ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლეო ჭეიშვილი (დ. 1905, კულა — გ. 1 ნოემბერი, 1990) — ქართველი ქიმიკოსი, მეცნიერი, პოეტი, მხატვარი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დედა — მარიამ გიგინეიშვილი განათლებული ქალი იყო. მამა — პორფილე ჭეიშვილი, შეძლებული კომერსანტი, სამტრედიაში აგურის ქარხნის მფლობელი გახლდათ. მასვე შემოჰქონდა საქართველოში უცხოური ავეჯი და ფაიფურის ჭურჭელი. მათი შვიდი შვილიდან ლეო ერთადერთი ვაჟი იყო. ცოლ–ქმარს ძალ–ღონე არ დაუშურებია შვილისთვის კარგი განათლების მისაცემად. 1911 წელს შეიყვანეს არნოლდის ფრანგულ პროგიმნაზიაში, რომელიც ბათუმში ფუნქციონირებდა 1908 წლიდან. აქ სწავლება კლასიკური გიმნაზიის პროგრამით მიმდინარეობდა და საგნებს ცნობილი პროფესორები ასწავლიდნენ. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ლეომ გამოცდები ახლად დაარსებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა. პარალელურად, ფერწერით გატაცებული ჭაბუკი, ცნობილ მხატვარ ილიუშინთან ეწაფებოდა სახვითი ხელოვნების საიდუმლოებას.

1926 წელს, ლეო ჭეიშვილი, მამის რჩევით, უნივერსიტეტის მეორე კურსიდან გამოვიდა და სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში გაემგზავრა. სამშობლო 1926 წლის 14 იანვარს დატოვა, როგორც აღმოჩნდა სამუდამოდ. პირველ ხანებში მამა ფულს უგზავნიდა. როცა ეს შეუძლებელი გახდა თავს მხაზველობითი საქმიანობით ირჩენდა და გაჭირვების მიუხედავად შეუპოვრად განაგრძობდა სწავლას. ევროპაში ცხოვრების ათი წელი ნიჭიერმა ახალგაზრდამ მიზანმიმართულად გამოიყენა — ბერლინ-შარლოტენბურგის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი დაამთავრა და 1935 წელს დოქტორ-ინჟინრის ხარისხის მოსაპოვებლად სადოქტორო დისერტაციაც დაიცვა. ამის შემდეგ კაიზერ ვილჰელმის სახელობის ქიმიის ინსტიტუტში მიიწვიეს, რომელიც დღეს მაქს პლანკის სახელს ატარებს. ათი წელი იმუშავა მან ცემენტის, კერამიკისა და მატერიის სტრუქტურათა რენტგენის სხივებით გამოკვლევის დარგში, დაწერა და გამოაქვეყნა 12 სამეცნიერო ნაშრომი. აქვე აიღო პატენტი მაღალი ცეცხლგამძლე მასალების ტექნოლოგიის შემუშავებისათვის. მანვე გამოიგონა ვიბრაციული ვისკოზიმეტრი.

ემიგრაციაში ლეო ჭეიშვილი დაუახლოვდა ემიგრანტი მწერლების, აკაკი და თამარ პაპავების ოჯახს, სადაც დიდი სითბო და სიყვარული იპოვა. 1938 წელს, პარიზში, ჯვარი დაიწერა მათ უფროს ქალიშვილ ტურფა პაპავაზე და ამ ოჯახის წევრიც გახდა. 1941 წელს პაპავების უმცროსი გოგონა, მზიაც, გვარად ჭეიშვილს გაჰყვა ცოლად. ოღონდ — საშა ჭეიშვილი — გურული ჭეიშვილი გახლდათ, წარმოშობით სოფელ ასკანიდან.

ყველანი ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობდნენ გერმანიაში. მათთან იყრიდა თავს ევროპაში მიმოფანტული მთელი ქართული პოლიტიკური ემიგრაცია. ხშირი სტუმრობის ერთ–ერთი მიზეზი 1937 წელს ბერლინში შეძენილი სიონის ეკლესიიდან გატაცებული საკურთხევლის გადასაფარებელი იყო. ქართველები მის სანახავად პაპავებთან, როგორც ეკლესიაში ისე დადიოდნენ.

ლეო ჭეიშვილისთვის მეორე მსოფლიო ომი ფსიქოლოგიურად ძნელი გადასატანი გამოდგა. იგი ჯერ 21 წლისაც არ იყო, როდესაც გერმანიაში ჩავიდა, მისი აზროვნება ამ ქვეყანაში ჩამოყალიბდა. ახლა კი, ერთ მხარეზე იდგა საბჭოეთი, რომლის ნაწილს საქართველოც წარმოადგენდა, ხოლო მეორე მხარეს — გოეთესა და კანტის, ნიცშესა და ვაგნერის ქვეყანა. პაპავა–ჭეიშვილებისთვის ახალი ლტოლვილობის ხანა დაიწყო. შიმშილი, უსახლკარობა, გადაბუგული ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში ხეტიალი. ოჯახს თუ რამე გააჩნდა ომმა გაუნადგურა. იმ დროს, როცა საბჭოთა ჯარები ბერლინს მიადგნენ, ისინი სოფელ ფლადუნგენის სკოლის შენობაში იყვნენ თავშეფარებულნი. მამაკაცები ადგილობრივ გლეხებთან ერთად შრომობდნენ ლუკმა–პურისთვის. სწორედ ამ სოფელში მოუსწრო მათ ომის დამთავრებამ.

