ბეტმენი (ინგლ. Batman) — გამოგონილი სუპერგმირი, რომელიც DC Comics-ის ამერიკული კომიქსების პერსონაჟია. მისი ავტორები არიან მხატვარი ბობ კეინი და მწერალი ბილ ფინგერი[4][5]. პერსონაჟის დებიუტი შედგა 1939 წელს, „დეტექტიური კომიქსების“ #27 ნომერში. თავდაპირველად ცნობილი უბრალოდ „Bat-Man“-ის სახელით, გმირი აგრეთვე ნახსენებია სხვა ფსევდონიმებით, რომელთა შორის არის „ბნელი რაინდი“, „ბნელი რაინდი დეტექტივი“, „მსოფლიოს საუკეთესო დეტექტივი“ და „მოსასხამიანი ჯვაროსანი“..[6]

ბეტმენი

ტონი დენიელის მიერ დახატული ბეტმენი
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი DC Comics
პირველი გამოჩენა დეტექტიური კომიქსები #27
(მაისი 1939)
ავტორ(ებ)ი
დახასიათება
ალტერ ეგო ბრიუს უეინი
სახეობა ადამიანი
ფსევდონიმები
  • მეტჩიზ მელოუნი[2]
  • ლეფტი ნოქსი[3]
გუნდები/
ჯგუფები
მოკავშირეები
მტრები ჯოკერი
შხამიანი სურო
დუმილი
ორსახა და სხვა.
შესაძლებლობა
  • გენიოსის დონის ინტელექტი
  • ფიზიკური ძალა
  • აღმოსავლური ორთაბრძოლების დახვეწილი ფლობა
  • დახვეწილი დეტექტიური ნიჭი
  • ფლობს სხვადასხვა საბრძოლო ტექნოლოგიას

ბეტმენის პიროვნების მიღმა იმალება ბრიუს უეინი, მდიდარი ამერიკელი პლეიბოი, ქველმოქმედი და Wayne Enterprises-ის მფლობელი. მას შემდეგ, რაც ბავშვობაში მის თვალწინ მოკლეს მშობლები, თომას და მართა უეინები, ბრიუსმა სამართლიანობის აღდგენის მიზნით გადაწყვიტა დამნაშავეთა სამყაროსთან ბრძოლა. შემდგომში მან საკუთარი თავი ფიზიკურად და ინტელექტუალურად განავითარა და კრიმინალურ სამყაროსთან საბრძოლველად დაიწყო სპეციალური, ღამურის კოსტიუმის ტარება.[7]

ბეტმენი ცხოვრობს და მოქმედებს გოთემის გამოგონილ ქალაქში. მას ეხმარებიან სხვე პერსონაჟებიც - მსახური ალფრედ პენიუორთი, პოლიციის კომისარი ჯეიმზ გორდონი და რობინის მსგავსი სუპერგმირები. განსხვავებით ბევრი სხვა სუპერგმირისგან, ბეტმენი არ ფლობს ზებუნებრივ ძალებს და დამოკიდებულია ინტელექტზე, ფიზიკურ ძალებზე, აღმოსავლური ორთაბრძოლების ხელოვნების ფლობაზე, დეტექტიურ ნიჭზე, მეცნიერებასა და ტექნოლოგიაზე, ფულად ქონებაზე, მოწინააღმდეგის დაშინებასა და შეუპოვარ ნებისყოფაზე. მას მრავალი მტერი ჰყავს, რომელთა შორის აღსანიშნავია მთავარი, ჯოკერი.

ბეტმენი 1939 წელს გამოჩენის შემდეგ პოპულარული მალე გახდა. 1940 წელს მას მიეძღვნა კომიქსების ცალკე სერია, რომელიც დღემდე გამოიცემა. ათწლეულების განმავლობაში გამოჩნდა მისი არაერთი ინტერპრეტაცია. 1960-იანების ბოლოს გამოსულ ტელესერიალში შეიმჩნევა კემპის ესთეტიკა, რომელიც პერსონაჟს შერჩა სერიალის დასრულების შემდეგაც კი. მრავალი ავტორის ძალისხმევით ბეტმენი უბრუნდებოდა ბნელ საწყისებს, რაც 1986 წელს დაგვირგვინდა ფრენკ მილერის „ბნელი რაინდის დაბრუნებით“. Warner Bros.-ის ფილმების წარმატებამ მაყურებლის ამ პერსონაჟით დაინტერესება გაამყარა.[8]

ბეტმენი, ამერიკული კულტურის სიმბოლო, მედიის მრავალი საშუალების ნაწილია – რადიოს, ტელევიზიის და კინოს სფეროებში, ისევე, როგორც მრავალი პროდუქციის – სათამაშოების თუ ვიდეო თამაშების. დაინტერესება პერსონაჟით გამოხატეს ფსიქიატრებმაც, რომლებიც მის პიროვნებას იკვლევდნენ. 2015 წელს FanSided-ის „კომიქსების ისტორიაში 50 უდიდესი სუპერგმირის“ სიაში ბეტმენი პირველ ადგილს იკავებდა.[9] მის პერსონაჟს ანიმაციურ ადაპტირებებში, სხვებთან ერთად, ახმოვანებდნენ კევინ კონროი, ბრიუს გრინვუდი, პიტერ უელერი, ენტონი რუივივარი, ჯეისონ ო'მარა და უილ არნეტი. ტელე და კინოეკრანებზე იგი წარმოდგენილი იქნა ლუის უილსონის, რობერტ ლოუერის, ადამ უესტის, მაიკლ კიტონის, ველ კილმერის, ჯორჯ კლუნის, კრისტიან ბეილის და ბენ აფლეკის შესრულებით.

