სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კერესელიძე.

ლეო მათეს ძე კერესელიძე (დ. 1885 — გ. 23 ნოემბერი, 1943, ბერლინი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, რევოლუციონერი, ჟურნალისტი; გენერალი (1920).

ლეო კერესელიძე
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 1885
გარდაცვალების თარიღი 23 ნოემბერი 1943
გარდაცვალების ადგილი გერმანია
წოდება გენერალი
ბრძოლები/ომები პირველი მსოფლიო ომი
სომხეთ-საქართველოს ომი
ოსების აჯანყებები საქართველოში

ბიოგრაფია

რედაქტირება

კერსელიძე დაიბადა ცნობილი მოღვაწის მათე კერესელიძის და მარიამ ყანჩელის ოჯახში. 1900 წლიდან ჩაება დამოუკიდებლობისათვის ახალგაზრდულ მოძრაობაში. 1904 წელს ჩაირიცხა ჟენევის საინჟინრო სასწავლებელში. 1905 წლიდან იყო სოციალისტ-ფედერალისტების წევრი, მონაწილეობდა ევროპიდან საქართველოში იარაღის შემოტანის საიდუმლო ოპერაციებში.[1]

 
გიორგი და ლეო კერესელიძეები

1906 წელს კერესელიძე მონაწილეობდა რევოლუციაში, კერძოდ საქართველოში იარაღის არალეგალურად შეტანაში. პირადად იმყოფებოდა გემ „სირიუსზე“, რომლითაც ეს იარაღი შეიტანეს. მონაწილეობდა რუსულ სამხედრო ნაწილებზე თავდასხმაში სოხუმში, ასევე დუშეთის ხაზინის გატანაში ს. გედევანიშვილთან ერთად. რევოლუციის ჩახშობის შემდეგ, 1906 წლიდან, ჟენევაში ცხოვრობდა. დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტი, სადაც იურიდიული ფაკულტეტის პრივატ-დოცენტის ხარისხიც მოიპოვა. 1910-იან წლებში ჩაბმული იყო ჟურნალისტიკაში. 1913-14 წლებში თანარედაქტორობდა ჟენევაში გამომავალ გაზეთს „თავისულფალი საქართველო“ რომლის დამფუძნებელი მისი ძმა გიორგი კერესელიძე იყო. იმავე პერიოდში მიხეილ წერეთელთან ერთად სათავეში ჩაუდგა „საქართველოს გათავისუფლების კომიტეტს“, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ბერლინში დაიდო ბინა. აქ კერესელიძე თანამშრომლობდა „ქართულ გაზეთში“ და მონაწილეობდა „ქართული ლეგიონის“ ჩამოყალიბებაში, რომელსაც სათავეში თვითონვე ჩაუდგა პოლკოვნიკის წოდებით. ლეგიონი 1916 წლამდე მონაწილეობდა კავკასიის ფრონტის ბრძოლებში. იგი მოქმედებდა როგორც განცალკევებული მოხალისეთა სამხედრო შენაერთი გერმანიის და ოსმალეთის სამხედრო ხელმძღვანელობის კონტროლის ქვეშ. კერესელიძემ ლეგიონი ლაზებით და მაჰმადიანი ქართველებით შეავსო და განახორციელა რამდენიმე რეიდი აჭარაში, რითაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა რუსულ კომუნიკაციებს ბათუმის მისადგომებთან. მოგვიანებით, ოსმალეთის სარდლობასთან უთანხმოების გამო ლეგიონი ფაქტობრივად დაშალეს, მაგრამ კერესელიძე განაგრძობდა დივერსიული აქტების მოწყობას რუსეთის არმიის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კავკასიში. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდში, 1918 წლის მაისში, კერესელიძე ბერლინში იმყოფებოდა. იგი ნოემბერში დაბრუნდა სამშობლოში და მთავრობის მოწვევით მონაწილეობა მიიღო ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში. 1918 წლის დეკემბერში მონაწილეობდა სომხეთ-საქართველოს ომში და თავისი ლეგიონით თავი გამოიჩინა შულავრის აღების დროს. 1919 წელს იბრძოდა სამცხეში მუსლიმი ამბოხებულების წინააღმდეგ და დაიჭრა აწყურთან შეტაკების დროს. იმავე წელს გაგზავნილი იქნა ცხინვალში ამბოხებული ჯაველი ოსების წინააღმდეგ. 1919 წლის აგვისტოში საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკის შეთანხმებით დაინიშნა გენერლად და მთიელთა რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლად. წარმატებით ებრძოდა ანტონ დენიკინის „მოხალისეთა არმიას“ ჩეჩნეთსა და დაღესტანში, თუმცა გროზნოს აღება ვერ შეძლო. 1920 წელს გახდა გენერალი. იმავე წელს იყო სამხედრო წარმომადგენელი პოლონეთში. 1921 წლის თებერვალში, რუსეთთან ომის დროს უთანხმოება მოუვიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილთან მოხალისეთა რაზმების ორგანიზაციის საკითხებზე, რის გამოც მცირე ხნით დაკავებული იყო.

საბჭოთა რუსეთის არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, კერესელიძე ემიგრაციაში წავიდა. მისი ძმა, იასონი, საქართველოში დარჩა და იყო დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრი. იგი სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად 1923 წელს დახვრიტეს.

საქართველოდან წასვლის შემდეგ ლეო კერესელიძე ცხოვრობდა გერმანიაში, სადაც ჩამოაყალიბა მემარჯვენე-ნაციონალისტური ორგანიზაცია „თეთრი გიორგი“, რომლის მთავარი მდივანი თვითონვე იყო. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 1942 წელს მონაწილეობა მიიღო ქართველ ტრადიციონალისთა კავშირის შექმნაში. 1944 წელს კერესელიძე მო­კა­ვშ­ირ­ეთა მი­ერ ბე­რლ­ინ­ის ერთ-ერ­თი პი­რვ­ელი დი­დი და­ბო­მბ­ვი­სას იმსხვერპლა ნაღმის ნამსხვრევმა.

ლეო კერესელიძის მოღვაწეობას ბიოგრაფიული რომანი „უსასრულო ბრძოლა“ (Unending Battle) მიუძღვნა ინგლისელმა მწერალმა ჰაროლდ კორტენეი არმსტრონგმა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბახტაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 222.
  • გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 142-144, ISBN 978-9941-0-7386-1.
  • შარაძე, გ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. 1. თბილისი, 2001, გვ. 61-164
  • H.C. Armstrong. Unending Battle. London, 1934.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მამულია გ., სეფიაშვილი ნ., „თეთრი გიორგი“-ს იდეოლოგიურ-ორგანიზაციულ საწყისებთან: დოკუმენტები და მასალები პირადი არქივებიდან, თბ.: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 2024, გვ. 84