ჩერსკის მთაგრეხილი

ჩერსკის მთაგრეხილი — მთათა სისტემა აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთის ფედერაციის იაკუტიის რესპუბლიკაში და მაგადანის ოლქში. გადაჭიმულია 1500 კმ-ზე. მდებარეობს იანა-ოიმიაკონის მთიანეთსა და მომა-სელენიახის მთათაშორის დადაბლებას შორის. მთავარი ქედებია:ხადარნაია, ტას-ხაიახტახი, ჩემალგინის, კურუნდია, ჩიბაგალახის, ბორონგი და სხვა. უმაღლესი წერტილია პობედა, 3147 მ (ულახან-ჩისტაის ქედზე). ჩერსკის მთაგრეხილი მეზოზოური დანაოჭების მთაგრეხილია:აგებულია პალეოზოური კარბონატული ქანებით, კიდეები - პერმული, ტრიასული და იურული ფიქლებით, ქვიშებითა და ალევროლიტებით. გვხვდება დიდი ინტრუზივებიც, რომლებთანაც დაკავშირებულია ოქროს, კალისა და სხვა წიაღისეულის საბადოები. ჰორსტული ქედები ერთმანეთისაგან გამოყოფილია გრაბენული ღრმულებით. წარბობს საშუალო სიმაღლის მთები, რომელთა თხემურ ნაწილში ალპური რელიეფია. არის თანამედროვე გამყინვარება (ფართობი 157 კმ2). ჰავა მკვეთრად კონტინენტურია, მკაცრი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -34-40°-მდეა. ჩადაბლებულ ადგილებში -60°-მდე. ზაფხული ხანმოკლეა და გრილი. ივლისის საშუალო ტემპერატურა მთაში 3°, ბარში კი 12-13°. ნალექები 300-700 მმ-მდე წელიწადში. ნალექები მეტწილად ზაფხულში მოდის. განვითარებულია მარადი მზრალობა. მდინარეები აჩენენ ვიწროანტეცედენტურ ხეობებს. მთათაშუა ქვაბულებში ხეობები განივრდება და ადგილ-ადგილ დაჭაობებულია. ხეობების ძირზე ხარობს ჭალის ტყეები - ალვის ხე, ჩოზენი, მთის კალთებზე 250-300 მეტრამდე (ჩრდილოეთით) და 700-1100 მეტრამდე (სამხრეთით) ლარიქსის მეჩხერი ტყეებია. ტერიტორიის თითქმის 80 % უჭირავს ქვის, მღიერეებიან და ბუჩქოვან ტუნდრას, ქონდარა ფიჭვის რაყებს. მაღალი მთის თხემურ ნაწილში ცივი, ქვიანი უდაბნოა. 1926 წელს აღმოაჩინა ი. ობრუჩევმა. სახელი ეწოდა ციმბირის ცნობილი მკვლევარის ივანე ჩერსკის პატივსაცემად.

ჩერსკის მთაგრეხილი. ორთოგრაფიული სქემა

ლიტერატურა

რედაქტირება