მთიელთა დემოკრატიული რესპუბლიკა

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 16 სექტემბერი 2024. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

მთიელთა დემოკრატიული რესპუბლიკა, ჩრდილოეთ კავკასიისა და დაღესტნის გაერთიანებულ მთიელთა კავშირი, კავკასიის მთიელთა კავშირი (რუს. Союз обединенных горцев Северного Кавказа и Дагестана; 1917 წლის მაისიდან — ოქტომბრამდე), ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა კავშირის რესპუბლიკა (1918 წლის 11 მაისიდან — 1920 წლის მარტამდე) — ჩრდილო კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა ძირითადად მოიცავდა რუსეთის ყოფილი იმპერიის თერგისა და დაღესტნის ოლქებს, დაღესტნელებით, ჩეჩნებით, ინგუშებით, ბალყარელებითა და ყაბარდოელებით დასახლებულ ტერიტორიებს.

ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა
ფედერაცია

ჩკმრ-ს ლიდერები პრემიერ-მინისტრ ტაპა ჩერმოევთან ერთად (ზის შუაში)

1918 — 1920
დროშა გერბი
დედაქალაქი თემირ-ხან-შურა
ენა რუსული, ჩეჩნური, ინგუშური, ოსური, ყაბარდოული, ბალყარული, დაღესტნური ენები
რელიგია ისლამი, ქრისტიანობა
ფულის ერთეული რუბლი
მმართველობის ფორმა რესპუბლიკა
პრემიერ-მინისტრი
 - 1918-1920 აბდულ ტაპა ჩერმოევი

პირველი მსოფლიო ომი არა თუ შეეხო კავკასიას, არამედ მისი ფრონტის ხაზი გადიოდა ოსმალეთის იმპერიის საზღვარზე. რათქმაუნდა რუსეთის იმპერიის ბედი წყდებოდა დასავლეთის ფრონტზე, გერმანიასა და ავსტრო-უნგრეთთან პირდაპირი დაპირისპირების შედეგად. თუმცა, არასწორი იქნებოდა კავკასიის ფრონტის მნიშვნელობის იგნორირებაც. ისტორიამ არაერთხელ აჩვენა, რომ, როგორც კი რუსეთსა და ოსმალეთის იმპერიას შორის ურთიერთობა იძაბებოდა, ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ მოძრაობა იზრდებოდა. აღნიშვნის საგანია მთიელთა მონაწილეობა კავკასიის ადგილობრივ ცხენოსანთა დივიზიაში, ცნობილი ასევე, როგორც „ველური დივიზია“. ის შეიქმნა 1914 წლის 23 აგვისტოს იმპერატორის ბრძანების საფუძველზე და დაკომპლექტებული იყო ყაბარდული, დაღესტნის მე-2, ჩეჩნური, თათრული, ჩერქეზული და ინგუშური ასეულებით. დივიზიონს მეთაურობდა იმპერატორის ძმა დიდი თავადი მიხეილ ალექსანდრეს ძე.

საერთო ჯამში, კავკასიის ცხენოსანთა დივიზიაში გამოცდილება გაიარა რამდენიმე ათასმა ჩრდილოკავკასიელმა, რომელთაგან ზოგიერთი მათგანი ჩრდილოეთ კავკასიის პოლიტიკურ ასპარეზზე ცნობადი ფიგურა გახდა. ჩეჩნები ა. ჩერმოევი და ბ. ტუკაევი, ახმეტ-ხან ელდაროვი, კუმიკი ნუხ-ბეკ ტარკოვსკი, ჩერქეზები ა. შარდანოვი და კილიჩი (ყლიჩი) სულტან-გირეი, ყაბარდოელები კ. ხაგანდოკოვი და ნ. ბაკოვიჩ-ჩერკასკი, აფხაზი ხაიტბეი შარვაშიძე, ინგუში ც. მალსაგოვი და სხვა მრავალი. მეფის ჩამოგდების შემდეგ ყველა მათგანმა თავისი ძალ-ღონე და გამოცდილება არ დაიშურა თავიანთი მხარის ბედის გადაწყვეტისას.

კავკასიის მთიელთა კავშირი (რუსეთის იმპერიის ნაწილი)

