შეიძლება FARA-ს დარღვევად ჩათვლილიყო.[77] 2021 წლის ნოემბერში Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს მიერ ამერიკელი ბიზნესმენებისთვის გაგზავნილ წერილებთან დაკავშირებით, სადაც მოუწოდებდა მათ, გაეწიათ ლობირება იმ საკანონმდებლო ინიციატივების წინააღმდეგ, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაზრდას ისახავდა მიზნად, რაც, შესაძლოა FARA-ს დარღვევა ყოფილიყო.[78]

უცხოეთის აგენტებთან დაკავშირებული კანონები სხვა ქვეყნებში

რედაქტირება

2012 წელს რუსეთმა შემოიღო კანონი, რომელიც ყველას, ვინც „დახმარებას იღებს“ უცხოეთიდან, ან იმყოფება რუსეთის გარედან მომდინარე „გავლენის ქვეშ“, ავალდებულებს დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოეთის აგენტები“.[79] კანონს თავდაპირველად FARA-ს ადარებდნენ,[80] თუმცა მისი მოქმედების არეალი თანდათან მნიშვნელოვნად გაფართოვდა და შეეხო ყველას, ვინც რაიმე სახის დახმარებას იღებს უცხოეთიდან და ოდესმე ყოფილა „აფილირებული“ უცხოელ აქტორებთან.[81] რეგისტრირებულ პირებს აეკრძალათ სახელმწიფო დაფინანსების მიღება, პედაგოგიური საქმიანობა სახელმწიფო უნივერსიტეტებში და ბავშვებთან მუშაობა.[82]

ავსტრალია

რედაქტირება

ავსტრალიის უცხოური გავლენების გამჭვირვალობის სქემის აქტი (Foreign Influence Transparency Scheme Act, FITSA), რომელიც ძალაში 2018 წლის სექტემბერში შევიდა, ოფიციალურად ეფუძნება FARA-ს და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით შეიქმნა.[83] ამერიკული კანონის მსგავსად, FITSA ითვალისწინებს რეგისტრაციის ვალდებულებას პიროვნებების და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც უცხოელი მრწმუნებლების ინტერესებში ეწევიან ისეთი ტიპის საქმიანობას, რომლის მიზანიც არის „პოლიტიკური ან სამთავრობო გავლენის“ მოპოვება. კანონი, ასევე, სიცოცხლის ბოლომდე ავალდებულებს ყოფილ მინისტრებს, რომ დაარეგისტრირონ ნებისმიერი აქტივობა, რომლებსაც უცხოელი მრწმუნებლების ინტერესების გათვალისწინებით ეწევიან, გამონაკლისი შემთხვევების გარდა.[84]

2021 წლიდან კანადა განიხილავს აშშ-ის და ავსტრალიის კანონმდებლობაზე დაფუძნებული უცხოეთის აგენტების რეგისტრირებასთან დაკავშირებული რეგულაციის მიღებას.[85] 2022 წლის აგვისტოში კანადის სენატი განიხილავდა ბილს S-237, სახელწოდებით „უცხოეთის გავლენის რეესტრის ჩამოყალიბების აქტი“ (An Act to Establish the Foreign Influence Registry), რომელიც გაასაჯაროებს ყველა ფედერალური ლობისტის სახელს, რომელიც „უცხო ქვეყნის მთავრობის, ან მთავრობასთან დაკავშირებული ინდივიდის ან იურიდიული პირის“ ინტერესებით მოქმედებს და დაავალდებულებს მათ, საჯარო გახადონ მიღებული ფინანსური სარგებელი და უცხოელი კლიენტების ვინაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯებიან ჯარიმით 200 000 დოლარის ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე.[86] FARA-სგან განსხვავებით, აღნიშნული ინიციატივა უცხო ქვეყნის მთავრობების გავლენას უსვამს ხაზს. მისი სპონსორი, კვებეკის სენატორი ლეო უსაკო აცხადებს, რომ კანონი „გამოავლენს მათ, ვინც ცდილობს გავლენის მოპოვებას უცხო ქვეყნების რეჟიმების“ და ისეთი ქვეყნების სასარგებლოდ, როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი და ირანი.[86]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Foreign Agents Registration Act en (2017-08-17). ციტირების თარიღი: 2022-09-05
  2. 2.0 2.1 Foreign Agents Registration Act: An Overview Congressional Research Service. Updated March 7, 2019
  3. 3.0 3.1 Foreign Agents Registration Act: An Overview Congressional Research Service (2019)
  4. Frequently Asked Questions en (2017-08-21). ციტირების თარიღი: 2022-09-05
  5. Cohen, Luc (2022-08-04). „Analysis: Beyond yachts and planes - U.S. turns to foreign agent laws to curb Russian influence“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-09-05.
