ბეჭდების მბრძანებელი: ორი ციხე-კოშკი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბეჭდების მბრძანებელი (მრავალმნიშვნელოვანი).

ბეჭდების მბრძანებელი: ორი ციხე-კოშკი (ინგლ. The Lord of the Rings: The Two Towers) — 2002 წლის ფენტეზის ჟანრის ფილმი, გადაღებული რეჟისორ პიტერ ჯექსონის მიერ. ეს ფილმი ეფუძნება ჯ. რ. რ. ტოლკინის რომანს „ბეჭდების მბრძანებელი“, კერძოდ - მის მეორე ნაწილს „ორი ციხე-კოშკი“.

„ბეჭდების მბრძანებელი: ორი ციხე-კოშკი“
რეჟისორი პიტერ ჯექსონი
პროდიუსერი პიტერ ჯექსონი
ბარი მ. ოსბორნი
ფრენ უოლში
სცენარის ავტორი
ეფუძნება ორი ციხე-კოშკი
ჯ.რ.რ. ტოლკინი
როლებში
კომპოზიტორი ჰოვარდ შორი
ოპერატორი ენდრიუ ლესნი
მონტაჟი
მხატვარი ალან ლი, ჯონ ჰაუ
სტუდია
დისტრიბუტორი New Line Cinema
გამოსვლის თარიღი
  • 5 დეკემბერი, 2002 (2002-12-05) (ნიუ-იორკი)
  • 18 დეკემბერი, 2002 (2002-12-18) (აშშ)
  • 19 დეკემბერი, 2002 (2002-12-19) (ველინგტონი)
ხანგრძლივობა 179 წთ.[1]
ქვეყანა
  • ახალი ზელანდია
  • აშშ[2][3][4]
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 94 მილიონი აშშ დოლარი[5]
შემოსავალი 926.05 მილიონი აშშ დოლარი [5]
წინა ბეჭდის საძმო
შემდეგი მეფის დაბრუნება

ფილმი გამოვიდა 2002 წლის 18 დეკემბერს. კრიტიკოსებმა მას მაღალი შეფასება მიანიჭეს. საერთო შემოსავალმა შეადგინა 900 მილიონ აშშ დოლარზე მეტი. სპეციალური DVD დისკი მისი ვრცელი ვარიანტით გამოიცა 2003 წლის 19 ნოემბერს.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმი იწყება პირველი ფილმის ერთ-ერთი კადრით, რომელშიც განდალფ რუხი ებრძვის ბალროგს კჰაზად-დუმის ხიდზე, რითაც ბეჭდის საძმოს წევრებს საშუალებას აძლევს, დატოვონ მორიის მაღაროები. რამდენიმე კვირის თავზე ფროდო ბეგინსი და სემუაიზ გემჯი განაგრძობენ გზას მორდორისკენ, რათა გაანადგურონ ბეჭედი, მასთან ერთად კი — საურონი. ერთ-ერთი ღამით მათ თავს ესხმის გოლუმი, ბეჭდის ყოფილი მფლობელი. ჰობიტები იჭერენ გოლუმს, მაგრამ ფროდოს იგი ებრალება, ვინაიდან იცის, თუ რაოდენ მძიმეა ბეჭდის ზიდვა. ამიტომ იგი გოლუმს მორდორის გზად მეგზურობაზე ითანხმებს. სემი არ ენდობა გოლუმს და დარწმუნებულია, რომ არსება მათ უღალატებს.