რედაქტირება

ჩრდილოკავკასია თებერვლის რევოლუციის შემდეგ

რედაქტირება

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, ყოფილი რუსეთის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე რუსეთის დროებითი მთავრობის ხელისუფლება გავრცელდა, რის შესახებაც ცნობამ ვლადიკავკაზში მხოლოდ 1 მარტს მიაღწია. თავის მხრივ აღნიშნული სიახლის გადასამოწმებლად რამდენიმე დღე გავიდა, და 4 მარტს თერგის კაზაკთა არმიის ატამანმა სერგეი ფლეიშერმა საყოველთაოდ გამოაცხადა, რომ მეფის რუსეთის მთავრობა გადადგა და ხელისუფლება გადავიდა რუსეთის დროებითი მთავრობის ხელში. ვლადიკავკაზში ინფორმაციის გავრცელებისთანავე ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიწყო ადგილზე სიტუაციაში გარკვევა და 5 მარტს ვლადიკავკაზში ცნობილი ბალყარელი ადვოკატის ბასიათა შახანოვის ბინაში თავი მოიყარა მთელმა ინტელიგენციამ. დაუყოვნებლივ გადაწყდა დაწყებულიყო ძალაუფლების ხელში აღების პროცესი. პოლკოვნიკ მ. ჯაფაროვის სიტყვებით, ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში იყო მსჯელობა იმაზე, ეღიარებინათ თუ არა რუსეთის დროებითი მთავრობის ძალაუფლება, თუ პრინციპულად განდგომოდნენ მას, როგორც მეფის რუსეთის სამართალმემკვიდრეს. თვითგამორკვევის პერიოდმა ერთ თვემდე გასტანა. გადაწყდა დაეტოვებინათ მეფის მიერ დასმული დაღესტნის ოლქის გუბერნატორი ვლადიმერ ერმოლოვი, როგორც დროებითი მთავრობის შესაძლო წარმომადგენელი რეგიონში.

6 მარტს ვლადიკავკაზში დაარსდა ჩრდილოეთ კავკასიის გაერთიანებულ მთიელთა დროებითი ცენტრალური კომიტეტი (რუს. Временный ЦК объединенных горцев Северного Кавказа), რომელსაც სათავეში ჩაუდგა ბალყარი იურისტი ბ. შახანოვი. მიუხედავად ჩრდილოკავკასიაში დაწყებული ცვლილებებისა, პეტროგრადში მცხოვრებმა ჩრდილოკავკასიელებმა თავის სამშობლოსთან პირდდაპირი კომინიკაციის არქონის გამო დააფუძნეს ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა განსაკუთრებული კომიტეტი (რუს. Особый комитет горцев Северного Кавказа). აღნიშნულ კომიტეტში შევიდა იმ დროს დედაქალაქში მოღვაწე ყველა მთიელი. მათ შორის იყვნენ: მ. დალგატი, მუხამედ-ზახიდ შამილი, ვ. ჯაბაგიევი, ა. ცალიკოვი, მ. პენზულაევი, მ. ალიევი, ი. ალტადუკოვი, ხ. მაგომედოვი, ბ. პუმატოვი და სხვა. აღნიშნული კომიტეტის წევრებმა მიმართეს ჩრდილოკავკასიის ერებს, ხელში აეღოთ ძალაუფლება და გერთიანებულიყვნენ რუსეთის დროებითი მთავრობის ქვეშ.

მოგვიანებით რეგიონში დაიწყო ჩეჩნური, ინგუშური, ოსური, ბალყარული, ყაბარდული და სხვა ნაციონალური საბჭოების დაარსება, რომელთა თვითმიზანს წარმოადგენდა წმინდა ეთნიკური ინტერესების დაცვა. სწორედ აღნიშნული საბჭოების გაერთიანებით შეიქმნა ჩრდილოეთ კავკასიისა და დაღესტნის გაერთიანებულ მთიელთა კავშირი. შემდგომში აღნიშული გაერთიანება ცდილობდა თანამშრომლობა დაემყარებინა რეგიონში არსებულ მეზობლებთან.

8 მარტს ვლადიკავკაზში შეიქმნა მშრომელ დეპუტატთა საბჭო, რომელიც ადგილობრივი ელიტის თაოსნობით აღიარებულ იქნა დროებითი მთავრობის მიერ. აქვე საოლქო აღმასრულებელი კომიტეტი დაიქვემდებარა ესერმა კ. მამულოვმა. რეგიონში რუსეთის დროებითი მთავრობის კომისრად ხანმოკლე დროის მანძილზე იყო თერგის კაზაკობის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ესაული მიხეილ კარაულოვი.

9 მარტს თემირ-ხან-შურაში ჩატარდა მიტინგი, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შექმნილიყო დაღესტნის საოლქო სამოქალაქო აღმასრულებელი დროებითი კოიტეტი (რუს. Временный Дагестанский областной гражданский исполнительный комитет). მისი თავმჯდომარე გახდა კუმიკი ინჟინერი ზ. ტემირხანოვი. მსგავსი კომიტეტი შეიქმნა თერგის ოლქშიც.

საბოლოო ჯამში რეგინში ხელისუფლებას ერთროულად წარმოადგენდნენ: დროებითი მთავრობის კომისრების, საბჭოების, აღმასრულებელი კომიტეტისა და მთიელთა კავშირის სახით. მოსახლეობა თავდაპირველ ეტაპზე ვერ ხვდებოდა, თუ ვინ რაზე იყო პასუხისმგებელი. მთიელთა კავშირმა მალევე დაიწყო აქტიური მოქმედება და გახდა დომინანტი ორგანო რეგიონში.

