ფილიპინების ქალაქები

ფილიპინებში ქალაქი (ფილ: lungsod/siyudad) ადგილობრივი მმართველობის ერთეულია. 2019 წლის 7 სექტემბრის მდგომარეობით ფილიპინებში 146 ქალაქია. მას შემდეგ რაც ქალაქის მოსახლეობა 250 000-ს გადააჭარბებს, მათ ფილიპინების წარმომადგენელთა პალატაში წარმომადგენლის ყოლის უფლება ეძლევათ. ქალაქებს საკუთარი გერბის ქონის უფლება აქვთ.

ფილიპინების ქალაქები და მუნიციპალიტეტები

მმართველობა

რედაქტირება

ქალაქის აღმასრულებელი ხელისფულების მეთაური მერია, რომელიც მოსახლეობის მიერ აირჩევა. ვიცე-მერი ქალაქის საბჭოს, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეობს. გარდა ამისა, ქალაქების კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე შეიძლება დამატებითი დეპარტამენტებიც შეიქმნას, როგორიცაა: არქიტექტურული დაგეგმარებისა და დიზაინის, საჯარო ინფორმაციის, კოოპერატივთა განვითარების, მოსახლეობის განვითარების, გარემოსდაცვითი და ბუნებრივი რესურსებისა და სოფლის მეურნეობის სერვისთა ოფისები.[1]

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

მუნიციპალიტეტების მსგავსად ქალაქები ბარანგაებისგან შედგება, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა სახის იყოს, ურბანული სამეზობლოდან დაწყებული სასოფლო თემით დამთავრებული. ბარანგაები ზოგჯერ ოფიციალურ ადმინისტრაციულ (გეოგრაფიულ) რაიონებად იყოფა, როგორიცაა: მანილა (16 რაიონი), დავაო (11 რაიონი), ილოილო (7 რაიონი) და სამალი (სამი რაიონი). ზოგიერთ ქალაქში, როგორებიცაა კალოოკანი, მანილა და პასაი, ბარანგაებსა და რაიონებს შორის გარდამავალი დონე, ზონა გამოიყოფა. აღსანიშნავია, რომ გეოგრაფიული რაიონები და ზონები პოლიტიკური ერთეულები არაა.

კლასიფიკაცია

რედაქტირება

შემოსავლებით კლასიფიკაცია

რედაქტირება

ფილიპინების ქალაქების კლასიფიკაცია რამდენიმე ნიშნით ხდება. ყოველწლიური შემოსავლების მიხედვით ქალაქები ექვს კლასად იყოფა. პირველი კლასის ქალაქების შემოსავალი 500 მილიონ ფილიპინურ პესოს აღემატება, მეორე კლასის — 320-500 მილიონ ფილიპინურ პესოს შორისაა, მესამე კლასის — 240-320, მეოთხე კლასის — 160-240, მეხუთე კლასის — 80-160, ხოლო მეექვსე კლასის ქალაქების შემოსავალი 80 მილიონ ფილიპინურ პესოზე ნაკლებია.[2]

იურიდიული კლასიფიკაცია

რედაქტირება

1991 წელს მიღებული ადგილობრივი მმართველობის კოდექსის მიხედვით ქალაქების სამი იურიდიული კატეგორია გამოიყოფა:

მაღალურბანიზებული ქალაქების მოსახლეობა 200 000-ს აღემატება და ბოლო წლის შემოსავლების მაჩვენებელი სულ ცოტა 50 მილიონ პესოს აღემატება. ამჟამად ფილიპინებში 33 მაღალურბანიზებული ქალაქია, რომელთაგან 16 ეროვნული დედაქალაქის რეგიონში მდებარეობს.

დამოუკიდებელი შემადგენელი ქალაქების მოსახლეობა პროვინციის მოხელეების არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს. ფილიპინებში ხუთი დამოუკიდებელი შემადგენელი ქალაქია, რომლებიც იმ პროვინციებისგან, სადაც გეოგრაფიულად მდებარეობენ, დამოუკიდებელია: კოტაბატო, დაგუპანი, ნაგა, ორმოკი და სანტიაგო.

შემადგენელი ქალაქები პროვინციების შემადგენლობაში შედიან. თუკი ქალაქი ორი ან მეტი პროვინციის საზღვარზე მდებარეობს ის იმ პროვინციის ნაწილია, რომლის მუნიციპალიტეტსაც წარმოადგენდა.]

დამოუკიდებელი ქალაქები

რედაქტირება

ფილიპინებში 38 დამოუკიდებელი ქალაქია, რომელთა ნაწილი მაღალურბანიზებული, ნაწილი კი დამოუკიდებელი შემადგენელი ქალაქია. დამოუკიდებელი ქალაქების საქალაქო საბჭოები (Sangguniang Panlungsod) პროვინციების საბჭოებისგან დამოუკიდებლები არიან. ქალაქები პროვინციებთან საშემოსავლო გადასახადებს არ იზიარებენ. 1991 წელს მიღებული ადგილობრივი მმართველობის კოდექსის მიხედვით ქალაქებზე პირდაპირ ზედამხედველობას ფილიპინების პრეზიდენტი ახორციელებს.[1]