1947 წელს ლეო ჭეიშვილი გერმანიიდან ცოლ-შვილთან ერთად საცხოვრებლად საფრანგეთში გადასახლდა, სადაც მუშაობდა პარიზის პორცელანის ქარხნის ტექნიკურ დირექტორად. ომით დანგრეულ ევროპაში ჭირდა ცხოვრება. მძიმე ეკონომიკური და დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო 1948 წლიდან ლტოლვილთა დიდი ნაკადი მიაწყდა ამერიკას. პაპავა–ჭეიშვილების დიდმა ოჯახმაც იქითკენ აიღო გეზი.

თავდაპირველად არგენტინაში ჩავიდნენ, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგალურად წასვლა რთულ და ხანგრძლივ პროცედურას ითვალისწინებდა. არგენტინა კი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ყოველგვარი ფორმალურობის გარეშე ღებულობდა ახალ ემიგრანტებს ევროპიდან. გარდა ამისა, ქართველი პოლიტიკური ემიგრანტებისთვის სამხრეთ ამერიკის ეს სახელმწიფო იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ 1919 წლის 13 სექტემბერს პირველმა არგენტინამ დაუჭირა მხარი საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის იურიდიულ აღიარებას.

არგენტინაში ორთავე ჭეიშვილმა სამსახური ადვილად იშოვა. იმ პერიოდში ამ ქვეყანაში ორი თუ სამი ქართველი ცხოვრობდა. 50-იანი წლების შუა ხანებში არგენტინის ქართველთა კოლონია უკვე 40-მდე ოჯახს ითვლიდა. იმ პერიოდში სამხრეთ ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანაში ცხოვრობდნენ ევროპიდან წამოსული ქართველი ემიგრანტები, მაგრამ ლიტერატურულ–კულტურული საქმიანობა მხოლოდ არგენტინასა და ჩილეში მიმდინარეობდა, რაც თამარ და აკაკი პაპავების, ვიქტორ ნოზაძისა და ავთანდილ მერაბაშვილის დამსახურება იყო.

ლეო ჭეიშვილი 1948 წლიდან 1960 წლამდე, როგორც სილიკატური ქიმიის დარგის აღიარებული სპეციალისტი, ხელმძღვანელობდა მინერალოგიის ინსტიტუტს, სადაც გამოყენებული მასალების, ჭიქურებისა და ფერების (ჭიქურის როგორც ზედა, ისე ქვედა ფერების) კომპოზიცია მის მიერ იქნა დამუშავებული. ასევე მან შექმნა საგნების მოდელები და დეკორაციების ნიმუშებიც.

1960 წლიდან ლეო ჭეიშვილმა მეცნიერული მოღვაწეობა ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელა. იგი პროფესორის თანამდებობაზე მიიწვიეს პენსილვანიის უნივერსიტეტში, როგორც მთავარი მეცნიერ-მკვლევარი კერამიკისა და მინის დამუშავების დარგში. იგი წლების განმავლობაში მონაწილეობდა უცხოეთში საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. არის 37 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მადრიდში, 1968–1969 წლებში გამოქვეყნებული, ესპანურ ენაზე დაწერილი მისი რამდენიმე გამოკვლევა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული.

1962 წლიდან ბატონი ლეო ოჯახური მდგომარეობის გამო კვლავ ბუენოს-აირესში დაბრუნდა. მომდევნო პერიოდში იგი იყო მინერალოგიის ინსტიტუტის სილიკატური განყოფილების დირექტორი.

ტურფა პაპავასა და ლეო ჭეიშვილს ხუთი შვილი შეეძინათ: უფროსი ქალიშვილი ნინო — 1939 წელს დაიბადა, მისი მომდევნო ტურფა-მარიამი(პუსი) — 1942 წელს, მზია — თამარი (ზიკუნა) — 1944 წელს. არგენტინაში კიდევ ორი შვილი შეეძინათ: 1950 წელს — მაყვალა და 1953 წელს — დავითი.