გამოცემების ისტორია

რედაქტირება
 
ბეტმენის პირველი გამოქვეყნებული გამოსახულება, „Action Comics“, #12. იგი აღნიშნავს, რომ პერსონაჟი გამოჩნდება „დეტექტიური კომიქსების“ #27 ნომერში.[10]

1939 წლის დასაწყისში, „Action Comics“-ში სუპერმენის წარმატების შემდეგ National Comics Publications-ის (მომავალი DC Comics-ის) რედაქტორებმა ითხოვეს სხვა სუპერგმირების შემუშავებაც. პასუხად, ბობ კეინმა შექმნა პერსონაჟი „ბეტმენი“[11]. ბილ ფინგერი იხსენებდა, რომ „...კეინს ჰქონდა ახალი პერსონაჟის, ბეტმენის იდეა, და მას სურდა, რომ მე მენახა ჩანახატები. მე მივედი კეინთან და მან დამიხატა პერსონაჟი, რომელიც ჰგავდა სუპერმენს...წითელი ტანსაცმლით, როგორც მახსოვს, ჩექმებში...ხელთათმანები არ ჰქონდა...სახეზე ჰქონდა დომინოს ფერების ნიღაბი, რომელიც დამაგრებული იყო თოკით. მას ჰქონდა ორი მოუქნელი ფრთა, რომელიც გამოიყურებოდა, როგორც ღამურის ფრთები. უფრო ქვევით კი იყო დიდი ნიშანი - ბეტმენი.[12]“. ბობ კეინის შემოთავაზებით, პერსონაჟმა მიიღო მოსასხამი, რომელიც შთაგონებული იყო ლეონარდო და ვინჩის მიერ შექმნილი ორნითოპტერის ჩანახატით.[13] ფინგერის შემოთავაზებით, პერსონაჟმა უბრალო ნიღბის მაგივრად მიიღო კაპიშონი, ფრთების მაგივრად - მოსასხამი, კოსტიუმს მოსცილდა წითელი ფერები.[14][15][16][17] ფინგერის თქმით, „სახელი „ბრიუს უეინი“ რობერტ ბრიუსის, შოტლანდიელი პატრიოტის გავლენით იქნა გამოყენებული. უეინი, რომელიც სიუჟეტის მიხედვით პლეიბოი არის, დიდ მამულს ფლობს. მის პროტოტიპად იქცა ენტონი უეინი, რომელიც პირდაპირ კავშირშია კოლონიალიზმთან. მოვსინჯე ადამსი, ჰენკოკი...შემდეგ კი გამახსენდა შეშლილი ენტონი უეინი“.[18] მოგვიანებით ფინგერი ამბობდა, რომ პერსონაჟზე გავლენა იქონია ლი ფალკის „აჩრდილმა“, საგაზეთო კომიქსმა, რომელიც კეინისთვისაც ნაცნობი იყო.[19]

კეინი და ფინგერი ბეტმენის პიროვნების, პერსონაჟის ისტორიის, ვიზუალური დიზაინისა და აქსესუარების შემუშავებისას შთაგონებად 1930-იანი წლების კულტურას იყენებდნენ. წყაროებს წარმოადგენდნენ როგორც ლიტერატურა, ფილმების, გაზეთების და კომიქსების სტილი, ასევე კეინის პირადი წარსული.[20] არისტოკრატული წარმოშობის გმირის, ბეტმენის მსგავს ორმაგი ცხოვრების წესს ეწეოდნენ ალისფერი საპონელა (შექმნილი 1903 წელს ბარონესა ემუსკა ორცის მიერ) და ზორო (ჯონსტონ მაკ-კალი, 1919). მათ მსგავსად ბეტმენი თავის გმირულ საქმიანობას ფარულად ეწევა და მისი ნამდვილი პიროვნების შესახებ ეჭვი არავის უჩნდება. იგი საკუთარ სიმბოლოსაც იყენებს. კეინი აღნიშნავდა, რომ „ზოროს ნიღბის“ (1920) და „ღამურის ჩურჩულის“ (1930) ბეტმენის პიროვნების ჩამოყალიბებაში დამსახურება იყო, ხოლო ფინგერისთვის გავლენის წყაროდ ლიტერატული პერსონაჟები იქცნენ დოკ სავაჟი, აჩრდილი და დიკ ტრეისი, ხოლო მთავარი შთაგონება შერლოკ ჰოლმზი იყო[21][22]

თავის 1989 წლის ავტობიოგრაფიაში კეინი დეტალებში განიხილავს ფინგერის წვლილს ბეტმენის შექმნაში:

ერთ დღეს ბილს დავურეკე და ვუთხარი: „მე ახალი პერსონაჟი, ბეტმენი მოვიგონე და რამდენიმე უხეში, უბრალოდ ჩანახატი გავაკეთე, რომელიც მინდა, გაჩვენო“. იგი მოვიდა და ვუჩვენე ნახატები. მაშინ პერსონაჟს პატარა დომინოს ფაქტურის მქონე ნიღაბი ჰქონდა, დაახლოებით ისეთი, როგორიც ჰქონდა რობინს. ბილმა მითხრა: „რატომ არ გავაკეთოთ ისე, რომ იგი გამოიყურებოდეს, როგორც ღამურა? დავახუროთ თავსაბურავი, გავუქროთ თვალები და უბრალოდ სიცარიელე დავტოვოთ, რათა იგი უფრო იდუმალი იყოს“...იმ ეტაპზე ბეტმენს წითელი კოსტიუმი ჰქონდა, ხოლო ფრთები, ტრუსი და ნიღაბი შავი იყო. მე ვიფიქრე, რომ წითელი და შავი კარგი კომბინაცია იქნებოდა. ბილმა თქვა, რომ კოსტიუმი მეტად ღია ფერის იყო: რუხ ფრად შეღებე, რათა იგი უფრო აღსაქმელი იყო. მოსასხამი გამოიყურებოდა, როგორც ორი მოუქნელი ფრთა, რომელიც მიმაგრებული იყო მის ხელებზე. საუბრისას მე და ბილმა გამოვარკვიეთ, რომ ეს ფრთები ფრენისას უფრო ვეებერთელა იქნებოდა და შევცვალეთ ისინი მოსასხამით, რომელიც გამოიყურებოდა, როგორც ღამურის ფრთები, როდესაც პერსონაჟი იბრძოდა ან ჩამოკიდებული იყო თოკზე. მას მაშინ არც ხელთათმანები ჰქონდა, ასე რომ დავამატეთ ისინიც, რათა ანაბეჭდები არსად დაეტოვებინა.[23]

ოქროს პერიოდი

რედაქტირება

შემდგომი ავტორობა

რედაქტირება

კეინმა საკუთარი ავტორობა გაცვალა კომიქსში თავისი თავის ავტორად ხსენებაზე, თუმცა იქ არ ეწერა, რომ „ბეტმენი შექმნა ბობ კეინმა“. მისი სახელი უბრალოდ ეწერა ყოველი ისტორიის პირველ გვერდზე. სახელი კომიქსებიდან გაქრა 1960-იან წლებში და მას ჩაენაცვლა კონკრეტული ისტორიის მხატვრისა და სცენარისტის სახელ-გვარები. 1970-იანი წლების ბოლოს, როდესაც ჯერი სიგელმა და ჯო შუსტერმა მიიღეს ყველა უფლება „სუპერმენის“ გავრცელებაზე, ბეტმენის კომიქსებში უკვე ეწერა „შექმნილია ბობ კეინის მიერ“.

