სვანური მითოლოგია

სვანური მითოლოგიაქართული მითოლოგიის თავისებური შემადგენელი ნაწილი, საინტერესო და საყურადღებო თავისი სიძველით, კოლორიტით, ანგარიშგასაწევი შინაარსებითა და ნიუანსებით, რომელნიც საქართველოს მთიანეთში უფრო ხელშეუხებლად შემორჩენილა. ძირითადაა ესაა თქმულება-გადმოცემები, საკულტო და ყოფითი სიმღერა-ბალადები, წარმართული სიუჟეტები, რომელთაც მითური სახე შეუნარჩუნებიათ, თუმცა ბევრია გვიანდელი გადაკეთება-ჩამატებანი (თოფი, წმ. გიორგი, ლამარია-ღვთისმშობელი და სხვა). ძვ. ბერძნები და ლათინთა ტომები იმ სახით აღარ არიან და მათი მითები შეურეველნი, პირველქმნილი დარჩა. დღემდე ცოცხალი ხალხების მითებმა კი ყველგა განიცადეს ქრისტიანიზაციაც და თანამედროვე რეალიების შერევაც. ასე მოხდა სვანეთშიც.

სვანური მითოლოგიური სახეების და წარმოდგენების შორეული კავშირი ბერძნულ სამყაროსთან უდავოა (ამირან-პრომეთე, გეა-გიმ, ხარის კულტი, ნიმფები...). ეს შეხვედრები იმ დროის კონტაქტების კვალია, როცა ბერძნებს კოლონიები ჰქონდათ შავი ზღვის სანაპიროებზე, არგონავტებმა ილაშქრეს, ვანის კულტურა იფურჩქნებოდა. სვანთა (სოანთა) სამეფოს ძლიერებაზე მეტყველებენ ბერძენი სწავლულები: „კავკასიის მაღალი მთები უკავიათ და ყველა მეზობელ ხალხებს განაგებენ. ჰყავთ მეფე და 300 წევრისგან შემდგარი საბჭო... შეუძლიათ გამოიყვანონ ორასი ათასი კაცისაგან შემდგარი ჯარი...“ (სტრაბონი). შავი ზღვისპირეთის ტოპონიმიკა სვანეთშიც შემორჩა: ცხუმი (სოხუმი) — სოფ. ცხუმარი... სიმღერა „ქრისტეს ზღვამდე დაველოცოთ“, — იმდროინდელ ვითარებას გამოხატავს. ცხადია, ხალხთა კონტაქტები მითებშიც აისახებოდა. ცნობილია მიწის ღვთაება (ორმიში, „ლაგამ“), „მეზირი“, იფნის ხის სიმბოლიკა (შეხვედრები შუმერულ და სკანდინავიურ მითოლოგიებთან), შეადარეთ გუდანის ჯვარი. სვანური „ღერთარ“ (ღმერთები) — წარმართული მითების ნაშთია.

სვანურ მითოლოგიურ სამყაროში ბოლომდე მტკიცედ შემორჩა უხსოვარი წარსულის რელიგიური კულტის სიტყვიერი და ნივთიერი ძეგლები, ადათის რიტუალის რეალიები, კერძოდ საქმისაის ფალოსური ატრიბუტები, ქვის ან კირქვის სიმბოლური გამოსახულებანი, ლითონის ნივთები. ასეთ სიმბოლოებს ინდურ რელიგიებში ეწოდებათ ლინგა, იონი ლინგამები (შივას ტაძარში, შაქტი, ტანტრა). სვანურში მტკიცედაა შემორჩენილი უსხის (ვისხვის), სამსხვერპლო ხარის კულტი. საუფლო ხარი ჩვეულებრივ თეთრი უნდა ყოფილიყო. ამ კუთხის მითოსური სამყაროს უმთავრესად სარიტუალი ცერემონიებით, მატერიალური კულტურის ძეგლებით, სიმღერა-ბალადების სახით ვიცნობთ, მაგრამ არის პროზაული ტექსტებიც, ჩაწერილი სხვადასხვა დროს ბ. ნიჟარაძის, ა. შანიძის, ვ. თოფურიას, ს. მაკალათიას, ვ. ბარდაველიძის, მ. გუჯეჯიანის, მ. ქალდანის, ა. დავითიანის, ს. გულედიანის, მ. ჩართოლანის, უ. ცინდელიანის და სხვათა მიერ. ბუნების მკაცრი პირობები, ცად აზიდული მთების რომანტიკა მდიდარ ნიადაგს ქმნიდა პოეტური წარმოდგენების გასაშლელად და სიმღერის მოყვარული, ნიჭიერი, ენერგიული ტომი ქმნიდა ლექსებს, სიმღერებს, რომელთაც ჩაწერა გვიან ეღირსათ, ამიტომ ბევრი რამ დავიწყებას მიეცა, მაგრამ რაც დარჩა, ისიც საკმაოდ მდიდრულად ავსებს ქართული მითის საგანძურს, რომლის ძირებსაც ძველ შუმერში, საბერძნეთში, ხეთების სამეფოში მივყავართ. მაგალითად, სამიწათმოქმედო-საკულტო სიმღერა „გა“ აშკარად მოწმობს კავშირს ძვ. ბერძნულ ქალღემთ გას, გეას უძველეს კულტთან, რაც სხვაგან არსად არაა შემორჩენილი. ასეთი მაგალითი ურიცხვია. თვით ეროვნულ ქართულ მითოლოგიურ სახეებს (განსაკუთრებით დალსა და დევს) სვანურ ფოლკლორში თავისებური სახე აქვთ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი — გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983.