გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) — გაეროს სააგენტო, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება დაიცვას ლტოლვილები, იძულებით გადაადგილებული და მოქალაქეობის არმქონე პირები. აგრეთვე, სააგენტო საკუთარ ბენეფიციარებს ეხმარება ნებაყოფლობითი რეპატრიაციის, ადგილსამყოფელ ქვეყანაში ინტეგრაციისა და მესამე ქვეყანაში განსახლების პროცესში.
ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი შეიქმნა 1950 წლის 14 დეკემბერს (კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო 1949 წლის 3 დეკემბრის N 319 A (IV) რეზოლუციით), მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. ორგანიზაციის შტაბბინა მდებარეობს შვეიცარიაში ქალაქ ჟენევაში. 1954 და 1981 წლებში გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატი დაჯილდოვდა ნობელის მშვიდობის პრემიით. ამჟამად ორგანიზაცია წარმოდგენილია მსოფლიოს 134 ქვეყანაში, სადაც დასაქმებულია 16 803 ადამიანი.
ისტორია
რედაქტირებამეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ერთა ლიგის გაუქმების და გაეროს ფორმირების პარალელურად ევროპა ლტოლვილთა კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. 1947 წელს გაერომ ჩამოაყალიბა ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონალურად მალევე მოიშალა, თუმცა იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემის სიმძაფრიდან გამომდინარე, 1950 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბაზაზე შეიქმნა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, რომლის მთავარ ფუნქციას იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაცვა, დახმარება და რეპატრიაციის პროცესში მათი ხელშეწყობა წარმოადგენს.
1951 წელს გაერომ ოფიციალურად მიიღო ლტოლვილის სტატუსი, საიდანაც გამომდინარე ლტოლვილი არის პირი, რომელმაც რასის, რელიგიის, იდენტობის, პოლიტიკური პოზიციის ან სოციალური ჯგუფის კუთვნილების გამო არსებული დევნის ფარგლებში დატოვა და არ შეუძლია საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება. ტერნინის დამკვიდრებამ ოფიციალურად გაუხსნა გზა ორგანიზაციის სამომავლო ქმედებებს.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტო პირველი კრიზისის წინაშე 1956 წელს აღმოჩნდა, როცა უნგრეთი საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძოდა. რევოლუციის შედეგად იუგოსლავიისა და ავსტრიის ტერიტორიაზე 200 ათასზე მეტი პირი იქნა იძულებით გადასახლებული. კომისიის სპეციალური სააგენტოების მოქმედებების შედეგად, 180 ათასი ლტოლვილი 37 ქვეყანაში იქნენ გადანაწილებულნი.
1960 წელს, აფრიკის დეკოლონიზაციის, სასაზღვრო ომების, შიდა დაპირისპირებების ფარგლებში მსოფლიო მასშტაბით ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი გაჩნდა, რამაც წარმოშვა საჭიროება გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიო მასშტაბით ემოქმედა. 1967 წლის პროტოკოლით, სააგენტომ იტვირთა პასუხისმგებლობა საჭიროების ფარგლებში მსოფლიო მასშტაბით ემოქმედა. ამის შემდეგ, 1970-იანი წლებიდან სააგენტო იწყებს მოქმედებას ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიაზე, ჩართულია ინდოეთის, პაკისტანის, ბანგლადეშის, ლაოსის, კამბოჯის, ვიეტნამის კონფლიქტებში. 1980-იანი წლები კიდევ ერთ გამოწვევად იქცა. მონაწილე სახელმწიფოები კონფლიქტების შედეგად ლტოლვილთა ნაკადის ზრდის გამო უარს ამბობენ საკუთარ ტერიტორიაზე მათ დასახლებაზე. შედეგად, სააგენტომ თავისუ ფუნქციონირების პრინციპი შეცვალა და უშუალოდ ჩაერთო კონფლიქტურ ზონებში მიმდინარე მოვლენებში.
სომალი, ავღანეთი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ნიგერია, სუდანი, იემენი, ლიბია, სირია – იმ ქვეყნების მხოლოდ ნაწილია, სადაც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრიატი ამ მომენტში ყველაზე აქტიურად მოქმედებს.
საქართველოში მისი წარმომადგენლობა 1993 წელს, აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად ლტოლვილთა კრიზისის გაჩენის პარალელურად დაფუძნდა. ოფიციალური მონაცემებით საქმიანობის ფარგლებში სააგენტომ 280 ათას იძულებით გადაადგილებულ პირს გაუწია დახმარება, რომელთაგან 160 ათასი პირის პრობლემა გადაჭრილია ინტეგრაციის ან დაბრუნების გზით.
