ალექსანდრე მაყაშვილი

ქართველი ბოტანიკოსი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაყაშვილი.

ალექსანდრე მაყაშვილი (დ. 24 აგვისტო, 1896, კონდოლი (ახლანდელი თელავის მუნიციპალიტეტი) — გ. 14 თებერვალი, 1962, თბილისი) — ქართველი ბოტანიკოსი, პროფესორი (1962). დაამთავრა თბილისის მე-2 გიმნაზია (1915), სწავლობდა როსტოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე (1916-1918), დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი (1925). სტუდენტობის წლებში მაყაშვილმა დაიწყო მუშაობა უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის (შემდგომში საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი) ზოგადი მიწათმოქმედების კათედრაზე, შემდეგ მუშაობდა უნივერსიტეტის ბოტანიკურ კათედრაზე (1933-1952). იყო თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ბოტანიკური კათედრისა (1953-1962) და ამავე დროს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის ცოცხალი კავკასიის ფლორის განყოფილების გამგე (1935-1955).

ალექსანდრე მაყაშვილი
დაბ. თარიღი 24 აგვისტო, 1896(1896-08-24)
დაბ. ადგილი კონდოლი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 14 თებერვალი, 1962(1962-02-14) (65 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა ბოტანიკოსი და ლექსიკოგრაფი
მუშაობის ადგილი თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მაყაშვილი იკვლევდა საქართველოს ველურ და კულტურულ ფლორას, მდელოებსა და საძოვრებს და მათი გაუმჯობესების საკითხებს („საქართველოს სარეველა მცენარეების სარკვევი“, 1934; „თბილისის მიდამოების ფლორა“, ტ. 1-2, 1935 და სხვა); ავტორია სახელმძღვანელოებისა და სამეცნიერო-პოპულარული წიგნებისა („ზოგადი მიწათმოქმედების კურსი“, 1932; „ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები“, 1957; „ჩვენი ხეები და ბუჩქები“, 1960 და სხვა). მაყაშვილი იყო „საქართველოს ფლორის“ გამოცემის ერთ-ერთი (ტ. 1-2, 1941) თანაავტორი და თანარედაქტორი. შეადგინა „სასოფლო-სამეურნეო ტერმინოლოგია“ (მემცენარეობა, 1938) და „ბოტანიკური ლექსიკონი“ (I გამოცემა 1949, II — 1961), რომელშიც შეკრებილია ველურ და კულტურულ მცენარეთა ხალხური სახელწოდებები და დადგენილია მათი მეცნიერული ნომენკლატურა.

ლიტერატურა

რედაქტირება