იმერული კილო
იმერული კილო — ერთ-ერთ მსხვილ დიალექტურ ერთეულს წარმოადგენს. იყოფა ზემოიმერულ და ქვემოიმერულ კილოკავებად. ზემოიმერული გავრცელებულია საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონისა და ხარაგაულის რაიონებში, ხოლო ქვემოიმერული — თერჯოლის, ტყიბულის, ბაღდათის, წყალტუბოს, ხონის, სამტრედიისა და ვანის რაიონებში, ნაწილობრივ — აბაშის რაიონში (საზღვრისპირა სოფლებში). იმერულის ენობრივი ერთეულების სტატუსის შესახებ სამეცნიერო წრეებში აზრთა სხვადასხვაობაა: მეცნიერთა ნაწილი (შოთა ძიძიგური, ქეთევან ძოწენიძე და სხვ.) იმერულ დიალექტს ორ კილოკავად ყოფს, ნაწილი (აკაკი შანიძე) — სამად (ზემო-, შუა- და ქვემოიმერული); კლარა კუბლაშვილი ზემო და ქვემოიმერულს დამოუკიდებელ დიალექტურ ერთეულებად მიიჩნევს. ამასთანავე, გამოყოფენ შუაიმერულ კილოსაც (ვ. ფანჩვიძე). შუაიმერულად მიიჩნევა ზემო და ქვემო იმერეთს შორის არსებული გარდამავალი ზოლის მეტყველება (თერჯოლური, ბაღდათური, ტყიბულური), რომლისთვისაც დამახასიათებელია როგორც ქვემოიმერულის, ისე ზემოიმერულის ენობრივი ნიშნები.