აღნიშნულის შემდეგ მარტი-აპრილის თვეებში რეგიონში დაიწყო ლოკალური საბჭოების გამართვა: 6 მარტს — ინგუშეთში, 9 მარტს — დაღესტანში, 14 მარტს — ჩეჩნეთში, 21 მარტს — ყარაჩაიში, 27 მარტს — ყაბარდოსა და ბალყარეთში, 6-8 აპრილს — ოსეთში, 19-22 აპრილს — ყუბანში. ხასავიურტის ოკრუგში მთიელთა და კაზაკთა შეუთანხმებლობის გამო ვერ მოხერხდა ახალი ხელისუფლების ჩამოყალიბება. სწორედ აღნიშნულ საბჭოებზე საბოლოოდ გამოიკვეთნენ ლიდერები: ჩეჩნეთში — ა. ჩერმოევი, ე. ალიევი, ა. მუტუშევი; ინგუშეთში — ვ. ჯაბაგიევი, ს. მალსაგოვი; ყაბარდაში — პ. კოცევი, ნაურუზოვი, ატაჟუკინი; ყარაჩაიში — ურუსოვი; ბალყარეთში — ბ. შახანოვი; ოსეთში — მისტულოვი, ხაბაევი, კიბიროვი; დაღესტანში — მ. ხალილოვი, ნ. ტარკოვსკი, ნ. გოცინსკი.

14 მარტს ჩამოყალიბდა თერგის კაზაკობაც. მათ თავის მეთაურად აირჩიეს ესაული მ. კარაულოვი, რომელიც იმავდროულად ინარჩუნებდა მხარის დროებითი მთავრობის კომისრის თანამდებობას.

28 მარტს ჩეჩნეთის აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა ა. მუტუშევმა პეტროგრადში გააგზავნა წერილი, რომელშიც იგი მოუწოდებდა უკან გაეწვიათ გროზნოს ოკრუგში მოღვაწე ყველა თანამდებობის პირი, ხოლო 10 აპრილს გაგზავნილ წერილით ჩეჩნური მხარე მოითხოვდა, რომ არავინ მიეღოთ პეტროგრადში, ვისაც აღმასრულებელი კომიტეტისაგან არ ექნებოდა რწმუნებები.

კავკასიის მთიელთა ყველა ერების წარმომადგენელთა პირველი ყრილობა გაიმართა 1917 წლის 1 (14) - 7 (20) მაისს ვლადიკავკაზში, რომელიც მოწვეული იყო ჩრდილო კავკასიის მთიელთა კავშირის დროებითი ცენტრალური კომიტეტის მიერ. ამ ყრილობის მუშაობის საგანს შეადგენდა რევოლუციის მიერ წამოყენებული საკითხები და მთიელთა შინაური ცხოვრების ორგანიზაცია თავისუფლების საწყისებზე[1].

ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა პირველი ყრილობაზე წარმოდგენილი იყვნენ დეპუტატები რეგიონის ყველა ნაწილიდან. თითოეული დეპუტატი არჩეული უნდა ყოფილიყო 5 ათასი კაცის მიერ.

ყრილობა გახსნა ბ. დალგატმა, რომელმაც სიტყვა გადასცა ბ. შახანოვს. ყრილობაზე ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ თებერვლის რევოლუციამ მისცა მათ შანსი გამოესწორებინათ ისტორიული შეცდომა და თავად დაეგეგმათ საკუთარი მომავალი. ყველა გამომსვლელი კავკასიას აღიქვამდა, როგორც რუსეთის სახელმწიფოს ჩარჩოებში, ერთიან ფედერატიულ საწყისებზე მოწყობილ რეგიონს. შემდგომში, მთიელთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის არჩევნები და მათი გადაწყვეტილებები გახდა რუსეთისაგან დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების საფუძველი.

მთიელთა კავშირი, რუსეთის დროებითი მთავრობის სახელზე გაკეთებულ მიმართვაში იტყობინებოდა, რომ მხარს უჭერდნენ რუსეთის ახალ ხელისუფლებას და ელოდებოდნენ ფედერატიული შეთანხმების გაფორმებას.

ყრილობამ დაადგინა არჩეულიყო გაერთიანებულ მთიელთა კავშირის ცენტრალური კომიტეტი, რომელიც უნდა გამხდარიყო ყრილობის იდეების განმახორციელებელი. აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ა. ჩერმოევი.

ყრილობაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომლის პოლიტიკურ ნაწილში გაწერილი იყო, რომ მთიელთა კავშირი წარმოადგენდა „დიდი რუსეთის სახელმწიფოს“ შემადგენელ ნაწილს და, რომ რუსეთი თავის მხრივ უნდა ყოფილიყო ფედერატიული მოწყობის.

ყრილობის ბოლო დღეს მიღებულ იქნა კონსტიტუცია. კონსტიტუციის მიხედვით, კავკასიის მთიელთა კავშირი წარმოადგენდა კავკასიის ყველა ტომისა და სტავროპოლის გუბერნიის ნოღაელებისა და თურქმენების გაერთიანებას; იყო კავკასიის მუსლიმთა კავშირის წევრი და მიზნად ისახავდა მშვიდობიანი თანაცხოვრების გზით, კავკასიისა და რუსეთის ყველა მთიელ ხალხთა გაერთიანება რევოლუციით მოპოვებული თავისუფლებების დასაცვისა და განმტკიცებისთვის, პოლიტიკური, სოციალური და კულტურულ-ეროვნული ინტერესების ყველა მთიელის დემოკრატიული წამოწყებისა და საერთო საქმეების პრაქტიკაში დანერგვას[2]. ყრილობამ მხარი ფედერალიზაციას დაუჭირა და მთიელთა კავშირის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია რუსეთის სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად გამოაცხადა.

