ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი

აკადემიკოს ნიკო მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი (ენიმკი) — სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება საბჭოთა საქართველოში 1936-1941 წლებში.

შეიქმნა 1936 წელს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის კავკასიისმცოდნეობის ინსტიტუტის ბაზაზე. 1936 წლის 1 დეკემბრიდან ინსტიტუტის დირექტორი იყო სიმონ ჯანაშია. 1941 მარტიდან, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაარსებასთან დაკავშირებით, ენიმკის ბაზაზე შეიქმნა 2 ინსტიტუტი: აკად. ნ. მარის სახელობის ენის ინსტიტუტი (ახლანდ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი) და ისტორიის ინსტიტუტი (ახლანდ. ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტი). ინსტიტუტებს გარკვეული დროით კვლავ ერთიანი ხელმძღვანელობა ჰყავდათ (სამეცნიერო საბჭო — 1944 წლის ივლისამდე, დირექცია — 1943 წლის მარტამდე).

ენიმკის პერიოდული გამოცემები იყო „აკად. ნ. მარის სახელობის ენის ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის მოამბე“ (1937–1944 წლებში გამოქვეყნდა 14 ტომი) და „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“ (1937–1944 წლებში გამოიცა 7 ტომი), რომლებშიც იბეჭდებოდა მნიშვნელოვანი გამოკვლევები ქართველური და კავკასიური ენების, ქართული ფილოლოგიის, საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის, აგრეთვე ახლო აღმოსავლეთის ძველი ისტორიის აქტუალურ საკითხებზე. ამას გარდა, ენიმკის მიერ მომზადდა და გამოიცა 70-ზე მეტი ნაშრომი, მ. შ. ივანე ჯავახიშვილის „ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა“ (1937), არნოლდ ჩიქობავას „ჭანურ-მეგრულ-ქართული შედარებითი ლექსიკონი“ (1938), „საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XIX ს. დამდეგამდე“ (ავტ. ნიკო ბერძენიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, სიმონ ჯანაშია, ს. ჯანაშიას რედაქციით, 1943), ბორის კუფტინის „არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში“ (1941, რუს. ენაზე), ვარლამ თოფურიას, სიმონ ყაუხჩიშვილის „რუსულ-ქართული ლექსიკონი“ (1938, 1940), გიორგი ახვლედიანის, ვარლამ თოფურიას „ქართულ-რუსული ლექსიკონი“ (1942), ასევე რამდენიმე ტერმინოლოგიური ლექსიკონი.

ლიტერატურა

რედაქტირება