კალაურის ნათლისმცემლის მონასტერი

კალაურის ნათლისმცემლის მონასტერი — არქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში. სოფლის სამხრეთიდან დასავლეთით ხუთიოდე კილომეტრზე, გომბორის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ტყეში.

სამონასტრო კომპლექსი განლაგებულია მთის ფერდობის ვაკე ადგილზე, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებითაა წაგრძელებული. ჩრდილოეთ მხრიდან იგი ღრმა, ფლატებიანი ხევითაა შემოსაზღვრული, ხოლო აღმოსავლეთიდან ოცდაათიოდე მეტრის ციცაბო ფერდობით, რომელიც პატარა ტაფობზე ჩადის. სამონასტრო კომპლექსში შედის: იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, სატრაპეზო, მარანი, საძვალე, კარიბჭე და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნანგრევები. მონასტერი შემოფარგლული ყოფილა რიყის ქვით ნაშენი, არაწესიერი ფორმის გალავანით, რომლის ნაწილები თითქმის მთელ პერიმეტრზეა შემორჩენილი.

ნათლისმცემლის ეკლესია

რედაქტირება

მონასტრის მთავარი ნაგებობაა: ნათლისმცემლის ეკლესია. იგი მოზრდილი,მოხდენილი და აზიდული პროპორციების სამეკლესიანი ბაზილიკაა. ნაგებობების გეგმის სწორკუთხედში ჩაწერილი ყრუ კედლებით გამიჯნული და თითო კარით დაკავშირებული სამი სადგომი, რომელიც დამოუკიდებელ ეკლესიებს წარმოადგენენ დასავლეთ ნაწილში გვერდითი ეკლესიების დამაკავშირებელი მოგრძო დერეფანია გარშემოსასვლელი, რომლის თავზე პატრონიკეა მოწყობილი. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია მთავარი ეკლესიის კამარა, საკურთხევლის კონქი. დასავლეთ გარშემოსასვლელის და პატრონიკეს გადახურვა, მონგრეულია მთავარი ეკლესიის გრძივი კედლების ზედა ნაწილები, დანგრეულია სამხრეთ ეკლესიის მნიშვნელოვანი ნაწილი. მთავარი ეკლესიის დასავლეთ გარშემოსასვლელი და სამხრეთ ეკლესიის უმეტესი ნაწილი ჩამონაშალი ქვითაა ამოვსებული. ეკლესიის დასავლეთ კედელი გადახრილია და გადაქცევის პირასაა მისული.

ეკლესია ნაგებია სწორ რიგებად დაწყობილი რიყის მოზრდილიქვით. გამოყენებულია ასევე აგურიც რომელიც მხოლოდ მთავარი ეკლესიის ზედა ნაწილებში და პატრონიკის კედლებშია გამოყენებული. აგურით ყოფილა ნაწყობი მთავარი ეკლესიის კამარის საბჯენი თაღები,კონქი, გრძივი კედლების თაღების მორთულობის ელემენტები და პატრონიკეს მნიშვნელოვანი ნაწილი. აგური მუქი წითელია იგი თითქმის ერთი სისქისაა, მაგრამ სხვადასხვა ზომის. გვხვდება ასევე ზომითა და მოყვანილობით გამოსაყენებელ ადგილებთან მისადაგებული აგურიც. შენობის ის ნაწილები, რომლებიც წყობის კომპაქტურობასა და სიზუსტეს საჭიროებს გამოყვანილია სუფთად ნათალი შირიმით. შუა ეკლესია ვრცელია და მაღალი, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომლის წინ მოკლე ბემაა. აფსიდი გადახურული იყო წესიერი ფორმის კონქით. შემორჩენილია კონქის ქუსლის წყობის რვა რიგი და მისი თაღის ჩრდილოეთ ქუსლის ნაწილი იგი ნალისებრი ფორმისაა და დაყრდნობილია აგურის იმპოსტზე, რომლის პროფილს შეადგენს: თარო და ცერად ჩამოკვეთილი სიბრტყე. აფსიდის მხრები თავისებურადაა გადაწყვეტილი. მისი ზედა ნაწილი ქვედას მიმართ დაახლოებით ოცი სანტიმეტრით გადმოშვერილია და საფეხურს ქმნის, რომელიც აფსიდის კუთხეებიდან ღერძისაკენ თანდათან მცირდება და ქრება, აფსიდის კუთხეების ქვედა და ზედა ნაწილები განსხვავეული საშენი ნაწილებითა გამოყვანილი. ქვედა ნახევარში კუთხეები შირიმის ქვისაა ზედა ნახევარში კი აგურის. მოგვიანებით საკურთხეველი აუმაღლებიათ, ხოლო აფსიდის გვერდებზე მიუშენებიათ აგურის ნატეხებით ნაწყობი თხელი ფენა რომელშიც მოუწყვიათ თითო განიერი ოდნავ შეისრულთაღოვანი ნიშა. მათგან სამხრეთისა მთლიანადაა შემორჩენილი, ჩრდილოეთისა კი სანახევროდ. სამხრეთ ნიშაში თაღის წვერთან მოჩანს აფსიდის თავდაპირველ კედელში მოწყობილი მცირე სწორკუთხა ნიშა. აფსიდის ღერძზე გაჭრილია შირიმის ქვით მაღალი და ფართო თაღოვანი სარკმელი რომელსაც გადხურვა და გვერდების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოშლილი აქვს.

