გიორგი კერესელიძე

გიორგი (გოგია) მათეს ძე კერესელიძე (დ. 17 მარტი, 1885, ქ. გორი, — გ. 1960, ვეზინე, საფრანგეთი, დაკრძალულია იქვე) — ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი, პოლიტიკური ემიგრანტი. ლეო კერესელიძის ძმა.

გიორგი და ლეო კერესელიძეები

1905 წლის რევოლუციის დროს ახლოს იყო ქართველ სოციალისტ-ფედერალისტებთან. დუშეთის ხაზინის ექსპროპრიაციის შემდეგ რეაქციას გაერიდა და 1906 წელს ცოლ-შვილთან ერთად წავიდა შვეიცარიაში, სადაც ჟენევის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. მალე რუსეთმა პოლიტიკური საქმიანობის გამო ძმები კერესელიძეების გადაცემა მოითხოვა; შვეიცარიის სასამართლოზე ბელგიელმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო სამართალმცოდნე ერნესტ ნისმა მათ დასაცავად წარმოთქვა სიტყვა: რომელშიც აღნიშნა, რომ რუსეთმა დაარღვია 1783 წლის ხელშეკრულება, ამიტომ ქართველთა ყველა ქმედება პოლიტიკური ბრძოლაა და დაუშვებელია ძმების რუსეთისათვის გადაცემა; სასამართლომ ბრალდებულები გაამართლა.

1910 წელს ემიგრაციაში მყოფი კერესელიძე პეტრე სურგულაძის თაოსნობით დაფუძნებული „ქართველ სეპარატისტთა ჟენევის ჯგუ­ფის“ წევრი გახდა და 1913-1914 წლებში იყო ჯგუფის მიერ დაარსებული ჟურნალ „თავისუფალი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთი რედაქტორი. I მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ჟენეველმა ქართველებმა ბერლინში „საქარ­თვე­ლოს განთავისუფლების კომიტეტი“ შექმნეს და გერმანიის დახმარებით ცდილობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელებას. კერესელიძე რედაქტორობდა კომიტეტის მიერ დაარსებულ „ქარ­თულ გაზეთს“ (1916-1918). 1918-1922 წლებში - გერმანიაში საქართველოს დელეგაციის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკის ჩინით.[1] საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა გერმანიაში. იყო გაზეთ „თეთრი გიორგის“ რედაქციის წევრი და ერთ-ერთი ავტორი. II მსოფლიო ომის წლებში (1939-1945) თანამ­შრომლობდა ბერლინში ხელისუფლების მიერ შექმნილ „კავკასიის სამმართველოსთან“ (ხელმძღვანელი ვ. ახმეტელი). პოლიტიკური საკითხების გარდა, იღვწოდა ქართველ ტყვეთა გათავისუფლებისათვის.

გიორგი გარდაიცვალა 1960 წელს. დაკრძალულია  საფრანგეთში, ვეზინეს სასაფლაოზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 627-628.;
  • წერეთელი მიხეილ. გიორგი კერესელიძე: ძვირფასი მეგობრის ხსოვნას // ბედი ქართლისა. – 1962. –N39–40. – გვ. 11–13;
  • კერესელიძე, გიორგი. საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი : (1914-1918) / გიორგი კერესელიძე // ქართული ემიგრაცია : სამეცნიერო ჟურნალი.- თბილისი, 2013.- N1 (4). - გვ.141-175

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • გიორგი კერესელიძე. ქართველები უცხოეთში. ბიოგრაფიები და მოღვაწეობა (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა).
  1. მამულია გ., სეფიაშვილი ნ., „თეთრი გიორგი“-ს იდეოლოგიურ-ორგანიზაციულ საწყისებთან: დოკუმენტები და მასალები პირადი არქივებიდან, თბ.: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 2024, გვ. 83.