ტაბაწყური
ტაბაწყური, ტაბისყური — ტბა საქართველოში, ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების საზღვარზე.[1] მდებარეობს სამსრის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, ქცია-ხრამის აუზში, ზღვის დონიდან 1991 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 14,2 კმ², წყალშემკრები აუზის ფართობი 83,1 კმ², საშუალო სიღრმე 15,5 მ, მაქსიმალური სიღრმე 40,2 მ, წყლის მოცულობა 221 მლნ. მ³.[2]
ტაბაწყური | |
---|---|
კოორდინატები: 41°38′45″ ჩ. გ. 43°37′33″ ა. გ. / 41.645861° ჩ. გ. 43.625944° ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1991 მ |
ფართობი | 14,2 კმ² |
მოცულობა | 0,221 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 15,5 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 40,2 მ |
აუზის ფართობი | 83,1 კმ² |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
ტაბაწყური საქართველოში ზედაპირის ფართობით მე-4, ხოლო წყლის მოცულობით უდიდესი ტბაა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ტბის მინიმალური დონე ძირითადად შეინიშნება იანვარ–მარტში. ყველაზე დაბალი საშუალოთვიური დონეა თებერვალში. გაყინულია დეკემბრის ბოლოდან მარტის ბოლომდე. გამდინარეა მიწისქვეშა გზით.[2]
ტაბაწყურის ტბის წყალშემკრები აუზი განლაგებულია სამსრის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში და ყველა მხრიდან გარშემორტყმულია ვულკანური მთებით. ქვაბული ჩრდილო-აღმოსავლეთით გრძელდება მწვერვალების — თავკვეთილისა და შავნაბადას შორის მდებარე ხეობისმაგვარ ჩადაბლებაში, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით მოლითის უბით ებმის ამავე სახელწოდების სინკლინურ დეპრესიას.[3] აუზის ჰიდროგრაფიული ქსელი სუსტადაა განვითარებული, რაც მისი გეოლოგიური აგებულებითაა განპირობებული. ერთვის მხოლოდ ორი მუდმივი შენაკადი: ერთი ჩრდილოეთიდან, ხოლო მეორე დასავლეთიდან. იერთებს აგრეთვე რამდენიმე დროებით ნაკადსაც.[2]
ტბას აქვს სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმული ოთხკუთხედის ფორმა. სანაპირო ხაზი შეჭრილ-შემოჭრილია, განსაკუთრებით სამხრეთ-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით. ბევრია ყურე, არის კუნძულები. ტბის ნაპირები ძირითადად მაღალია და ციცაბო. ტბის ქვაბულის წყალქვეშა კალთები ყველგან ციცაბოა. ქვაბული წარმოქმნილია ლავური ნაკადების შეგუბების შედეგად. ტაბაწყურის გენეზისი ვულკანურ-ტექტონიკურია.[4][5]
ტბის წყლის ზედაპირული ფენის მაქსიმალური საშუალოთვიური ტემპერატურა შეინიშნება აგვისტოში და უდრის 15.3 °C-ს. მაქსიმალური საშუალო დღე-ღამური ტემპერატურა 24.5 °C-ია.[2]
დამახასიათებელია სუსტი მინერალიზაცია, რაც განპირობებულია ქვაბულის ამგები ვულკანური ქანების რთული წარეცხილობითა და მისი საზრდოობის ხასიათით. საერთო მინერალიზაცია შეადგენს 50–70 მგ/ლ. ტბის წყალი გამოირჩევა ჟანგბადის კარგი თვისებებით.[2]
წყალი მტკნარია, მდიდარია თევზით. მოიპოვება კალმახი, ჩვეულებრივი წვერა, კობრი, ევროპული ჭაფალა, ლადოგური სიგი, რიპუსი და სხვა.[2][6] თევზის სარეწად ტბის ნაპირზე აშენებულია პატარა ნავსაყუდელი და ქარხანა-საამქრო.[7] ტბის გარშემო გაშენებულია სოფლები ტაბაწყური და მოლითი. გარშემორტყმულია ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილით.[8]
ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ტაბაწყური ხელოვნურად შექმნილი წყალსატევი უნდა იყოს:[7]
„იტყვიან ტბის-ყურისას თამარ მეფემ ჰყო ტბად, ვინაითგან ჩანს ნარუალი, გაიტანაო ქციიდამ.“
|
ტაბაწყურის ტბის წარმოქმნის შესახებ არსებობს ქართული მითი.[9]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 161.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. ст. 146–150
- ↑ საქართველოს სსრ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. თბილისი, XLVI, № 3, 1967, გვ. 653–658
- ↑ საქართველოს კლიმატურ და ჰიდროლოგიურ ელემენტთა შესწავლისათვის : კრებული. თბ., 1966. გვ. 120
- ↑ ლევან მარუაშვილი. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბილისი, ცოდნა, 1964, გვ. 321–322
- ↑ Краткая географическая энциклопедия, Том 4/Гл. ред. Григорьев А. А. М.: Советсвкая энциклопедия — 1964, ст. 448
- ↑ 7.0 7.1 თ. ჩიქოვანი. ზემო ქართლი: სამხარეთმცოდნეო ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი. „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1987, გვ. 12–13
- ↑ საქართველოს მთავრობის დადგენილება № 227, 2016 წლის 20 მაისი, თბილისი
- ↑ კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 184, ISBN 978-99940-27-10-1.