მთიელთა კავშირის კონსტიტუცია[3]

მუხლი 1. კავკასიის მთიელთა კავშირი ძმობას ამყარებს სხვადასხვა მთიელთა შორის, ამას გარდა უკავშირებს თავის წრეს თურქმენებს, ნოღანელებს, თავის მხრივ მთიელთა ეს კავშირი შედის კავკასიის მაჰმადიანთა კავშირიში. მთიელტა კავშირის უახლოესი მიზანი არის რევოლუციის დამკვიდრება და მთიელთა ხალხის დაცვა პოლიტიკურად, ეკონომიურად და ეროვნულად.

მუხლი 2. შემაერთებელ ორგანოებად ითვლებიან: ა) დელეგატთა ყრილობა და ბ) შეერთებულ მთიელთა ცენტრალური კომიტეტი.

მუხლი 3. დელეგატთა ყრილობაში არიან მთიელების თურქმენების და ნოღაელების წარმომადგენლები. თითო დელეგატს ირჩევს 15 ათასი მცხოვრები.

მუხლი 4. შეერთებულ მთიელთა ცენტრალ კომიტეტში არის 15 (?) კაცი. ამათში დაღეთის წარმომადგენელი 4, თერგის 4, ყუბანის 2, მთიელთა 2, შავი ზღვის ნაპირის მთიელთა 2 და 2 სტავროპოლის მთიელთა წარმომადგენელი.

ამას გარდა ყველა თემს უფლება ეძლევა იყოლიოს თავისი წარმომადგენელი კავშირში, თუ ამის შესახებ სურვილს განაცხადებს ყრილობაზე. ყოველ წევრზე არჩეული იქნება ერთი ან ორი კანდიდატი. წევრები თავიან თწრეში ირჩევენ თავმჯდომარეს.

დაღესტნის ერთი წარმომადგენელი მუდამ თემირ-ხან-შურაში იმყოფება, იგი ამ კავშირის დაღესტნის სექციას ხელმძღვანელობს, სხვები კი კავკავში იმყოფებიან. საჭიროებს დროს დაღესტნის სექცია მთელი შემადგენლობით კავკავში მიდის და მონაწილეობას ღებულობს ცენტრალ კომიტეტის სხდომებში. ყუბანის მთიელთა წარმომადგენლებიდან ერთი მუდამ კავკავში იმყოფება და მეორე კი ხელმძღვანელობს ამ კავშირის სექციას ყუბანში.

მუხლი 5. ცენტრალი კომიტეტის წევრები და კანდიდატები არჩეულ იქნებიან დელეგატთა ყრილობაზე თითო ოლქიდან თუ გუბერნიებიდან ცალ-ცალკე, ყრილობა არჩევნების დროს არჩეულთ სექციებად არ ჰყოფს.

მუხლი 6. ცენტრალი კომიტეტი ცხოვრებაში იმ პროგრამას ანხორციელებს, რომელიც დელეგატთა ყრილობაზე იქნება შემუშავებული.

მუხლი 7. თუ მთიელთა შორის რამე უთანხმოებამ იჩინა თავი პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ ნიადაგზე და თუ ამ უთანხმოებას შინაურად არ მოეღო ბოლო, მაშინ ცენტრალი კომიტეტის მოვალეობას შეადგენს სათანადოთ გაარჩიოს საქმე და უთანხმოებას ბოლო მოუღოს.

მუხლი 8. ცენტრალი კომიტეტი იცავს ინტერესებს, როგორც მთიელთა მცხოვრებლებისას საერთოდ , ისე კერძოდ ამა თუ იმ თემის ინტერესებს.

მუხლი 9. ცენტრალი კომიტეტის ყველა დადგენილებანი სავალდებულოა კავშირის ყველა წევრისათვის. თუ რომელიმე წევრი არ დაემორჩილა დადგენილებას, მაშინ ის კავშირიდან გამორიცხული იქნება.

მუხლი 10. შეერთებულ მთიელთა ცენტრალი კომიტეტი ჰგზავნის თავის წარმომადგენელს კავკასიის მაჰმადიანთა კავშირში.

მუხლი 11. შეერთებულ მთიელთა კომიტეტს აქვს თავისი ფონდი , რომელიც ცენტრალ კომიტეტის განკარგულებაშია.

მუხლი 12. პროპაგანდის და რევოლუციის დამკვიდრების გულისთვის ცენტრალი კომიტეტი გამოსცემს კავკასიაში ყოველკვირეულ გაზეთს, რუსულ და არაბულ ენებზე, სახელად „მთიელთა ცხოვრებას“, ამას გარდა ჰმართავს მიტინგებს და ლექციებს.