საკურთხეველში სარკმლის წინ შემორჩენილია აგურის ტრაპეზის ნანგრევი, ხოლო აფსიდის ჩრდილოეთ კუთხესთან აგურისავე კანკელის მცირე ნაწილი. აფსიდს ევლება განიერი ხარიხი, რომლის შუაში სარკმლის ქვემოთ გამოყვანილია მონასტრის წინამძღვრის დასაჯდომი ადგილი. აფსიდის ბოლოების მსგავსადაა დანაწევრებული ბემის კედლებიც აქაც იმავე დონეზე კედლის სიგანის საფეხურია შექმნილი, რომლის ქვემოთ კედელი რიყის ქვისა, ზემოთ აგურის. კედელი დასრულებულია აგურისავე იმპოსტით რომელზეც დაყრდნობილი იყო საბჯენი თაღი. მოგვიანებით ბემის ჩრდილოეთ კედელი გაუნგრევიათ და გაუკეთებიათ სამკვეთლოში გასასვლელი კარი. მთავარ ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამივე კარი შიგნით თაღოვანია ხოლო გარედან მოზრდილი ქვიშაქვის ზღუდერით თარაზულადაა გადახურული, ამჟამად სამხრეთ კარის ზღუდარი და მის ზემოთ რიყის ქვის წყობის ნაწილი ჩამოშლილია.დარბაზის გრძივი კედლების შუაში და დასავლეთ კიდეებში, შირიმითა და რიყის ქვით ამოყვანილი თითო მძლავრი პილასტრია, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობოდა. პილასტრებს შორის თითო ყრუ თაღია, მათ დასაყრდნობად დასავლეთ პილასტრებს იატაკიდან 2,5 სიმაღლეზე მოწყობილი აქვთ ორი საფეხური. მსგავსი საფეხურების კვალი შუა პილასტრებს გვერდებზეცაა, მთავარი ეკლესიის კამარა რიყის ქვით ყოფილა ნაგები.მთავარ ეკლესია საკურთხევლის სარკმლის გარდა როგორც ჩანს სამხრეთ კედელში მოწყობილი კიდევ ორი სარკმელი აშუქებდა. ამჟამად სარკმლების სავარაუდო ადგილზე კედელი დანგრეულია და მათი კვალი არ ჩანს. განათების დამატებით წყაროს ქმნიდა დასავლეთ კედელში მოწყობილი სამი ფართო და მაღალი თაღოვანი ღიობი,რომლებიც დასავლეთ კარიბჭის მეორე სართულში პატრონიკეში გადიან,ორი მათგანი პატრონიკის იატაკიდან 0,6 მეტრ სიმღლეზეა ხოლო მესამე მათ ზემოთაა, ღიობების გამმიჯნავე სწორკუთხა ბოძის თავზე. სამივე ღიობი და ბოძი მთლიანად აგურითაა გამოყვანილი, ღიობები გადახურულია, ნალისებრი თაღით-წვერში უმნიშვნელო ტეხილით. ქვედა ღიობების თაღები დაყრდნობილია ერთრიგად დალაგებული აგურით გამოყვანილ იმპოსტებზე, რათა პროფილი დანარჩენი იმპოსტების ანალოგიურია. ზედა ღიობის თაღის იმპოსტები იმავე პროფილისაა და აგურის ორი რიგისგან შედგება. მოგვიანებით ზედა და ჩრდილოეთ ღიობი სანახევროდ აგურით ამოუშენებიათ. ეკლესიის აფსიდში და აქა-იქ კედლებზე შემორჩენილია ნალესობის ქრონოლოგიურად განსხვავებული ორი ფენა. მთავარი ეკლესიის დარბაზის აღმოსავლეთ ნაწილის მიწისა და ნანგრევებისგან გაწმენდის შედეგად გამოჩნდა კირის ხსნარით მოლესილი იატაკი. სამკვეთლო გეგმით სწორკუთხაა,გადახურულია ნახევარწრიული კამარით. ერთადერთი შესასვლელი მას დასავლეთ კედელში ჩრდილოეთ ეკლესიიდან აქვს. კარი თაღოვანია და მთლიანად რიყის ქვითა გამოყვანილი. მეორე მოგვიანებით გაჭრილი კარი, რომელიც მას საკურთხეველთან აკავშირებს, სამკვეთლოს იატაკიდან 0,3 მეტრის სიმაღლზეა. იგი გაცილებით ვიწროა და დაბალი. მისი წირთხლები, საკმაოდ დაუდევრად ძირითადად კრამიტის და აგურის ნატეხებითაა ამოყვანილი. სამკვეთლო განათებულია აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი ვიწრო სარკმლით, რომელსაც მხოლოდ სამხრეთის წირთხლის მცირე ნაწილიღა შემორჩა, სათავსის სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდესთან მოწყობილია ფართო და მაღალი, ნახევარწრიული თაღით გადახურული ნიშა, რომელიც როგორც ჩანს მოგვიანებითაა გაფართოებული. მისი აღმოსავლეთ კუთხე, თითქმის მთელ სიმაღლეზე შირიმისაა, ხოლო თაღი და დასავლეთ კუთხე რიყის ქვისა და ნაწილობრივ ნატეხი აგურის. სამხრეთ ეკლესია ერთიანი ცილინდრული კამარით გადახურული ვიწრო და გრძელი სივრცეა, აღმოსავლეთით იგი დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით. აფსიდში გაჭრილია ნახევარწრიულთაღიანი ვიწრო სარკმელი, რომელიც მთლიანად შირიმის ქვითაა გამოყვანილი. აფსიდი გადახურულია ქონქით, ქონქის თაღი ნახევარწრიულია, ჩრდილოეთ თაღი ეყრდნობა შირიმის მარტივპროფილიან იმპოსტს, რომლის პროფილს თარო და ოდნავ შეზნექილი მრუდი შეადგენს.

