ვერა ბარდაველიძე

(გადამისამართდა გვერდიდან ბარდაველიძე, ვერა)

ვერა ვარდენის ასული ბარდაველიძე (დ. 17 სექტემბერი, 1899, თბილისი — გ. 23 ოქტომბერი, 1970, იქვე) — ქართველი ეთნოგრაფი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1957), პროფესორი (1966), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1963). ეთნოგრაფ გიორგი ჩიტაიას მეუღლე.

ვერა ბარდაველიძე
დაბადების თარიღი 17 სექტემბერი, 1899
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 23 ოქტომბერი, 1970
თბილისი
პროფესია ქართველი ისტორიკოსი, ეთნოგრაფი
მეუღლე(ები) სილიბისტრო ლომია
გიორგი ჩიტაია

ბიოგრაფია

რედაქტირება

თბილისის ქალთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თსუ-ს სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, რომლის 1923 წელს დამთავრების შემდეგ, სწავლობდა ლენინგრადში, მატერიალური კულტურის აკადემიის ასპირანტურაში (1926-1929). 1931 წლიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ სამეცნიერო-პედაგიოგიურ მუშაობას ეწეოდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში (ენიმკი), თსუ-ის ეთნოგრაფიის კათედრაზე და შემდგომ ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. 1965 წლიდან იყო ამ ინსტიტუტის საქართველოს ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე. დიდი ამაგი დასდო ხალხური საკულტო ძეგლების მეცნიერულ შესწავლას. ბარდაველიძის შრომები მიძღვნილია ქართული ხალხური ადრინდელი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სულიერი კულტურის პრობლემებისადმი (ასტრალური რწმენა-წარმოდგენები, ღვთაებათა პანთეონი, ნაყოფიერება-გამრავლებასთან დაკავშირებული კულტები და რიტუალები, ქართული ხალხური დღეობათა კალენდარი, ხალხური ორნამენტი, საწესო გრაფიკული ხელოვნება და მრავალი სხვა).

ბარდაველიძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქართულ საწესო გრაფიკულ ხელოვნებას, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მრავალრიცხოვანი არქეოლოგიის გრაფიკული მასალის გაშიფვრისა და გააზრებისათვის. საგანგებოდ აღსანიშნავია ბარდაველიძის მიერ აღმოსავლეთ საქართველოში მთიელთა თემის ადრეკლასობრივი საფეხურის სოციალურ-ეკონომიკური ორგანიზაციის (თეოკრატია) ბუნების დადგენა, რითაც საფუძველი გამოაცალა მთაში გვაროვნული წყობის მარადიულობის თეორიას. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში[1].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გეგეშიძე მ., ვ. ბარდაველიძის ცხოვრება და სამეცნიერო მოღვაწეობა «მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისთვის», 1972, ტ. 16-17;
  • თოდუა რ., ვ. ბარდაველიძის შრომების ბიბლიოგრაფია, იქვე;
  • გეგეშიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 206.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 72, თბ., 1994