სამხრეთი აგუსანი (ოფიციალურად სამხრეთ აგუსანის პროვინცია; სებ: Habagatang Agusan; ტაგალ. Timog Agusan) ― ფილიპინების პროვინცია, მდებარეობას კარაგის რეგიონში, მინდანაოში. პროვინციის დედაქალაქია პროსპერიდადის მუნიციპალიტეტი. პროვინციის ჩრდილო-დასავლეთით ჩრდილოეთი აგუსანი და აღმოსავლეთი მისამისი მდებარეობს, აღმოსავლეთით ― სამხრეთი სურიგაო, სამხრეთ-აღმოსავლეთით ― აღმოსავლეთი დავაო, სამხრეთით ― დავაო-დე-ორო, სამხრეთ-დასავლეთით ― ჩრდილოეთი დავაო, ხოლო დასავლეთით ― ბუკიდნონი. ფართობის მიხედვით, სამხრეთი აგუსანი ფილიპინების პროვინციებს შორის მეოთხე ადგილზეა.

დასახლებული პუნქტი
სამხრეთი აგუსანი
დროშა

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
შიდა დაყოფა ბაიუგანი, ბუნავანი, ესპერანსა (სამხრეთი აგუსანი), ლა-პასი (სამხრეთი აგუსანი), ლორეტო (სამხრეთი აგუსანი), პროსპერიდადი, როსარიო (სამხრეთი აგუსანი), სან-ფრანსისკო (სამხრეთი აგუსანი), სან-ლუისი (სამხრეთი აგუსანი), სანტა-ხოსეფა, სიბაგატი, ტალაკოგონი, ტრენტო (სამხრეთი აგუსანი) და ვერუელა
კოორდინატები 8°30′00″ ჩ. გ. 125°50′00″ ა. გ. / 8.50000° ჩ. გ. 125.83333° ა. გ. / 8.50000; 125.83333
მმართველი Santiago Cane Jr.
დაარსდა 17 ივნისი, 1967
ფართობი 9989.52 კმ²
მოსახლეობა 739 367 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 85
ოფიციალური საიტი http://agusandelsur.gov.ph/
სამხრეთი აგუსანი — ფილიპინები
სამხრეთი აგუსანი

ეტიმოლოგია

რედაქტირება

პროვინციის სახელწოდება წარმოდგება სიტყვიდან Agasan, რაც ნიშნავს „სადაც წყალი მიედინება“ და მდინარე აგუსანზე მიუთითებს, რომელიც პროვინციას სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებად ჰყოფს და ბუტუანის ყურეში ჩაედინება. აგუსანი ფილიპინების მასშტაბით მესამე მდინარეა და ესპანელი კოლონიზატორებმ მას მინდანაოს შიდა ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილთან დასაკავშირებლად იყენებდნენ.

ესპანელთა მმართველობის პერიოდში სამხრეთ აგუსანის ტერიტორია კარაგის პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა. 1860 წელს ეს ტერიტორია სუგაოს პროვინციის ერთ-ერთი რაიონის, ბუტუანის იურისდიქციის ქვეშ შევიდა. 1907 წელს, ამერიკული მთავრობის გადაწყვეტილებით, აგუსანის პროვინცია შეიქმნა. 1967 წლის 14 ნოემბერს, 4969-ე რესპუბლიკური კანონის თანახმად აგუსანის პროვინცია ჩრდილოეთ და სამხრეთ აგუსანად გაიყო.[2] 1969 წლის ნოემბერში პირველი პროვინციული არჩევნები ჩატარდა. იმავე კანონის თანახმად, პროვინციის დედაქალაქად პროსპერიდადის მუნიციპალიტეტი გამოცხადდა.

გეოგრაფია

რედაქტირება

1976 წლისთვის პროვინციის ხმელეთის ფართობი 8 568 კმ² იყო. ამ მაჩვენებლით, სამხრეთი აგუსანი ფილიპინების პროვინციებს შორის მე-7 ადგილზე იმყოფებოდა. ჩრდილოეთ დავაოსთან და ბუტუანთან სასაზღვრო კონფლიქტის დასრულებისა და სიბაგატის შექმნის შემდეგ, პროვინციის ფართობი 8 966 კმ²-მდე გაიზარდა.

