სახლის ანგელოზი
სახლის ანგელოზი — ქართველურ ქრისტიანობამდელ რწმენაში სახლისა და ოჯახის მფარველი სულია, მას თავისი ოჯახისათვის ბარაქა და კეთილდღეობა მოაქვს, თუ ოჯახმა არ განარისხა იგი. მის შესახებ რწმენები სხვადასხვა კუთხეში არსებობს და მას ბევრი სხვადასხვა სახელითაც მოიხსენიებენ. ზოგ კუთხეში სახლის ანგელოზს ფუძის ანგელოზისა და მეზირის თვისებებიც აქვს შერწყმული და ფუძის ანგელოზის სახელსაც კი იზიარებს.
გარეგნობა
რედაქტირებასახლის ანგელოზის ყველაზე გავრცელებული სახე მშვენიერი ახალგაზრდა ქალია, ხშირად თეთრადაა ჩაცმული. თუმცა, იშვიათი გამონაკლისების გარდა თავისი ნამდვილი სახით ადამიანებს არ ეჩვენება.
ეტიმოლოგია
რედაქტირებასიტყვა ანგელოზი ბერძნულიდან მოდის და ქრისტიანობასთან ერთადაა შემოსული და მისი გავლენით დამკვიდრებული ძველ ქართველურ რწმენაში. ხშირად ეს ტერმინი მიესადაგება სულებს, უხორცო არსებებს. განსაკუთრებით, მათ, რომლებიც ვინმეს, ან რამეს იცავენ, მაგ.: დროშათმცავი ანგელოზი, კაცზე მდგომ-მავალი ანგელოზი და მრავალი სხვა. სხვადასხა კუთხეში სიტყვა სახლი შეიძლება ჩანაცვლდეს და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფუნქციები და ძალები მიეწერება სახლის მფარველ სულს იმ კუთხეში.
სახელები
რედაქტირება- ნერჩი პატჷნი (ნერჩი პატენი, ნერჩი პატონი) - თარგმ. ნერჩის ბატონი, ფუძის ბატონი
- სახლის ანგელოზი
- ფუძის ანგელოზი
- ოჯახის ანგელოზი
- მეკეზისწვრე ანგელოზი
- სახლთანგელოზი
- სახლის ბედ-ანგელოზი
- კარის ანგელოზი
- დედათაანგელოზი
- ადგილის დედა
რწმენები და ჩვეულებები სხვადასხვა კუთხეებში
რედაქტირებაგორისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში ჩაწერილი თქმულებების მიხედვით, სახლსა და ოჯახს მფარველობს ფუძის ანგელოზი, რომელსაც ამ კუთხეში სახლის ანგელოზსაც, იშვიათ შემთხვევაში კი ოჯახის ანგელოზს უწოდებენ.
ქართლელები და მთიულები თვლიან, რომ იგი ახალგაზრდა, უბიწო ქალია. ის საკუთარი ნამდვილი სახით არავის ეჩვენება, თუმცა შეიძლება, ზოგჯერ კარის მეზობლის ქალიშვილის სახე მიიღოს და ასე დაელაპარაკოს თავისი ოჯახის წევრს.
რომ ფუძის ანგელოზის საცხოვრებლად განჯინა მიიჩნევა. აპოლონ ცანავას წიგნში "ქართული მითოლოგია" სოფ. შინდისის მკვიდრი იხსენებს, რომ ახალ გამომცხვარ პურს დედა განჯინაში ატანდა ანგელოზისთვის მისართმევად, რადგან ყველაფერი კარგი ჯერ ფუძის ანგელოზისთვის უნდა შეეთავაზებინათ. მას ოჯახის სადღეგრძელოშიც იხსენიებენ, ლოცავენ და ოჯახის ბოროტებისგან დაცვას შესთხოვენ.
საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის შემთხვევაში ოჯახის წევრები ფუძის ანგელოზის მიმართ ლოცულობენ, სანთლებს უნთებენ და ეხვეწებიან, თან წაჰყვეს. გზის სწავლება არ ჭირდება, თავად აგნებს მათ ახალ სახლს, თუმცა, ზოგჯერ შაქრის ნატეხებსაც უყრიან გზაში. ძველი რწმენის მიხედვით, ოჯახის გაყოფის შემთხვევაში, ანგელოზი თუ განაყოფს თან არ წაჰყვება, განრისხდება და ოჯახისათვის საშიში გახდება, ან შეიძლება, სულაც მიატოვოს ისინი. მის გაბრაზებას გაჭაბუკებასაც ეძახიან. ითვლება, რომ სახლში, სადაც მუდმივად არეულობა და ჩხუბია, სწორედ ფუძის ანგელოზი განარისხეს.