მიზანი
რედაქტირებაგაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი არის ჰუმანიტარული და სრულიად აპოლიტიკური ბუნების მქონე სააგენტო, რომლის მიზანია ლტოლვილთა პრობლემების ხანგრძლივი დროით გადაჭრა ნატურალიზაციის და ადგილობრივ მოსახლეობაში ინტეგრაციის დახმარების გზით, ასევე დევნილთა დახმარება დაბრუნების მოლოდინში ადგილობრივი ინტეგრაციის მეშვეობით. კონფლიქტებში სააგენტოს ჩართულობის მიზანია თავშესაფრის მაძიებლების, ლტოლვილების, დევნილებისა და მოქალაქეობის არ მქონე პირების უფლებების პატივისცემისა და დაცვის უზრუნველყოდა, ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილება და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. მისი საქმიანობის მიდგომა ჰარმონიზებულია და ითვალისწინებს გაეროს სხვა სააგენტოების, პროგრამების, ფონდებისგან ჰუმანიტარული დახმარების მიღებას, რომელიც გაეროს მუდმივი კოორდინატორის მეშვეობით ხორციელდება და მიზნად ისახავს ჰუმანიტარულიდან უფრო ფართო განმავითარებელ რეაგირებაზე გადასხვას.
ფინანსური მდგომარეობა
რედაქტირებაორგანიზაცია თითქმის მთლიანად ფინანსდება ნებაყოფლობითი შემოწირულობებით. მთლიანი ბიუჯეტის 86 %-ის კონტრიბუტორები არიან სახელმწიფოები და ევროკავშირი. 3 % ფინანსდება სხვა სამთავრობოთაშორისი ორგანიზაციების მიერ. 10 % კერძო სექტორის და სხვადასხვა ფონდის მიერ. დარჩენილი 1 % წარმოადგენს გაეროს მიერ გამოყოფილ სუბსიდიას ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად. აგრეთვე ორგანიზაციის საქმიანობაში გაეროს საბიუჯეტო კონტრიბუცია მოიცავს ავტომობილების და სხვა სატრანსპორტოა საშუალებებით დახმარებას.
1950 წლისთვის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ბიუჯეტი შეადგენდა 3 მლნ აშშ დოლარს. წლებთან ერთად იზრდებოდა ორგანიზაცია და დაფინანსებაც. 1990 წლისთვის წლიურმა შემოსავლებმა 1 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო 2019 წლის მონაცემებით წლიური ბიუჯეტი 8,6 მილიარდი აშშ დოლარია. სახელმწიფოებს შორის კონტრიბუციების მიხედვით პირველ ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები, 2019 წელს ვაშინგტონმა ორგანიზაციას 1,707 მილიარდი აშშ დოლარი გამოუყო.
ხელმძღვანელობა
რედაქტირებაგაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი იმყოფება გაეროს გენერალური ასამბლეის ეკონომიკისა და სოციალური საბჭოს (ECOSOC) დაქვემდებარებაში. ეს უკანასკნელი განსაზღვრავს სააგენტოს პოლიტიკის პრიორიტეტებსა და მიმართულებებს.
ორგანიზაციას ხელმძღვანელობს უმაღლესი კომისარი, რომელიც აირჩევა გენერალური ასამბლეის მიერ 5 წლის ვადით. მისი მოვალეობაა უზრუნველყოს სააგენტოს საქმიანობა. უმაღლესი კომისრის მიერ აირჩევა უმაღლესი აღმასრულებელი გუნდი, სადაც წარმოდგენილია უმაღლესი კომისრის მოადგილე, უმაღლესი კომისრის ასისტენტი ოპერაციების (ადმინისტრაციული საკითხების) მიმართულებით და კომისრის ასისტენტი ლტოლვილთა მხარდაჭერის მიმართულებით.
1958 წელს ასამბლეის (ECOSOC) გადაწყვეტილებით დაარსდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის აღმასრულებელი კომიტეტი (ExCom). კომიტეტში წარმოდგენილნი არიან გაეროს წევრი სახელმწიფოები და სააგენტოები. კომიტეტს გააჩნია მუდმივმოქმედი წარმომადგენლობა, ხოლო სხვა წევრები აირჩევიან იმ სახელმწიფოთა წარმომადგენლობებიდან, რომლებმაც გამოხატეს სურვილი ჩაერთონ ლტოლვილთა პრობლემის მოგვარებაში.
აღმასრულებელი კომიტეტი მინიმუმ წელიწადში ერთხელ, ოქტომბრის თვის ბოლო კვირაში იკრიბება. სხდომები ტარდება შვეიცარიაში ქ. ჟენევაში. ის ამტკიცებს ლტოლვილთა სააგენტოს ყოველწლიურ სამუშაო გეგმასა და ბიუჯეტს. აგრეთვე ის აძლევს რჩევებს უმაღლეს კომისარს ფუნქცია მოვალეობების განხორციელების პროცესში, ამზადებს მიღებული დაფინანსებისა და განხორციელებული პროგრამების შესახებ მიმოხილვებს, გასცემს ავტორიზაციას უმაღლესი კომისარისთვის რათა მან დაამყაროს ურთიერთობა ახალ დონორებთან და ამტკიცებს ორგანიზაციის ორწლიან საბიუჯეტო გეგმებს.