თაღის სამრეთის ქუსლი აფსიდის კუთხის ზედა ნაწილთან ერთად ჩამოშლილია. სამხრეთ ეკლესიის სამხრეთ კედელში მოწყობილი იყო სამმალიანი თაღოვანი შესასვლელი. თაღები რიყის ქვით ყოფილა ნაწყობი და გადაყვანილი იყო ორ რვაწახნაგა ბოძზე. თაღებიდან მხოლოდ აღმოსავლეთ თაღის აღმოსავლეთ ქუსლის წყობის სამი ქვა და შირიმის იმპოსტის მცირე ნაწილია შემორჩენილი. მოგვიანებით, ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილში აუგიათ რიყის ქვის განივი კედელი-ვიწრო შესასვლელით შუაში და ეკლესიის ეს ნაწილი დანარჩენი სივრცისგან გაუმიჯნავთ. სამხრეთ ეკლესიის კამარის შუა ნაწილი ჩამოშლილია. დასავლეთით კამარა ეყრდნობა მთავარი ეკლესიის დასავლეთ კედლის ხაზზე მდებარე საბჯენ თაღს, რომელშიც შირიმის კონსოლებზეა გადაყვანილი. ჩრდილოეთ ეკლესია უფასადოა, აღმოსავლეთით დასრულებულია სწორი კედლით, რომელშიც მოწყობილია სამკვეთლოს შესასვლელი. ჩრდილოეთიდან ეკლესიას ორი თაღოვანი შესასვლელი აქვს.

