წერნაქი — წითელი, მეწამული ფერის საღებავი, გამოიყენება თიხის ჭურჭლის მოსახატად. წერნაქი გამშრალ თიხის ჭურჭელს გამოწვის წინ უნდა წაესვას. თავიდან იგი მიწის ფერისაა, მაგრამ გამოწვის შედეგად წითლდება.

წერნაქი ბუნებაში სამი სახითაა წარმოდგენილი: იგი ან კლდეშია, საიდანაც ხელით გამოიღებენ, ან მინდორშია მიმობნეული, ანკიდევ ფიქალ ქვებს შორისაა მოქცეული. იგი არსებობს ფხვნილის ან „კაკლისტოლა კორხების“ სახით.

წერნაქის გამოყენებას ქართულ კერამიკაში უძველესი ტრადიციები აქვს. ამის დადასტურებაა ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებით დათარიღებული მოწერნაქებული ჭურჭელი თრიალეთის ყორღანებიდან. ძველ საქართველოში წერნაქს სახლის ნაწილების მოსახატავადაც იყენებდნენ. დასავლეთ საქართველოში გასულ საუკუნეში ამ საღებავს ზანდუკების დასაჭრელებლად ხმარობდნენ.

აღმოსავლეთ საქართველოში წერნაქის საბადოებად მიჩნეულია კასპის მუნიციპალიტეტში ფაშიანის გორა, რომელსაც ახალქალაქელი მეჭურჭლეები იყენებდნენ, ქიზიყელი მეჭურჭლეები კი კარდანახის მთაში მოიპოვებდნენ. შიდა კახეთის ოსტატები გარე კახეთიდან — მარტყოფ-ლილო-პატარძეულის მიდამოებიდან ეზიდებოდნენ. მცხეთელებისათვის წერნაქის ბუდედ ბებრისციხის შემოგარენი ითვლებოდა. შროშელ მეჭურჭლეებს იგი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითიდან მოჰქონდათ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2011 ISBN 978-9941-10-489-3

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება