თაბალი
თაბალი — გვიანდელი ხეთური სამეფო მცირე აზიაში ძვ. წ. I ათასწლეულში. ძველი აღმოსავლური (ასურული, იეროგლიფურ-ლუვიური) წერილობითი წყაროების მიხედვით, მდებარეობდა დიდი კაპადოკიის ტერიტორიაზე (მდინარე სეიჰანის ზემო დინებასა და მდინარე ჰალისის შუა დინებას შორის).
თაბალი | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
თაბალი ძველი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რუკაზე | ||||
ენა | იეროგლიფურ-ლუვიური | |||
მმართველობის ფორმა | მონარქია | |||
თაბალი პირველად მოიხსენიება ასურეთის მეფის სალმანასარ III-ის (ძვ. წ. 859–824) დროინდელ წერილობით ძეგლებში.
ტერმინ „თაბალის“ წარმომავლობის შესახებ არაერთი მოსაზრებაა გამოთქმული. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ფართოდ გავრცელდა თვალსაზრისი „თუბალ“, „ჲაბალ“, „ჲუბალ“, „ტიბარენ“ სახელწოდებებთან „თაბალის“ იგივეობის შესახებ (ჟ. სიური, ჰ. ჰელცერი, ო. შრადერი, იოსტ გიპერტი და სხვა).
ქართულ ისტორიოგრაფიაში „თაბალს“ ადრევე უკავშირებდნენ ქართველური ენების „ტაბა“, „ტბა“, „ტიბა“, „ტუბა“ სიტყვას. იყო მცდელობა „თაბალის“ პარალელურ ფორმებად მიჩნეულ ტერმინებში („თუბალ“, „თობელ“, „ჲაბალ“, „ჲუბალ“, „ტიბარენ“) დადასტურებული ფონეტიკური ხასიათის ცვლილებები ქართველური ენების მეშვეობით აეხსნათ (ივანე ჯავახიშვილი, სიმონ ჯანაშია, აკაკი შანიძე, გიორგი მელიქიშვილი, თ. მიქელაძე, გ. თოფურია და სხვა).
ი. გელბმა „კაპადოკიურ“ ფირფიტებში მოხსენიებული გეოგრაფიული სახელწოდება Tibera კითხვის ნიშნით დაუკავშირა „თაბალ“, „თუბალ“, „თობელ“, „თობერს“, ნარამსუენის წარწერაში ნახსენებ Tibar-ს, ხეთური წყაროების Tipâl-ს და „ტიბარენს“. ე. კავენიაკის აზრით, „თაბალ“ ტერმინი ძველი ანატოლიური წარმომავლობისაა. ე. ჰერცფელდი თვლიდა, რომ „თაბალ“ დასაკავშირებელია ტიბარებისტიბარენების სახელწოდებასთან და შუმერულ Tibira-სთან, რომელიც ე. წ. „მეფეთა სიაში“ წარღვნამდე არსებულ ხუთ უძველეს ქალაქს შორის იხსენიება. იგორ დიაკონოვი მართებულად არ მიიჩნევს „ტბა“-დან „თაბალის“ წარმოშობას და არც „თაბალტიბარენის“ ტერმინოლოგიური იგივეობის თეორიას იზიარებს (მისი აზრით „ტიბარენების“ სახელწოდება შეიცავს ხეთურ წყაროებში მოხსენიებული ერთ-ერთი ქასქური ტომის TipiaTibia-ს სახელწოდებას და კავკასიურ ენებში მრავლობითი რიცხვის აღმნიშვნელ ar სუფიქსს). „თაბალს“ უკავშირებენ აგრეთვე ხეთურლუვიური ონომასტიკონის ზოგიერთ სახელწოდებას (ხეთური „თაფალის მთა“, „თაფალის მთის ღვთაება“; ლუვიური Tapalazunauli, Tapalaziti, TapalaDatta; ლიდიური Tabílos და სხვა).
აზრთა სხვადასხვაობაა თაბალის მოსახლეობის ეთნიკურ წარმომავლობაზეც. ჯერ კიდევ იოსებ ფლავიუსმა სცადა ბიბლიური „თობელი“ თობელელთა ანუ თაბალის მოსახლეობის ეთნარქოსი გენეტიკურად ქართულ სამყაროსთან დაეკავშირებინა. იგი წერდა: „თობელმა დააფუძნა თობელები, რომლებსაც ახლა იბერები ეწოდებათ“. თობელიბერის იგივეობის ფლავიუსისეული თეორია გვიანდელი ხანის ავტორებმაც გაიზიარეს (ევსტათი ანტიოქიელი, ეპისკოპოსი თეოდორიტე, ლეონ გრამატიკოსი, იოანე ზონარა და სხვა).
