მომის ქედი
მომის ქედი[1] (რუს. Момский хребет) — ქედი რუსეთში, იაკუტიაში. მდებარეობს ჩერსკის მთაგრეხილის სისტემაში, მდ. ინდიგირკის მარჯენა ნაპირზე. სიგრძე 470 კმ. სიმაღლე 2480 მ-მდე. ჭარბობს საშუალო მთის რელიეფი; ქედის ამაღლებულ ნაწილში — ალპური. ადგილ-ადგილ შემორჩენილია ძველი მოსწორების ზედაპირები, რომლებმა განიცადეს ინტენსიური ეროზიული დანაწევრება მდინარეთა ღრმა ხეობებით. განვითარებულია მრავალწლოვანი მზრალობა და რელიეფის მასთან დაკავშირებული ნივალურ-სოლიფლუქციური ფორმები. მდინარე ინდიგირკისა და მისი შენაკადების ხეობებში გავრცელებულია დიდი მინაყინები (ტარინები), მ.შ. უდიდესია მდინარე მომაზე — ულახან-ტარინი (სისქე 4 მ-მდე, ფართობი წლის მონაკვეთის მიხედვით 76-დან 112 კმ²-მდე). ქედის ქვემო კალთებზე ჭარბობს მთა-ველის ლანდშაფტები — მეჩხერი ფოთლოვანი ტყეები, რომლებსაც 1000 მ-ზე მაღლა ქონდარა ფიჭვის, მურყნის, ტირიფის შეკრული რაყები ცვლის; 1500 მ-ზე მაღლა — მაღალმთის ლიქენიანი ტუნდრა, ქვიანი მასივები, ისლიანი და ჭაობის ბამბიანი დაჭაობებული ტუნდრა.[2]
მომის ქედი | |
---|---|
რუს. Момский хребет | |
კოორდინატები: 66°35′34″ ჩ. გ. 144°46′29″ ა. გ. / 66.59278° ჩ. გ. 144.77472° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | სახა (იაკუტია) |
უმაღლესი წერტილი | 2480 მ |
სიგრძე | 470 კმ |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 136.
- ↑ Момский хребет // Большая российская энциклопедия. т. 20. — М., 2012. — стр. 709–710.