ლუვიელები
ლუვიელები — ინდოევროპული ტომები, ცხოვრობდნენ ძვ. წ. II ათასწლეულში მცირე აზიის (ანატოლიის) სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთში, რაც დასტურდება ხეთური ლურსმული წყაროების მონაცემებითა და თვით ლუვიურ ენაზე შედგენილი ლურსმული ტექსტებით (რომლებიც ბოღაზქოის არქივმა შემოინახა). ლაპარაკობდნენ ლუვიურ ენაზე, რომელიც ხეთურ და ფალაურ ენებთან ერთად განეკუთვნება ინდოევროპულ-ანატოლიურ ენათა ჯგუფს. ლუვიელების შექმნილი უნდა იყოს „ხეთური იეროგლიფური“ დამწერლობა. ლუვიურისა და ლიკიური ენების ახლო ნათესაობის გამო ლუვიელებს მიიჩნევენ ლიკიელთა წინაპრებად. ლუვიელები მისდევდნენ მესაქონლეობას, მიწათმოქმედებას, ხელოსნობას. ლუვიურ საზოგადოებაში ადრევე გაჩნდა სოციალური დიფერენციაცია. ლუვიურ პანთეონს ქმნიდნენ: ამინდის ღვთაება თარხუნთი, მთვარის — არმა, ღვთაებები დათა, სანთა და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 304.