ლორეტოს, ლა-პასი, ესპერანსა და სან-ლუისი პროვინციის ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტებია. ოთხი მუნიციპალიტეტი სამხრეთ აგუსანის ტერიტორიის 60%-ს მოიცავს. ფართობის მიხედვით ყველაზე პატარა მუნიციპალიტეტებია სანტა-ხოსეფა და ტალაკოგონი.

კორონასის კლასიფიკაციით, პროვინცია II ტიპის კლიმატურ სარტყელშია მოქცეული. სამხრეთ აგუსანში მშრალი სეზონი არ გამოიყოფა, ხოლო წვიმების სეზონი ნალექიანობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ნალექების ყველაზე დიდი რაოდენობა დეკემბრიდან იანვრამდე პერიოდში მოდის. მშრალი თვე არ გამოიყოფა. საშუალო თვიური ნალექიანობის მაჩვენებელი 355 მმ-ია, ხოლო საშუალო ტემპერატურა 27.15 °C (80.87 °F).

პროვინცია 13 მუნიციპალიტეტსა და 1 შემადგენელ ქალაქს მოიცავს.

დემოგრაფია

რედაქტირება
 
სამხრეთ აგუსანის პოლიტიკური რუკა

2020 წლის აღწერით, სამხრეთ აგუსანის მოსახლება 739 367 ადამიანს უდრის. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 74 ადამიანია 1 კმ²-ზე.

პროვინციის ხუთ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება: აეტას, მამანვას, ბაგობოს, ჰიგაონისა და მანობოს ტომები. მანობოები ეროვნული მაგისტრალისა და მდინარის მახლობელი ქალაქების ტერიტორიებზე სახლობენ, დავაო-დე-ოროს საზღვართან. ჰიგაონები მეტწილად მდინარე აგუსანის დასავლეთ ნაწილში ცხოვრობენ, ძირითადად, ესპერანსადან და ბუკიდნონის საზღვრამდე.

სამხრეთ აგუსანის მოსახლეობის უმრავლესობას ვისაიასიდან წამოსული იმიგრანტები შეადგენენ. პროვინციის მოსახლეობის ძირითადი ენა სებუანურია.

სამხრეთ აგუსანის მოსახლეობის 79% რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია, 12% ― დამოუკიდებელი ფილიპინური ეკლესიის. დანარჩენი ნაწილი მეშვიდე დღის ადვენტისტები, ქრისტეს ეკლესიის, ქრისტეს გაერთიანებული ეკლესიის, ისლამის და სხვ. კონფესიების მიმდევრები შეადგენენ.

 
მსოფლიოში მლაშე წყლის ყველაზე დიდი ნიანგი ლოლონგი სამხრეთ აგუსანის წყლებში დაიჭირეს

სამხრეთ აგუსანის პროვინციის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს მიეკუთვნება: აგუსანის მარშების ველური ბუნების თავშესაფარი ― უდიდესი ჭარბტენიანი ტერიტორია ფილიპინებში და უდიდესი მარში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში; მანაგონგის ჩანჩქერი ― უმაღლესი ჩანჩქერი პროვინციაში; პინანდაგატანის, ბეგას, კამპონაის, ტოგონგონის, ბინაბის, ტუგონანის ჩანჩქერები; მდინარეები: აგუსანი, ვავა, გიბონგი; ნალიაგანის კულტურული ცენტრი და სხვ.

ადგილობრივი მმართველობა

რედაქტირება

პროვინციის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური გუბერნატორია. საკანონმდებლო ორგანოს პროვინციული საბჭო (Sangguniang Panlalawigan) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-გუბერნატორი ხელმძღვანელობს, რომელიც გუბერნატორის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი და პროვინციული საბჭო სამი წლის ვადით აირჩევა და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნენ არჩეული. პროვინციის ამჟამინდელი გუბერნატორი სანტიაგო ბ. კანე უმცროსია, ხოლო ვიცე-გუბერნატორი — სამუელ ე. ტორტორი. 2019 წლის მონაცემებით, ამომრჩეველთა რაოდენობა 423 230 ადამიანს უდრის. პროვინცია ორ საკანონმდებლო რაიონად იყოფა. ფილიპინების წარმომადგენელთა პალატაში პირველ რაიონს ალფელიტო მ. ბასკუგი, ხოლო მეორე რაიონს ადოლფ ედვარდ გ. პლასა წარადგენს.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება