გლობალიზაცია
გლობალიზაცია (ფრანგ. global — „საერთო, საყოველთაო“) — თანამედროვე საზოგადოებაში მიმდინარე ღრმა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული პროცესების ერთობლიობა.
თანამედროვე მსოფლიოს ცხოვრებასა და აზროვნებაში გლობალიზაციამ ფართო მნიშვნელობა შეიძინა და ძალზე მრავალმხრივი ცნება გახდა; მასში გულისხმობენ ერთიანი, საერთო მსოფლიო საზოგადოების ჩამოყალიბებას და, ამდენად, გაერთიანება-შერწყმის სინონიმადაც მოიაზრება. მსოფლიოს ქვეყნების, რეგიონების, ხალხების საყოველთაო ინტეგრაცია გლობალიზაციის არსებითი ნიშანია.
გლობალიზაცია ისტორიული პროცესია. იგი კაცობრიობის შორეულ წარსულში იღებს სათავეს, ისტორიულად ვითარდებოდა და დამახასიათებელი იყო ყველა დროისა და ეპოქისათვის. თანამედროვე გლობალიზაცია ძველთაგანვე მომდინარე ინტეგრაციული პროცესების ახალი ეტაპია და სრული სახით XX ს. II ნახევარში ჩამოყალიბდა. დღევანდელი გაგებით ტერმინი „გლობალიზაცია“ გასული საუკუნის 80-იანი წლების შუა პერიოდში წარმოიშვა და მის გამოჩენას ამერიკელი მეცნიერეკონომისტის ტ. ლევიტის სახელს უკავშირებენ, რომელმაც 1983 „Harward Business Review-ში“ გამოაქვეყნა სტატია და ამ ტერმინით აღნიშნა მსხვილი ტრანსნაციონალური კორპორაციების მიერ სხვადასხვა პროდუქციის ბაზრების შერწყმის ფენომენი.
თანამედროვე გლობალიზაცია ერთობ რთული და მრავალფეროვანი პროცესია, რომელმაც დღის წესრიგში დააყენა კომპლექსურად ურთიერთდამოკიდებული, ურთიერთგამაწონასწორებელი ინსტიტუციური სტრუქტურებით ინტეგრირებული მსოფლიოს არსებობა. გლობალიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე ეკონომიკაა. თვალსაჩინოა, რომ დღეისათვის უზარმაზარი ფინანსური ნაკადი გადაადგილდება საერთაშორისო ბირჟებსა და მათ სტრუქტურებში; გაჩნდა ისეთი გლობალური კომპანიები, რომელთა კაპიტალის მოცულობა და ბრუნვა ბევრად აღემატება მრავალი მცირე სახელმწიფოს ფინანსურ შესაძლებლობებს; ამ კომპანიათა სავაჭრო მარკები განთავსებულია მთელ მსოფლიოში. მეორე მხრივ, გლობალიზაცია კულტურული ფენომენიცაა. ახალი ტექნოლოგიების (მიკროელექტრონიკა, რობოტტექნიკა, ბიოტექნოლოგია და სხვ.) არნახულმა განვითარებამ, რევოლუციამ ტელეკომუნიკაციებში, მსოფლიო კომპიუტერული ქსელის (ინტერნეტის, ელექტროფოსტის), ფიჭური კავშირგაბმულობის გავრცელებამ, მათი შესაძლებლობების განუხრელმა ზრდამ და გამოყენებამ, შედეგად მოგვცა ის, რომ შეიცვალა დროისა და მანძილის ოდინდელი მნიშვნელობა. თანამედროვე ტელესაკომუნიკაციო საშუალებები უდიდესი სისწრაფით გადასცემენ ინფორმაციებს დედამიწის ნებისმიერ წერტილში და ადამიანებიც ასევე სწრაფად გადაადგილდებიან ერთი ქვეყნიდან მეორე, ყველაზე შორეულ ქვეყანაშიც კი.