მუხლი 13. ცენტრალი კომიტეტის და დელეგატთა ყრილობის სხდომები კანონიერია თუ ნახევარზე მეტი წევრი გამოცხადდა. საკითხების გადაწყვეტა ხმის უმეტესობით იქნება.

20 აგვისტოს აულ ანდიში, გაერთიანებულ მთიელთა ცენტრალური კომიტეტმა მოიწვია დაღესტნის ყრილობა, რომელზეც დაპატიჟებულ იქნენ ქართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც[4].

გაერთიანებულ თერგისა და დაღესტნის ოლქების მთიელთა კავშირის მეორე ყრილობა გაიმართა 1917 წლის 8 (21) - 13 (28) ოქტომბერს ვლადიკავკაზში. ყრილობაზე გადამწყვეტი ხმით მოწვეული იყო 65 დელეგატი. ამის გარდა ყრილობაზე მოწვეული იყვნენ რჩევის ხმის უფლებით სხვადასხვა ორგანიზაციების და დაწესებულების 200-მდე წარმომადგენელი. ყრილობის გახსნის დღესვე დაიწყეს მოქმედება აგრარულმა, სატყეო, დამფუძნებელ კრებისა, სასურსათო, პოლიტექნიკურმა და სასკოლო სექციებმა. მეორე დღეს კი, სასულიერო, სახალხო მილიციისა და საფინანსო სექციების მუშაობა გაიხსნა. ყრილობის პროგრამა შედგებოდა: 1) მისალმებანი და საორგანიზაციო კითხვები; 2) კავშირში აფხაზების შესვლა; 3) ცენტრალური კომიტეტის მოქმედების ანგარიში; 4) მოხსენება ფედერაციაზე; 5) მოხსენება მომენტის შესახებ; 6) კონსტიტუციის გადასინჯვა; 7) ფინანსური საკითხები; 8) დამფუძნებელი კრების არჩევნები; 9) სახალხო მილიცია; 10) ტყეების საქმე; 11) საადგილმამულო და გლეხების დეპუტატთა საბჭო; 12) აგრარული საკითხი; 13) დანარჩენი საკითხები[5].

ჩრდილოკავკასია ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ

რედაქტირება

მთიელთა კავშირის მეორე ყრილობიდან ორიოდე კვირაში ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ თავისი ფუნქციონირება შეწყვიტა რუსეთის დროებითმა მთავრობამ, შესაბამისად ძალაუფლება გადავიდა ახალ დროებითი მთავრობის ხელში.

ჩრდილოკავკასია რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევის შემდეგ

რედაქტირება

1917 წლის 12 (25) ნოემბერს ჩატარდა რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნები, ხოლო 1918 წლის 18 იანვარს დამფუძნელი კრების პირველი სხდომა. აღნიშნულიდან გამომდინარე თებერვლის რევოლუციიდან რუსეთის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის მოწვევამდე რუსეთში ფუნქციონირებდა დროებითი მთავრობა. მიუხედავად იმისა, რომ სოხუმის ოკრუგი იმთავითვე წარმოადგენდა ამიერკავკასიაში აღნიშნული დროებით მთავრობის მიერ შექმნილ — ოზაკომის ადმინისტრაციულ ერთეულს, მთიელთა კავშირმა პეტროგრადთან შეუთანხმებლად მის რიგით წევრად მიიღო არარსებული ადმინისტრაციული ერთეული „აფხაზეთი“.

მთიელთა დემოკრატიული რესპუბლიკა

რედაქტირება

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, რუსეთის ყოფილ იმპერიაში მიმდინარე სამოქალაქო ომმა კავკასია ფაქტობრივად ჩამოაშორა რუსეთს. სამოქალაქო ომმა ჩრდილო კავკასიის პოლიტიკურ ლიდერთა საქმიანობა და დამოუკიდებლობისაკენ მიმართული ნაბიჯები დააჩქარა. სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას, რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების არარსებობის პირობებში, მთიელთა გაერთიანებამ დაიწყო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა. 1917 წლის 21 დეკემბერს ჩრდილოკავკასიელთა დროებითმა მთავრობამ, რუსეთის ჩრდილოკავკასიის ხალხთა კავშირის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1918 წლის დასაწყისში რუსეთის სამოქალაქო ომის ქარცეცხლი კავკასიამდეც აღწევდა. 1918 წლის 19 აპრილს დაღესტანში რევოლუციური კომიტეტი შეიქმნა და საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა.

ტრაპიზონის კონფერენცია

რედაქტირება

1918 წლის 1 (14) მარტი - 31 მარტი (13 აპრილს) ტრაპიზონში ჩატარდა საზავო კონფერენცია.

7 (20) მარტს კონფერენციის სხდომაზე ამიერკავკასიის დელეგაციამ დასვა საკუთრივ მისი ტერიტორიის განსაზღვრისა და აღიარების საკითხი.