  6. 6.0 6.1 „The swampy business of lobbying for foreign governments“. The Economist. ISSN 0013-0613. ციტირების თარიღი: 2022-09-05.
  7. 7.0 7.1 7.2 The Justice Department's New, Unprecedented Use of the Foreign Agents Registration Act en (2019-12-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-06. ციტირების თარიღი: 2022-09-06
  8. 8.0 8.1 Michel, Casey; Freeman, Ben (სექტემბერი 3, 2020). „The Danger of Banning Foreign Lobbying: It's a Real Problem, But Biden's Proposal Isn't the Right Fix“. Foreign Affairs. 99 (5). ISSN 0015-7120. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 4, 2020. ციტირების თარიღი: სექტემბერი 6, 2020.
  9. 9.0 9.1 „The swampy business of lobbying for foreign governments“. The Economist. ISSN 0013-0613. ციტირების თარიღი: 2022-09-24.
  10. National Security Division, U.S. Department of Justice. (August 17, 2017) Foreign Agents Registration Unit (FARA). ციტირების თარიღი: May 6, 2011
  11. NSD Organization Chart en (2017-08-04). ციტირების თარიღი: 2022-09-05
  12. National Security Division, U. S. Department of Justice. (August 17, 2017) Browse Filings en-us. ციტირების თარიღი: 2022-09-05
  13. Farewell Address | The American Presidency Project. ციტატა: „As avenues to foreign influence in innumerable ways, such attachments are particularly alarming to the truly enlightened and independent patriot. How many opportunities do they afford to tamper with domestic factions, to practice the arts of seduction, to mislead public opinion, to influence or awe the public councils! Such an attachment of a small or weak toward a great and powerful nation dooms the former to be the satellite of the latter. Against the insidious wiles of foreign influence (I conjure you to believe me, fellow-citizens) the jealousy of a free people ought to be constantly awake, since history and experience prove that foreign influence is one of the most baneful foes of republican government. But that jealousy, to be useful, must be impartial, else it becomes the instrument of the very influence to be avoided, instead of a defense against it. Excessive partiality for one foreign nation and excessive dislike of another cause those whom they actuate to see danger only on one side, and serve to veil and even second the arts of influence on the other. Real patriots who may resist the intrigues of the favorite are liable to become suspected and odious, while its tools and dupes usurp the applause and confidence of the people to surrender their interests.“ ციტირების თარიღი: 2022-09-24
  14. Gouverneur Morris: “How far foreign powers would be ready to take part in the confusions he would not say. Threats that they will be invited have it seems been thrown out. He drew the melancholy picture of foreign intrusions as exhibited in the History of Germany, and urged it as a standing lesson to other nations.” Records of the Federal Convention of 1787, edited by Max Farrand, vol. 1 (New Haven: Yale University Press, 1911), p. 530.
  15. “Non-Intervention,” Congressional Globe vol. 21 (January 19, 1852), p. 298.
  16. “General Wilkinson,” House debate, Annuals of the Congress of the United States, vol. 18 (January 18, 1808), pp. 1461-1462. General Wilkinson was given back his commission by President James Madison on February 14, 1812. In explaining why General Wilkinson was being recommissioned, President Madison wrote “that although there are instances in the Court, as well as in the conduct of the Officer on trial, which are evidently and justly objectionable, his acquittal of the several charges agst.[sic] him is approved, and his sword is accordingly ordered to be restored.” Andro Linklater, An Artist in Treason: The Extraordinary Double Life of General James Wilkinson (New York: Walker Publishing Company, 2009), p. 294.
