ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ივანდე კაია (ლატვ. Ivande Kaija, ნამდვილი სახელი ანტონია ლუკინა, დაბადებით Mölder-Miller; დ. 13 ოქტომბერი, 1876 — გ. 2 იანვარი, 1942) — ლატვიელი მწერალი და ფემინისტი, ლატვიის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი. იგი შეტანილია აკადემიურ ენციკლოპედიაში „100 ლატვიელი ქალი კულტურასა და პოლიტიკაში“.[1]

ივანდე კაია
ლატვ. Ivande Kaija
დაბადების თარიღი 13 ოქტომბერი, 1876(1876-10-13)
დაბადების ადგილი Jumprava Parish
გარდაცვალების თარიღი 2 იანვარი, 1942(1942-01-02) (65 წლის)
გარდაცვალების ადგილი Riga 1st hospital
დასაფლავებულია Forest Cemetery
ფსევდონიმი Ivande Kaija
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 ლატვია
ალმა-მატერი ბერნის უნივერსიტეტი, ლაიფციგის უნივერსიტეტი და პარიზის უნივერსიტეტი
ჯილდოები Order of the Three Stars, 4th Class

ბიოგრაფია

რედაქტირება

ანტონია მოლდერ-მილერი დაიბადა 1876 წლის 13 ოქტომბერს ლივონიის პროვინციაში, ჯუმპრავმუიჟას სამკვიდროში, მდიდარი მეწარმისა და სახლის მესაკუთრის, მიკელის მილერ-მელდერისა და მისი მეუღლის მატილდა ფლინტმანის ოჯახში. მდიდარმა მშობლებმა შეძლეს გოგონასთვის მიეცათ შესანიშნავი განათლება.[2]

1879 წელს ოჯახი გადავიდა რიგის პრესტიჟულ გარეუბანში (ახლანდელი რიგის რაიონი) თორნაკალნსში, სადაც 1881 წელს ანტონიამ სწავლა დაიწყო დაწყებით სკოლაში. შემდეგ მან სწავლა განაგრძო რუსეთის რიგის ლომონოსოვის სახელობის ქალთა გიმნაზიაში (1887-1895).[2] ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, 16 წლის, როდესაც დაწერა თავისი პირველი მოთხრობა „სამი ახალი წლის ღამე“ (Trīs jaungada naktis; 1892).

1895 წელს საშუალო განათლების დასრულების შემდეგ ანტონია გაემგზავრა კავკასიაში და იქ მუშაობდა ოჯახში კერძო მასწავლებლად.[2]

19001901 წლებში ანტონია ბერნისა და ლაიფციგის უნივერსიტეტებში სწავლობდა ფილოსოფიასა და ხელოვნების ისტორიას. იგი დაინტერესებული იყო მუსიკით და ხელოვნებით, თავისუფლად ფლობდა რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ ენებს, გიმნაზიაში სწავლობდა ლათინურ და ბერძნულ ენებს.[2]

1901 წელს მან მიატოვა სწავლა და 15 ნოემბერს ცოლად გაყვა მისი სკოლის მეგობარი ფელიქს ლუკინი, რომელიც იყო მოგვიანებით გამოჩენილ ლატვიელი ოფთალმოლოგი, ლატვიის ექიმთა საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი. 1910 წლამდე ანტონია ლუკინა ცხოვრობდა ლატვიაში, ჰყავდა სამი შვილი: ქალიშვილი სილვია, ვაჟები ჰარალდი და ივარი.[2]

მწერლის კარიერის დასაწყისი

რედაქტირება

1910 წელს ქმართან ურთიერთობა გაურთულდა, შვილები მეუღლესთან დატოვა და გადაწყვიტა სწავლის განახლება.ის გაემგზავრა საფრანგეთში და ესწრებოდა ლექციებს სორბონაში, ასევე დადიოდა ე.წ. თავისუფალი ჟურნალისტიკის სკოლაში. თავისუფალ დროს მოგზაურობდა იტალიაში, შვეიცარიასა და საფრანგეთში.[2] იგი გაემგზავრა შვეიცარიაში, სადაც ლუგანოს მახლობლად ვილა კასტანიოლაში პოეტები რაინისი და ასპასია დევნილობაში ცხოვრობდნენ. უფროს მწერლებთან ურთიერთობა გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი მომავალი მწერლის ბიოგრაფიაში. ამ ვიზიტის დროს, ასპასიასთან ერთად სეირნობისას ლუგანოს სასაფლაოზე სეირნობისას,მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ერთ-ერთ ძეგლზე აღმართულმა ქანდაკებამ — თოლია მოტეხილი ფრთებით, მან თქვა: „ვფიქრობ, ეს მე ვიქნები“. ასე გაჩნდა მისი ფსევდონიმი „კაია“ (Kaija — თოლია).[2]