სახლის მფარველი ხევსურებისთვის მეკეზისწვრე ანგელოზია, რომელიც სახლის თავხეზე – კეზზე – ცხოვრობს. მეკეზისწვრე უშუალოდ ნაგებობას იცავს, ხევსურები მას საკლავს უკლავენ და სახლის ზიანისგან დაცვას ევედრებიან. ამით მეკეზისწვრე ანგელოზი მეზირის ფუნქციებს ასრულებს, თუმცა, მეზირისგან განსხვავებით იგი უსხეულო სულია და არა ხორციელი არსება.
ხევში მკვეთრადაა გამიჯნული კონკრეტული სახლის მაცხოვრებელი ოჯახის მფარველი, მათი გვარის მფარველი და მათი სახლის ფიზიკური სიმრთელის მცველი. ამგვარად გამოიყოფა სამი ზებუნებრივი არსება: სახლის ანგელოზი, ფუძის ანგელოზი და ფუძის გველი.
მოხევეთა ოჯახის მფარველს სახლის ანგელოზი ჰქვია. გარდა ამისა, მას ეწოდება სახლთანგელოზი, სახლის ბედანგელოზი, კარის ანგელოზი, დედათაანგელოზი და საკმაოდ ხშირად გამოიყენება სახელი ადგილის დედა.
ადგილის დედა სენაში ბუდობს და ოჯახს იფარავს. ქართლელ-მთიულთა მსგავსად მოხევენიც თვლიდნენ, რომ ეს ღვთაება მშვენიერი ქალია, და იშვიათი გამონაკლისების გარდა ადამიანის თვალისთვის უჩინარია. ვალერიან ითონიშვილის წიგნში "მოხევეების საოჯახო ყოფა", აღწერილია მოხევე ქალის მონათხრობი, რომელსაც ძროხების წველის დროს ადგილის დედა ეჩვენებოდა. ის მას ამ სიტყვებით აღწერს: "ადგილის დედა კელაპტარივით თეთრად მაკმაზული, საყურ ბეჭდიანი, როგორც ელვა".[1] სახლთანგელოზის თეთრ კაბაში გამოწყობა ანდრეზებშიცაა მოხსენეული. ერთ-ერთ მონათხრობში კი მისი ტანსაცმელი აღწერილია, როგორც მთლიანად ბუმბულისგან გაკეთებული.
ყოველ ხუთშაბათს მოხევე დიასახლისი ადგილის დედის სახელზე ქადას აცხობს პირველი ნადუღარი, ანუ ე.წ. თავთავაჲ ერბოთი. დიასახლისი სენაში განმარტოვდება, ჭრის ქადას, სანთლებს ანთებს და ადგილის დედას ოჯახისა და საქონლის დაცვას სთხოვს. ეს ქადა მხოლოდ დიასახლისმა უნდა შეჭამოს, რადგან სხვებისთვის განაწილება ადგილის დედას გაანაწყენებს. განსაკუთრებით ცუდია, თუ მას მამაკაცი შეჭამს.
ადგილის დედას ისიც აბრაზებს, თუ ოჯახის წევრები საცხოვრებელზე წუწუნებენ და ბუზღუნებენ, აქვთ კონფლიქტები. მათ უკმაყოფილებას თავის მიმართ სამდურავად აღიქვამს. მისი წყენისა და ბრაზის პირველი ნიშანი მის მიერ სახლში ატეხილი ხმაურია. ოჯახის წევრებს ესმით უცნაური ხმები – გმინვა, ბუტბუტი და ბრაგუნი. გამწყრალ ადგილის დედას საკლავს უკლავენ, ლოცულობენ, რომ როგორმე გული მოიბრუნოს.
სალხინო სუფრაზე უკანასკნელი სადღეგრძელოც სახლის ანგელოზს ეკუთვნის და ფეხზე დგომით ისმევა სტუმარ-მასპინძლის გამომშვიდობებისას.
