წმინდა გიორგი

(გადამისამართდა გვერდიდან წმ. გიორგი)

წმინდა გიორგი (ბერძ. Άγιος Γεώργιος; დ. დაახლ. 275 — გ. 23 აპრილი, 303, ნიკომედია) — ქრისტიანი წმინდანი. კაპადოკიელი დიდებული, რომის იმპერიის მსახური, რომელიც აწამეს რომის იმპერატორის დიოკლეტიანეს დროს. ამჟამად რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ინგლისის, ეთიოპიის, საქართველოს და ქალაქ მოსკოვის მფარველი წმინდანია. მართლმადიდებლურ ეკლესიაში მისი ხსენების დღეა 23 აპრილი (6 მაისი) და 10 (23) ნოემბერი, ხოლო კათოლიკურში23 აპრილი.

წმინდა გიორგი
Γεώργιος

წმინდა გიორგის XIV საუკუნის ხატი
დაიბადა 275
კაისერი, Cappadocia, რომის იმპერია
გარდაიცვალა 23 აპრილი, 303
ნიკომედია, Bithynia et Pontus, რომის იმპერია ან ლოდი, Syria Palaestina, რომის იმპერია
დასაფლავებულია ლოდი
ხსენების დღე 23 აპრილი[1] და Bright Week
მოღვაწეობა ჯარისკაცი, დრაკონის მკვლელი და სასწაულმოქმედი
ენა Classical Greek

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
წმინდა გიორგი საქართველოს სახელმწიფო გერბზე

გადმოცემის თანახმად წმინდა გიორგი დაიბადა კაპადოკიაში, III საუკუნის მეორე ნახევარში. იგი იყო დიდებული ოჯახის შვილი. მის მამას გერონტიოსი, დედას კი – პოლიხრონია ერქვა. დედამ წმინდა გიორგის შეასწავლა საღმრთო წიგნები და ჭეშმარიტი სარწმუნოება.

წმინდა მოწამე იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს პრეტორიანელთა გვარდიაში მსახურობდა. დიოკლეტიანემ და მაგნენტიოსმა კერპთმსახურება ააღორძინეს და გასცეს ბრძანება ქრისტიანთა დევნილებისა და იმ მორწმუნეთა დაწინაურების შესახებ, რომელნიც უარყოფდნენ ახალ რელიგიას. ხოლო ვინც შეეწინააღმდეგებოდა მეფის განაჩენს, საზარელი სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა.

როდესაც ქრისტიანთა დევნა დაიწყო, გიორგიმ თავისი მამულები უპოვართ დაურიგა და საიმპერატორო საბჭოზე გამოცხადდა ნიკომიდიაში. თავდაპირველად ის დაკითხვაზე იმყოფებოდა ვარდანის დუქსთან, შემდგომ კი წარდგა რა დიოკლეტიანეს სამეფო კარისა და მხედართმთავრების წინაშე, მან აღიარა ქრისტეს რჯული და ამხილა იმპერატორის წარმართული მრწამსი. განრისხებულმა დიოკლეტიანემ ბრძანა, რომ გიორგი ჩამოეკიდათ და ჯოხით ეცემათ. შემდეგ ფეხებზე ხუნდებდადებული და მკერდზე ლოდდადებული საპყრობილეში ჩააგდეს. მეორე დღეს იმპერატორმა ბრძანა, რომ გიორგი ურმის თვალზე გაეკრათ. გიორგი წამებას უდიდესი მოთმინებით იტანდა და ღმერთს მადლობას სწირავდა. წამების შემდეგ, როდესაც ის ბორბალზე გაკრული დატოვეს, მას ღმერთის ანგელოზი გამოეცხადა და განკურნა. შეშინებული ჯალათები გაიქცნენ, ხოლო გიორგიმ მიაშურა აპოლონის ტაძარს, სადაც ამ დროს დიოკლეტიანე მსხვერპლს სწირავდა და ამხილა ცრუ კერპები. ნახეს რა უვნებელი გიორგი ქრისტე იწამეს დედოფალმა ალექსანდრამ და მხედართმთავრებმა – ანატოლიმ და პროტოლეონმა. დიოკლეტიანემ ბრძანა, გიორგი ჩაეგდოთ გამოუწვავი კირის ორმოში. სამი დღის შემდეგ მისულმა მეომრებმა გიორგი კვლავ უვნებელი ნახეს. იხილა რა ეს სასწაული, შეგროვილმა ხალხმა შესძახა: „დიდია ქრისტიანული ღმერთი!“ წმინდანი წაიყვანეს საპყრობილეში, ჩააცვეს რკინის ფეხსაცმელი, რომელშიც გავარვარებული წვეტიანი ლურსმნები იყო ჩასმული და აიძულებდნენ ევლო. დილეგში მხურვალე ლოცვით გიორგიმ უფლისგან შვება და განკურნება მიიღო. დილით ის წარდგა ტრიბუნალის წინაშე. დიოკლეტიანე კვლავ არწმუნებდა, რომ მსხვერპლი შეეწირა წარმართული კერპებისთვის. უარის შემდეგ ის საქონლის ძარღვისგან დამზადებული შოლტებით სცემეს. იმპერატორის მეგობარმა მაგნენციუსმა მიმართა გიორგის: „თუ შენი ღმერთი ყოვლისშემძლეა, გააცოცხლოს რომელიმე გარდაცვლილი“.