როჰანში არაგორნი, ლეგოლასი და გიმლი მისდევენ ურუკ-ჰაებს, რომლებმაც გაიტაცეს მერი და პიპინი. ამასობაში მეფე თეოდენი დასუსტებულია გრიმა ენაგესლის მიერ, რომელიც ფარულად სარუმან თეთრის გეგმებს ასრულებს. სარუმანი ორკებსა და დუნლენდის ველურ ადამიანებს როჰანის მიწებს მიუსევს. თეოდენის დისშვილი ეომერი გრიმას ჯაშუშობაში ადანაშაულებს, პასუხად გრიმა მას თეოდენის მიერ ხელმოწერილი ბრძანებით სამეფო კარიდან აგდებს. ეომერი მიემგზავრება როჰანის სხვა მიწებისკენ, რათა შემოიკრიბოს ერთგული როჰანელები. მისი ჯარი ანადგურებს ურუკ-ჰაებისა და ორკების ლაშქარს, რომელსაც მერი და პიპინი მიჰყავს. ჰობიტები გარბიან ფანგორნის ტყისკენ, სადაც ხვდებიან ხისწვერას, უხუცეს ენტს.

ფროდო, სემი და გოლუმი გადადიან მკვდარ ჭაობებზე. გზად გადაეყრებიან ნაზგულს, რომელიც მათ გადაუფრენს. შავ კარიბჭესთან მისულები, აღმოაჩენენ, რომ შესვლა შეუძლებელია და მას ორკები დაჯარობენ. გოლუმი წყვილს არწმუნებს, რომ გადაიყვანს განსხვავებული, მტრისგან თავისუფალი გზით. ეომერის იერიშის კვალის აღმოჩენისას არაგორნი, ლეგოლასი და გიმლი პოულობენ ჰობიტების კვალსაც. სამეულს ტყეში თეთრად განდალფი ხვდება. იგი მათ უერთდება და ედორასისში მიჰყავს. ადგილზე მისვლისას მოგზაურები თეოდენს გრიმას შელოცვისგან ათავისუფლებენ და მეფეს თეოდრედის, მისი ძის დაღუპვას ამცნობენ. თეოდენს თავისი ხალხი გადაჰყავს ჰელმის ხრამის ციხესიმაგრეში. შიშობს რა, რომ ჰელმის ხრამი ვერ გაუძლებს სარუმანის გამოგზავნილ ჯარს, განდალფი ეომერის საძებნელად მიემგზავრება. გრიმა იზენგარდისკენ გარბის და სარუმანს ამცნობს ჰელმის ხრამში არსებული სუსტი ადგილის შესახებ ამცნობს. სარუმანი უშვებს ჯარს როჰანელების გასანადგურებლად.

ამასობაში გოლუმი ორჭოფობს და ესაუბრება საკუთარ თავში არსებულ მეორე მხარეს, სმეაგოლს. როდესაც სემსა და ფროდოს იჭერენ ითილიენელები, ფროდო იძულებულია, გოლუმი მიუყვანოს და არსება თვლის, რომ მას უღალატეს. ამიტომ მისი ცუდი მხარე იწყებს ფროდოზე შურისძიებაზე ფიქრს. თეოდენის ხალხი ჰელმის ხრამისკენ მიემართება, მაგრამ გზად თავს ესხმიან ვარგებზე ამხედრებული სარუმანის ორკები. არაგორნი კლდიდან მდინარეში ეცემა. მას დაღუპულად თვლიან.

შუაველში ელრონდი არუენს არწმუნებს, რომ სჯობს, დაივიწყოს არაგორნი და შუახმელეთი სხვა ელფებთან ერთად დატოვოს. ელრონდი თვლის, რომ საურონის დამარცხების შემხვევაშიც, არაგორნისა და არუენის ბედი მწარე იქნება, ვინაიდან არუენი ელფია და უკვდავია, ხოლო არაგორნი მასზე ადრე აღესრულება. ამასობაში ეოვინს, თეოდენის დისშვილს, არაგორნი უყვარდება.

