სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სურგულაძე.

პეტრე როსტომის ძე სურგულაძე (დ. ოქტომბერი, 1873, ჩიბათი, ოზურგეთის მაზრა — გ. 6 სექტემბერი, 1931, სტამბოლი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

პეტრე სურგულაძე
დაბადების თარიღი 1873[1]
დაბადების ადგილი ჩიბათი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1931
გარდაცვალების ადგილი სტამბოლი
ეროვნება ქართველი
პარტია ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
ძირითადი იდეები ნაციონალიზმი
საქმიანობა პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

პეტრე როსტომის ძე სურგულძაე დაიბადა 1873 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ჩიბათში, გლეხის ოჯახში. განათლება მიიღო ჯერ ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში, შემდეგ დაასრულა თბილისის ალექსანდრეს სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომელიც დაასრულა 1894 წელს და დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა. იყო ქუთაისის სათავადაზნაური პროგიმნაზიის გამგე–მასწავლებელი, შემდეგ თბილისის კერძო გიმნაზიაში ასწავლიდა ისტორიას. ამავე დროიდან იყო ჩართული მესამე დასის მუშაობაში. ახლო ურთიერთობა ჰქონდა იაკობ გოგებაშვილთან. 1900-იანი წლების დასაწყისში დააპატიმრეს პოლიტიკური საბაბით და გააგდეს სამსახურიდან. ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას, მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიული პრესის გამოცემაში. 1905 წლის რევოლუციის შემდეგ ჩამოშორდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას და მუშაობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში მასწავლებლად.

1906 წლიდან მუშაობდა სოციალისტ-ფედერალისტების პარტიაში. ამ პარტიის მემარჯვენე ჯგუფთან ერთად დადგა ნაციონალისტურ პოზიციაზე. 1909-1910 წლებში მათთან ერთად გამოსცემდა ჟურნალ „ერს“. 1910 წლის აპრილში მიუსაჯეს კავკასიიდან 5 წლით გადასახლება, 7 აგვისტოს კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ჟურნალში გიორგი გვაზავას სტატიის „ჩეხიას“ გამოქვეყნების გამო და მიუსაჯეს ერთწლიანი პატიმრობა. სასჯელის თავიდან აცილების მიზნით არალეგალურად წავიდა ემიგრაციაში. 1910 წელს ჟენევაში დააარსა „ქართველ სეპარატისტთა ჯგუფი“ და გამოსცემდა ჟურნალს „თავისუფალი საქართველო“. 1913 წლის აპრილში დონის როსტოვში დააპატიმრეს საქართველოში არალეგალურად დაბრუნების მცდელობისას. პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას, 1914 წელს ჩამოაყალიბა „საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი“, მონაწილეობდა ქართული ლეგიონის ფორმირებასა და საქართველოში იარაღის არალეგალურად შემოტანაში. იყო ჟენევაში გამომავალი გაზეთ „თავისუფალი საქართველო“-ს რედაქტორი. სტამბოლში გამოსცა სამი ბროშურა „საქართველოს თავისუფლებისაკენ“, „დამოუკიდებელი საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობა“, „საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო“. 1917 წელს იყო ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი.

1917 წლიდან იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს. 1919 წლიდან იყო დამფუძნებელი კრების დეპუტატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში (1918–1921) პეტრე სურგულაძე ასრულებდა დიპლომატიურ მისიას როგორც საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ასევე ქვეყნის შიგნით არსებული რთული პოლიტიკური ვითარების მოწესრიგების მიზნით.აქტიურად მონაწილეობდა სამუსლიმანო საქართველოში საქართველოს ხელისუფლების განმტკიცებაში.

1921 წლის დასაწყისში წავიდა სტამბოლში კომერციული საქმიანობის წამოსაწყებად. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა სტამბოლში და იქიდან განაგრძობდა ბრძოლას საბჭოური რეჟიმის წინააღმდეგ. შედიოდა სტამბოლის პოლიტკომისიის შემადგენლობაში, იყო ედპ-ს საზღვარგარეთული ცენტრალური ბიუროს წევრი. თანამშრომლობდა პარიზში გამომავალ ჟურნალთან „თავისუფალი საქართველო“, იცავდა ქართველი ერის ყველა სასიცოცხლო ძალის გაერთიანება-შეკავშირებისა და საერთო ფრონტით მოქმედების იდეას. 1931 წელს იქვე გარდაიცვალა მოულოდნელად, გულის შეტევით. დაკრძალულია სტამბოლში. ნაშრომები აქვს საქართველოს დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების, ქართული ენისა და მწერლობის, ასევე სხვა მრავალი ეროვნული პრობლემის შესახებ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება