იმიგრაცია

სხვა ქვეყნის მოსახლეობის დროებით ან მუდმივად ჩამოსახლება რომელიმე ქვეყანაში
(გადამისამართდა გვერდიდან მოსახლეობის იმიგრაცია)
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: მიგრაცია ან ემიგრაცია.
იმიგრანტი“ ამ გვერდზე გადმოდის. ბიოლოგიური ტერმინის შესახებ იხილეთ იმიგრანტები.
ტერმინს „იმიგრაცია“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ იმიგრაცია (მრავალმნიშვნელოვანი).

იმიგრაცია (<ლათ. immigro — „ჩავსახლდები“) — ერთ ქვეყანაში სხვა ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირების შესვლა მუდმივი ან დროებითი ცხოვრების მიზნით. სუვერენულ სახელმწიფოს უფლება აქვს დაუშვას თავის ტერიტორიაზე იმიგრანტების ყოფნა გარკვეულ პირობებში, აუკრძალოს ქვეყანაში შესვლა ან გაიყვანოს ისინი თავის ფარგლებს გარეთ. განასხვავებენ მუდმივ და დროებით იმიგრაციას. XIX საუკუნესა და XX საუკუნის პირველ ნახევარში უფრო მეტად წარმოდგენილი მუდმივი იმიგრაციისაგან განსხვავებით, XX საუკუნის მეორე ნახევარსა და XXI საუკუნეში გაიზარდა დროებითი (მოკლევადიანი) იმიგრაციის მნიშვნელობა, რომლის დროსაც ადამიანები სხვა ქვეყანაში განსაზღვრული დროით იმყოფებიან და შემდეგ სამშობლოში ბრუნდებიან. ყველაზე ცნობილი თავისი რიცხოვნობითა და გავლენით ეკონომიკური იმიგრანტები არიან, რომელთა შორის ჭარბობენ მუშა იმიგრანტები — სეზონური მუშები, მათი საქმიანობა დაკავშირებულია რომელიმე პროექტის რეალიზაციასთან, ან მუშაობენ კონტრაქტით, აქ ითვლებიან არალეგალური იმიგრანტებიც; აგრეთვე გამოყოფენ მაღალკვალიფიციურ მიგრანტებს (სამმართველოების უფროსი პერსონალი, ინჟინრები და ტექნიკოსები, მეცნიერები, მეწარმეები და სხვ.). იმიგრანტების ნაწილი ჩადის ოჯახის გაერთიანების მიზნით. მათი უმრავლესობა ქვეყანაში ადრე მოხვედრილი იმიგრანტების ნათესავია. იმიგრანტთა განსაკუთრებულ ჯგუფს წარმოადგენენ ლტოლვილები, აგრეთვე ჰუმანიტარული მიზნებით მიღებული პირები, თავშესაფრის მაძიებლები და სხვები, რომელთა მიერ სამშობლოს მიტოვება განპირობებულია დევნით ან კონფლიქტით. საერთაშორისო მიგრანტთა რეგისტრაციის სისტემის მდგომარეობა არ იძლევა მასშტაბების სრული და ზუსტი აღრიცხვისა და სხვადასხვა ქვეყნებს შორის მისი სტრუქტურის შედარების შესაძლებლობას.[1]

მიგრაციის სალდო 2016 წლისთვის. ლეგენდა:
  დადებითი
  უარყოფითი
  ნეიტრალური
  არ არის მონაცემები