გლობალიზაციის პროცესი მაქსიმალურად აახლოებს ერთმანეთთან სხვადასხვა კონტინენტსა და ცივილიზაციას, იგი ქვეყნების ურთიერთდამოკიდებულების ზრდის ტენდენციას გამოხატავს და ძირითადად ხუთი პარალელური პროცესისაგან შედგება: ინტერნაციონალიზაცია, უნივერსალიზაცია, ლიბერალიზაცია (ეროვნული სახელმწიფოს როლის შესუსტება), ვესტერნიზაცია (მთელ მსოფლიოში დასავლური ფასეულობებისა და კულტურის გავრცელებააღიარება) და დეტერიტორიალიზაცია (სახელმწიფო საზღვრების როლის შემცირება).
გლობალიზაციის პროცესისადმი, მისი უაღრესი სირთულიდან გამომდინარე, მსოფლიოში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აღინიშნება. საზოგადოდ არსებობს ორი რადიკალურად განსხვავებული შეხედულება: პირველის (ე. წ. „გლობალისტების“) თანახმად, გლობალიზაცია წარმოადგენს პროგრესულ პროცესს, რომელიც ხელს შეუწყობს მთლიანად მსოფლიოს განვითარებას, ხოლო მეორე (ე. წ. „ანტიგლობალისტები“) შეხედულების მიხედვით, გლობალიზაცია არის ნეგატიური მოვლენა, რომელიც ემუქრება არა მარტო ცალკეულ ეროვნულ სახელმწიფოებს, ერებს, მათ კულტურულ ფასეულობებს, არამედ განიხილება როგორც მსოფლიო განვითარებისათვის საშიში ტენდენცია. აღსანიშნავია მესამე მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც გლობალიზაცია თავისი არსით არ წარმოადგენს არც აბსოლუტურ სიკეთეს და არც აბსოლუტურ ბოროტებას, და რომ მისი შედეგებით სარგებლობა ცალკეული ინდივიდის, საზოგადოების, ქვეყნის განვითარების დონესა და ნებაზეა დამოკიდებული.
უკანასკნელ ათწლეულებში საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში აუცილებლობად იქცა გლობალიზაციის პრობლემების ნათლად და მკაფიოდ განხილვა. გლობალიზაციის ფენომენი სხვადასხვა დარგის მეცნიერთა, სახელმწიფო მოღვაწეთა, საქმიანი წრეების წარმომადგენელთა მხედველობის არეალში მოექცა. შეიქმნა ცოდნის ახალი დარგი – გლობალისტიკა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომიჯნავე სამეცნიერო დისციპლინებს: პოლიტოლოგიას, სოციოლოგიას, ისტორიას, ფილოსოფიას, ეკონომიკურ მეცნიერებას, კულტუროლოგიას, სამართალმცოდნეობას და სხვ. გლობალური პრობლემების გრძელვადიანი პროგნოზების შესამუშავებლად და შესაფასებლად ჩამოყალიბებულია დამოუკიდებელ საერთაშორისო ექსპერტთა საკრებულო, რომელიც ე. წ. „რომის კლუბის“ სახელით არის ცნობილი და დღეისთვის აერთიანებს რამდენიმე ათეული ქვეყნის ასობით მეცნიერს, ბიზნესმენს, პოლიტ. თუ საზ. მოღვაწეს.
გლობალიზაციის პრობლემა, სხვადასხვა ურთულესი გამოწვევების სახით, აშკარად დგას XXI ს-ის დასაწყისის საქართველოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო მნიშვნელოვანწილად არის ჩართული გლობალიზაციის პროცესში. სრულყოფილი, სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფოს შესაქმნელად მთავარი ამოცანაა, ქვეყანამ განსაზღვროს საკუთარი ფუნქცია და დაიმკვიდროს თავისი ადგილი თანამედროვეობის საერთაშორისო სისტემაში, ევრაზიის გეოპოლიტიკურ სივრცეში.
წარსულის გლობალურ მსოფლიო სისტემაში საქართველო გეოპოლიტიკურად ყოველთვის მიეკუთვნებოდა გარკვეულ ისტორიულ-კულტურულ რეგიონს: კავკასია – მცირე აზია – წინა აზია, ხოლო თავის სუბრეგიონთან ერთად შედიოდა უფრო ვრცელ – ახლო და შუა აღმოსავლეთის ისტ. სივრცეში. იგი მდებარეობდა და მდებარეობს ევროპისა და აზიის გზასაყარზე, ევრო-ატლანტიკური სივრცის უკიდურეს აღმოსავლეთში. ძვ. წ. IV–III ათასწლეულებიდან მოყოლებული, დღევანდელ ქართველთა წინაპარი ტომები და მათ მიერ დაარსებული სახელმწიფოები ინტენსიურად იყვნენ ჩართული ძველაღმოსავლური და ანტიკური ეპოქების მსოფლიო ცივილიზაციათა შექმნა-განვითარების პროცესში. განსაკუთრებული რელიეფურობით ეს ფაქტი (მოვლენა) ბერძნ.-ელინურ სამყაროსთან კულტ. ინტეგრირებითა და პოლიტ. კავშირით გამოიხატა.
