ბოღაზქოის არქივილურსმული დამწერლობით შესრულებული თიხის ფირფიტების არქივი, რომელიც 1906-1912 წლების გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ჰ. ვინკლერმა და მაკრიდი-ბეიმ ბოღაზქოიში, ანკარის აღმოსავლეთით 145 კმ-ზე (ცენტრალური ანატოლია, თურქეთი). ძვ. წ. II ათასწლეულში აქ მდებარეობდა ხეთების სამეფოს დედაქალაქი ხათუსა. ბოღაზქოის არქივის ტექსტები 1915 წელს გაშიფრა ბ. ჰროზნიმ. ფირფიტები უმეტესწილად დაწერილია ხეთურად (ნესურად), ლუვიურად, ფალაურად და აქადურად. არქივში დაცულია ტექსტები ხათურ (პროტოხეთურ) და ხურიულ (ხურიტულ) ენებზე, რომელთაც სპეციალისტები სტრუქტურულად ამსგავსებენ ჩრდილო კავკასიურ ანდა ქართველურ ენებს. გვხვდება აგრეთვე შუმერულ ენაზე შედგენილი ფირფიტები, შემონახულია სახელები და სიტყვები არიული ენისა. ტექსტები იპოვეს ხათუსას „ბიბლიოთეკის“ ორ დიდ არქივსა და რამდენიმე ტაძარში. მათი უმრავლესობა ასახავს ხეთების „ახალი სამეფოს“ დროინდელ ამბებს (ძვ. წ. XV-XIII სს.), ხოლო ნაწილი ტექსტებისა ეხება „ძველ სამეფოსაც“ (ძვ. წ. XVII-XVI სს.). არქივში დაცულია ისტორიულ-პოლიტიკური ხასიათის მრავალი დოკუმენტი (მატიანეები, ქრონიკები, მეფეთა სიები, სხვადასხვა ქვეყანასთან დადებული ხელშეკრულებები), სოციალურ-ეკონომიკური შინაარსის ტექსტები (კანონების კრებული, სასამართლოს ოქმები, მიწის ბოძების დოკუმენტები, მეფის ბრძანებულებები), რელიგიური ხასიათის ძეგლები (რიტუალები, შელოცვები, მითები, თქმულებები), ტექსტები მეცხენეობაზე, საბიბლიოთეკო „კატალოგები“ და „ეტიკეტები“, შუმერულ-აქადურ-ხეთური ლექსიკონები, საინვენტარო სიები და ა. შ. გათხრებმა რომელიც მიმდინარეობდა XX საუკუნის 30-50-იან წლებში მნიშვნელოვნად გაამდიდრა ბოღაზქოის არქივი.

ლიტერატურა

რედაქტირება