ამჟამად პროვინციის მოხელეების არჩევნებში (გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი და პროვინციის საბჭო) მხოლოდ ოთხი დამოუკიდებელი ქალაქის მოსახლეობა იღებს მონაწილეობას: 1987-1992 წლებში გამოცხადებული მაღალურბანიზებული ქალაქები, რომელთა მოსახლეობასაც პროვინციული მოხელეების არჩევის უფლებაც აქვთ და თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის გაცხადების უფლება: ლუსენა (კესონი) და მანდაუე (სებუ). დამოუკიდებელი შემადგენელი ქალაქები, რომელთა მკვიდრიც შეიძლება არჩეულ იქნეს პროვინციულ თანამდებობაზე: დაგუპანი (პანგასინანი) და ნაგა (სამხრეთი კამარინესი). კოტაბატოს, ორმოკის, სანტიაგოსა და სხვა მაღალურბანიზებული ქალაქების მოსახლეობას პროვინციულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ.[1]

ქალაქების სტატუსის შეცვლა

რედაქტირება

1979 წლამდე ფილიპინების ყველა ქალაქი ჩარტერულ ქალაქად მიიჩნეოდა და შემოსავლების მიხედვით კატეგორიზება არ ხდებოდა. მართალია ისინი პროვინციებისგან დამოუკიდებლებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ პროვინციის მოხელეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხი ქალაქების წესდებით იყო განსაზღვრული.[3]

ქალაქების სია

რედაქტირება

2019 წლის 7 სექტემბრის მდგომარეობით ფილიპინებში 146 ქალაქია. უახლესი ქალაქი სანტო-ტომასია, რომელიც ბატანგასში მდებარეობს და ქალაქის სტატუსი 2019 წლის 7 სექტემბერს ჩატარებული პლებისციტის შემდეგ მიიღო.[4]

უდიდესი ქალაქები

რედაქტირება
ფილიპინების ყველაზე მეტად დასახლებული ქალაქები
# ქალაქი მოსახლეობა გამოსახულება აღწერა
1 კესონ-სიტი 2,936,116   ქვეყნის ყოფილი დედაქალაქი (1948–1976). უდიდესი ქალაქი ეროვნული დედაქალაქის რეგიონში მოსახლეობის რაოდენობისა და ფართობის მიხედვით.
2 მანილა 1,780,148   ქვეყნის დედაქალაქი 1571–1948 წლებში და 1976 წლიდან დღემდე. ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ფილიპინებში.
3 დავაო 1,632,588 უდიდესი ქალაქი მინდანაოში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. მდებარეობს მდინარე დავაოს მახლობლად. დავაოს რეგიონის რეგიონული ცენტრი.
4 კალოოკანი 1,583,978
 
ქალაქი იყოფა ორ გეოგრაფიულ ნაწილად. კომერციული და ინდუსტრიული აქტივობებისა და საცხოვრებელი ზონების კომბინირების გამო კალოოკანი ეროვნული დედაქალაქის რეგიონის ჩრდილოეთ რაიონის მთავარი ურბანული ცენტრია.[5]
5 სებუ 922,611
 
ასევე ცნობილი როგორც „სამხრეთის სადედოფლო ქალაქი“. სებუს პროვინციის დედაქალაქი და ცენტრალური ვისაიასის რეგიონის რეგიონული ცენტრი. ფილიპინებში მეორე უდიდესი რეგიონული აგლომერაციის ბირთვი და ვისაიასის მასშტაბით პირველი ქალაქი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.
6 ზამბოანგა 861,799   ასევე ცნობილი როგორც „ყვავილების ქალაქი“. მოროს პროვინციის ყოფილი დედაქალაქი. ზამბოანგის ნახევარკუნძულის ყოფილი რეგიონული ცენტრი. უდიდესი ქალაქი დასავლეთ მინდანაოში.
7 ტაგიგი 804,915   მდებარეობს ლაგუნა-დე-ბაის დასავლეთ სანაპიროზე. 1975 წლამდე შედიოდა რისალის პროვინციის შემადგენლობაში. ამჟამად მანილის რეგიონული აგლომერაციის შემადგენლობაში შედის.
8 ანტიპოლო 776,386   მეტსახელად „ცის ქალაქი“. ცნობილია როგორც პილიგრიმებისა და ტურისტების ცენტრი. ფილიპინების შემადგენელ ქალაქებს შორის პირველ ადგილზეა მოსახლეობსი რაოდენობის მიხედვით.
9 პასიგი 755,300   ეროვნული დედაქალაქის რეგიონის ერთ-ერთი მთავარი ბიზნეს ცენტრი. მდებარეობს ლაგუნა-დე-ბაისა და მდინარე პასიგის მახლობლად. 1975 წლამდე შედიოდა რისალის პროვინციის შემადგენლობაში. ამჟამად მანილის რეგიონული აგლომერაციის შემადგენლობაში შედის.
10 კაგაიან-დე-ორო 675,950   „ოქროს მეგობრობის ქალქი“. ყოფილი კაგაიან-დე-მისამისი. მდებარეობს მდინარე კაგაიანის ნაპირას.[6] ჩრდილოეთ მინდანაოს რეგიონული ცენტრი და აღმოსავლეთ მისამისის პროვინციის დედაქალაქი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Republic Act No. 7160 – An Act Providing for a Local Government Code of 1991 (October 10, 1991). ციტირების თარიღი: April 30, 2016.
  2. Department Order No. 23-08 (July 29, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 18, 2014. ციტირების თარიღი: April 29, 2016.
  3. G.R. No. L-5150; Teves, et al. vs. Commission on Elections (November 8, 1951). ციტირების თარიღი: April 30, 2016.
  4. „General Trias in Cavite now a city“. Rappler. December 13, 2015. ციტირების თარიღი: December 13, 2015.
  5. Comprehensive Land Use Plan Report, City of Caloocan (1995-2020) - Free Download PDF.
  6. Cagayan de Oro’s White Water Rafting. Philippine Postal Corporation (June 18, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — July 29, 2012. ციტირების თარიღი: September 13, 2012.