ინდიგირკა
ინდიგირკა[1] (რუს. Индигирка; ძვ. სახელწ. — სობაჩია) — მდინარე რუსეთში, იაკუტიაში (სახაში). სიგრძე 1790 კმ, აუზის ფართობი 362 ათ. კმ². სათავეს იღებს ორი წყაროთი — ხასტახი და ტარინ-იურახი (ხალკის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე), ჩაედინება აღმოსავლეთ ციმბირის ზღვაში. ინდიგირკის ხეობა იყოფა ორ ნაწილად: მთის (640 კმ, ხასტახისა და ტარინ-იურახის შეერთებიდან სოფელ კრესტ-მაიორამდე) და ვაკის (1150 კმ, შესართავამდე). შემდგენელი მდინარეების შეერთების შემდეგ მიედინება ჩრდილო-დასავლეთისკენ, ოიმიაკონის მთიანეთის ამაღლებულ ნაწილში, შემდეგ ბრუნდება ჩრდილოეთისკენ და კვეთს ჩერსკის მთაგრეხილის მთათა ჯაჭვებს. კალაპოტი კენჭიანია, ბევრია ჩქერვალი, დინების სიჩქარე 2–3,5 მ/წმ-ია. ჩემალგინის ქედის გადაკვეთის რაიონში მიედინება ღრმა ხეობაში, წარმოქმნის ჭორომებს (ყველაზე დიდი — ბუსიკა); დინების სიჩქარე 5 მ/წმ-ზე მეტია. ამ მონაკვეთზე ძირითადი შენაკადებია: ნერა (მარჯვენა), კუიდუსუნი, კიუენტე, ჩიბაგალახი (მარცხენა). მომა-სელენიახის ღრმულში იწყება დინების ვაკის მონაკვეთი. ხეობა ფართოვდება, კალაპოტში მრავლადაა ქვიშის მეჩეჩები და ცელები, ადგილ-ადგილ იტოტება. გვერდს უვლის მომის ქედს და მიედინება დაბლობის ვაკეზე, კვეთს პოლოუსის ჭიუხის განშტოებებს და შემოუვლის კონდაკოვის ზეგანს. აბიის დაბლობზე დაკლაკნილია, იანა-ინდიგირკის დაბლობზე მისთვის დამახასიათებელია 350–500 მეტრის სიგანის სწორი და გრძელი მუხლები. ამ ვაკეზე ძირითადი შენაკადებია: მომა, ბადიარიხა (მარჯვენა), სელენიახი, უიანდინა, ბიორიოლიოხი (მარცხენა). შესართავიდან 130 კმ-ზე იყოფა ტოტებად (რუსკო-უსტინსკაია, სრედნაია, კოლიმსკაია, ულაროვსკაია და სხვ.), წარმოიქმნება დელტა (ფართობი 7500 კმ²). შესართავი ზღვისგან გამოყოფილია ვრცელი წყალმარჩხი ადგილით.[2]
ინდიგირკა რუს. Индигирка | |
---|---|
ინდიგირკა უსტ-ნერაში | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეულები | სახა (იაკუტია) |
მარჯვენა შენაკადები | ნერა, მომა, ბადიარიხა |
მარცხენა შენაკადები | კუიდუსუნი, კიუენტე, ჩიბაგალახი, სელენიახი, უიანდინა, ბიორიოლიოხი |
სათავე |
ხასტახისა და ტარინ-იურახის შეერთება 63°06′41″ ჩ. გ. 144°11′07″ ა. გ. / 63.11139° ჩ. გ. 144.18528° ა. გ. |
შესართავი |
აღმოსავლეთ ციმბირის ზღვა 71°26′44″ ჩ. გ. 150°51′39″ ა. გ. / 71.44556° ჩ. გ. 150.86083° ა. გ. |
სიგრძე | 1790 კმ |
აუზის ფართობი | 362 ათ. კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1600 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ინდიგირკა ვიკისაწყობში |
ახასიათებს გაზაფხულ-ზაფხულის წყალდიდობები და წყალმოვარდნები. იკვებება წვიმის (50–65%), თოვლისა (20–40%) და მიწისქვეშა (5–10%) წყლებით. გაზაფხულის ყინულსვლა, რომელიც წყალდიდობის პიკს ემთხვევა, ზემო წელიდან შესართავის მიმართულებით მაისის შუა რიცხვებიდან ივნისის შუა ხანებამდეა. წყალდიდობის შემდეგ დგება ზაფხულ-შემოდგომის წყალმცირობა ცალკეულ წყალმოვარდნებთან ერთად (სიდიდით წყალდიდობის ტოლფასი). წყლის დონის მაქსიმალური აწევა 11,1 მეტრია (დაბა ვორონცოვო, შესართავიდან 350 კმ). წყალდიდობის დროს დელტის დაბალი კუნძულები და ზღვისპირის ქვიშიანი თავთხელები თითქმის მთლიანად იტბორება, ქვედა ნაწილში დელტის მიმდებარე ტერიტორიები იფარება წყლის 0,6–0,7-მეტრიანი ფენით. წყლის საშუალო მრავალწლიური ხარჯი დაბა ვორონცოვოსთან 1600 მ³/წმ-ია (ჩამონადენის წლიური მოცულობა 50,5 კმ³/წელი), წელიწადში ზღვაში ჩააქვს საშუალოდ 54,1 კმ³ მოცულობის წყალი. ქვემო წელზე წელიწადში ჩამოაქვს 11,7 მლნ. ტონა ნატანი, სიმღვრივე შეადგენს 231 გ/მ³-ს. გაყინულია ოქტომბრიდან მაისის ბოლომდე – ივნისის დასაწყისამდე. ადგილ-ადგილ მთლიანად იყინება (ნავმისადგომი ჩოკურდახი და სხვ.). ინდიგირკის აუზი მდებარეობს მრავალწლოვანი მზრალობის ქანებისა და გიგანტური მინაყინების წარმოქმნის ოლქში (მაგ., ულახან-ტარინის მინაყინი მდ. მომის ხეობაში — ფართობი 90 კმ², სისქე 5–6 მ). აუზში 80 ათასზე მეტი ტბაა საერთო ფართობით 11,8 ათ. კმ². მდიდარია თევზით, შესართავში ჭაფალას, მუქსუნის, ნელმის, ომულის, სიგის სარეწებია. სანაოსნოა მდინარე მომის შეერთების ადგილიდან (1154 კმ). ძირითადი ნავმისადგომებია (დინების მიმართულებით) — ხონუუ, დრუჟინა, ჩოკურდახი, რუსკოე-უსტიე. აუზში მოიპოვებენ ოქროს.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 88.
- ↑ 2.0 2.1 Коротаев В. Н. Индигирка // Большая российская энциклопедия. т. 11. — М., 2008. — стр. 224.