ოჯახურმა ბედნიერებამ და სამსახურში პირადმა წარმატებებმა ვერ იხსნა ლეო ჭეიშვილი ნოსტალგიის მძიმე სენისაგან. ,,დაო ეთერ! გული ტირის საყვარელო ჩემი მიწისათვის. რა ვქნა ჩემი ბედი ასეთი ყოფილა — ცრემლი, მწუხრი, ტანჯვა და წამება“, — წერდა დას ეთერ ჭეიშვილ-ყიფიანისას, — ,,ყველა ჩემს მდგომარეობაში ბედნიერად ჩათვლიდა თავს. ქართველი მეუღლე, ხუთი ჯანმრთელი შვილი, ორი უსაყვარლესი შვილიშვილი. ყოველთვის მაღალი ,,პოსტები” ქარხნებში, უნივერსიტეტში თუ სამეცნიერო ინსტიტუტებში, მაგრამ მერწმუნე ჩემო გულის ნაწილო დაო, რომ არა ვარ ბედნიერი, ვარ წამებული და მაქვს უფრო მძიმე ჯვარი, ვიდრე ქრისტე ნაზარეველს. ამიტომ არის, რომ ჩემი ბარათები თქვენდამი სავსეა მწუხრით და სევდით” (12,7, 1971. ლომას–დე–სამორა).

პაპავა–ჭეიშვილების დიდი ოჯახი ცხოვრობდა ბუენოს–აირესთან მდებარე პატარა ქალაქ ლომას–დე სამორაში. მათ სახლში მუდამ ქართული სული ტრიალებდა. მშობლებმა იზრუნეს, რომ შვილებს დედაენა სცოდნოდათ, მათ კი, თავის მხრივ, შემდეგ თაობას ჩაუნერგეს ქართული ენის სიყვარული და პატივისცემა. ჭეიშვილების ოჯახში იყრიდა თავს იქაური ქართველობაც და საქართველოდან ჩასული სტუმრებიც. ბატონი ლეო იყო არგენტინელი ქართველების სათვისტომოს პრეზიდენტი, იგი ყოველი წლის 26 მაისს — საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რადიოთი მთელ არგენტინას მოუთხრობდა საქართველოს ისტორიის, ლიტერატურის, წარსულისა და დღევანდელობის შესახებ.

1964 წელს, არგენტინაში ჩასული სუხიშვილების ანსამბლის წყალობით ლეო ჭეიშვილმა იპოვა თავისი უმცროსი და, ეთერი, და იმ დღიდან მათ ხშირი მიწერ–მოწერა ჰქონდათ.

1974 წლის 12 აგვისტოს ეთერ ჭეიშვილი და მისი ქალიშვილი ნანა ყიფიანი პირველად ჩავიდნენ ჭეიშვილებთან. ეს დღე ბატონი ლეოსთვის განსაკუთრებით ბედნიერი იყო.

ერთი წლით ადრე, 1973 წლის აგვისტოში, მზია-თამარი (ზიკუნა) ესტუმრა დედ–მამის სამშობლოს. „აგერ ოთხი კვირა შესრულდება, რაც ზიკუნა დაბრუნდა ჩვენთან. ახლაც, ამდენი დღეების შემდეგ, ვიმყოფები ისეთი ძლიერი განცდების ქვეშ, რომ მხოლოდ ცრემლები მშველიან ავიტანო ის, რაც ჩვენმა გოგონამ თან ჩამოგვიტანა. აბა, ვინ აღწერს ყოველივე ამას. ეს მხოლოდ სიჩუმით უნდა გადაიტანო, გადახარშო, მოინელო, რომ არ დაიხრჩვე“. — აღნიშნავდა ლეო ჭეიშვილი (ლომას-დე-სამორა. 28, 9, 1973).

ემიგრანტულ ჟურნალ „კავკასიონში“ ხშირად იბეჭდებოდა სამშობლოს სიყვარულითა და მონატრების სევდით გაჟღენთილი ლეო ჭეიშვილის ლექსები. ბევრს ხატავდა. მისი ფერწერული ტილოები და გრაფიკული ნამუშევრები უხვად ამშვენებდა და დღესაც ამშვენებს შვილებისა თუ ახლობელთა ოჯახების კედლებს. ყველაზე მეტად გატაცებული იყო გრაფიკით. ბატონი ლეოს დასურათებულია სამხრეთ ამერიკაში გამოცემული აკაკი პაპავას ყველა წიგნი. მამის ნიჭი და გატაცება გამოჰყვა უფროს ქალიშვილს, ნინოს, რომელიც პროფესიონალი მხატვარი და მრავალი გამოფენის ავტორი გახლავთ არგენტინაში. მისი დასურათებულია სანტიაგო–დე–ჩილეში დაბეჭდილი გუსტავო დე ლა ტორეს მიერ ესპანურად თარგმნილი „ვეფხისტყაოსნის“ წიგნის პერსონაჟთა ილუსტრაციების გარკვეული ნაწილი.

ლეო ჭეიშვილი გარდაიცვალა 85 წლის ასაკში, 1990 წლის 1 ნოემბერს. ანდერძის თანახმად მისი ფერფლად ქცეული ნეშტი სამშობლოში გადმოსვენებამდე დროებით იქვე დაკრძალეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მარჯანიშვილი, მარიამ. ლეო ჭეიშვილი: არგენტინაში მოღვაწე ქართველი მწერალი და მეცნიერი, თბ., 2013

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლეო_ჭეიშვილი“-დან