 
„ამიერკავკასიის სახელმწიფოში შედის გუბერნიები: ბაქოს, ელიზავეტპოლის, ერევნის, ტფილისის და ქუთაისის; ოლქები: ბათუმისა და ყარსის; ოკრუგები: სოხუმის და ზაქათალის.“
( «В территорию Закавказского государства входят губернии: Бакинская, Елизаветпольская, Эриванская, Тифлисская, Кутаисская, области: Батумская и Карская, округа: Сухумский и Закатальский; вопрос о включении Дагестанской области и Черноморской губернии остается открытым впредь до делегирования их представителей в Закавказский Сейм.»[6])

ბათუმის საზავო კონფერენცია

რედაქტირება

1918 წლის 11 მაისს მთიელთა რესპუბლიკა ოფიციალურად შეიქმნა. მალევე ჩამოყალიბდა ჩრდილო კავკასიის მთავრობა. მთავრობის მეთაურად ტაპა ჩერმოევი შეირჩა, მთავრობაში შევიდნენ ფშეხო კოცევი, ზუბაირ თემირხანოვი, ალიხანოვი, ჯაბაგიევი და სხვა.

მთიელთა რესპუბლიკის დამოუკიდბლობის გამოცხადება[7]

«Нижеподписавшиеся, полномочные представители Кавказа, имеют честь довести до сведения всех правительств нижеследующее:

Народы Кавказа закономерно избрали национальное собрание, которое, собравшись в мае и сентябре 1917 года, заявило об образовании Союза горцев Кавказа и вручило исполнительную власть настоящему правительству. В виду царящей в России анархии и пользуясь признанным самим петроградским правительством правом за всеми народами бывшей империи царей свободно создавать свою политическую будущность, правительство Союза горцев Кавказа приняло следующую резолюцию:

  1. Союз горцев Кавказа решает отделиться от России и образовать независимое государство.
  2. Территория нового государства будет иметь своими границами на севере те же самые географические границы, какие имели области и провинции Дагестана, Терека, Ставрополя и Черного моря в б. русской империи, с запада – Черное море, с востока – Каспийское море, на юге – границу, подробности которой будут определены по соглашению с Закавказским правительством.

Полномочным делегатам, подписавшимся здесь, поручено довести до сведения всех правительств это решение и прокламировать этим заявлением образование независимого государства Союза горцев Кавказа, а посему нижеподписавшиеся заявляют, что от сегодняшнего дня независимое государство Кавказского Союза рассматривает себя закономерно установленным.

11 мaя 1918 за подписями: Абдул-Меджид Чермоев, Гайдар Баммат»

რესპუბლიკაში საპარლამენტო მმართველობის ფორმა იქნა შემოღებული. მთიელთა რესპუბლიკის მთავრობა თავდაპირველად ვლადიკავკაზში განთავსდა, შემდეგ ნაზრანში, ხოლო საბოლოოდ - თემირ-ხან-შურაში (ბუინაკსკი). მთიელთა რესპუბლიკა, ძირითადად, ოსმალეთისგან დახმარების მოლოდინში იყო. 1918 წლის ივნისში ბამატის მეთაურობით დელეგაცია გაიგზავნა სტამბულში. მთიელთა რესპუბლიკა აქტიურად მონაწილეობდა საერთო-კავკასიური ერთობის ჩამოყალიბების კუთხითაც, მთიელთა მთავრობის წევრები 1918 წლის ნოემბერში, საქართველოს და აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ თბილისში გამართულ კავკასიის რესპუბლიკათა კონფერენციაზე. 1918 წლის შემოდგომაზე მთიელთა რესპუბლიკის სამხედრო ძალებმა ბოლშევიკები თითქმის განდევნეს რესპუბლიკის ტერიტორიიდან. 1918 წ-ის დეკემბერში მთიელთა რესპუბლიკის მთავრობას სათავეში, ჩერმოევის ნაცვლად, კოცევი ჩაუდგა. მალევე მუშაობა დაიწყო მთიელთა რესპუბლიკის პარლამენტმა. მთიელთა რესპუბლიკა, რუსეთის სამოქალაქო ომის გავლენით, მძიმე ეკონომიკურ კრიზისში იმყოფებოდა, 1919-ის მარტში საქართველოს მთავრობამ 3 მილიონი მანეთი გამოუყო სესხის სახით. 1919 წლის მარტში ტაპა ჩერმოევის მეთაურობით, მთიელთა რესპუბლიკის დელეგაცია პარიზში გაემგზავრა, სამშვიდობო კონფერენციაზე მთიელთა საკითხის დაყენებისა და მხარდაჭერის მოპოვების მიზნით. 1919 წლის თებერვლიდან დენიკინის მოხალისეთა არმიამ ჩრდილო კავკასიას შეუტია, წინააღმდეგობისა და მთიელთა თავგანწირვის მიუხედავად, მთიელთა რესპუბლიკის ტერიტორიის დიდი ნაწილის ოკუპაცია განახორციელა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, შეზღუდული რესურსების მიუხედავად, ჩრდილოკავკასიელებს ბოლშევიკთა და დენიკინელთა წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურ დახმარებას უწევდა. მთიელთა რიგებში იბრძოდა ქართული ლეგიონი ლეო კერესელიძის მეთაურობით. 1919 წელს ლეო კერესელიძე მთიელთა ჯარების მთავარსარდლადაც დაინიშნა. 1919 წლის გაზაფხულზე მთიელთა მთავრობამ ნოტა გამოაქვეყნა მოკავშირეთა მიმართ და დახმარებისათვის ამიერკავკასიის რესპუბლიკებს მიმართა.