  17. 17.0 17.1 Foreign Lobbying Isn't Inherently Bad—Until There Are Lies en-US. ციტირების თარიღი: 2022-09-24
  18. Maggie McKinley, “Lobbying and the Petition Clause,” Stanford Law Review, vol. 68, issue 5 (May 2016), pp. 1131- 1206; and Nicholas W. Allard, “Lobbying Is an Honorable Profession: The Right to Petition and the Competition to Be Right,” Stanford Law & Policy Review, vol. 19, no. 1 (2008), pp. 23-69
  19. Testimony of Carl J. Austrian, American-Jewish Committee, in U.S. Congress, House Committee on the Judiciary, Subcommittee No. 1, To Require the Registration of Certain Persons Employed by Agencies To Disseminate Propaganda in the U.S., hearing on H.R. 1591, 75th Cong., 1st sess., June 16, 1937, unpublished (Washington: GPO, 1937), p. 28.
  20. H.R. 2583 (65th Congress), introduced April 10, 1917
  21. H.R. 5287 (65th Congress), introduced August 24, 1917
  22. H.Res. 198 (73rd Congress), agreed to March 20, 1934.
  23. U.S. Congress, Special Committee on Un-American Activities, Investigation of Nazi and Other Propaganda, 74th Cong., 1st sess., February 15, H.Rept. 153 (Washington: GPO, 1935), p. 2.
  24. Foreign Agents Registration Act (FARA): Background and Issues for Congress (fas.org), p. 4.
  25. Nick Robinson, ENHANCING THE FOREIGN AGENTS REGISTRATION ACT OF 1938, written testimony given before the House Judiciary Subcommittee on the Constitution, Civil Rights, and Civil Liberties (April 5, 2022)
  26. 26.0 26.1 26.2 26.3 26.4 26.5 26.6 26.7 Foreign Agents Registration Act Enforcement დაარქივებული January 7, 2015, საიტზე Wayback Machine. , Department of Justice website.
  27. Amending Act Requiring Registration of Foreign Agents: Hearings Before the Subcomm. No. 4 of the H. Comm. on the Judiciary, 77th Cong. 28 (1941) (statement of Hon. Adolf A. Berle, Jr., Assistant Sec’y of State) [hereinafter 1941 Hearings].
  28. 28.0 28.1 Notes on 22 U.S.C. § 611 : US Code დაარქივებული February 22, 2012, საიტზე Wayback Machine. , FindLaw website.
  29. Staff of S. Comm. on Foreign Relations, 87th Cong., Nondiplomatic Activities of Representatives of Foreign Governments 11 (Comm. Print 1962).
  30. 30.0 30.1 (2012) Department of Justice Manual. Kluwer Law International, გვ. 2062. ISBN 978-1-4548-2445-9. 
  31. 31.0 31.1 31.2 31.3 22 USC § 611 - Definitions დაარქივებული June 14, 2017, საიტზე Wayback Machine. , Cornell University Law School website.
  32. Julie Hilden, The Documentary "This Film Is Not Yet Rated" Raises an Interesting Question About the MPAA Film Ratings System დაარქივებული November 29, 2011, საიტზე Wayback Machine. , FindLaw website, February 5, 2007.
  33. Block v. Meese, 793 F.2d 1303 (D.C. Cir.) დაარქივებული December 10, 2011, საიტზე Wayback Machine. at OpenJurist.org.
  34. Foreign Agent Registration Act website FAQ დაარქივებული April 14, 2012, საიტზე Wayback Machine. /
  35. Kevin Bogardus, Foreign Lobbyist Database Could Vanish; Justice Department claims merely copying its foreign agents database could destroy it PublicIntegrity.org, July 28, 2004.
  36. 36.0 36.1 Alex Knott, Foreign Lobbying Database Up and Running დაარქივებული October 27, 2017, საიტზე Wayback Machine. , Congressional Quarterly, May 30, 2007.
  37. 22 U.S. Code § 613 - Exemptions. ციტირების თარიღი: 2016-04-29
  38. Hamburger, Tom (2017-06-27). „Former Trump campaign chairman Paul Manafort files as foreign agent for Ukraine work“. Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 29, 2017. ციტირების თარიღი: 2017-06-29.
  39. Baker, Peter; Rosenberg, Matthew (2017-03-10). „Michael Flynn Was Paid to Represent Turkey's Interests During Trump Campaign“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 25, 2017. ციტირების თარიღი: 2017-06-29.