თაღები გამოყვანილია თხელი, მოგრძო რიყის ქვებით და დაყრდნობილია შირიმის პროფილირებულ, მაღალ იმპოსტებზე. მოგვიანებით ორივე შესასვლელი ამოუშენებიათ. სადგომის დასავლეთ ბოლოში მთავარი ეკლესიის დასავლეთ კედლის ხაზზე, შირიმის მარტივი პროფილის კაპიტელით დასრულებული ორი მძლავრი პილასტარია, რომლებზეც გადაყვანილია ნახევარწრიული საბჯენი თაღი. თაღის ზემოთ, კარამდე კედელია აყვანილი. ეს კონსტრუქცია ჩრდილოეთ ეკლესიის სივრცეს დასავლეთ კარიბჭისგან გამოყოფს. უფრო გვიან ჩრდილოეთ ეკლესიის შუაში აუგიათ განივი კედელი, რომელთაც სივრცე ერთმანეთთან კარით დაკავშირებულ ორ ნაწილად გაუყვიათ. ჩრდილოეთ ეკლესიის კამარაც ნახევარწრიულია, საბჯენი თაღების გარეშე. დასავლეთით სამივე ეკლესიას აკრავს ორსართულიანი კარიბჭე, რომელსაც ერთადერთი თაღოვანი შესასვლელი აქვს დასავლეთიდან. კარიბჭის პირველი სართული მიწითა და ქვით თითქმის მთლიანადაა ამოვსებული და მისი თავდაპირველი არქიტექტურული გადაწყვეტა, გასუფთავების გარეშე არ ირკვევა, როგორც ეს შემორჩენილი ნაშთებით შეიძლება ვიფიქროთ, სართული გადახურული ყოფილა ერთიანი კამარით, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ ეკლესიების კამარებს მართი კუთხით კვეთდა ისე რომ მათ შეხვედრის ადგილზე დიაგონალური ნაკერი იქმნებოდა. კარიბჭის პირველი სართული, მთავარი ეკლესიის გრძივი კედლების ხაზზე მოწყობილი პილასტრებითაა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღებით, სამ ნაწილად იყო გაყოფილი, თუ როგორ ადიოდნენ კარიბჭის მეორე სართულზე არ ჩანს, თუმცა შეიძლება დავუშვათ რომ პატრონიკეზე ასასვლელი ღიობი კარიბჭის ჩრდილოეთ ნაწილის კამარაში იქნებოდა მოწყობილი.

კარიბჭის მეორე სართულის პატრონიკე, სამი ნაწილისგან შედგება,რომლებიც თითო ვიწრო ნალისებრთაღოვანი გასასვლელით უკავშიდებოდნენ ერთმანეთს. პატრონიკეს შუა ნაწილი გეგმით თითქმის კვადრატულია და გვერდით ნაწილებთან შედარებით ბევრად უფრო მაღალია. მთავარი ეკლესიის სივრცეში იგი გახსნილი იყო სამი ფართო, მაღალი ნალისებრთღოვანი ღიობით. განათებული იყო დასავლეთ კედლის ღერძზე გაჭრილი განიერი, ნალისებრი თაღით გადახურული სარკმლით, რომელიც მთლიანად აგურითაა გამოყვანილი. აგურისავე ყოფილა კამარა, მისი ღერძის მთავარი ეკლესიის გრძივი ღერძის გაგრძელებაზეა. დასავლეთით კამარა დასრულებული იყო კონქით, რომლის ნახევარწრიული საფუძველი შექმნილია კუთხეებში მოწყობილი ორი ტრომპით. გარედან ქონქი შემოფარგლულია სამწახნაგით, რომელსაც დამოუკიდებელი გადახურვა ჰქონია. პატრონიკეს გვერდის ნაწილებიდან სამხრეთისაკენ დაახლოებით 0,8 მეტრ სიმაღლეზე მხოლოდ დასავლეთ კედელიღა შემორჩა, ჩრდილოეთ ნაწილს ფასადი ბაზილიკური ნაგებობების ტიპური აბრისითაა წარმოდგენილი, მაღალ და ორფერდა სახურავით დასრულებული შუა ეკლესიის კედლის სიბრტყეს ორივე მხრიდან ერთვის შედარებით დაბალი ცალფერდა სახურავებით დასრულებული გვერდის ეკლესიების კედლის სიბტყეები.