ფინგერს იგივე სტატუსი არ მიენიჭა. იგი DC Comics-ის სხვა კომიქსებზეც მუშაობდა. თუმცა, 1960-იან წლებში, „ბეტმენის“ 169-ე ნომრიდან (თებერვალი, 1965) მოყოლებული, მაგალითად, ჯულიუს შვარცი მას ახსენებს, როგორც პერსონაჟ „გამოცანის“, ბეტმენის ერთ-ერთი მტრის ავტორს. ამასთან, კონტრაქტის მიხედვით, ფინგერი უბრალოდ დარჩა ნახსენები ერთადერთ გვერდზე. კეინი იხსენებდა, რომ ბილი გულგატეხილი იყო თავის კარიერაში სრულყოფილების ნაკლებობით. იგი გრძნობდა, რომ ბოლომდე არ გამოიყენა თავისი შემოქმედებითი პოტენციალი და წარმატებამ მას გვერდი აუარა.[18] 1974 წელს, ფინგერის გარდაცვალების შემდეგაც კი DC Comics არ ახსენებდა მას, როგორც ბეტმენის თანაავტორს.

ჯერი რობინსონი, რომელიც ასევე მუშაობდა ფინგერთან და კეინთან ერთად, აკრიტიკებდა კეინს იმის გამო, რომ მან არ გაიზიარა ავტორობა. იგი იხსენებდა, რომ ფინგერი აღშფოთდა თავისი პოზიციის გამო. 2005 წლის ინტერვიუში გამოცემასთან „The Comics Journal“ ნათქვამია: „ბობმა იგი ნაკლებად დაცულად აქცია, რადგანაც ბეტმენზე მუშაობისას იგი არაფერს იღებდა კეინის მიერ მიღებული ფულიდან, სწორედ ამიტომაც იგი აპირებდა კეინის მმართველობისგან წასვლას. კეინს ბილი თანაშემქმნელად უნდა გამოეცხადებინა, რადგან ვიცი, მე იქ ვიყავი... ეს ისაა, რასაც ბობს ვერასოდეს ვაპატიებ, რომ არ გამოაცხადა, ბეტმენის შექმნაში ბილის მნიშვნელოვანი როლის შესახებ. ისინიც სიგელის და შუსტერის მსგავსად უნდა მოქცეულიყვნენ, სტრიპის შემქმნელებად სცენარისტი და მხატვარი უნდა გამოეცხადებინათ“.[24]

გამოგონილი ბიოგრაფია

რედაქტირება

ბეტმენის ისტორიის შეცვლა, უმნიშვნელოდ ან მნიშვნელოვნად, რამდენიმეჯერ მოხდა. მაგრამ, პერსონაჟის რამდენიმე ელემენტი უცვლელი დარჩა. ბეტმენის ისტორიას აქვს მთავარი დეტალი. ბავშვობაში ბრიუს უეინმა მიიღო დიდი ტრავმა, თავისი მშობლების, ექიმ ტომას უეინის და დედა მართა უეინის სიკვდილის ხილვის გამო. ამან უბიძგა, რომ გოთემში ებრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ, როგორც ბეტმენს.

ადრეული წლები

რედაქტირება
 
ბეტმენის პირველი გამოჩენა, დეტექტიური კომიქსების 27-ე ნომერში. მხატვარი ბობ კეინი.

ბეტმენის პირველი ისტორია "ქიმიური სინდიკატის საქმე" (The Case of the Chemical Syndicate) გამოქვეყნდა დეტექტიური კომიქსების 27-ე ნომერში (1939, მაისი). ფინგერმა თქვა: ბეტმენის სცენარი დაწერილი იყო pulps სტილში. და ეს ზეგავლენა იგრძნობოდა, როდესაც ბეტმენი მცირე სინდისის ქენჯნას განიცდიდა, დამნაშავეების მოკვლის ან დასახიჩრებისას. ბეტმენის პერსონაჟმა წარმატება მოიპოვა და 1940 წელს პირადი კომიქსების სერია მიიღო. ბეტმენი ასევე რჩებოდა დეტექტიური კომიქსების მთავარ პერსონაჟად. იმ დროისათვის National Publications იყო კომიქსების ინდუსტრიაში ყველაზე გაყიდვადი და გავლენიანი კომპანია. ბეტმენისა და კომპანიის კიდევ ერთი პერსონაჟი, სუპერმენი, კომპანიის წარმატების ქვაკუთხედს წარმოადგენდნენ. ორი პერსონაჟი ერთად მონაწილეობდა World's Finest Comics-ში, რომელსაც შექმნის მომენტიდან მსოფლიოს საუკეთესო კომიქსის ტიტული ჰქონდა მიღებული (1940). შემქმნელები ჯერი რობინსონი და დიკ სპრენგი ამ პერიოდში სხვა სტრიპებზეც მუშაობდნენ.