გიორგიმ ლოცვით მიმართა ქრისტეს და დაიწყო ძლიერი მიწისძვრა. შორიახლოს მდებარე სასაფლაოზე ერთ-ერთი აკლდამა გაიხსნა და იქიდან გამოვიდა რამდენიმე საუკუნის წინ გარდაცვლილი ადამიანი, რომელიც შეევედრა გიორგის, მოენათლა იგი ქრისტიანად. აღშფოთებულმა დიოკლეტიანემ ბრძანა გიორგის საპყრობილეში ჩასმა. საპყრობილეში გიორგისგან კურთხევის მიღებისა და გაქრისტიანების სურვილით და სხვადასხვა ავადმყოფობისგან განკურნების იმედით მრავალი ადამიანი მიდიოდა, რომლებიც ციხის მცველთა მოსყიდვით შედიოდნენ მასთან. ერთ-ერთი იყო ღარიბი გლეხი გლიკერიოსი (თორაკლეოზი), რომელსაც მოუკვდა ერთადერთი ხარი, რომლითაც იგი მიწას ხნავდა. გლიკერიოსმა სთხოვა წმინდანს გაეცოცხლებინა მისი ხარი, რაზეც გიორგიმ უპასუხა, რომ თუ ის იწამებდა ქრისტეს რჯულს, სახლში დაბრუნებულს ხარი ცოცხალი დახვდებოდა. დიოკლეტიანეს მოახსენეს, რომ გიორგის გამო მრავალმა ადამიანმა მიიღო ქრისტიანული სარწმუნოება. დაახლოებულ პირთა რჩევით, მან უხმო წმინდანს და წარმართული კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვის სანაცვლოდ უამრავი ჯილდო და სიკეთე აღუთქვა. გიორგი დათანხმდა ტაძარში მისვლას და როდესაც იქ უამრავი ხალხი შეგროვდა, აპოლონის ქანდაკებას მიმართა კითხვით – იყო თუ არა ის ღმერთი. კერპში ჩაბუდებულმა უწმინდურმა სულმა მიუგო, რომ ის არ არის ღმერთი, ჭეშმარიტი ღმერთი – იესო ქრისტეა. გიორგიმ პირჯვარი გადაისახა და ყველა კერპი ჩამოცვივდა და დაიმსხვრა. ამის შემხედვარე დედოფალმა ალექსანდრამ უკვე აშკარად იწამა ქრისტე. იმპერატორმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა გიორგისა და ალექსანდრას. დასჯის ადგილისკენ მიმავალ გზაზე ალექსანდრა ქვაზე ჩამოჯდა დასასვენებლად და მშვიდად მიაბარა სული უფალს, ხოლო გიორგის ხმლით მოჰკვეთეს თავი. ეს მოხდა 23 აპრილს, დიდ პარასკევს.

ტროპარი
 
„ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო, და მეფეთა უძლეველო, წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.“
კონდაკი
 
„მოიმუშკე ღმრთისა მიერ და გამოსჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთის-მსახურებისა გიორგი, და სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა შენსა, რამეთუ ცრემლით სთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.“

10 (23) ნოემბერს აღინიშნება წმიდანის ბორბალზე წამების დღე, ხოლო 23 აპრილი (6 მაისი) თავისკვეთის დღე.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Calendarium Romanum: Ex decreto Sacrosancti Œcumenici Concilii Vaticani II instauratum auctoritate Pauli PP. VI promulgatum. Editio typicaCivitas Vaticana: Typis Polyglottis Vaticanis, 1969. — გვ. 25.