ფუძის ანგელოზი
ფუძის ანგელოზი ადგილის, მიწის და/ან გვარის მფარველი ღვთაებაა. მას განსაკუთრებულ პატივს სცემენ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. ფუნქციებით იგი წააგავს სხვა ღვთაებებს, როგორებიცაა ადგილის დედა და სახლის ანგელოზი, რომელსაც ფუძის ანგელოზსაც უწოდებენ ზოგიერთ კუთხეში და ზოგჯერ მისი სახე ამ უკანასკნელთან შერწყმულია.
ეტიმოლოგია
რედაქტირებასახელი ფუძის ანგელოზის ორნაირი ინტერპრეტაცია არსებობს. ფუძე მიუთითებს ფიზიკურ ფუძეზე, ადგილზე, სამოსახლოზე. მეორე მხრივ, ხევში ფუძე გვარის ფუძეს გულისხმობს. ხოლო სიტყვა ანგელოზი ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგაა დამკვიდრებული.
ფიზიკური ფორმა
რედაქტირებაფუძის ანგელოზი უხორცო არსებაა, თუმცა ზოგიერთ გადმოცემაში ის მამაკაცის სახით წარმოგვიდგება. ანდრეზებში შემონახულია წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ფუძის ანგელოზი ჩვეულებრივ ადამიანებს ცეცხლის სახით ეჩვენება, ხოლო სასულიერო პირებს ოქროსფერ ტანსაცმელში გამოწყობილ ახალგაზრდა ჭაბუკად.
ფუძის ანგელოზი სხვადასხვა კუთხეებში
რედაქტირებამოხევეთა ფუძის ანგელოზი იცავს არა მხოლოდ სახლში მყოფ ოჯახს, არამედ მთელ გვარს და მათ ჩამომავლობას, ოჯახის განაყოფებიანად. მის სახელში სიტყვა ფუძე საგვარეულოს ფუძეს ნიშნავს და არა სახლისას.
ტრადიციულ მოხევურ სამყოფოში მის საცხოვრისად გამოყოფილია აღმოსავლეთ კედელში ამოჭრილი ნიშა (შუკუნაჲ), რომელსაც საწმინდო კუთხე, ფუძის ანგელოზის კუთხე, ან ფუძის ანგელოზის საბზანისი ეწოდება. საწმინდოში ინახება ხატი (ჯვარი) და სანთლები. ამ ადგილთან მიკარების უფლება ქალებს არ აქვთ. წესის თანახმად ყოველ შაბათს ოჯახის უფროსი ამაგრებს ნიშასთან ახლოს სანთლებს – დედაბოძზე, ან იქვე კედელში დამაგრებულ ქვაზე და ანგელოზისადმი ლოცულობს.
რელიგიურ დღესასწაულებზე ამ მოვალეობას არა სახლის, ოჯახის უფროსი, არამედ გვარის უფროსი – გორის ხუცესი - ასრულებს და ის ამწყალობებს ოჯახს.
გუდამაყარში ფუძის ანგელოზის სახელით ცნობილი ღვთაება უშუალოდ მიწის მფლობელი და მფარველია.
არსებობს ანდრეზი, რომელშიც ფუძის ანგელოზი ხვთისშვილებს უხმობს დევების განსადევნად, როდესაც ეს უკანასკნელნი მისი ადგილსამყოფელისკენ გზას უკეტავენ მლოცველებს. ამ შემთხვევაში ფუძის ანგელოზის სამყოფელი არა ოჯახი და სახლობა, არამედ ბაკურხევის საკერპოა. ხვთისშვილები მისი მოწვევით მოდიან და ამარცხებენ დევებს. ამის შემდეგ ფუძის ანგელოზი იახსარის მითითებით ეპატრონება დევების ნასახლარს. ამ ისტორიის საპირისპიროდ, სხვა გადმოცემები მას უფრო აქტიურ როლს ანიჭებს დევებთან ბრძოლაში და მათ ამოწყვეტას ფუძის ანგელოზს მიაწერს.
ფუძის ანგელოზი თავის კუთვნილ მიწაზე ნაშობ პირუტყვს გლეხებს სახლში იოლად არ ატანს. როგორც არ უნდა ეცადნონ, ღონიერი ადამიანები ახალშობილ ცხოველს ადგილიდან ძვრას ვერ უყოფენ, სანამ ფუძის ანგელოზს არ სთხოვენ ნებართვას.
ანდრეზებში იგი პირიმზე-ფუძის ანგელოზადაც მოიხსენიება. თუმცა, ზოგ ანდრეზში ერთმანეთისაგან გამიჯნულია პირიმზე და ფუძის ანგელოზი, როგორც ორი პირი, ან ორი ხატი. ამ გადმოცემით პირიმზე გუდამაყარში მყოფი ხატია, ფუძის ანგელოზი კი ხევსურეთში. ფუძის ანგელოზის სალოცავი მართლაც მდებარეობს ხევსურეთში, უკანახოში. ისინი ძალითაც განსხვავდებიან - ფუძის ანგელოზი უფრო ძლევამოსილად ითვლება, ვიდრე პირიმზე.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ა. ცანავა. ქართული მითოლოგია, გვ. 8-9 - თბილისი, გამომცემლობა "მერანი", 1992.
- ვ. ითონიშვილი. მოხევეების საოჯახო ყოფა, გვ. 102, 106 - თბილისი, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", 1970.
- ზ. კიკნაძე. ანდრეზები (აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რელიგიურ-მითოლოგიური გადმოცემები), გვ. 284-288 - თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009.