ბობ კეინმა თანდათან შემატა ბეტმენს ახალი აღჭურვილობა. მისი ქამარი წარდგენილი იქნა დეტექტიური კომიქსების 29-ე ნომერში (1939, ივლისი), მას მოყვა ბუმერანგის მსგავსი ბეტარანგი და პირველი ბეტპლანი (31-ე ნომერი, 1939 წლის სექტემბერი). პერსონაჟის წარმოშობის ისტორია გამოაშკარავდა 33-ე ნომერში (1939 წლის ნოემბერი), სადაც ორ გვერდზე ბეტმენის მშობლების სიკვდილი იყო ნაჩვენები. ბილ ფინგერის სცენარისტობით დაწერილ ისტორიაში, მშობლების მკვლელობის შემდეგ, პატარა ბრიუს უეინმა თქვა: "ჩემი მშობლების სულების სახელით, [მე] შურს ვიძიებ მათი სიკვდილისთვის, ჩემს ცხოვრებას კრიმინალთან ბრძოლას მივუძღვნი." [25]

დეტექტიური კომიქსების 38-ე ნომერში (1940 წლის აპრილი) გამოჩნდა რობინი. იგი შეიქმნა ბილ ფინგერის მითითების მიხედვით, მან თქვა, რომ ბეტმენს სჭირდებოდა "უოტსონი" რომელთანაც შეძლებდა ლაპარაკს. ბეტმენის პირველ ნომერში არა მხოლოდ შედგა მისი ორი, ყველაზე შეუპოვარი მოწინააღმდეგის, ქალი-კატას და ჯოკერის დებიუტი, არამედ აჩვენეს ისტორიაც, რომელშიც ბეტმენმა რამდენიმე გიგანტი მონსტრი სროლით მოკლა. ამ ისტორიამ რედაქტორ უიტნი ელსვორტს გადააწყვეტინა, რომ ბეტმენს მეტად იარაღი აღარ უნდა გამოეყენებინა.[26]

1950-იანი და 1960-იანი წლები

რედაქტირება

1950-იან წლებში ბეტმენის კომიქსები უფრო მეტად ორიენტირებული იყო სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრზე. ამ პერიოდში შეიქმნა ისეთი პერსონაჟები, როგორიცაა ბეტვუმენი, ეისი ბეტ-ძაღლი და ბეტ-ტკიპი. შემდეგ, კომიქსში მამაცი და გაბედული #28 (1960, თებერვალი) ბეტმენი გამოცხადდა ამერიკის სამართლიანობის ლიგის წევრად.

თანამედროვე ბეტმენი

რედაქტირება

12-ნომრიანი ლიმიტირებული სერიის - დაუსრულებელ მიწათა კრიზისის შემდეგ, DC Comics-ის მიერ თავიდან შეიქმნა მთავარი პერსონაჟების ისტორიები და გაათანამედროვა ისინი. სცენარისტმა ფრენკ მილერმა დაწერა ბეტმენის წარმოშობის ახალი ისტორია, კომიქსში ბეტმენი 404-407, სადაც მის ქვიშისფერ ტონს გაუსვა ხაზი. პოსტკრიზისულ სამყაროში შეიცვალა ბეტმენის კლასიკური, ოქროს და ვერცხლის ასაკის ისტორიები. მაგალითად, გოთემის პოლიცია გახდა უფრო კორუმპირებული და ამან გამოიწვია ბეტმენის არსებობის აუცილებლობა. რადგან დიკ გრეისონის წარმოშობის ისტორია იგივე დარჩა, სცენარისტემა შექმნეს მეორე რობინი, ჯეისონ ტოდი. ის იყო ობოლი ბავშვი, რომელმაც სცადა ბეტმობილის საბურავების მოპარვა [27]. ბრიუსმა ის აღზარდა როგორც თავისი ახალი თანაშემწე. ბეტმენი კვლავ დარჩა ამერიკის სამართლიანობის ლიგის შემადგენლობაში და ცოტა ხნით, 1987 წელს, მისი ლიდერიც იყო.

1988 წელს კომიქსების სერიაში "ბეტმენი: სიკვდილი ოჯახში", ბეტმენის 426-ე და 429-ე ნომრებში, ჯეისონ ტოდი, მეორე რობინი, მოკლა ჯოკერმა. ბეტმენმა დაიწყო კრიმინალთან ბრძოლა უფრო სასტიკი მეთოდებით, რაც ჯეისონის სიკვდილმა გამოიწვია. ის კვლავ მარტოხელა მეომარი გახდა. 2005 წელს, როცა ტიმ დრეიკი გახდა ახალი რობინი [28], სცენარისტებმა დააბრუნეს ჯეისონ ტოდი და თავის ძველ აღმზრდელს დაუპირისპირეს ის.

1993 წელს DC Comics-მა გამოუშვა ისტორია "Knightfall". ამ სერიაში ახალმა პერსონაჟმა წყევლამ მოახდინა ბეტმენის პარალიზება. ამიტომ ბრიუს უეინი გოთემიდან გაემგზავრა, ხოლო მისი ადგილი დაიკავა აზრაილმა. მისი მეთოდები იყო უფრო სასტიკი, ვიდრე პირველი ბეტმენის. ბრიუს უეინმა აზიაში ყოფნისას, შეძლო ვარჯიშების დახმარებით გამოჯანმრთელება, აზრაილის დამარცხება და კვლავ დაუბრუნდა ბეტმენის როლს. ის ასევე მონაწილეობას იღებდა გრანტ მორისონის ახალი ამერიკის სამართლიანობის ლიგის სერიებში, 1996 წელს.

ისტორიის "Face the Face" შემდეგ, ბრიუსმა, ტიმი (რომელმაც მის მსგავსად ორივე მშობელი დაკარგა.) ოფიციალურად იშვილა[29]. მომდევნო ისტორიაში "ბეტმენი და შვილი", გამოჩნდა დემიან უეინი, რომელიც ბრიუს უეინის შვილია, ტალია ალ გულისგან. ამავე პერიოდში, ბეტმენმა, სუპერმენთან და ქალ საოცრებასთან ერთად ჩამოაყალიბა ახალი ამერიკის სამართლიანობის ლიგა[30] და სათავეში ჩაუდგა აუტსაიდერების განახლებულ გუნდს.

”ბეტმენის სიკვდილი”

რედაქტირება
 
ფინალური კრიზისის 6-ე ნომერის, ბოლო გვერდი. სუპერმენს უჭირავს ბეტმენის ცხედარი. მას შემდეგ რაც დარკსაიდმა მას ომეგა სხივები ესროლა. მხატვარი დაგ მანქი.