სამეგრელო და დასავლეთ საქართველო
რედაქტირებასამეგრელოში შემონახულია სახლის მფარველი ღვთაების ქრისტიანობამდელი სახელი - აქ იგი ნერჩი პატენის (ნერჩის ბატონის, ფუძის ბატონის) სახელითაა ცნობილი. სიტყვა ნერჩი ძველ ქართულშიც არსებობდა და აღნიშნავდა ჭურჭლის, ან ნავის გარეგან ძირს, რომელიც მიწას ეხებოდა. ეს სიტყვა შემორჩენილია დასავლეთ საქართველოს დიალექტებსა თუ კილოკავებშიც.
აქაც, როგორც საქართველოს არაერთ სხვა კუთხეში, გვარის, კონკრეტული ოჯახისა და საცხოვრისის მფარველის თვისებები შერწყმული ჩანს ერთ ზებუნებრივ არსებაში. მას სთხოვენ შემწეობას სახლის აგებაში, ოჯახისთვის ბედნიერების მოტანას, გამრავლებასა და საქონლის რაოდენობის გაზრდასაც კი.
ნერჩისთვის საგანგებო რიტუალის ჩატარება სახლის აშენების აუცილებელი წინაპირობაა, რადგან მომავალ მოსახლეებს ლოცვა-კურთხევა სჭირდებათ ახალი საცხოვრისისთვის განკუთვნილი მიწის მფარველისგან. ამ რიტუალს “დიხაშ ხვამა” (მიწის დალოცვა), ან “ოხორიშ ხვამა” (სამოსახლოს დალოცვა) ეწოდება. ლოცვას ოჯახის უფროსი მამაკაცი ასრულებს ღვინით სავსე სასმისით ხელში და ოჯახის სხვა წევრების თანდასწრებით. საგანგებოდ აცხობენ მცირე ზომის პურებს, რომლებსაც დაგეგმარებული ნაგებობის ოთხივე კუთხეში ათავსებენ და ანთებენ სანთლებს.
სხვა კუთხეების მსგავსად, საცხოვრებელი ადგილის გამოცვლისას ოჯახი თავისი სახლის მფარველის ახალ სახლში მისაპატიჟებელ რიტუალს ატარებს.
ნერჩისთვის მფარველობისა და ბარაქის თხოვნის ლოცვას არა მხოლოდ სახლის აგებისას, არამედ შემდგომშიც მიმართავენ. “ნერჩიშ ხვამა» (ფუძის ლოცვა), იგივე ოჯუმაშხური (საოთხშაბათო), საარდგილო (საადგილო), ან ოტუტუცე (სატუტუცო) ყოველ დიდმარხვამდე 25 დღით ადრე, ოთხშაბათ დღეს აღევლინება.
მეგრელთა რწმენის მიხედვით, ნერჩის მფარველმა შეიძლება, უშვილობა მოუვლინოს ოჯახში შემოსულ რძალსაც და ოჯახიდან გათხოვებულ ქალსაც. თუ ახალმოსული რძალი ვერ ფეხმძიმდება, პირველად ქმრის ოჯახის ფუძეზე მიაქვთ ეჭვი, თვლიან, რომ ის გამწყრალია და ტარდება საგანგებო რიტუალი “ნერჩი გითოხვამა”, რომელშიც თავიანთ ფუძეს შესთხოვენ ახალ რძალზე გულის მობრუნებას. თუ ეს არ შველის, იტყვიან: "იქაურ ფუძეს ჰყავს შეპყრობილი"-ო [2], რძალი მშობლების სახლში მიჰყავთ და ახლა იქ ატარებენ მსგავს რიტუალს.
რადგან უშვილობის მიზეზად ნერჩი პატენი მიიჩნევა, შვილიერებაც მასთანაა დაკავშირებული. ამიტომ ქალის მშობიარობის შემდეგ სრულდება წეს-ჩვეულება "ჭაში ეფართხუა" (ჩალის აყრა), რომელშიც კვლავ ნერჩის მიმართავენ და დედისა და ბავშვის კეთილდღეობას სთხოვენ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ა. ცანავა. ქართული მითოლოგია, გვ. 72-74 - თბილისი, გამომცემლობა "მერანი", 1992.
- ნ. ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები, გვ. 248, 464, 471-472, 524-525 - თბილისი, გამომცემლობა "უნივერსალი" 2017. ISBN 078-0041-22-996-1
- ვ. ითონიშვილი. მოხევეების საოჯახო ყოფა, გვ. 103-105 - თბილისი, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", 1970.
- ზ. კიკნაძე. ანდრეზები (აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რელიგიურ-მითოლოგიური გადმოცემები), გვ. 346-347 - თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009.