  40. „Mike Flynn attended intelligence briefings while a lobbyist for Turkey“. NBC News (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — March 10, 2017. ციტირების თარიღი: 2017-06-29.
  41. Anupama Narayanswamy and Luke Rosiak, Adding it up: The Top Players in Foreign Agent Lobbying დაარქივებული July 1, 2017, საიტზე Wayback Machine. , ProPublica, August 18, 2009.
  42. Lake, Eli (2014). „Confessions of a Putin Spin Doctor“. The Daily Beast. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 12, 2014. ციტირების თარიღი: March 12, 2014.
  43. There were 85 cases as of 1992.Foreign Agents Registration Act—Cases and Material დაარქივებული November 21, 2014, საიტზე Wayback Machine. , Department of Justice website.
  44. Johnson, Robert C. Jr. (1998). Race, Law and Public Policy: Cases and Materials on Law and Public Policy of Race. Black Classic Press, გვ. 472. ISBN 978-1-58073-019-8. OCLC 54617416. 
  45. United States v John Joseph Frank case დაარქივებული 2014-05-03 საიტზე Wayback Machine. .
  46. Report to Congress On the Activities and Operations Of the Public Integrity Section For 1978 დაარქივებული 2012-04-02 საიტზე Wayback Machine. , Department of Justice.
  47. Yuk K. Law, The Foreign Agents Registration Act: A new Standard for Determining Agency, Fordham International Law Journal, Volume 6, Issue 2, 1982, Article 5, pp. 366, 372-374, 379.
  48. Irish America and the Ulster Conflict 1968-1995. CAIN Web Service. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 27 September 2008
  49. Yuk K. Law, "The Foreign Agents Registration Act: A new Standard for Determining Agency", pp. 379, 380.
  50. Appeal of Department of Justice Order at Attorney General of the United States V. Irish People, Inc. დაარქივებული 2012-04-07 საიტზე Wayback Machine. , United States Court of Appeals, District of Columbia Circuit, Decided July 25, 1986.
  51. 4 June 2008, United States Court of Appeals for the Eleventh Circuit, D. C. Docket No. 98-00721-CR-JAL დაარქივებული February 21, 2012, საიტზე Wayback Machine. .
  52. United States vs. Samir A. Vincent documents დაარქივებული February 14, 2006, საიტზე Wayback Machine. .
  53. Larry Neumeister, Oil-for-Food Witness Receives Lenient Sentence დაარქივებული October 15, 2008, საიტზე Wayback Machine. , Associated Press, April 25, 2008.
  54. 54.0 54.1 Martin J. Manning, Clarence R. Wyatt, Encyclopedia of Media and Propaganda in Wartime America, Volume 1, ABC-CLIO, 2010, p. 522 დაარქივებული February 25, 2017, საიტზე Wayback Machine.
  55. Savage, Charlie. (19 July 2011) F.B.I. Arrests Man Said to Be a Front for Donations. The New York Times. ციტირების თარიღი: 20 July 2011
  56. Matthew Barakat, Kashmir activist sentenced to 2 years in Va., Associated Press, March 30, 2012.
  57. „Russia's RT America registers as 'foreign agent' in U.S.“. Reuters. 13 November 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 13, 2017. ციტირების თარიღი: November 14, 2017.
  58. Justice Department Has Ordered Key Chinese State Media Firms to Register as Foreign Agents (2018-09-18). ციტირების თარიღი: February 1, 2020
  59. Friedrich, Pieter. (2020-09-16) OFBJP now listed as foreign agent under US Law, ties with ruling BJP laid bare. Two Circles.
  60. Hsu, Spencer S. „Major RNC, Trump fundraiser Elliott Broidy pleads guilty to acting as unregistered foreign agent“. Washington Post (ინგლისური). ISSN 0190-8286. ციტირების თარიღი: 2020-10-21.
  61. Vogel, Kenneth P. (2020-10-20). „Elliott Broidy Pleads Guilty in Foreign Lobbying Case“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2020-10-21.
  62. იხ., მაგალითად, 18 U.S.C. § 951; Public Law 893, 50 U.S.C. §§ 851–857 და 18 U.S.C. § 2386.