ფასადის ღერძზე საკურთხევლის სარკმლის თავზე მცირედ შეღრმავებული სწორკუთხა არეა, რომელსაც ზემოდან და გვერდებზე ჩარჩოსავით ევლება, კედლის სიბრტყიდან ოდნავ შვერილი აგურებით გამოყვანილი თავსართი ჰორიზონტალურად გადანაკეცებით ბოლოებში. სარკმელი გადახურული იყო შირიმის ერთ ქვაში გამოკვეთილი ნახევარწრიული თაღით. სარკმლის ზემოთ, ფრონტონის თითქმის მთელ სიგანეზე, გამოყვანილია ნალისებრი ყრუ თაღი. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელი დგას ლოდებით ნაწყობ ერთსაფეხურიან ცოკოლზე. შენობის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადები ფორმათა აღნაგობით ერთმანეთის ანალოგიურია. ფასადის ქვედა, გვერდითი ნავების საფეხურით წინწამოწეული ნაწილი, დასავლეთით, კოშკისებურად მაღლდებოდა და ფრონტონით იყო დასრულებული. სამხრეთ ფასადზე მთავარი ნავის კედელი ლეკალური აგურით გამოყვანილი შეწყვილებული ლილვებით იყო მორთული. ლილვები ეყრდნობა აგურის ერთრიგიან შრეს, რომელიც ფასადს მთელ სიგრძეზე გასდევს, ამ შრის ქვემოთ მოჩანს ნალესობით გამოყვანილია დაახლოებით ოც სანტიმეტრიანი სიმაღლის ზოლი, რომლის ძირთან იწყება გვერდის ნავის სახურავი. ჩრდილოეთ ფასადიც მნიშვნელოვანი დანაკარგებითაა შემორჩენილი. მთავარი ეკლესიის ჩრდილოეთ კედლიდან აქ, მხოლოდ მცირე ნაწილიღა მოჩანს, იგი როგორც ჩანს სამხრეთ კედლის მსგავსად, ყრუ თაღებით იყო გაფორმებული. ჩრდილოეთ ეკლესიის კედელი მთელ სიმაღლეზე დგას. კედელის დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია ლავგარდანის დაახლოებით 1,6 მეტრ სიგრძის მონაკვეთი, რომელიც შედგება თარაზულად დალაგებული და ერთიმეორის მიმართ გამოშვერილი თხელი ქვების ოთხი რიგისგან. ლავგარდანი დასავლეთით კარიბჭის საზღვართან წყდება. ამ ადგილას პატრონიკეს ჩრდილოეთ კედლის ნაწილია შემორჩენილი რომელიც ლავგარდანის მიმართ დაახლოებით ოცდახუთი-ოცდაათი სანტიმეტრითაა შემაღლებული. დასავლეთით ფასადი განიერი და მაღალი ყრუ საიბრტყეა, იგი შუა ნაწილში შემაღლებული პატრონიკეს ცენტრის ნაწილის კედლის სიბრტყით, რომლის ზედა ნახევარი სამწახნაგოვანია.

ფასადის ღერძზე, ქვედა ნაწილში დასავლეთ კარიბჭის ვიწრო თაღოვანი შესასვლელია, კედლის შემაღლებულ ნაწილში კი პატრონიკეს სარკმელი. სარკმელი გადახურული ყოფილა შირიმის ქვაში გამოკვეთილი თაღით, რომელსაც რელიეფური თავსართი ქჰონდა. ეკლესია გადახურული ყოფილა ბრტყელი და ღარისებრი კრამიტის კომბინირებული წყობით. ეკლესია აშკარად ატარებს ფორმათა ძიებისა და მხატვრული გამომსახველობის ზრდის ნიშნებს. კომპოზიციური ჩანაფიქრებისა და ხუროთმოძღვრული ფორმების აგების თვალსაზრისით იგი ამ ტიპის ნაგებობების ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია. ეკლესიის კედლების წყობაში ორი ძირითადი ნაწილი გამოიყოფა, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავებული საშენი მასალითაა ნაწყობი, როგორც ჩანს ისინი ერთმანეთისაგან ქრონოლოგიურად განსხვავდებიან. შენობის ქვედა ნაწილის კომპოზიციაში, რომელიც მოიცავს მთავარი ეკლესიის ქვედა ნახევარს საკურთხევლის აფსიდში არსებულ საფეხურამდე, გვერდით ეკლესიებს და დასავლეთის გარშემოსასვლელს, სახეზეა ისეთი სპეციფიკური ნიშნები, რომლებიც მას VI-VII საუკუნეების ძეგლებთან აახლოვებს, ხოლო ზედა ნაწილი, ინტერიერისა და ფასადების გაფორმების ელემენტებით და არქიტექტურული ფორმებით, მომდევნო პერიოდის სახელდობრ IX საუკუნის ძეგლებს უკავშირდება.