1919 წლის 9 მაისს პარიზის კონფერენციაზე მთიელთა რესპუბლიკის დელეგაციამ წარმოადგინა მემორანდუმი, რომელშიც საქართველოს ტერიტორიებზე: სოხუმის ოკრუგზე, ზაქათალის ოლქსა და „სამხრეთ ოსეთზე“ აცხადებდა პრეტენზიას[8].

1919 წლის ოქტომბერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევ. გეგეჭკორმა მოკავშირეთა უმაღლეს კომისარს და ევროპის სახელმწიფოთა წარმომადგენლებს ნოტა გაუგზავნა მთიელთა დახმარების თხოვნით, ნოტაში გეგეჭკორი მოითხოვდა, მოკავშირეებს შეეჩერებინათ მოხალისეთა არმიის მიერ ჩრდილოეთ კავკასიაში გაჩაღებული სისხლის ღვრა. საბოლოოდ მთიელთა რესპუბლიკა სრულად დაიკავა დენიკინის მოხალისეთა არმიამ. მთიელთა რესპუბლიკის მთავრობამ, ევაკუაციის შემდეგ თბილისში განაგრძო მუშაობა. 1920 წლის დასაწყისიდან რუსეთის სამოქალაქო ომში უპირატესობა ბოლშევიკებმა მოიპოვეს და მოხალისეთა არმიასთან შეტაკებები უკვე კავკასიაში მიმდინარეობდა. მთიელთა რესპუბლიკის ტერიტორია 1920 წლის ივნისში ბოლშევიკების ხელში აღმოჩნდა.

აფხაზეთის საკითხი

რედაქტირება

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ამიერკავკასია ისევე როგორც ჩრდილოკავკასია წარმოადგენდა რუსეთის დროებითი მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიას. იმ დროს რუსეთის ყველა რეგიონში აქტიურად მიმდინარეობდა ტერიტორიული ავტონომიის საკითხის განხილვა, რაც მკაფიო სიგნალი იყო პეტროგრადისთვის რომ რეგიონები დაინტერესებულები იყვნენ რუსეთის ფედერალურ მოწყობაში. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის დროებით მთავრობა იყო რევოლუციის გზით მოსული ხელისუფლება, გადაწყდა რომ ტერიტორიული ავტონომიების საკითხის განხილვა მოხდებოდა მას შემდეგ რაც საყოველთაო არჩევნების გზით დააკომპლექტებდნენ რუსეთის სადამფუძნებლო კრებას. მანამდე რეგიონებისთვის გაკეთებული იყო მიმართვა თავი შეეკავებინათ ნებისმიერი ტერიტორიული განაწილებისაგან.

1917 წლის 18 მარტს თებერვლის რევოლუციის შემდეგ თბილისში პეტროგრადიდან გამოგზავნილ იქნენ კომისრები, რომელთაც დაევალათ ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის ფორმირება, რომლის კონტროლის ქვეშ სოხუმის ოკრუგიც შედიოდა.

1917 წლის 9 ივნისის სხდომაზე რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნების განსასაზღვრავად შემდგარმა საბჭომ დაადგინა: დამფუძნებელ კრების დეპუტატთა რიცხვი 800 არ უნდა აღემატებულიყო. ასევე მომზადდა წინასწარი ცხრილი გუბერნიებში დეპუტატთა რიცხოვნობისა, სადაც კავკასია სამ საარჩევნო ოლქად იყო წარმოდგენილი, ხოლო ამიერკავკასიის რეგიონებში ჩათვლილი იყო სოხუმის ოლქიც[9].

1) ამიერკავკასია:
  • თბილისის გუბერნია
  • ზაქათალის ოლქი
  • ერევნის გუბერნია
  • ქუთაისის გუბერნია
  • სოხუმის ოლქი
  • ბაქოს გუბერნია
  • ბათუმის გუბერნია
  • ელისავეტპოლის გუბერნია
  • ყარსის ოლქი
2) ჩრდილოკავკასია:
  • ყუბანის ოლქი
  • დაღესტნის გუბერნია
  • თერგის ოლქი
  • შავი ზღვის გუბერნია
3) სტავროპოლის გუბერნია

1917 წლის ოქტომბერში კავკასიის მთიელთა კავშირის II ყრილობაზე (რუსეთში ჯერ კიდევ დროებითი მთავრობაა) იმყოფებოდა აფხაზების ჯგუფი, რომელმაც გამოხატა სურვილი აფხაზეთი გამხდარიყო კავკასიის მთიელთა კავშირის წევრი.