XIX საუკუნეში ევროპულ და ქართულ ისტორიოგრაფიაში ფართოდ გავრცელდა თვალსაზრისი თაბალის მოსახლეობის ქართული წარმომავლობის შესახებ (ივანე ჯავახიშვილი, სიმონ ჯანაშია და სხვა). გიორგი მელიქიშვილის აზრით, ტიბარენულ და თაბალურ ტომთა ეთნოგრაფიულ იგივეობაზე გადაჭრით ლაპარაკი შეუძლებელია, მაგრამ თაბალელთა ერთ-ერთ კომპონენტად მაინც დასავლურ-ქართულ ტომებს ვარაუდობს; იგორ დიაკონოვის აზრით, თაბალის მოსახლეობის ძირითად ნაწილს ლუვიელები შეადგენდნენ, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ აქ თრაკიულ-ფრიგიული და ქართული წარმომავლობის ტომებიც ცხოვრობდნენ; ახალ უცხოურ სამეცნიერო ლიტერატურაში თაბალის მოსახლეობას, ჩვეულებრივ, ლუვიურ ეთნოგრაფიულ სამყაროს უკავშირებენ.
თაბალი იყო ადრინდელი კლასობრივი სახელმწიფოებრივი გაერთიანება, რომელსაც ძველი აღმოსავლური (მცირეაზიული) ტრადიციების დიდი გავლენა ემჩნეოდა. ქვეყნის სათავეში მეფე იდგა (ასურული წარწერები მას სარრუს უწოდებენ, იეროგლიფურ-ლუვიური — ლუგალს). თაბალის მეფეთა ტიტულატურაში ისეთი ტერმინები ფიგურირებდა, როგორიცაა „დიდი“, „გმირი“ და ტაპაწაზლასი. სამეფო ხელისუფლება მემკვიდრეობითი იყო მამიდან შვილზე გადადიოდა. მეფე საერო და სასულიერო ხელისუფლებას ფლობდა. ქვეყნის მართვა გამგებლობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ დედოფალი, საგვარეულო და სამოხელეო არისტოკრატიის წარმომადგენლები.
ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებში ასურელები ყოველ ღონეს ხმარობდნენ თაბალის დასამორჩილებლად. მეფეები ტიგლათფილესერ III და სარგონ II აქტიურად ერეოდნენ თაბალის შინაურ საქმეებში. თაბალში განვითარებული ყოფილა მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, ხელოსნობა. მაღალ დონეზე განვითარებულა მეთუნეობა. თაბალი მოხატული ანუ ალიშარ IV ტიპის კერამიკული წარმოების დაწინაურებული და მძლავრი ცენტრი იყო. მოპოვებულია აგრეთვე მონოქრომული და შავპრიალა კერამიკაც, თუმცა მისი ხვედრითი წონა მოხატულთან შედარებით უმნიშვნელოა. მთამადნეულით (სპილენძი, ვერცხლი, ოქრო, ტყვია, რკინა) სიმდიდრე და წინარე ხანის მეტალურგიული ტრადიციები საშუალებას აძლევდა თაბალის მოსახლეობას, მაღალ დონეზე აეყვანა მელითონეობა.
თაბალ ეწეოდა აქტიურ საგარეო ვაჭრობას; განვითარებული იყო სამშენებლო საქმიანობა, რაც სხვა მიზეზებთან ერთად სამშენებლო მასალების (ბაზალტის ქვა, მარმარილო) სიუხვითაც იყო განპირობებული. ამ ბოლო წლებში თაბალის ტერიტორიაზე გათხრილი დასახლებები (გოლუდაღი, კულულუ, ტოპაკლი, კაისერი და სხვა) ქალაქური ტიპის დასახლებებს წარმოადგენდა და, როგორც წესი, ბორცვებზე იყო განლაგებული. ქალაქს კედელი ზღუდავდა. მას ქანდაკებებით დამშვენებული რამდენიმე შესასვლელი ჰქონდა. ბორცვის ყველაზე მაღალ ადგილას ტაძარს ან სასახლეს აგებდნენ. თაბალის ნაქალაქარებში აღმოჩენილია ხელოვნების მრავალი ძეგლი: ღვთაებათა და საერო პირების მონუმენტური ქანდაკებები, სფინქსებისა და ლომების სკულპტურული გამოსახულებები, სამლოცველოები, საკურთხევლები. თაბალის საზოგადოების დაწინაურებაზე მეტყველებს იეროგლიფურ-ლუვიური (ხეთური) დამწერლობის ფართო გამოყენებაც. თაბალის ღვთაებათა ოფიციალური პანთეონი ხეთურ-ლუვიური იყო. მის სათავეში თარხუნთი ამინდის ღვთაება იდგა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხაზარაძე ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 413-414.
- ხაზარაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 555-556.
- ხაზარაძე ნ., აღმოსავლეთ მცირე აზიის ეთნიკური და პოლიტიკური გაერთიანებები ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში, თბ., 1978;
- ხაზარაძე ნ., საქართველოს ძველი ისტორიის ეთნოპოლიტიკური პრობლემები (მოსხები), თბ., 1984;
- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1);
- ჯანაშია ს., თუბალ-თაბალი, ტიბარენი, იბერი. შრომები, ტ. 3, თბ., 1956;
- Дьяконов И. М., Предыстория армянского народа, Ер., 1968;
- Меликишвили Г. А., К истории древнეй Грузии, Тб., 1959;
- Хазарадзе Н. В., К истории термина «Табал» ассирийских письменных источников, «კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული», VП, Тб., 1984.