გრანტ მორისონის 2008 წლის ისტორიის "Batman R.I.P."-ს შემდეგ, ბეტმენმა მიიღო ფიზიკური და გონებრივი ტრავმა, უცნობი მოწინააღმდეგე "შავი ხელთათმანისგან". ისტორია სავარაუდოდ დასრულდებოდა ბრიუს უეინის სიკვდილით[31]. მაგრამ სცენარისტების ორიგინალური ჩანაფიქრის მიხედვით, ბეტმენი უნდა მომკვდარიყო არა "R.I.P"-ს გვერდებზე, არამედ ისტორია უნდა გაგრძელებულიყო DC Comics-ის გლობალურ მოვლენა, ფინალურ კრიზისში და იქ მომხდარიყო მისი მოკვლა. "R.I.P".-ს შემდეგ გამოვიდა ორ-ნომრიანი სერია "უკანასკნელი რიტუალები" (Last Rites), სადაც გაირკვა, რომ R.I.P.-ს ფინალში ბეტმენი გადაურჩა ვერტმფრენის აფეთქებას და დაბრუნდა ბეტგამოქვაბულში. შემდეგ კი დაეხმარა ასლ-ს ორიონის სიკვდილის გამოძიებაში. ეს წინ უძღოდა ფინალურ კრიზისს (რომლის გამოცემაც Batman R.I.P.-ს შემდეგ დაიწყო.), სადაც ბეტმენი გრენი გუდნისმა გაიტაცა. ამის შემდეგ ”უკანასკნელ რიტუალებში” ნაჩვენებია, როგორ ცდილობდნენ მოკარი და საიმონი, დარკსაიდის ბრძანებით, ბეტმენის მეხსიერებიდან, მისი პიროვნების შტრიხების კოპირებას, რათა შემდეგ კლონისთვის გადაენერგათ. გეგმა კლონის გამო ჩავარდა, რომელმაც ყოველდღე იმ სტრესის ატანას, რასაც ბეტმენად ყოფნა იწვევდა, თავის მოკვლა ამჯობინა. ორნაწილიანი სერიის ბოლოს გაირკვა რომ ბეტმენი, ტყვიას, რომლითაც ფინალურ კრიზისში ორიონი მოკლეს თავის ქამარში ინახავდა.[32]

ბეტმენის სიკვდილი მოხდა ფინალური კრიზისის 6-ე ნომერში, სადაც ის დარკსაიდს დაუპირისპირდა. ბეტმენმა თქვა, რომ ის მეტოქესთან შეხვედრისას, თავის მთავარ წესს: ”არავითარი იარაღი” დაარღვევდა. აპოკალიფსში დამზადებული პისტოლეტიდან, ბეტმენმა დარკსაიდს რადიონის ტყვია მკერდში ესროლა (იგივე ტყვია, რითაც ორიონი მოკლეს). პარალელურად დარკსაიდმაც ბეტმენს თავისი ომეგა სხივები დაუშინა[33]. დარკსაიდის ომეგა სხივები, რომელიც მიზანს კი არ კლავს, არამედ პარალელურ სამყაროში აგზავნის, ბეტმენს თავში მოხვდა. მაგრამ დარჩა ბეტმენის გვამი, რომელიც ადასტურებდა, რომ ის მოკვდა. როგორც ფინალური კრიზისის ფინალში გაირკვა, ბეტმენი გაიგზავნა შორეულ წარსულში, სადაც ანთროს შეხვდა[34][35].

ბრძოლა მოსასხამისთვის

რედაქტირება

სამ-ნომრიან მინისერიაში ბრძოლა მოსასხამისთვის (მოსასხამში ბეტმენის ნიღაბი იგულისხმება) ნაჩვენებია ბეტმენის ახლობლების დაპირისპირება, მისი ადგილის დასაკავებლად. არქემის საპყრობილედან შავი ნიღაბი უშვებს გოთემის ყველაზე საშიშ დამნაშავეებს[36]. რომელთა შეჩერებაში რობინს და ნაითვიგს გმირების კლუბიც დაეხმარება. კომიქსში ასევე ნაჩვენებია შავი ნიღბის, პინგვინის და ორსახას ბრძოლა, გოთემზე გავლენის მოსაპოვებლად. დიკ გრეისონის მთავარი მოწინააღმდეგე იქნება ჯეისონ ტოდი, რომელიც თავს ახალ ბეტმენად გამოაცხადებს და მის კოსტიუმს ჩაიცვამს. საბოლოოდ ნაითვიგი შეძლებს ჯეისონის დამარცხებას და კომიქსის ბოლოს, მიუხედავად იმისა რომ ამის სურვილი არ აქვს, გახდება ახალი ბეტმენი[37]. ტიმ დრეიკი კი დაირქმევს ახალ სახელს წითელი რობინი და დაიწყებს მსოფლიოს გარშემო ბეტმენის ძებნას, რადგანაც დაიჯერებს, რომ ის ცოცხალია.[38]

უბნელესი ღამე

რედაქტირება

DC Comics-ის გლობალურ მოვლენაში უბნელესი ღამე ბოროტმოქმედი შავი ხელი შეეცდება შავი ბეჭდის დახმარებით გააცოცხლოს ბრიუს უეინი, როგორც შავი ფარნების კორპუსის წევრი[39]. ამის შემდეგ გაცოცხლებული ბეტმენი გამოჩნდება უბნელესი ღამის რამდენიმე ნომერში. საბოლოოდ შავი ხელის მბრძანებელი ნეკრონი აღმოაჩენს რომ ბეტმენის ცხედარი ყალბია[40].