საყურადღებოა შემდეგი გარემოებები: 1917 წლისთვის სოხუმის ოკრუგში 1904 წლიდან არ შედიოდა გაგრა და მდინარე ბზიფის აუზი, ასევე მთიელთა კავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი გამოდიოდა სამურზაყანოც. ამასთანავე მთიელთა კავშირი, რომელიც თავს რუსეთის დროებითი მთავრობის შემადგენელ და განუყოფელ ნაწილად თვლიდა (ის რუსეთიდან ოფიციალურად მხოლოდ ბათუმის კონფერენციაზე გამოვა 1918 წელს, როცა გასაბჭოებული აფხაზეთი რამდენიმე დღის დაბრუნებული იყო ამიერკავკასიის რესპუბლიკის მიერ), რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ ოფიციალურად აღიარებული ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის შემადგენელი ნაწილის — სოხუმის ოკრუგის შეერთება თავისუფლად დაუშვა, და ისიც „აფხაზეთის“ სახელით. ეს უკანასკნელი კი აღნიშნული სახელწოდებით, როგორც ადმინისტრაციული ერთეული არც არსებობდა და არც ვინმეს წარმოუქმნია სოხუმის ოკრუგიდან. ზოგადად „მთიელთა კავშირი“ ოფიციალური რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ არ აღიქმებოდა, როგორც მისი ადმინისტრაციული წარმონაქმნი. მთიელთა კავშირი წარმოადგენდა რუსეთის იმპერიის ჩრდილოკავკაშიაში მრავალხელისუფლებიანობის ფონზე წარმოქმნილ დომინანტ დე ფაქტო, მაგრამ არა დე იურე შტოს.

 
რუსეთის დამფუძნებლი კრების საარჩევნო ოქლების რუკა

1917 წლის 12 (25) ნოემბერს რუსეთის დამფუძნებლი კრების არჩევნები ჩატარდა. სოხუმის ოკრუგი კვლავინდებურად წარმოდგენილი იყო ამიერკავკასიის საარჩევნო ოლქში.

1918 წლის 16 თებერვალს სოხუმის ოკრუგი გასაბჭოვდა და კონტროლდებოდა აჯანყების გზით მოსული აფხაზეთის რევოლუციური კომიტეტის მიერ. შესაბამისად აღნიშნულ პერიოდში სოხუმის ოკრუგი არც ამიერკავკასიის მთავრობას ემორჩილებოდა და არც მით უმეტეს მთიელთა კავშირს.

1918 წლის 28 აპრილს (11 მაისს) ბათუმის საზავო კონფერენციაზე შეიქმნა კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა, რომლის მანიფესტში გაწერილი იყო რომ მთიელთა რესპუბლიკის სამხრეთი საზღვარი გაივლიდა ამიერკავკასიის მთავრობასთან შეთანხმებით[10].

1918 წლის 17 მაისს სოხუმის ოკრუგი ამიერკავკასიის სეიმმა ბოლშევიკებისაგან გაანთავისუფლა და 1918 წლის 26 მაისიდან 1921 წლის მარტამდე იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაწილი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბახტაძე მ., მამულია გ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 275-276.
  • Вачагаев М. М., Союз горцев Северного Кавказа и Горская республика. История несостоявшегося государства. (1917-1920), 2018

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. გაზ. „საქართველო“ №96, 5 მაისი, 1917
  2.  
    „რუს. Союз Горцев Кавказа объединяет все горские племена Кавказа, а также ногайцев и туркмен Ставропольской губернии является членом Кавказского Мусульманского Союза и имеет целью, в видах обеспечения мирного сожительства всех народов Кавказа и России, сплочение горцев для защиты и упрочения завоеванных революцией свобод, проведения в жизнь демократических начал и защиты общих дел всех горских племен политических, социальных и культурно-национальных интересов.
    (მთიელთა კონსტიტუცია, მუხლი 1.)
  3. გაზ. „საქართველო“, №111, 26 (8) მაისი, 1917
  4. გაზ. „საქართველო“ №185, 23 აგვისტო, 1917
  5. გაზ. „საქართველო“ №221, 8 ოქტომბერი, 1917
  6. ტრაპეზუნდისა და ბათუმის სამშვიდობო კონფერენციები : 1918 წელი, თებერვალი-მაისი
  7. Вачагаев М. М., Союз горцев Северного Кавказа и Горская республика. История несостоявшегося государства. (1917-1920), 2018, გვ. 73
  8. Меморандум делегации Горской Республики Парижской мирной конференции. 9 мая 1919 г.
  9. გაზ. „საქართველო“ №169, 3 (16) აგვისტო, 1917
  10.  
    „რუს. Правительство Союза горцев Кавказа приняло следующую резолюцию:
    1. Союз горцев Кавказа решает отделиться от России и образовать независимое государство.
    2. Территория нового государства будет иметь своими границами на севере те же самые географические границы, какие имели области и провинции Дагестана, Терека, Ставрополя и Черного моря в б. русской империи, с запада – Черное море, с востока – Каспийское море, на юге – границу, подробности которой будут определены по соглашению с Закавказским правительством.