მთიელთა ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

მთიელთა ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, მთიელთა ასსრ (რუს. Горская Автономная Социалистическая Советская Республика, ГАССР; 20 იანვარი, 19217 ივლისი, 1924) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რსფსრ-ში. წარმოიქმნა თერგის ოლქის ტერიტორიაზე. შედიოდა რსფსრ-ის შემადგენლობაში. ტერიტორია 73 ათ. კმ2. მოსახლეობა: ჩეჩნები, ინგუშები, ოსები, ყაბარდოელები, ბალყარელები, ყარაჩაელები და რუსები. იყოფოდა 6 ადმინისტრაციულ ოლქად (ეროვნების შესაბამისად). დედაქალაქი — ქ. ვლადიკავკაზი.

მთიელთა ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთის იმპერიაში დაინიშნა დროებითი მთავრობა. მისი მთავარი ამოცანა იყო საზოგადოების მომზადება რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნებისათვის, რომელიც იმავე წლის ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე რუსეთში მოხდა ოქტომბრის რევოლუცია, რამაც დროებითი მთავრობის დამხობა გამოიწვია, ხოლო ძალაუფლება გადავიდა ბოლშევიკების ხელში. 1917 წლის 12 (25) ნოემბერს ჩატარდა რუსეთის სადამფუძნებლო კრების არჩევნები, ხოლო 1918 წლის 18 იანვარს დამფუძნელი კრების პირველი სხდომა.

მთიელთა დემოკრატიული რესპუბლიკა

რედაქტირება

1918 წლის 11 მაისს მთიელთა რესპუბლიკა ოფიციალურად შეიქმნა. მალევე ჩამოყალიბდა ჩრდილო კავკასიის მთავრობა. მთავრობის მეთაურად ტაპა ჩერმოევი შეირჩა, მთავრობაში შევიდნენ ფშეხო კოცევი, ზუბაირ თემირხანოვი, ალიხანოვი, ჯაბაგიევი და სხვა. რესპუბლიკაში საპარლამენტო მმართველობის ფორმა იქნა შემოღებული. მთიელთა რესპუბლიკის მთავრობა თავდაპირველად ვლადიკავკაზში განთავსდა, შემდეგ ნაზრანში, ხოლო საბოლოოდ - თემირ-ხან-შურაში (ბუინაკსკი). მთიელთა რესპუბლიკა, ძირითადად, ოსმალეთისგან დახმარების მოლოდინში იყო. 1918 წლის ივნისში ბამატის მეთაურობით დელეგაცია გაიგზავნა სტამბულში. მთიელთა რესპუბლიკა აქტიურად მონაწილეობდა საერთო-კავკასიური ერთობის ჩამოყალიბების კუთხითაც, მთიელთა მთავრობის წევრები 1918 წლის ნოემბერში, საქართველოს და აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ თბილისში გამართულ კავკასიის რესპუბლიკათა კონფერენციაზე. 1918 წლის შემოდგომაზე მთიელთა რესპუბლიკის სამხედრო ძალებმა ბოლშევიკები თითქმის განდევნეს რესპუბლიკის ტერიტორიიდან. 1918 წლის დეკემბერში მთიელთა რესპუბლიკის მთავრობას სათავეში, ჩერმოევის ნაცვლად, კოცევი ჩაუდგა. მალევე მუშაობა დაიწყო მთიელთა რესპუბლიკის პარლამენტმა. მთიელთა რესპუბლიკა, რუსეთის სამოქალაქო ომის გავლენით, მძიმე ეკონომიკურ კრიზისში იმყოფებოდა, 1919 წლის მარტში საქართველოს მთავრობამ 3 მილიონი მანეთი გამოუყო სესხის სახით. 1919 წლის მარტში ტაპა ჩერმოევის მეთაურობით, მთიელთა რესპუბლიკის დელეგაცია პარიზში გაემგზავრა, სამშვიდობო კონფერენციაზე მთიელთა საკითხის დაყენებისა და მხარდაჭერის მოპოვების მიზნით. 1919 წლის თებერვლიდან დენიკინის მოხალისეთა არმიამ ჩრდილო კავკასიას შეუტია, წინააღმდეგობისა და მთიელთა თავგანწირვის მიუხედავად, მთიელთა რესპუბლიკის ტერიტორიის დიდი ნაწილის ოკუპაცია განახორციელა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, შეზღუდული რესურსების მიუხედავად, ჩრდილოკავკასიელებს ბოლშევიკთა და დენიკინელთა წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურ დახმარებას უწევდა. მთიელთა რიგებში იბრძოდა ქართული ლეგიონი ლეო კერესელიძის მეთაურობით. 1919 წელს ლეო კერესელიძე მთიელთა ჯარების მთავარსარდლადაც დაინიშნა. 1919 წლის გაზაფხულზე მთიელთა მთავრობამ ნოტა გამოაქვეყნა მოკავშირეთა მიმართ და დახმარებისათვის ამიერკავკასიის რესპუბლიკებს მიმართა. 1919 წლის ოქტომბერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევ. გეგეჭკორმა მოკავშირეთა უმაღლეს კომისარს და ევროპის სახელმწიფოთა წარმომადგენლებს ნოტა გაუგზავნა მთიელთა დახმარების თხოვნით, ნოტაში გეგეჭკორი მოითხოვდა, მოკავშირეებს შეეჩერებინათ მოხალისეთა არმიის მიერ ჩრდილოეთ კავკასიაში გაჩაღებული სისხლის ღვრა. საბოლოოდ მთიელთა რესპუბლიკა სრულად დაიკავა დენიკინის მოხალისეთა არმიამ. მთიელთა რესპუბლიკის მთავრობამ, ევაკუაციის შემდეგ თბილისში განაგრძო მუშაობა. 1920 წლის დასაწყისიდან რუსეთის სამოქალაქო ომში უპირატესობა ბოლშევიკებმა მოიპოვეს და მოხალისეთა არმიასთან შეტაკებები უკვე კავკასიაში მიმდინარეობდა. მთიელთა რესპუბლიკის ტერიტორია 1920 წლის ივნისში ბოლშევიკების ხელში აღმოჩნდა.

