სიმონ ზაზაძე
სიმონ ზაზაძე (დ. 1933 — გ. 5 ოქტომბერი, 2016) — ჩვენებური საზოგადო მოღვაწე, მეცენატი, ბიზნესმენი, ქართული კულტურის მოღვაწე. ის არის შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. ის არის ცნობილი ქართველი ქველმოქმედისა და ბიზნესმენის, პავლე ზაზაძის ვაჟი.
სიმონ ზაზაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1933 |
დაბ. ადგილი | თურქეთი |
გარდ. თარიღი | 5 ოქტომბერი, 2016 (83 წლის) |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | Georgians in Turkey |
საქმიანობა | მეცნიერი, ეკონომისტი და ფილანტროპი |
ალმა-მატერი | სტამბოლის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | დოქტორი |
ჯილდოები | ღირსების ორდენი (2007), ახალციხის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (2006), საქართველოს საპატიო მოქალაქე (1996), ახალციხის საპატიო მოქალაქე |
ადრეული წლები და განათლება
რედაქტირებასიმონ ზაზაძე დაიბადა 1933 წელს თურქეთში, პავლე ზაზაძისა და მარიამ ჩილინგარიშვილის ოჯახში.[1] ის ბავშვობიდანვე საუბრობდა მრავალ ენაზე და სამი წლის ასაკში უკვე ფლობდა ქართულ, ფრანგულ და თურქულ ენებს. ზაზაძე ფრანგულს და თურქულ ენებს დედისგან, ხოლო ქართულ ენას ქართული კათოლიკური ეკლესიის მღვდელი, შალვა ვარდიძე ასწავლიდა. საბავშვო ბაღში ის სტამბოლის ქართველთა სავანეში არსებულ დედათა მონასტრის სასწავლებელში დადიოდა.
დაწყებით სკოლაში სიმონ ზაზაძე დადიოდა გერმანულ დაწყებით სკოლაში, ინგლისურ ლიცეუმ „რობერტ კოლეჯსა“ და თურქულ თაქსიმის ლიცეუმში. უმაღლესი განათლკება ზაზაძემ სტამბოლის უნივერსიტეტში მიიღო ეკონომიკის ფაკულტეტზე და ამავე უნივერსიტეტში საღამოს განყოფილების სამკურნალო ფაკულტეტზეც სწავლობდა ექიმობის შესასწავლად.[2] მას ექიმობა ძალიან სურდა, თუმცა მამის თხოვნით მის შესწავლას თავი დაანება და ეკონომიკური ფაკულტეტი დაასრულა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ის ლონდონში გაემგზავრა და ლონდონის სკოლაში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ეკონომიკის საკითხებზე.[1]
სიმონ ზაზაძე თავისუფლად საუბრობდა ცხრა ენაზე: თურქული, ფრანგული, ინგლისური, გერმანული, ბერძნული, იტალიური, ლათინური, ესპანური, ქართული.[3]
სწავლის დასრულების შემდეგ სიმონ ზაზაძე სამხედრო სავალდებული სამსახურში წავიდა და გარნიზონის გენერლის თანაშემწედ მსახურობდა ქალაქ ტუზლაში (თანამედროვე ბოსნია და ჰერცეგოვინა). მოგვიანებით ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამთავრა ოფიცერთა უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი.[3]
ბიზნესი და ქველმოქმედება
რედაქტირებასიმონ ზაზაძის ოჯახს ჰქონდა საოჯახო ბიზნესი, რომელიც საპნის, ტექსტილისა და კოსმეტიკის წარმოებით იყო დაკავებული. დღესდღეობით ამ ბიზნესების ბაზაზე შექმნილია ბიზნესი „ზაზა ჰოლდინგი“, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 326-მდე საწარმო აქვს განთავსებული.