ბრიუს უეინის დაბრუნება

რედაქტირება

2010 წლის მაისში, მორისონმა ბეტმენის ისტორიაზე მუშაობა განაგრძო მინი სერიით ბეტმენი: ბრიუს უეინის დაბრუნება. ექვს-ნომრიან სერიაზე მორისონი მხატვრებთან - კრის სპოუზთან, ფრეიზერ ირვინგთან, იანიკ პექუეტესთან, ჯორჯეს ჯინტისთან, რაიან სუკისთან, ლი გარბიტთან ერთად მუშაობდა. ექვსივე ნომრისთვის გარეკანი დახატა ენდი კუბერტმა. ბეტმენს მოუწია ქვის ხანის, შუა საუკუნეების, მეკობრეების (XVII საუკუნე), ველური დასავლეთის, მეოცე საუკუნის დასაწყისი (ნუარი) პერიოდების გავლა, დროში მოგზაურობით[41]. დროში მოგზაურობისას ბეტმენს რამდენიმე დაბრკოლების გადალახვა მოუხდა: მას არ ახსოვდა ვინ იყო. ასევე მისგან შეუმჩნევლად დარკსაიდმა ბეტმენი აქცია განკითხვის დღის იარაღად და თუ ის დაბრუნდებოდა აწმყოში, ყველაფერს გაანადგურებდა. მისმა მეგობრებმა (სუპერმენი, ოქროს ბუსტერი, მწვანე ფარანი და რიპ ჰანტერი) დაიწყეს დროში მოგზაურობა ბეტმენის მოსაძებნად[42]. საბოლოოდ ბეტმენმა მოკავშირეების წყალობით შეძლო განკითხვის დღის გეგმის ჩაშლა და თანამედროვე დროში დაბრუნება.

ბეტმენი გაერთიანებული

რედაქტირება
 
ბეტმენი გაერთიანებულის გუნდი. მხატვარი კრის ბარნჰემი.

ბრიუს უეინი დაბრუნების შემდეგ, დაუბრუნდა ბეტმენის როლსაც, ოღონდ გლობალური მასშტაბებით. მან დიკს და დემიანს უფლება მისცა, კვლავ გოთემის დინამიური წყვილი ყოფილიყვნენ[43]. ბეტმენის სერიაში ბეტმენი, გაერთიანებული(Batman, Incorporated) ნაჩვენებია როგორ დაიწყო ბრიუსმა ყველა ეროვნების ბეტმენის გაერთიანება, მის ახალ გუნდში - ბეტმენი გაერთიანებული. მან ჯერ საჯაროდ განაცხადა რომ Wayne Enterprises მისი ახალი პროექტისთვის იწყებს თანამშრომლობას ბეტმენთან[44], შემდეგ კი დაიწყო მოგზაურობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ბეტმენი გაერთიანებული გუნდში შედიან პერსონაჟები - ბეტმენი, რობინი, წითელი რობინი, ბეტგერლი და ბეტვუმენი გოთემიდან, ასევე რაინდი და სკვაიერი და ხუფი დიდი ბრიტანეთიდან, ელ გაუჩო არგენტინიდან, ღამისმრბოლელი საფრანგეთიდან, ღამურისფრთა აფრიკიდან, შავიღამურა ჰონგ კონგიდან, მისტერ უცნობი იაპონიიდან, შავი რეინჯერი ავსტრალიიდან, პილოტი შვედეთიდან, და ღამურა-კაცი და წითელი ყორანი ლათინური ამერიკიდან.[45]. 2010 წელს, ბეტმენი გაერთიანებულის ფარგლებში, დაიწყო ახალი მინისერია ბეტმენი: ბნელი რაინდი. მხატვარი და სცენარისტი - დევიდ ფინჩი. ისტორიაში ნაჩვენებია ბეტმენის მოღვაწეობა გოთემში, როგორ ცდილობს ის გამოიძიოს თავისი ბავშვობის მეგობარ გოლდენ დაუნის გაქრობის საქმე. ასევე ნაჩვენებია როგორ იძიებს ბეტმენი მისტიკურ და მაგიურ დანაშაულებს[46].

DC Comics-ის გადატვირთვა

რედაქტირება

სექტემბერში მოხდება ბეტმენის სერიების: ბეტმენი, ბეტმენი და რობინი, დეტექტიური კომიქსები, ბეტმენი: ბნელი რაინდი და სხვა, თავიდან გამოშვება, DC Comics-ის გადატვირთვის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც ძველი სერიები დაიხურება და 52 ახალი #1 კომიქსი გამოვა. გადატვირთვის შემდეგ ბრიუს უეინი იქნება ერთადერთი ბეტმენი, ხოლო დიკ გრეისონი კვლავ ნაითვინგის როლს დაუბრუნდება[47].

ბრიუს უეინი

რედაქტირება
 
ბრიუს უეინი საზოგადოებაში. ბეტმენი #655, მხატვარი ენდი კუბერტი.

ბეტმენის ნამდვილი სახელია ბრიუს უეინი. იგი არის მდიდარი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ გოთემში ცხოვრობს. საზოგადოება მას იცნობს როგორც უპასუხისმგებლო, გართობისმოყვარულ პლეიბოის, რომელიც თავისი მშობლების ქონების ხარჯზე ცხოვრობს და მემკვიდრეობით ფლობს, ტექნიკის კომპანია Wayne Enterprises-სს. უეინი ასევე ცნობილია თავისი ქველმოქმედებით, განსაკუთრებით კრიმინალთან ბრძოლაში[48]. ბრიუსი პლეიბოის იმიჯს თავისი საიდუმლო ვინაობის დასაფარად იყენებს. ასევე ხშირად თამაშობს თვითკმაყოფილი, ან მშიშარა-მოლაყბის როლს[49]. ასევე იქმნის ლოთის იმიჯსაც. ბრიუსი სინამდვილეში თავისი ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობისთვის, ბევრს ვარჯიშობს.

კომიქსების ოქროს ასაკში, ბრიუს უეინი უფრო მეტად იყო ფასადი ბეტმენისთვის[50] (განსხვავებით მაგალითად, სუპერმენისგან - კლარკ კენტი იყო მისი ნამდვილი ვინაობა, სუპერმენი კი ნიღაბი[51][52].).ბეტმენის ხასიათზე შექმნილ დოკუმენტურ ფილმში ბეტმენი უნიღბოდ, პროფესორმა ბენჟამინ კერნიმ შენიშნა: ”ბეტმენი იგივე საქმეს ემსახურება, რასაც ბრიუს უეინი, ესაა ბრიუსის იარაღი, რომლითაც ის ცდილობს სამყარო უკეთესი გახადოს.”