ამის შემდეგ მალევე, ანტონია იძულებული გახდა დაეტოვებინა ლექციები სორბონაში, სმენის პრობლემები, რომელიც 1901 წელს ლაიფციგში სწავლის დროს გაუჩნდა, სულ უფრო მატულობდა და აუდიტორიის პირველი რიგიდანაც კი ვერ იგებდა ვერცერთ სიტყვას, რასაც ამბობდნენ ლექტორები. ამის შესახებ მან სინანულით მიწერა ასპასიას 1911 წლის იანვარში: „არც კი ველოდი, რომ ჩემი სმენა ასე გაუარესდებოდა. ამას თანდათან ვეგუები, ბიბლიოთეკებში ვიძირები. ახლა მაინც ნათლად ვიცი, რომ ჩემი სამუშაო ადგილი ოთახის ოთხ კედელშია“.[2]

რიგაში დაბრუნების შემდეგ, 1913 წელს ივანდე კაიამ გამოსცა თავისი პირველი წიგნი, რომანი „პირველადი ცოდვა“ (Iedzimtais grēks), რომელიც ოთხ თვეში დაწერა. ამან დიდი რეზონანსი გამოიწვია: ხელნაწერის წაკითხვის შემდეგ, ფელიქს დენისოვიჩ ლუკინი აღშფოთდა და მას პორნოგრაფიის დეკლარაცია უწოდა, ხოლო ზოგიერთი კრიტიკოსი გამოქვეყნების შემდეგ შეშფოთებული იყო „გარყვნილი ტექსტით“. სხვებმა რომანში აღმოაჩინეს ღრმად დაფარული გრძნობები და სურვილი, ისაუბრონ იმაზე, რაზეც საჯაროდ საუბარი არ არის მიღებული. კაია ღიად წერდა ქალის სექსუალურობისა და მიზიდულობის შესახებ, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს ცოდვად — „ნამდვილი ცოდვა არის ქორწინებაში ცხოვრება ნამდვილი სულიერი და ფიზიკური სიყვარულის გარეშე“. ამავდროულად, ის ვერ ხედავდა დანაშაულს იმაში, ვინც ზრდიდა უკანონო შვილებს.[2]

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ფელიქს ლუკინი მობილიზებული იქნა რუსეთის ჯარში სამხედრო ექიმად და მისი ოჯახი მას გაჰყვა ყირიმში, მოსკოვსა და პეტროგრადში.

საზოგადო მოღვაწე

რედაქტირება

1917 წელს ქალიშვილთან ერთად რიგაში დაბრუნებულმა კაიამ გამოაქვეყნა სტატიების სერია ლატვიის დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად. 1918 წელს იგი გახდა ლატვიის ქალთა ასოციაციის (Latvijas Sieviešu Asociācija) ერთ-ერთი დამფუძნებელი, ცდილობდა მათთვის საარჩევნო უფლების მოპოვებას. მან დაწერა ასოციაციის ძირითადი პროგრამული დოკუმენტები.

1918 წელს ანტონიას ქმარი, ფელიქს ლუკინი, დბრუნდა ევაკუაციიდან, მაგრამ ისინი უკვე უცხო იყვნენ ერთმანეთისთვის, მათ შორს ეჭირათ ერთმანეთისგან თავი ჯანმრთელობის პრობლემების გამოც: ანტონია დატანჯული იყო სიყრუით, ფელიქსი — ტუბერკულოზით. 1919 წლის სექტემბერში სამკურნალოდ გაემგზავრა შვეიცარიაში.[2]

ახალგაზრდა ლატვიის სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დროს, 1919 წლის შემოდგომაზე, რიგაზე ბერმონტის შეტევის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, ანტონია ლუკინა შეუერთდა ქალთა დამხმარე კორპუსს და მუშაობდა სამკერვალო სახელოსნოში, სადაც მზადდებოდა ჯარისკაცებისთვის უნიფორმა.[2]

1919 წლის 18 ოქტომბერს ლუკინამ მუშაობა დაიწყო ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ფრანგული პრესის რეფერენტად.

5 ნოემბერს გაზეთმა „ლატვიის მცველი“ (Latvijas Sargs[lv]) გამოაქვეყნა ივანდე ქაიას მიმართვა ლატვიელი ქალებისადმი „ქალთა ოქროს ფონდის“ დაარსების შესახებ (Sieviešu zelta fonds). პრემიერ-მინისტრმა კარლის ულმანისმა მას დაავალა ფონდის მართვა, რომელსაც ლატვიელი ქალები სწირავდნენ სამკაულებს, სხვა საოჯახო ძვირფასეულობებს და დანაზოგებს. ლუკინის ოჯახმაც შეიტანა თავისი წვლილი ფონდში: ფელიქსმა შესწირა ოქროს მანჟეტები ბრილიანტებით, ქალიშვილმა სილვიამ — თავისი სამკაულები, უფროსმა ვაჟმა ჰარალდმა — 5 მანეთი ოქროთი, ხოლო უმცროსმა ივარმა — სამი მანჟეტი და 15 კაპიკი ვერცხლი.[2] საერთო ჯამში, ამ ფონდის მუშაობის ბოლოს, ახალგაზრდა დამოუკიდებელი რესპუბლიკის სასარგებლოდ შეგროვდა 1,179 ოქრო და დაახლოებით 3,370 ვერცხლის ნივთი, მათ შორის 200-მდე საქორწინო ბეჭედი — ყველაფერი, რაც შეგროვდა, საფუძვლად დაედო ეროვნული ბანკის ოქროს რეზერვების შექმნას.[3]