ამრიგად შესაძლოა გამოითქვას ვარაუდი რომ ეკლესიის აგებიდან გარკვეული დროის შემდეგ, რაღაც მიზეზით, მან საფუძვლიანი გადაკეთება განიცადა. ჩრდილოეთიდან ეკლესიას ეკვრის მთლიანად რიყის ქვით ნაგები მცირე ზომის ნახევარწრიული სამლოცველო, რომლისგანაც შემორჩენილია აფსიდის ჩრდილო გვერდით კონქთან ერთად, საკურთხევლის სარკმლის ჩრდილოეთ წირთხლის მცირე ნაწილი და ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნახევარი. სამლოცველოს შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია, აფსიდში სარკმლის ქვემოთ, კედელზე. მიშენებულია სწორკუთხა ტრაპეზი. გარედან კედლები დასრულებული ყოფილა თაროსებრი ლავგარდანით, სამლოცველო გადახურული ყოფილა, კრამიტის ცალფერდა სახურავით.

სატრაპეზო

რედაქტირება

სატრაპეზო დგას ეკლესიის დასავლეთით ოციოდე მეტრზე. განეკუთვნება IX საუკუნეს. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილი კედლების დიდი ნაწილი ხუთ-ექვს მეტრ სიმაღლეზეღა დგას, ნაწილი 1-1,5 მეტრ სიმაღლეზეა. ნაწილი მთლიანად დანგრეულია: კედლებზე ამოსულია ხეები და ბუჩქები, იატაკი მიწითა და ნანგრევებითაა დაფარული, რის გამოც ნაგებობის თავდაპირველი ფორმებისა და გვიანდელი სახეცვლილებების შესახებ დაბეჯითებით რაიმეს თქმა ძნელია. შენობა ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. კედლების ზედაპირი შიგნით და გარეთ გასწორებული ყოფილა ბათქაშით, რომელიც მხოლოდ აქა-იქღაა შემორჩენილი. ნაგებობა სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებითაა წაგრძელებული. შედგება ორი სათავსისგან. ჩრდილოეთით მდებარე სათავსის დარბაზი უფრო დიდია, სამხრეთისა უფრო პატარა, სათავსები ერთმანეთთან გამიჯნულია სქელი კედლით რომელშიც მოწყობილია ორი მაღალი და განიერი ოდნავ შეისრულთაღოვანი ღიობი. მოგვიანებით აღმოსავლეთით მდებარე ღიობი აგურით ამოუშენებიათ და დაბალი სწორკუთხა გასასვლელი მოუწყვიათ. იმავე ზომისა და მოხაზულობის ორ-ორი ყრუ თაღია დარბაზის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებშიც.

დასავლეთ თაღებს შორისს მაღალი და განიერი ოდნავ შეისრული თაღია, რომელიც დარბაზის მხრიდან ორსაფეხურიანია. იგი დაყრდნობილია შირიმის ერთ ქვაში გამოკვეთილ მარტივპროფილიან იმპოსტებზე და გაფორმებულია პატარა, ერთმანეთზე ბოლოებით გადაბმული ნახევარწრიული თაღების უწყვეტი მწკრივით. დეკორატიულადაა აქცენტირებული წირთხლების წინა საფეხურიც, რომელი სამი შეჯგუფებული ლილვისგან შედგება. ამ თაღით დარბაზი დაკავშირებულია პატარა განცალკევებულ სათავსთან, რომელიც შენობის დასავლეთ კედლის ხაზიდან მთლიანად გარეთაა გასული და დამოუკიდებელი ორფერდა სახურავი ხურავს. სათავში გეგმით თითქმის კვადრატულია, გადახურულია ოდნავ შეისრული კამარით, რომლის მთელი ზედაპირი დამუშავებულია წყობაში ოდნავ შეღრმავებული და ერთმანეთზე მიყრდნობილი რომბებით. კამარა დასავლეთით დაყრდნობილია კედლის მიმდებარე საბჯენ თაღზე, თაღი კი მომრგვალებულ პილასტრებზე. თაღის ქუსლებთან გამოყოფილია შირიმის მაღალი იმპოსტები, რომელთა პროფილს თარო და ოდნავ შეზნექილი ზედაპირი ქმნის. დასავლეთ კედლის ღერძზე, ქვემოთ განთავსებულია ორი საფეხურით შეღრმავებული და სამფრთიანი თაღით გადახურული ნიშა, ამ ნიშის ზემოთ ყოფილა თაღოვანი სარკმელი, რომლის მხოლოდ ქვედა ნაწილია შემორჩენილი. ოთახის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების ღერძზე ოდნავ შეისრულთაღიანი თითო ნიშაა განთავსებული. კონსტრუქცია მდგრადობის მიზნით სათავსის კედლები დარბაზის კედლებთან დაკავშირებული ყოფილა წყობაში დატანებული ხის ძელებით, რომელთა ანაბეჭდი შემორჩენილია როგორც დარბაზის დასავლეთ კედელში,ისე სათავსის გარეგან კედლებშიც. დარბაზის აღმოსავლეთ კედლის ბოლოებთან თითო დაბალი და ოდნავ შეღრმავებული ყრუ თაღია.