როგორც უაილ ბრუკერის წიგნში, „ბეტმენი უნიღბოდ“ წერია, ”ხშირად ბეტმენის ვინაობას, ახალგაზრდები შეცდომაში შეყავს...ის არაა ბრიუს უეინი; მას უბრალოდ სჭირდება კოსტიუმი და მოწყობილობები, შესაძლებლობები და ყველაზე მთავარი მორალი, ადამიანურობა.მასზე უბრალოდ ასეთი გაგება არსებობს:’ისინი მას ენდობიან...და არც ცდებიან[53]. ’”

თ. ჯეიმზ მუსლერის წიგნში სუპერგმირი ყველა ჩვენთაგანშია ავტორი ამტკიცებს რომ ბრიუს უეინის ცხოვრებაში მთავარი ფულია[54].

დიკ გრეისონი

რედაქტირება

ბრიუს უეინის დროში მოგზაურობისას დიკ გრეისონმა გახდა ახალი ბეტმენი. მან მეორედ მოირგო ბერმენის მასასხამი, მაგრამ სურვილის გარეშე. ბრიუსის ”სიკვდილის” შემდეგ დიკმა განაცხადა რომ ბეტმენად ყოფნა არ იყო მისთვის პრობლემა, მაგრამ უეინმა მას დაუტოვა შეტყობინება, სადაც ეუბნებოდა, რომ არ ჩაეცვა ბეტმენის კოსტიუმი და კრიმინალთან ებრძოლა როგორც ნაითვინგს, სხვების დახმარებით. მაგრამ ის დარწმუნდა, რომ გოთემს ბნელი რაინდი სჭირდებოდა, ამიტომ ნაითვინგის იმიჯზე უარი თქვა და გახდა ბეტმენი. ბრიუსმა დაბრუნების შემდეგ უფლება მისცა, დარჩენილიყო ბეტმენად.

ბეტ-სიგნალი

რედაქტირება
 
ბეტ-სიგნალი.

ბეტ-სიგნალი — გამოგონილი მოწყობილობა ბეტმენის ისტორიებიდან. ის წარდგენილი იქნა 1942 წლის თებერვალში, დეტექტიური კომიქსების 60-ე ნომერში. ბეტ-სიგნალი ბეტმენზე შექმნილ თითქმის ყველა ფილმში და კომიქსშია გამოყენებული.

ბეტ-სიგნალი არის შუქურა, რომელიც მდებარეობს გოთემის პოლიციის შენობის თავზე. როდესაც პოლიციას სჭირდება ბეტმენის დახმარება, ისინი ამ შუქურას რთავენ, რომელიც ცაში ბეტმენის ემბლემას გამოსახავს. ბეტ-სიგნალი გოთემის ყველა წერტილიდან ჩანს.

 
ბეტმენის მტრები. ბეტმენი #619. მხატვარი ჯიმ ლი

ბეტმენი ებრძვის სხვადასხვა სახის ბოროტმოქმედებს, დაწყებული უბრალო კრიმინალებიდან, დამთავრებული კანონგარეშე სუპერბოროტმოქმედებით. მათი სია პოპ კულტურაში ყველაზე ცნობილია. უმეტესობას აქვს ტრაგიკული წარმოშობის ისტორია, რამაც კრიმინალებად აქცია. ბეტმენის "ყველაზე დაუნდობელი მტერია" ჯოკერი, ფსიქოპატი, კლოუნი კრიმინალი, "რომლის ქმედებები ირაციონალურია", მიზანი - "ბეტმენის შეწინააღმდეგება"[55]. ასევე ბეტმენის ცნობილი მტრები არიან ქალი-კატა, საფრთხობელა, პინგვინი, ორსახა, რიდლერი, დუმილი მისტერ ფრიზი, შხამიანი სურო და სხვები.

ბეტგამოქვაბული

რედაქტირება
 
ბეტგამოქვაბული, ბეტმენის მე-700 ნომრიდან. ფრედი უილიამს II-ის და მეთიუ მენინგის ნამუშევარი.

ბეტგამოქვაბული არის ბეტმენის საიდუმლო თავშესაფარი, რომელიც შედგება რამდენიმე მიწისქვეშა გამოქვაბულისგან. ისინი მდებარეობენ უეინის მამულის ქვეშ. ბეტგამოქვაბული არის სამეთაურო ცენტრი, განკუთვნილი ლოკალური და გლობალური ზედამხედველობისთვის. აქ ინახება ბეტმენის მანქანები და აპარატურა, ასევე ბეტმენის გუნდის წევრების კოსტიუმები. კომიქსებში Batman: Shadow of the Bat (ნომერი 45) და 2005 წლის ფილმში ბეტმენი: დასაწყისი, ბეტგამოქვაბულს აქვს მიწისქვეშა სარკინიგზო გასასვლელი. ბეტმენის მტრებიდან და მოკავშირეებიდან, ძალიან ცოტამ იცის, თუ სად მდებარეობს ბეტგამოქვაბული.

ბეტგამოქვაბული პირველად დეტექტიური კომიქსების 83-ე ნომერში გამოჩნდა (იანვარი, 1944). ის აღჭურვილია მსოფლიოში ყველაზე სანდო დაცვის სისტემებით. სისტემაში შედის ძლიერი სენსორები, ჩუმი სიგნალიზაცია, ტელეპატების და ტელეკინეზისგან დამცავი ველი[56], ასევე მეტალით და ტყვიით დაფარული კარები. ბეტმენის 700-ე ნომერში მხატვარმა ფრედი უილიამს II-მ და მეტიუ მენინგმა, შექმნეს ბეტგამოქვაბულის სრული, სამგანზომილებიანი, კომპიუტერული მოდელი.

ბეტმენი მედიაში

რედაქტირება
 
მაიკლ კიტონი ტიმ ბარტონის ფილმში ბეტმენი. 1989

ბეტმენი შეიქმნა კომიქსებში, მაგრამ ჩნდება ასევე სხვა მედია საშუალებებშიც, გაზეთებში, წიგნებში, რადიოში, ტელევიზიაში, კინოში და სხვა.

1966 წელს დაიწყო ბეტმენის ტელესერიალი, ადამ უესტის მონაწილეობით, ტელეარხ ABC-ზე. სერიალის მიხედვით შეიქმნა რამდენიმე ფილმიც.

