ქონდარა ფიჭვი[1] (ლათ. Pinus pumila) — მარადმწვანე, ძლიერ დატოტვილი, გართხმული ან წამოწეული პატარა ხე (სიმაღლე 3–7 მ-მდე) კედრისებრი ფიჭვების ჯგუფიდან. წიწვი სამკუთხაა (სიგრძე 4–7 სმ), გვერდებზე მცირედ დაკბილული, ცოცხლობს 2–4 წელი. გირჩები კვერცხისებრი ან წაგრძელებული (სიგრძე 3,5–4,5 სმ), ღია მურა, ბრწყინავი. ქონდარა ფიჭვი გავრცელებულია აღმოსავლეთ ციმბირში, შორეულ აღმოსავლეთში, კორეის ნახევარკუნძულისა და იაპონიის მაღალმთიანეთში, ოდნავ აღწევს ჩრდილოეთ მონღოლეთისა და ჩინეთის (სინგანი) მთებში. ჩვეულებრივ იზრდება ხშირ რაყებად, აგრეთვე ფოთლოვან ქვეტყესა და მეჩხერ ტყეებში 600–2000 მ სიმაღლეზე. უძლებს გარემოს ექსტრემალურ პირობებს, მ.შ. დაბალ ტემპერატურას, მრავალწლოვან მზრალობას, ძლიერ ქარებს; ამოდის მინერალური ელემენტებით ღარიბ ქვიშებში, ტორფიან, ქვიან და ღორღიან ნიადაგებზე. აქვს გართხმულ ღეროებზე დანამატური ფესვების წარმოქმნის უნარი, ამიტომ ყურადღებას იქცევს როგორც ქვიშებისა და მთის ქვიანი ფერდობების გამმაგრებელი. თოვლის დადების დროს მიწის პირზე დაწეული ტოტები და ღეროები დათბობის დროს თავის წინანდელ მდგომარეობას იღდგენენ. ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში წარმოქმნის ხე-მცენარეულობის ჩრდილოეთ, მთის სისტემებში კი — ზემო საზღვარს. მერქანი და წიწვი გამოიყენება საწვავად, სკიპიდარისა და ეთერზეთების მისაღებად. წიწვის ნაყენი, ნახარში და ექსტრაქტი სურავანდის საწინააღმდეგო საშუალებაა. საჭმელად ვარგისი თესლები (სიგრძე 5–8 მმ) საგემოვნო და სასარგებლო თვისებებით არ ჩამოუვარდება სხვა კედრისებრი ფიჭვების თესლებს; მისი მოსავლიანობა 200 კგ/ჰა-მდეა. როგორც დეკორატიულ მცენარეს ზრდიან ბაღებსა და პარკებში. ქონდარა ფიჭვის რაყებში ბინადრობს მრავალი სახეობის ცხოველი: მეთხილია, ციყვები, ყარყუმი, სიასამური, მურა დათვი და სხვ.[2]
-
გირჩებიანი ტოტები
-
თესლი
-
მდედრობითი ყვავილი
-
მამრობითი ყვავილი