თაღებს შორის თითქმის მათივე სიმაღლისა და სიღრმის სწორკუთხა არეა, რომელშიც სატრაპეზოს მთავარი შესასვლელია მოწყობილი, თვით თაღებში კი თითო განიერი და ბრტყლად გადახურული სარკმელი. თითო მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელია ჩრდილოეთ კედლის თაღებშიც. მათგან დასავლეთით მდებარე სარკმლისგან მხოლოდ წირთხლებიღა შემორჩა, ამ სარკმლის ქვემოთ როგორც ჩანს, ადრე დარბაზზე ჩრდილოეთიდან მიშენებულ ნაგებობაში გასასავლელი კარი ყოფილა, რომელიც მოგვიანებით გაუუქმებიათ და მის ნაცვლად ბუხარი მოუწყვიათ. ერთი თაღოვანი სარკმელია დასავლეთ კედლის სამხრეთ თაღში. ამჟამად ამ კედლის ჩრდილო ნაწილი თაღთან ერთად მთლიანად დანგრეულია. დარბაზს ბრტყელი გადახურვა ჰქონია. გადახურვა გამართული ყოფილა ხის უზარმაზარ კოჭებზე.

ჩრდილოეთ კედლის გარედან შემორჩენილი კვალის მიხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ დარბაზი თავდაპირველად ერთსართულიანი ყოფილა და ორფერდა სახურავით იყო გადახურული. მოგვიანებით დარბაზის თავზე მოუწყვიათ მეორე სართული, რომლის აღმოსავლეთ კედელზე გარედან მიშენებული ქვის კიბით ადიოდნენ. სამხრეთით მდებარე სათავსი გეგმით თითქმის კვადრატულია. სათავსის აღმოსავლეთ კედელში მოწყობილია გარეთ ნახევარწრული გამოშვერილი მოზრდილი ბუხარი. სამხრეთის კედლის აღმოსავლეთ კიდესთან ვიწრო კარია, ხოლო დასავლეთ ნაწილში მაღალი სწორკუთხა ნიშაა, რომელშიც სწორკუთხა სარკმელია მოწყობილი. სათავსის დასავლეთ კედელი ამჟამად თითქმის მთლიანადაა დანგრეული. სათავსის შუაში შემორჩა რიყის და ნატეხი ქვით ნაგები კვადრატული ბოძი, რომელსაც როგორც ჩანს, გადახურვის ხის კოჭები ეყრდნობოდა. ოთახის შემორჩენილი კედლებიდან ჩანს, რომ იგი დარბაზზე უფრო დაბალი ყოფილა და ცალფერდა სახურავი ეხურა. მოგვიანებით სათავსის მხრიდან დარბაზის სამხრეთ კედელზე მიუშენებიათ კედელი, რომელშიც ამოშენებული და გარედან შელესილი ღიობის კვალია. გარედან სატრაპეზოს კედლები ნაწყობია რიყის ქვითა და პირგადასწორებული ნატეხი ქვით, ფასადებიდან მხოლოდ აღმოსავლეთისაა გაფორმებული, ფასადის შუაში მოწყობილია განიერი და მაღალი კედლის სიბრტყიდან საგრძნობლად გამოშვერილი პორტალი, რომელსაც როგორც ჩანს, ორფერდა სახურავი ეხურა. თვით შესასვლელი ოდნავ შეისრული თაღითაა გადახურული, რომლის ზემოთგამოსახულია წყობაში შეღრმავეული ტოლმკლავა ჯვარი. საგანგებოდააა გაფორმებული პორტალის ნახევარწრიული თაღი, რომელიც დამუშავებული მოზრდილი ერთმანეთზე ბოლოებით გადაბმული ნალისებრი თაღების რიგით არის მორთული. თაღი დაყრდნობილია შირიმის პროფილირებულ იმპოსტებზე, იმპოსტები კი სამი შეჯგუფებული ლილივით შექმნილ სვეტზე. პორტალის ორივე მხარეს ოდნავ შეისრული თაღით დასრულებული, განიერი და მაღალი თითო შეღრმავებაა, რომელშიც დარბაზის შესაბამისი სარკმლები გამოდის.