1920-1921 წლებში ივანდე კაია ხელმძღვანელობდა ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებას ყოველდღიურ გაზეთ Latvijas Sargs[lv]-ში, სადაც აქტიურად აქვეყნებდა სტატიებს. 1920 წელს ივანდე კაიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა,რომ რაინი და ასპაზია ლატვიაში დაბრუნებულიყვნენ: მათ გადაეცათ მისი ინიციატივით შეგროვებული შემოწირულობების მნიშვნელოვანი ნაწილი; 1921 წლის მარტში ფელიქს ლუკინმა შეძლო ლატვიაში დაბრუნება და ოჯახი საბოლოოდ გაერთიანდა. თუმცა, ამის შემდეგ მწერალმა მძიმე დამბლა განიცადა (სავარაუდოდ, ნერვული გადატვირთვის გამო), დაკარგა მხედველობა და სმენა.ის ნაწილობრივ პარალიზებული იყო სიცოცხლის ბოლომდე.[2] ამ დროს მისი უფროსი ვაჟი ჰარალდი 15 წლის იყო.[4]

1926 წელს ივანდე კაია დაჯილდოვდა სამი ვარსკვლავის ორდენით. 1928-1931 წლებში გამოიცა მისი ნაწარმოებების კრებული ათ ტომად, რომელშიც შედიოდა ადრე გამოუქვეყნებელი პიესები, ასევე მისი დღიური 1918-1921 წლებში, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტს.

1941 წლის დეკემბერში მწერალს წმინდა გერტრუდის ეკლესიაში საშობაო წირვისკენ მიმავალი გერმანული სამხედრო სატვირთო მანქანა დაეჯახა. იგი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 1942 წლის 2 იანვარს გარდაიცვალა.[5] იგი დაკრძალეს რიგის ტყის სასაფლაოზე.

ივანდე კაიას ქმარი ფელიქს დენისოვიჩ ლუკინი (დ.6 თებერვალი, 1875 — გ. 28 მარტი, 1934) — გამოჩენილი ოფთალმოლოგი და ჰომეოპათი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, ცოცხალი ეთიკის სწავლების მიმდევარი, ნ.კ. რერიხის სახელობის ლატვიის საზოგადოების დამფუძნებელი.[5]

ივანდე კაიას ვაჟი, ჰარალდ ლუკინი[lv] (დ. 6 ივნისი, 1906 — გ.8 თებერვალი, 1991​) — გამოჩენილი ექიმიგინეკოლოგი და ნატუროპათიური თერაპევტი, საზოგადო მოღვაწე, ნ.კ რერიხის სახელობის ლატვიის საზოგადოების ერთ-ერთი ლიდერი MIS აკრძალვამდე (1940), სახალხო სეიმის დეპუტატი.[4]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Meshkova, Sandra. Kaija, Ivande (born Antonija Millere-Meldere, married name Antonija Lukina 1876–1941) // Biographical Dictionary of Women's Movements and Feminisms in Central, Eastern, and South Eastern Europe: 19th and 20th Centuries. — Budapest, Hungary : Central European University Press, 2006. — P. 204–206. — ISBN 978-963-7326-39-4.
  1. Lipša, I. Ivande Kaija (1876–1942) – rakstniece un sabiedriskā darbiniece // 100 Latvijas sievietes kultūrā un politikā, რიგა: აკადემიური გამომცემლობა LU, 2008. — გვ. 200–205.
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 2.12 Сигне Вишка. (2020-07-08) Viņa bija svece, kas tikai degot dzīvoja. Rakstniece, sabiedriskā darbiniece Ivande Kaija. Латвийские общественные медиа. ციტირების თარიღი: 2021-05-29
  3. ‘Cik Jūs no saviem zelta vizuļiem atdosat?’ // Sievietes Pasaule, 28.01.2014.
  4. 4.0 4.1 Инга Карклиня. (1996) Жизнь Гаральда Феликсовича Лукина. журнал "Мир огненный", 01-1997. ციტირების თარიღი: 2021-05-29
  5. 5.0 5.1 Инга Карклиня. (2006-06-28) РЫЦАРЬ ДУХА Феликс Денисович Лукин. из книги "Капли живой воды". ციტირების თარიღი: 2021-05-29
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ივანდე_კაია“-დან