უმაღლესი კომისარი
რედაქტირებადღეისათვის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მე-11 ხელმძღვანელია (უმაღლესი კომისარი) ფილიპო გრანდი, რომელიც გენერალურმა ასამბლეამ აირჩია 2016 წლის 1 იანვარს. მისი უფლებამოსილება შეწყდება 2020 წლის 31 დეკემბერს, არჩევიდან 5 წლის შემდეგ.
წარმომადგენლობა საქართველოში
რედაქტირებაგაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობა საქართველოში 1993 წელს დაფუძნდა. საქართველოში ორგანიზაციის დაარსების მიზეზი გახდა აფხაზეთის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა ჰუმანიტარული დახმარება. 1990-იანი წლებიდან დღემდე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობა საქართველოში აქტიურად იცავს თავშესაფრის მაძიებლების, ლტოლვილების, დევნილების და მოქალაქეობის არ მქონე პირების უფლებებს. დღეისათვის გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს საქმიანობა მოიცავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ 280,000 პირს, რომელთაგან 160,000 ადამიანის პრობლემა თითქმის მოგვარებულია ინტეგრაციის ან დაბრუნების გზით; აგრეთვე საქართველოში ორგანიზაციის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ 300-მდე ეთნიკური ჩეჩენი ლტოლვილი რუსეთის ფედერაციიდან და 1000-ზე მეტი მოქალაქეობის არმქონე პირი და თავშესაფრის მაძიებელი პირები (რომელთა რაოდენობა ხასიათდება მზარდი ტენდენციით).
სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროსთან, იუსტიციის სამინისტროს მომსახურების განვითარების სააგენტოსთან, რათა დაცული იქნას ზემოთ აღნიშნული პირების უფლებები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქმიანობის მიზანია: „ლტოლვილთა პრობლემების ხანგრძლივი დროით მოგვარება ნატურალიზაციისა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციის გზით, და დევნილთა დახმარება დაბრუნების მოლოდინში ადგილობრივი ინტეგრაციის მეშვეობით, ასევე მოქალაქეობის არ მქონე პირთა რაოდენობის შემცირება საქართველოში“. მისი მანდატი არის ჰუმანიტარული და არ მოიცავს პოლიტიკურ საკითხებს საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობა მდებარეობს თბილისში, ასევე აქვს საველე ოფისები ზუგდიდში, გალსა და სოხუმში.
პრიორიტეტული სფეროები
რედაქტირება- გადაადგილებული მოსახლეობის დაცვის, ინტეგრირების და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული საქმიანობების კონსოლიდაცია.
- ლტოლვილის სტატუსის განსაზღვრის პროცედურების მუდმივად გაუმჯობესება და ლტოლვილთა საკითხების მარეგულირებელი არსებული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
- რუსეთის ფედერაციიდან დევნილი ეთნიკური ჩეჩენი ლტოვილების ინტეგრაციის საკითხები.
- ადვოკატირებას უწევს საქართველოს კანონმდებლობის უწყვეტ და სისტემატურ გაუმჯობესებას, რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფებისა და ინდივიდების მოქალაქეობის არ ქონის პრევენციის მიზნით.
- 2012 – 2014 წლების დევნილების შესახებ სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულება.
საქართველოში სააგენტოს ხელმძღვანელია: იოკო აკასაკა, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელის მოვალეობის შემსრულებელი სამხრეთ კავკასიაში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- UNHCR's "Refworld" refugee document and news web site: from UNHCR's Status Determination and Protection Information Section (SDPIS) in the Division of International Protection Services (DIPS).
- Bottled Water Program in Support of the UNHCR დაარქივებული 2007-10-29 საიტზე Wayback Machine.
- News from UNHCR official website
- "Basic facts" from official website
- Measuring Protection by Numbers, Report from official website
- United Nations Rule of Law: The United Nations High Commissioner for Refugees დაარქივებული 2012-02-07 საიტზე Wayback Machine. , on the rule of law work conducted by the High Commissioner for Refugees.
- History of the United Nations – UK Government site
- "Who is a Refugee and who is not – the Crisis of Identity as a Challenge to Protection" დაარქივებული 2007-07-11 საიტზე Wayback Machine. Online video of an address by Ms. Erika Feller, director, Department of International Protection, UNHCR, in 2005
- USCRI's Campaign to End Refugee Warehousing
- USCRI's joint Statement Calling for Solutions to End the Warehousing of Refugees დაარქივებული 2007-06-14 საიტზე Wayback Machine.
- "Prisons of the Stateless: The Derelictions of UNHCR" by Jacob Stevens
- Nine Million
- EarthWater დაარქივებული 2007-10-29 საიტზე Wayback Machine.