გასაბჭოება

რედაქტირება

მთიელთა ასსრ-მდე სამოქალაქო ომის დასაწყისში აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებობდა თერგის საბჭოთა რესპუბლიკა (მარტი 1918), ჩრდილოეთ კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკა (ივლისი 1918) და არაბოლშევიკური მთიელთა დემოკრატიული რესპუბლიკა (მაისი 1918), ჩრდილოკავკასიური ემირატი (სექტემბერი 1919).

რესპუბლიკა შეიქმნა 1920 წლის 17 ნოემბერს თერგის ოლქის ხალხთა ყრილობაზე ვლადიკავკაზში. 1921 წლის 16-22 აპრილს გამართულ მთიელთა ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა საბჭოების დამფუძნებელ ყრილობაზე, როელსაც ს. კიროვი ესწრებოდა, გამოქვეყნდა სრულიად რუსეთის ცაკის 1921 წლის 20 იანვრის დეკრეტი მთიელთა ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის შესახებ. ყრილობამ განსაზღვრა სახელმწიფო მმართველობის სისტემა, რსფსრ-ის სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის გზები, მიიღო დადგენილებები მიწის, სურსათის, სახალხო განათლების, შარიათის საკითხებზე, აირჩია მთიელთა ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ცაკი.

1924 წლის 13 თებერვლიდან — 2 ივნისამდე შედიოდა რსფსრ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ოლქში.

მთიელთა ასსრ-ში შედიოდა:

  • 20 იანვარი, 1921 - 16 იანვარი, 1922 — ბალყარეთის ნაციონალური ოკრუგი (ყაბარდოს ავტონომიურ ოლქთან გაერთიანდა, ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიურ ოლქში);
  • 20 იანვარი, 1921 - 7 ივლისი, 1924 — ვლადიკავკაზის (ოსეთის) ნაციონალური ოკრუგი (გარდაიქმნა ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქად);
  • 20 იანვარი, 1921 - აპრილი, 1922 — დიგორის (ოსეთის) ნაციონალური ოკრუგი (გაერთიანდა ვლადიკავკაზის (ოსეთის) ნაციონალურ ოკრუგში);
  • 20 იანვარი, 1921 - 12 იანვარი, 1922 — ყარაჩაის ნაციონალური ოკრუგი (ჩერქეზეთის ნაციონალურ ოკრუგი ერთად გაერთიანდა, ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიურ ოლქში);
  • 20 იანვარი, 1921 - 7 ივლისი, 1924 — ნაზრანის (ინგუშეთის) ნაციონალური ოკრუგი (გარდაიქმნა ინგუშეთის ავტონომიურ ოლქად);
  • 20 იანვარი, 1921 - 7 ივლისი, 1924 — სუნჯის ოკრუგი ;
  • 12 იანვარი, 1921 - 12 იანვარი, 1922 — ჩერქეზეთის ნაციონალური ოკრუგი (ყარაჩაის ნაციონალურ ოკრუგი ერთად გაერთიანდა, ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიურ ოლქში);
  • 20 იანვარი, 1921 - 30 ნოემბერი, 1922 — ჩაჩნეთის ნაციონალური ოკრუგი (გარდაიქმნა ჩაჩნეთის ავტონომიურ ოლქად და გამოეყო).

სრულიად რუსეთის ცაკის 1924 წლის 7 ივლისის დეკრეტით მთიელთა ასსრ გაუქმდა. მის ტერიტორიაზე შეიქმნა ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და ინგუშეთის ავტონომიური ოლქები და კაზაკებით დასახლებული სუნჯის მხარე საგუბერნიო აღმასკომის უფლებებით. ვლადიკავკაზი დამოუკიდებელ ერთეულად გამოიყო და დაექვემდებარა რსფსრ-ის ცაკს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბახტაძე მ., მამულია გ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 275-276.
  • Вачагаев М. М., Союз горцев Северного Кавказа и Горская республика. История несостоявшегося государства. (1917-1920), 2018

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება