აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია

საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია — სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში, მთა ყანობილზე, ზღვის დონიდან 1700 მ, თბილისიდან 200 კმ-ის დაშორებით.

საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია

მთავარი კორპუსი
41°45′15″ ჩ. გ. 42°49′10″ ა. გ. / 41.75417° ჩ. გ. 42.81944° ა. გ. / 41.75417; 42.81944
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო, ადიგენის მუნიციპალიტეტი, დაბა აბასთუმანი
სიმაღლე ზ. დ. 1700 მ
დაარსდა 1932 წლის 28 თებერვალი
ტიპი ასტროფიზიკური ობსერვატორია
ოფიციალური საიტი http://observatory.iliauni.edu.ge/
Map

ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის ფიზიკის, მზის სისტემის ცთომილების და დედამიწის ზედა ატმოსფეროს შესწავლა.

ობსერვატორია დაარსდა 1932 წლის 28 თებერვალს, პროფესორ ევგენი ხარაძის თაოსნობით და პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიაა ყოფილ საბჭოთა კავშირში. 1934 წელს ამ ობსერვატორიაში დაიდგა კარლ ცეისის ფირმის 40 სმ-იანი ტელესკოპი (რეფრაქტორი). იმავე წელს აბასთუმნის ობსერვატორია აირჩიეს წყნარი ოკეანის ასტროფიზიკური ასოციაციის წევრად.

1936 წელს აბასთუმანში პირველად ჩამოდის უცხოელ ასტრონომთა ჯგუფი, პროფესორ მენზელის თაოსნობით.

აბასთუმნის ობსერვატორიაში 1942 წელს ქართველი ასტრონომის გიორგი თევზაძის მიერ აღმოჩენილ იქნა მანამდე უცნობი, ორი ახალი კუდიანი ვარსკვლავი „კომეტა“, რომელთაც ეწოდა „კომეტა 1942 თევზაძე 1“ და „კომეტა 1942 თევზაძე 2“. ეს აღმოჩენა წარმოადგენდა პირველ ასტრონომიულ აღმოჩენას, რომელიც ქართველის მიერ იყო შესრულებული. ამ აღმოჩენის გამო წყნარი ოკეანის ასტრონომიულმა კორპორაციამ სან-ფრანცისკოში გამართულ საერთაშორისო ასტრონომთა ყრილობაზე გიორგი თევზაძე დააჯილდოვა „ჟოზეფ დონოჰოეს“ მედლით და სამკერდე ნიშნით.

1954 წელს, ობსერვატორიაში დაიდგა 70 სმ-იანი მენისკური ტელესკოპი. 1957 წლიდან ამოქმედდა დედამიწის პირველ ხელოვნურ თანამგზავრზე დაკვირვების სადგური, ორი წლის შემდეგ კი ექსპლუატაციაში შევიდა ყანობილის მთიდან აბასთუმნამდე გაჭიმული საბაგირო გზა.

1961 წელს, ასტრონომმა რ. კილაძემ პირველმა გაზომა სატურნის რგოლების სისქე, ხოლო 1974 წელს მანვე პირველმა შეამჩნია პლანეტა მერკურის ატმოსფერო, ხოლო ა. ჭურაძემ აღმოაჩინა პირველი ზეახალი ვარსკვლავი გალაქტიკაში NGC 3389.

1932-1933 წლებში აბასთუმნის ობსერვატორია იყო უშუალოდ საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატის გამგებლობაში; 1934-1935 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში; 1936-1940 წლებში — სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის, ხოლო 1941 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემის შემადგენლობაში.

ობსერვატორია 2007 წლიდან ინტეგრირებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და იწოდება, როგორც „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია“. ობსერვატორიის დირექტორია მაია თოდუა.[1][2] ობსერვატორიას აქვს საგამომცემლო ბაზა, სადაც 1961 წლიდან ყოველწლიურად გამოიცემა „ასტრონომიული კალენდარი“ და „ობსერვატორიის ბიულეტენი“.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. http://observatory.iliauni.edu.ge დაარქივებული 2012-02-25 საიტზე Wayback Machine. ე. ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ოფიციალური საიტი
  2. http://www.iliauni.edu.ge ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური საიტი