სიმონ ზაზაძე დაინტერესებული იყო საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. სწორედ მისი ხელშეწყობით შეიქმნა ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში კარდიოქირურგიული კლინიკა — „ღია გული“. ზაზაძის მეუღლე ყოველწლიურად რამდენჯერმე იწვევს ჟენევის უნივერსიტეტის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის კლინიკის ხელმძღვანელს, აქსფენდიოს ქალანგოსს და ბავშვებს უსასყიდლოდ უკეთებს ოპერაციებს. ამავე კლინიკაში ზაზაძეების ოჯახის პატივსაცემად გახსნილია სიმონის მშობლების, პავლე და მარიამ ზაზაძეების სახელობის კაბინეტები.[4][3]
სამეცნიერო საქმიანობა
რედაქტირებასიმონ ზაზაძე მოწვეული ლექტორი იყო ბეირუთის ინდურ უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა ლექციებს.
1962-1982 წლებში სიმონ ზაზაძე მამასთან, პავლესთან ერთად აფინანსებდა სამეცნიერო ფრანგულენოვან ჟურნალს: „ბედი ქართლისა“. ის ფინანსურად ეხმარებოდა საზღვარგარეთ არსებულ პერიოდულ გამოცემებსაც, როგორებიცაა: „კავკასიონი“, „პრომეთე“, „გუშაგი“, „საქართველოს გუშაგი“, „თეთრი გიორგი“, „თავისუფალი საქართველო“, „საქართველო“. ზაზაძეების ოჯახი ასევე ეხმარებოდა სტამბოლში გამომავალ ჟურნალებს: „ფიროსმანსა“ და „ჩვენებურს“.
ზაზაძემ კათოლიკე მღვდლის, შალვა ვარდიძის არქივი ლიბანიდან თურქეთში ჩაიტანა და კათოლიკეთა მონასტერს გადასცა. ზაზაძე და მისი ოჯახი ფერიქოის უბანში მდებარე ქართული კათოლიკური ეკლესიასა და მონასტერს უვლიდნენ.[5] ამის გამო ვატიკანმა ზაზაძეებს ვატიკანის „კომანდატორების“ ტიტული უბოძა.[6]
2000 წელს ჩამოყალიბებული თურქეთ–საქართველოს კულტურისა და განათლების ფონდის მმართველი საბჭოს წევრი გახდა სიმონ ზაზაძე და მისი ვაჟი პავლე.
2006 წელს სიმონ ზაზაძე იმყოფებოდა თავის ისტორიულ სამშობლოში, სოფელ უდეში. მოგვიანებით სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ზაზაძე საპატიო დოქტორად, ხოლო ახალიციხის მუნიციპალიტეტმა კი საპატიო მოქალაქედ აირჩია.[1][5] ის ასევე არის შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.
2007 წლის ოქტომბერში სიმონი და მისი ვაჟი, პავლე ზაზაძე საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ის ასევე არის საქართველოს საპატიო მოქალაქე.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაბეირუთში მუშაობისას ზაზაძემ გაიცნო მომავალი მეუღლე წარმოშობით ფინიკიელი ქლაუდე (ქლოდ) ინჯეა. მათ სამი შვილი: ნათალი (იგივე ნატალია, იურისტი), პაულა (ეკონომისტი) და პავლე (იგივე პოლი, ეკონომისტი) ჰყავთ.[3]
სიმონ ზაზაძე 2016 წლის 6 ოქტომბერს, საფრანგეთში, გულის შეტევით გარდაიცვალა. ის დაკრძალულია სტამბოლში, თურქეთი.[1][4]
ჯილდოები და პრემიები
რედაქტირება- 1996 - საქართველოს საპატიო მოქალაქე
- 2006 - ახალციხის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი
- 2007 - ღირსების ორდენი
- ახალციხის საპატიო მოქალაქე
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია საქართველო: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.300
- ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ისტორიანი, №13 (72), 12.2016 წ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სიმონ ზაზაძე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ქართველები უცხოეთში
- სიმონ ზაზაძე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბიოგრაფიული ლექსიკონი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ისტორიანი, №13 (72), 12.2016 წ. გვ.54
- ↑ სიმონ ზაზაძე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 სიმონ ზაზაძე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ქართველები უცხოეთში
- ↑ 4.0 4.1 ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ისტორიანი, №13 (72), 12.2016 წ. გვ.56
- ↑ 5.0 5.1 ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ისტორიანი, №13 (72), 12.2016 წ. გვ.55
- ↑ ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ისტორიანი, №13 (72), 12.2016 წ. გვ.56