სატრაპეზოს ჩრდილოეთიდან ეკვროდა მოზრდილი ნაგებობა, რომლის აღმოსავლეთ კედელი სატრაპეზოს აღმოსავლეთ კედლის ხაზზეა. სადგომს შესასვლელი ჰქონდა აღმოსავლეთიდან. ინტერიერი დაფარულია ნანგრევებითა და ხშირი მცენარეულობით, რის გამოც მისი გეგმარების დადგენა ამჟამად არ ხერხდება. ეკლესიის ჩრდილოეთიდან ეზოს მთელ სიგრძეზე, ჩანს ნაგებობათა კედლების ნაშთები.

ეკლესიის სამხრეთით ოციოდე მეტრზე შემორჩენილია რიყის ქვით ნაგები კარიბჭის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლების ნაწილები, ხოლო აღმოსავლეთით, თითქმის იმავე მანძილზე სანახევროდ მიწაში ჩაფლული კამაროვანი საძვალეა. იგი მთლიანად რიყის ქვითაა ნაგები და კრამიტის ორფერდა სახურავი ხურავდა. მიცვალებულის შესასვენებლად საძვალის დასავლეთ კედელში მოწყობილია კვადრატული ხვრელობი, რომელზეც გარედან ქვის ფილაა მიფარებული, ხვრელობის ქვემოთ მიცვალებულის დასასვენებელი ტახტია. ამჟამად აკლდამაში მოხვედრა კამარის აღმოსავლეთ კიდეში წარმოქმნილი ვიწრო ხვრელობით შეიძლება. მონასტრის დასავლეთით სამოც-სამოცდაათ მეტრზე, ღელესთან ახლოს, შემორჩენილია ქვითკირის კედლის ნაწილი, რომელიც შესაძლოა მონასტრამდე წყლის მისაყვანად იყო განკუთვნილი.

2007 წელს ეკლესიაზე ჩატარდა არქეოლოგიურ გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროს შესაძლებელი გახდა ინტერიერის ნაწილობრივ გაწმენდა. მთავარი ეკლესიის აღმოსავლეთ ნახევრის გაწმენდის შემდგომ საკურთხევლის წინ გაითხარა აღმოსავლეთ და დასავლეთ ღერძზე დამხობილი ამოშენებულკედლებიანი სამარხი, რომელიც მდებარეობდა იატაკის დონიდან 0,5 მეტრ სიღრმეზე. სამარხის კედლები შელესილი იყო დუღაბით, სახურავი შედგებოდა ქვიშაქვის სამი ფილისგან, რომელთაგან შუა და აღმოსავლეთით მდებარე ფილა ჩამტვრეული იყო. სამარხის ფსკერი თიხის სქელი ფენით იყო მოსწორებული. სამარხის სამხრეთ ნახევარში დასვენებული იყო ალი, ასაკი ანთროპოლო ვლადიმერ ასლანიშვილის დასკვნით ორმოცი-ორმოცდაათი წელი იქნებოდა. სამარხში ინვენტარი არ დადასტურებულა, სტრატიგრაფიული მონაცემების საფუძველზე, იგი სავარაუდოდ IX საუკუნეში უნდა ყოფილიყო მოწყობილი. გაწმენდის შედეგად მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ძირითადად წარმოდგენილია სუფრის, საოჯახო, სამზარეულო და სამშენებლო კერამიკით. ნანგრევების ფენაში არც ერთი მოჭიქული ნიმუში არ აღმოჩენილა. აღსანიშნავია წერნაქით შეღებილი, წითელკეციანი ჯამების ფრაგმენტები, რომლებიც გვიანდელი შუა საუკუნეებით თარიღდება. სამშენებლო კერამიკა წარმოდგენილია აგურითა და ორი სახის კრამიტით. კრამიტის ზოგიერთ ნიმუშზე ამოკაწრულია კლაკნილი ხაზები ან გამოყვანილია დიაგონალურად ურთიერთგადამკვეთავი რელიეფური ხაზები. ბრტყელი გვერდებაკეცილი კრამიტებიდან ზოგიერთზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა ამავე ჯვრის ორკაპა ბოლოებზე, ქვედა მკლავის ძირში გამოსახულია მთავრული ასო „ა“, ზოგიერთ ბრტყელ კრამიტზე კი — ქარაგმიანი ორი მთავრული ასო „ტბ“.

ლიტერატურა

რედაქტირება