სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალი
სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალი დაარსდა თბილისში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის ფილიალის (1932) გაყოფის შედეგად სამ დამოუკიდებელ — აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის ფილიალად. ორგანიზაციულად საქართველოს ფილიალის წინამორბედი იყო ამიერკავკასიის ფილიალის საქართველოს განყოფილება (1933), რომელსაც გადაეცა პ. მელიქიშვილის სახელობის ქიმიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, თბილისის ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო-კვლევითი ქვედანაყოფები, თბილისის სეისმური სადგური, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ნიადაგის ლაბორატორია, რომლებიც მალე გადაკეთდა ინსტიტუტებად. 1935 წლიდან ფილიალში შევიდა მათემატიკის ინსტიტუტი, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია (1932), ზოოლოგიის სექტორი (1932-1935 წლებში სხვადასხვა ორგანიზაციული სახით უშუალოდ შედიოდა ამიერკავკასიის ფილიალში), კავკასიისმცოდნეობის ინსტიტუტი, აფხაზეთის კულტურის ინსტიტუტი. 1939 წელს ფილიალთან დაარსდა ენერგეტიკის სექტორი, ხოლო 1940 — გეოფიზიკის ინსტიტუტში — ანტისეისმური მშენებლობის რესპუბლიკური ბიურო. სხვადასხვა დროს ამიერკავკასიის ფილიალის საქართველოს განყოფილებასა და საქართველოს ფილიალთან არსებობდა გეოლოგიისა და ბიოლოგიის სექტორები, საწარმოო ძალთა შემსწავლელი სექცია და სხვა. 1941 წელს ფილიალისა და თსუ-თან არსებული რამდენიმე სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების (გეოლოგიისა და ფიზიოლოგიის ინსტიტუტები, ფსიქოლოგიისა და ყოფილი ფიზიკის ინსტიტუტის ლაბორატორიები) ბაზაზე ჩამოყალიბდა მეცნიერებათა აკადემია საქართველოს სსრ-ისა. ფილიალის გამოცემები იყო:„მეცნიერების მოამბე“ (1936, № 1), „სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის მოამბე“ (1940, ტ. 1, № 1—10). ფილიალის თავმჯდომარეები: 1933-34 წლებში ნიკო მარი (სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის ფილიალის საქართველოს განყოფილება), 1935-1936 — ლევ პისაჟევსკი, 1936-1937 ნიკოლოზ გორბუნოვი, 1938—1941 ნიკოლოზ მუსხელიშვილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავრიშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 188.