ქართული სახელმწიფოების ინტენსიური კულტურულ-პოლიტიკურ და სამხედრო თანამშრომლობის შემდგომი ეტაპი იყო ბერძნულ-რომაულ და აღმოსავლურ-ევროპულ სამყაროსთან (ბიზანტიასთან) ხანგრძლივი და მრავალმხრივი ურთიერთობები. შეიძლება ითქვას, რომ თავისი ისტ. გამოცდილებით, კულტურულ პოლიტ. და სახელმწიფოებრივი ცნობიერებით ადრინდ. და განვითარებული შუა საუკუნეების საქართველო ხმელთაშუაზღვისპირეთის ცივილიზაციას მიეკუთვნებოდა, მის განუყოფელ ნაწილს შეადგენდა. სწორედ ამ სამყაროსადმი კუთვნილებამ განაპირობა საქართველოში, ერთი მხრივ, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება და, მეორე მხრივ, ის ისტ. რეალობა, რომ დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ოდითგანვე გადიოდა საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სავაჭრო- სატრანზიტო მაგისტრალი – აბრეშუმის დიდი გზა; იგი შავ და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნებს ინდოეთთან და ჩინეთთან აკავშირებდა.
გვიანდელ შუა საუკუნეებში, მთელი რიგი მიზეზების გამო, ქართულ საზ. პოლიტ. აზროვნებაში მნიშვნელოვან ტრადიციად იქცა განსაკუთრებული სწრაფვა ევროპისადმი, რომელიც, თავის მხრივ, „დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიდან“ მოყოლებული მუდმივად განვითარებადი სამყაროს განსაკუთრებულ ტიპს წარმოადგენდა. 1453 კონსტანტინოპოლის დაცემისა და ბიზანტიის იმპერიის დასასრულის შემდეგ, მიუხედავად სახელმწიფოებრივი დაშლა-დაქუცმაცების, დასავლური სამყაროსაგან იზოლაციის და მენტალური თვითმყოფადობისა, საქართველო მაინც რჩებოდა შესაბამისი ეპოქის ისტორიულ-კულტურული მსოფლიოს განუყოფელ ნაწილად. ეს საზოგადო ტენდენცია შინაგანად შენარჩუნდა XIX–XX საუკუნეების განმავლობაშიც, როდესაც ქვეყანა თავდაპირველად რუსეთის იმპერიის, ხოლო შემდეგ საბჭ. კავშირის შემადგენლობაში იმყოფებოდა და როგორც დამოუკიდებელი პოლიტ. ერთეული მსოფლიო რუკაზე არც კი აღინიშნებოდა (1918–21 გამოკლებით). თითქმის მთელი XX ს-ის განმავლობაში საქართველოს ურთიერთობები გარე სამყაროსთან განსაზღვრული იყო საბჭოთა სახელმწიფოს საგარეო პოლიტ. დოქტრინით და საკუთარი სახელმწიფოებრივი კონცეფციის ჩამოყალიბება და ცხოვრებაში გატარება პრაქტიკულად გამორიცხული იყო.
თანამედროვე გეოპოლიტიკურ პირობებში კვლავ აქტუალური გახდა „აბრეშუმის გზის“ – სატრანსპორტო და ენერგეტიკული სატრანზიტო პროექტების განახლება, რითაც საქართველოს საშუალება ეძლევა კვლავ აღიდგინოს ძველი ფუნქცია და მონაწილეობა მიიღოს ფართომასშტაბიან საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში. ახალ ვითარებაში საქართველომ გააკეთა თავისი ისტ. არჩევანი და საგარეო კურსი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ მიმართა. 1999-იდან საქართველო ევროპის საბჭოს წევრია და მონაწილეობს იმ ევროპული ინსტიტუტების საქმიანობაში, რ-ებიც ხელს უწყობენ დემოკრატიული სახელმწიფოსა და საზოგადოების დასავლური სტანდარტებით მშენებლობას, და რომლის საბოლოო მიზანიც ევროპულ თანამეგობრობაში ინტეგრირებაა.