  63. Executive Order 12947 (1995)
  64. James Shanahan, Propaganda without propagandists?: six case studies in U.S. propaganda, Hampton Press, 2001, p 108: "The DOJ's search for those who fail to disclose accurately their relationship with foreign groups and enforcement of FARA is selective."
  65. Yuk K. Law, "The Foreign Agents Registration Act: A new Standard for Determining Agency", pp. 373, 379, 380.
  66. Elihu Rosenblatt, editor, Criminal Injustice: Confronting the Prison Crisis, South End Press, 1999, pp 104-105 დაარქივებული February 25, 2017, საიტზე Wayback Machine. ISBN 9780896085398.
  67. Ward Churchill, Jim Vander Wall, Agents of repression: the FBI's secret wars against the Black Panther Party and the American Indian Movements, South End Press, 2001, p. 375 დაარქივებული February 25, 2017, საიტზე Wayback Machine. , ISBN 9780896086463
  68. Abraham Ben-Zvi, Decade of Transition: Eisenhower, Kennedy, and the Origins of the American-Israeli Alliance, Columbia University Press, 1998, p. 98 დაარქივებული February 26, 2017, საიტზე Wayback Machine. , ISBN 978-0-231-11262-8
  69. 69.0 69.1 Ori Nir, Leaders Fear Probe Will Force Pro-Israel Lobby To File as ‘Foreign Agent’ დაარქივებული January 27, 2012, საიტზე Wayback Machine. , The Forward, December 31, 2004.
  70. "2 Senior AIPAC Employees Ousted" დაარქივებული January 19, 2017, საიტზე Wayback Machine. , Washington Post, April 21, 2005
  71. US vs Franklin, Rosen, & Weissman დაარქივებული May 20, 2012, საიტზე Wayback Machine. , 2005, US District Court for the Eastern District of Virginia, Grand Jury Indictment.
  72. "Defense Analyst Guilty in Israeli Espionage Case" დაარქივებული March 14, 2017, საიტზე Wayback Machine. , Washington Post, Oct. 6, 2005
  73. Barakat, Matthew. "Ex-Pentagon Analyst Sentenced to 12 Years", Associated Press, January 21, 2006 Accessed May 18, 2007
  74. Audit of the National Security Division’s Enforcement and Administration of the Foreign Agents Registration Act დაარქივებული February 12, 2020, საიტზე Wayback Machine. , September 2016, p 17-18.
  75. Interaction Open Letter to Congress Concerning the Foreign Agents Registration Act დაარქივებული February 26, 2020, საიტზე Wayback Machine. , April 23, 2018.
  76. Nick Robinson, "Foreign Agents" in an Interconnected World: FARA and the Weaponization of Transparency, Duke Law Journal (2020). ციტირების თარიღი: February 26, 2020
  77. Woodruff Swan, Betsy. (July 16, 2020) Barr lambastes Apple in China speech en. ციტირების თარიღი: 2020-07-18
  78. Martina, Michael (2021-11-13). „Chinese embassy lobbies U.S. business to oppose China bills -sources“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2021-11-14.
  79. "Putin Signs Expanded 'Foreign Agents' Law". The Moscow Times. 2022-07-14. Retrieved 2022-07-14.
  80. Russia plans to register 'foreign agent' NGOs en (2012-07-02). ციტირების თარიღი: 2022-09-12
  81. Proposed Russian legislation expands 'foreign agent' regulations en-US (2022-06-28). ციტირების თარიღი: 2022-09-12
  82. Times, The Moscow. (2022-07-14) Putin Signs Expanded 'Foreign Agents' Law en. ციტირების თარიღი: 2022-09-12
  83. Draffen, Chris; Ng, Yee-Fui (2020). "Foreign Agent Registration Schemes in Australia and the United States: The Scope, Risk and Limitations of Transparency" (PDF). University of New South Wales Law Journal. 43 (4): 1101–1136.
  84. ParlInfo - Foreign Influence Transparency Scheme Bill 2018. ციტირების თარიღი: 2022-09-12
  85. Canada, Public Safety. (2021-08-20) Foreign Interference – Foreign Agent Registry. ციტირების თარიღი: 2022-09-12
  86. 86.0 86.1 Former CSIS honcho says Canadian politicians are on foreign agents' payroll en-CA. ციტირების თარიღი: 2022-09-13