იმიგრაციის ისტორიაში არსებითია პოლიტიკური და რელიგიური ფაქტორები, იძულებითი გადასახლებები (დამნაშავეებისა კოლონიაში, აფრიკისა და ამერიკის აბორიგენი მოსახლეობისა და სხვ.), თუმცა უმთავრესია ეკონომიკური მიზეზები. XIX–XX საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა იმიგრაციის მასშტაბები, იმიგრანტთა მიმღები და მათი „გამშვები“ ქვეყნების შემადგენლობა. იმიგრაციამ გადამწყვეტი როლი შეასრულა აშშ-ის, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ისრაელის, არგენტინისა და სხვა ქვეყნების მოსახლეობით შევსებასა და ეკონომიკურ ზრდაში, რა დროსაც საიმიგრაციო ნაკადები მიმართული იყო მოსახლეობით შედარებით შევსებული დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპიდან სხვა კონტინენტების მცირედ დასახლებული ქვეყნებისკენ. დღეისათვის იმიგრაცია იმყოფება გლობალიზაციისა და მსოფლიო მეურნეობის ინტეგრაციის მზარდი გავლენის ქვეშ, რაც მიგრაციულ პროცესებში რთავს პრაქტიკულად ყველა ქვეყნის მოსახლეობას, განსაკუთრებით ადრე იზოლირებული რეგიონების (ყოფილი სსრკ, ცენტრალური ევროპა) მიგრაციულ მოძრაობაში ჩართვის შემდეგ. ამ პროცესშია აგრეთვე განვითარებული ქვეყნების მობილური მოსახლეობა. პროცესს ხელს უწყობს ტრანსპორტის, აგრეთვე საინფორმაციო ნაკადების განვითარება და ხელმისაწვდომობა, რაც ამარტივებს მილიონობით ადამიანის გადაადგილებას. გაეროს მონაცემებით, XX საუკუნის შუა ხანებიდან 2005 წლამდე გაორმაგდა და 191 მილიონს მიაღწია (2002 წელს — 174 მლნ.) თავიანთი დაბადების ქვეყნის გარეთ დარეგისტრირებული ადამიანებისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის იურისდიქციის ქვეშ მყოფი ლტოლვილების რაოდენობამ. თუმცა, ასეთი შეფასება არ მოიცავს მრავალრიცხოვან დროებით და არალეგალურ მიგრანტებს. სახელმწიფოთა დაშლა, არასტაბილურობა, სამხედრო კონფლიქტები და ეკოლოგიური კატასტროფები აყალიბებენ ლტოლვილთა ნაკადებს. მიგრანტების მიზიდულობის უმსხვილესი ცენტრებია: აშშ, კანადა, ევროკავშირი, ავსტრალია, რუსეთი, ისრაელი, ახლო აღმოსავლეთის ნავთობმომპოვებელი ქვეყნები.[1]

თანამედროვე იმიგრაციის მასშტაბებსა და მიმართულებებში განმსაზღვრელ როლს ასრულებს განვითარებულ („სიმდიდრის პოლისები“ — იმიგრაციის მთავარი ცენტრები) და განვითარებად („სიღარიბის პოლუსები“ — იმიგრანტების ძირითადი მიმწოდებლები) ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური უთანასწორობა, აგრეთვე ჩრდილოეთისა და სამხრეთის ქვეყნების განსხვავებული დემოგრაფიული პოტენციალი. ქვეყნებს შორის მიგრაციული ნაკადი პირდაპირაა დამოკიდებული მათ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთქმედებაზე, ისტორიულ კავშირებზე, იმიგრანტთა მომსახურების მოთხოვნაზე — უპირატესად მსოფლიო მეგაპოლისებში. დიდ როლს ასრულებს განვითარებულ ქვეყნებში სამუშაო ძალის ბაზრის სეგმენტაცია. თუკი ეროვნული სამუშაო ძალა უზრუნველყოფილია სტაბილური სამუშაოთი და შრომის მაღალი ანაზღაურებით, მუშა-მიგრანტებისათვის შეთავაზებულია ბევრად დაბალ ანაზღაურება, არასაკმარისი სტაბილურობა და წინსვლის დაბალი შესაძლებლობა. შრომის ბაზრის გაორების პროცესი ბევრად უფრო თვალსაჩინოა მსოფლიო ეკონომიკის თანამედროვე ცენტრებში, რომლებსაც გლობალური ქალაქები ეწოდებათ, — ნიუ-იორკში, სან-ფრანცისკოში, ლონდონში, პარიზში, ტოკიოში; მათ მოთხოვნილებებს სამუშაო რესურსებში ვერ აკმაყოფილებს ადგილობრივი სამუშაო ძალა და საჭიროებაა უცხოური სამუშაო ძალისა. ასეთი მეგაპოლისების ეთნიკური შემადგენლობა დიდწილად ასახავს და იმეორებს მსოფლიო მოსახლეობის შემადგენლობას. გარკვეულ ქვეყნებში იმიგრანტთა კონცენტრაცია შობს „ოჯახისა და მეგობრების“ ეფექტს, რომელიც აყალიბებს იმიგრანტების ნაკადებს ამ ადგილებისკენ, ამარტივებს მათ მიღებასა და მოწყობას. მიგრაციის თითოეული აქტი ქმნის დამატებითი მიგრაციული მოძრაობის გამოწვევის უნარის მქონე სოციალურ ინფრასტრუქტურას. იმიგრანტების შრომის გამოყენებით ეკონომიკური სარგებელი მიიღება ბევრად დაბალი ანაზღაურებისა და სოციალური ხარჯების ხარჯზე, განსაკუთრებით არალეგალური იმიგრაციის დროს.[1]