მიუხედავად იმისა, რომ სამივე ასპექტი მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული, მნიშვნელოვანია გლობალიზაციის თითოეული ასპექტის — ეკონომიკურის, პოლიტიკურისა და კულტურულის — მნიშვნელობის განსაზღვრა. დამატებით მნიშვნელოვანი ასპექტია ასევე ტექნოლოგიური ცვლილებანი, განსაკუთრებით ტრანსპორტსა და კომუნიკაციებში, რაც, როგორც ამტკიცებენ, უშუალოდ მონაწილეობს გლობალური სოფლის შექმნაში.
მუნდიალიზაცია (მუნდიალ — მსოფლიო) არის მსოფლიო მოძრაობა, რომელიც გამორიცხავს ლიბერალიზაციას. მუნდიალიზაცია მოიცავს სპეციფიკური ტერიტორიის (მაგ. ქალაქის, დაბის, ქვეყნის) — დეკლარაციას მსოფლიო ტერიტორიად, რომლის უფლება-მოვალეობანიც მსოფლიო მასშტაბის იქნება.
გლობალიზაციის ინდექსი
რედაქტირებაგლობალიზაციის ინდექსი გამოითვლება ისეთი მაჩვენებლებით როგორიცაა: კომერცია, პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ინვესტიცია, შემოსავალი. თუმცა თანამედროვე დათვლის მეთოდებში ცდილობენ ასევე გაითვალისწინონ: პოლიტიკა, სოციალური მდგომარეობა, კულტურა და გარემოს დაცვითი საკითხებიც.[1]
გლობალიზაციის ერთ-ერთი ინდექსი, რომელიც ზომავს სამ ძირითად მაჩვენებელს: ეკონომიკას, სოციალურ მდგომარეობას და პოლიტიკას არის - KOF.[2]
|
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ლორთქიფანიძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 45-47.
- Barbara, Christopher (2008). International legal personality: Panacea or pandemonium? Theorizing about the individual and the state in the era of globalization. Saarbrücken: Verlag Dr. Müller. ISBN 3-639-11514-7.
- von Braun, Joachim; Eugenio Diaz-Bonilla (2007). Globalization of Food and Agriculture and the Poor. Oxford: Oxford University Press. ISBN 978-0-19-569528-1.
- ბაინდურაშვილი ხ., გლობალიზაცია და საქართველო, კრ.: გლობალიზაციის პრობლემები, თბ., 2007;
- ბალცეროვიჩი ლ., თავისუფლება და განვითარება, თბ., 2004;
- ბარათაშვილი ნ., გლობალიზაციის თანამედროვე ტენდენციები და ახალი მსოფლიო წესრიგი, თბ., 2004;
- გაგოშიძე მ., გლობალიზაცია და თანამედროვეობა, თბ., 2009;
- მამუკელაშვილი ე., გლობალიზაცია და საქართველო, თბ., 2008;
- მეტრეველი რ., კავკასიური ცივილიზაცია მსოფლიო გლობალიზაციური პროცესების კონტექსტში, თბ., 2007;
- Исмаилов Э., Папава В., Централъный Кавказ: от геополитики к геоэкономике, Стокголъм, 2006.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Comprehensive discussion of the term at the Site Global Transformations დაარქივებული 2009-10-12 საიტზე Portuguese Web ArchiveCategory:Webarchive template other archives
- Globalization Website (Emory University) Links, Debates, Glossary etc. დაარქივებული 2011-10-26 საიტზე Wayback Machine.
- BBC News Special Report – Globalisation
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Vujakovic, Petra. (2010). „How to Measure Globalization? A New Globalization Index (NGI).“ Atlantic Economic Journal, 38(2): 237. [1][მკვდარი ბმული]
- ↑ Dreher, Axel (2006): „Does Globalization Affect Growth? Evidence from a new Index of Globalization.“ Applied Economics 38(10): 1091-1110.