შეიტყობს რა, რომ ბეჭედი ფროდოს აქვს, ითილიენის მოხეტიალეთა მეთაური, ფარამირი, ბორომირის ძმა, გასცემს ბეჭდის გონდორში წაღების ბრძანებას. როჰანში გადარჩენილ არაგორნს მდინარე ნაპირზე გამორიყავს. ცხენზე ამხედრებული იგი ჰელმის ხრამისკენ მიემართება და გზად სარუმანის ჯარს ამჩნევს, რაზეც მეფე თეოდენს აუწყებს. თეოდენი თავს უყრის ყველას, ვისაც ბრძოლა შეუძლია, ხალხის ნაწილს კი მალავენ ჰელმის ხრამის მიღმა მდებარე გამოქვაბულში. ღამით როჰანში მოდის ელფთა ლაშქარი ჰალდირის მეთაურობით, გამოგზავნილი ადამიანთა დასახმარებლად. ფანგორნის ტყეში მერი და პიპინი ესწრებიან ხისწვერას და სხვა ენტების საბჭოს, რომელზეც უნდა გადაწყდეს, თუ რას მოიმოქმედებენ ენტები სარუმანთან ომში.

ჰელმის ხრამში იწყება ბრძოლა ურუკ-ჰაებსა და როჰანელებს შორის, რომელშიც არაგორნი და მისი მეგობრებიც მონაწილეობენ. კედელში არსებულ სუსტ ადგილებზე ორკები ათავსებენ სარუმანის დამზადებულ ასაფეთქებლებს, რომლებიც ანგრევენ კედელს. ურუკ-ჰაები აღწევენ ციხესიმაგრეში და ჰალდირი მოკლულია. ფანგორნის ტყეში ხისწვერა და სხვა ენტები საბოლოოდ გადაწყვიტავენ, რომ ომში მონაწილეობას არ მიიღებენ. ხისწვერად ჰობიტები ტყიდან გაჰყავს, მაგრამ პიპინი მას სხვა მიმართულებით წაყვანას სთხოვას და ისინი პირდაპირ იზენგარდთან აღმოჩნდებიან, ტყის პირას, სადაც ამოჩეხილ ხეებს პოულობენ. განრისხებული ხისწვერა სარუმანზე შურის საძიებლად უხმობს ენტებს. არაგორნი თეოდენს, ლეგოლასს და სხვა როჰანელებს მიუძღვება ურუკ-ჰაებზე იერიშის მისატანად. ამ დროს ჩნდებიან განდალფი და ეომერი, დიდ ლაშქართან ერთად. გაერთიანებული ძალებით ურუკ-ჰაები განადგურებულები და უკუქცეულები არიან. დარჩენილ ნაწილს ფანგორნის ტყეში ენტები და ჰუორნები კლავენ. იზენგარდში ენტები ამარცხებენ ურუკ-ჰაებს და კაშხალს ხსნიან, რასაც მოჰყვება მთელი იზენგარდის დატბორვა და სარუმანს ციხე-კოშკში მიმწყვდევა.

ფარამირს ჰობიტები მიჰყავს ოსგილიათში, სადაც ჩნდებიან ორკები ნაზგულის მეთაურობით. ფროდოს უხმობს ბეჭდის ძალა, მაგრამ მას სემი გადაარჩენს. ნაზგული დამარცხებულია და ოსგილიათს ტოვებს. ფარამირი, ხვდება რა, თუ როგორი საშიშია ბეჭდი, ჰობიტებს გოლუმთან ერთად ათავისუფლებს. განდალფი აღნიშნავს, რომ საურონი განრისხებული იქნება სარუმანის დამარცხების გამო და მათ მხოლოდ ფროდოსა და სემის იმედი დარჩენიათ. გოლუმი გადაწყვიტავს, ბეჭედი დაიბრუნოს და ამისთვის დაიხმაროს „ის“, რომელიც ფროდოსა და სემს მოკლავს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. THE LORD OF THE RINGS - THE TWO TOWERS. British Board of Film Classification. ციტირების თარიღი: 24 September 2014.
  2. The Lord of the Rings The Two Towers (2002). American Film Institute. ციტირების თარიღი: 6 December 2014.
  3. The Lord of the Rings The Two Towers (2002). Turner Classic Movies. ციტირების თარიღი: 6 December 2014.
  4. The Lord of the Rings The Two Towers (2002). European Audiovisual Observatory. ციტირების თარიღი: 6 December 2014.
  5. 5.0 5.1 The Lord of the Rings: The Two Towers (2002). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 5 May 2010.