შედეგები

რედაქტირება

იმიგრაციის შედეგები რთული და ურთიერთსაწინააღმდეგოა. იმიგრანტთა ნაკადი ზრდის მიმღები ქვეყნის მოსახლეობისა და სამუშაო ძალის რაოდენობას, ამაღლებს მოსახლეობის შემადგენლობაში ახალგაზრდა შრომისუნარიანი ნაწილის წილს, რაც იძლევა ეკონომიკურ ზრდას. იმიგრაციის მასშტაბებისა და იმიგრანტთა შემადგენლობის მიხედვით შესაძლოა შეიცვალოს მოსახლეობის პროფესიული, ეთნიკური და კონფესიური სტრუქტურა. ეროვნულ შრომის ბაზარზე იმიგრაციის ურთიერთსაწინააღმდეგო გავლენა გამოიხატება მის სეგმენტაციაში, მკვიდრი მოსახლეობის დატვირთულობის დონესა და შრომის ანაზღაურების სიდიდეში და სხვ. იმიგრანტების ინტეგრაცია და ნატურალიზაცია აღნიშნავს იმიგრაციის კულტუროლოგიური და პოლიტიკური შედეგების მზარდ როლს. ლტოლვილების, იძულებით გადაადგილებულების, მიგრანტების ნაკადები ქმნიან ეთნიკურ თანასაზოგადოებებს (დიასპორებს, თემებს, სათვისტომოებს). მათი მიზანია ამ ადამიანების მიერ საკუთარი ეთნიკური, რელიგიური ან სხვა სახის იდენტობის შენარჩუნება და, ამავდროულად, მსოფლიოს მასშტაბით გავრცობა, ახალი პოზიციების დაკავება მიმღებ საზოგადოებაში. ზოგიერთ ქვეყანაში კონკრეტული ეროვნების მიგრანტების კოლექტიური ცხოვრების კვარტლები (მაგ., „ჩაინა-ტაუნები“) არსებობს ასწლეულების განმავლობაში. რიგ ქვეყნებში სათვისტომოები განვითარების მაღალ დონეს აღწევენ და იქცევიან დამოუკიდებელ ორგანიზმად საკუთარი პრესით, ფინანსური სისტემით, სასტუმროებით, საერთო საცხოვრებლებითა და ა.შ.[1]

სამედიცინო-სანიტარიული შედეგები შეფასებულია მასობრივი ეპიდემიების (შიდსი, C ჰეპატიტი და სხვ.) გავრცელების პოზიციიდან. იმიგრაცია განუყოფელია საზოგადოების უსაფრთხოების, საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლისა და ტერორიზმის პრობლემებისაგან. მკვიდრ მოსახლეობას შორის იმიგრანტთა მიმართ ძლიერი და მზარდი ნეგატიური დამოკიდებულების გამო მიმღები ქვეყნების პოლიტიკა ატარებს სულ უფრო მკაცრ შემზღუდველ ხასიათს. რიგ ქვეყნებს (აშშ, კანადა, ავსტრალია და სხვ.) დიდი გამოცდილება აქვთ სახელმწიფოს მხრიდან იმიგრანტთა რაოდენობისა და შემადგენლობის რეგულირებაში, რისი მიზანი იყო/არის სამუშაო ძალის ეროვნული ბაზრის, მკვიდრი მოსახლეობის ინტერესების, მათი დაკავებულობის დაცვა, მაღალი კოლექტიური კეთილდღეობის, თვითმყოფადობის ელემენტების შენარჩუნება. ამავე დროს საიმიგრაციო პოლიტიკა ითვალისწინებს სამუშაო ძალის ნაკადში ეკონომიკის მოთხოვნილებებს. ცალკეული განვითარებული ქვეყნების, აგრეთვე სახელმწიფოთა რეგიონული გაერთიანებების პოლიტიკაში იზრდება პროფესიული კადრების იმიგრაციის რეგულირების მნიშვნელობა. მაღალკვალიფიციური შრომის ბაზრების ზრდა სახელმწიფო კონტროლისგან შედარებით დამოუკიდებელი ხდება. უახლესი ტექნოლოგიების განვითარებით გამოწვეული იმიგრაცია სახელმწიფოებს აიძულებს პროფესიული კადრების ნაკადების მიმართ მისი დამოკიდებულების შერბილებას. განვითარებულ ქვეყნებში იმიგრაციის წესების გამკაცრებას თან სდევს არალეგალური იმიგრაციის მნიშვნელოვანი მასშტაბები, რისი შედეგებიც განსაკუთრებით მძიმეა იმიგრანტთა მდგომარეობისათვის.[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

იმიგრაციის სამართლებრივი ასპექტების შესახებ:

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Моисеенко В. М. Иммиграция // Большая российская энциклопедия. т. 11. — М., 2008. — стр. 132.