1989 წლიდან დაიწყო ბეტმენზე ახალი, სრულმეტრაჟიანი ფილმების გადაღება. 1989 ტიმ ბარტონმა გადაიღო ფილმი ბეტმენი, ხოლო 1992 წელს - ბეტმენი ბრუნდება, რომლებშიც მსახიობები მაიკლ კიტონი, კიმ ბესინჯერი, ჯეკ ნიკოლსონი, მიშელ პფაიფერი, დენი დევიტო და სხვები თამაშობენ. 1995 და 1997 წლებში შეიქმნა ფილმები ბეტმენი სამუდამოდ და ბეტმენი და რობინი. ამ ფილმებში ბეტმენის როლებს ჯორჯ კლუნი და ველ კილმერი ასრულებენ.

2005 წელს, ფილმით ბეტმენი: დასაწყისი, რეჟისორმა კრისტოფერ ნოლანმა თავიდან შექმნა ბეტმენის კინო ისტორია. 2008 წელს ფილმის მეორე ნაწილმა ბნელი რაინდი, შემოსავლის ზრდის კუთხით, ამერიკის ყველა რეკორდი მოხსნა. მისმა სალაროს შემოსავლებმა მილიარდს გადააჭარბა. 2012 წელს იგეგმება მესამე ფილმის - ბნელი რაინდი: აღზევება, გამოსვლა, რომლითაც ნოლანი დაასრულებს თავის ტრილოგიას ბეტმენზე. განახლებული ბეტმენის ფილმებში მონაწილეობენ მსახიობები კრისტიან ბეილი - ბეტმენი, გერი ოლდმენი, მაიკლ კეინი, ჰიტ ლეჯერი, მეგი ჯილენჰოლი, მორგან ფრიმენი, ენ ჰეთეუეი და სხვები.

1960-იანი წლებიდან დაიწყო ბეტმენის ანიმაციური ფილმების და სერიალების გამოშვებაც. 2008 წლიდან, Cartoon Network-ზე გამოდის ანიმაციური სერიალი ბეტმენზე ბეტმენი: მამაცი და გაბედული. სერიალში ბეტმენს ახმოვანებს დიდრიხ ბედერი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. გულარტი, რონ, Comic Book Encyclopedia (Harper Entertainment, ნიუ-იორკი, 2004) ISBN 978-0-06-053816-3
  2. ბეტმენი #242 (ივნისი 1972)
  3. დეტექტიური კომიქსები #846 (Sept. 2008)
  4. DC Entertainment To Give Classic Batman Writer Credit in 'Gotham' and 'Batman v Superman' (Exclusive). დაარქივებულია ორიგინალიდან — October 22, 2015. ციტირების თარიღი: September 21, 2015.
  5. Sims, Chris. (October 21, 2015) Bill Finger Has A Creator Credit On This Week's Batman Comics. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 4, 2016. ციტირების თარიღი: October 21, 2015.
  6. Fleisher, Michael L. The Encyclopedia of Comic Book Heroes Volume 1 Batman Collier Books 1976 ISBN 978-0-02-080090-3 p. 31
  7. Beatty, Scott (2008). The DC Comics Encyclopedia. Dorling Kindersley, გვ. 40–44. ISBN 978-0-7566-4119-1. 
  8. „The Big Question: What is the history of Batman, and why does he still appeal?“. The Independent. ლონდონი. July 22, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 29, 2008.
  9. 50 Greatest Super Heroes In Comic Book History. FanSided. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 2, 2016. ციტირების თარიღი: October 1, 2016.
  10. DIAL B for BLOG - THE WORLD'S GREATEST COMIC BLOGAZINE. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 19, 2015.
  11. დენიელზი, ლეს. Batman: The Complete History. Chronicle Books, 1999. ISBN 0-8118-4232-0, გვ. 18
  12. სტერანკო, ჯიმ. The Steranko History of Comics 1. რედინგი, პენსილვანია: Supergraphics, 1970. (ISBN 978-0-517-50188-7)
  13. ლეს დენიელზი. Batman - The Complete History: The Life and Times of the Dark Knight, გვ. 18–20. 
  14. Daniels (1999), p. 21, 23
  15. Havholm, Peter; Sandifer, Philip (Autumn 2003). „Corporate Authorship: A Response to Jerome Christensen“. Critical Inquiry. 30 (1): 192. doi:10.1086/380810. ISSN 0093-1896.
  16. Biography by Joe Desris, in Batman Archives, Volume 3 (DC Comics, 1994), p. 223. ISBN 978-1-56389-099-4
  17. Daniels, Les (1999). Batman: The Complete History. Chronicle Books, გვ. 21, 23. ISBN 978-0-8118-4232-7. 
  18. 18.0 18.1 Kane, Andrae, p. 44.
  19. კეინი, ანდრეი, p. 41.
  20. დენიელზი, ლეს. DC Comics: A Celebration of the World's Favorite Comic Book Heroes. ნიუ-იორკი: Billboard Books/Watson-Guptill Publications, 2003, ISBN 978-0-8230-7919-3, გვ. 23.
  21. Boichel, Bill. "Batman: Commodity as Myth." The Many Lives of the Batman: Critical Approaches to a Superhero and His Media. Routledge: ლონდონი, 1991. ISBN 978-0-85170-276-6, pp. 6–7.
  22. ლეს დენიელზი. Batman - The Complete History: The Life and Times of the Dark Knight, გვ. 31. 
  23. კეინი, ანდრეი, გვ. 41
  24. Groth, Gary (October 2005). „Jerry Robinson“. The Comics Journal. 1 (271): 80–81. ISSN 0194-7869. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 24, 2013. ციტირების თარიღი: November 18, 2007.
  25. დეტექტიური კომიქსები #33(1939 წლის ნოემბერი) Grand Comics Database
  26. Daniels (1999), pg. 42
  27. მაქს ალან კოლინზი (ს), კრის უორნერი (მ). "მოკვდა ამაღამ რობინი?" (Did Robin Die Tonight?) ბეტმენი 408 (ივნისი, 1987), DC Comics
  28. ბეტმენი #457
  29. ბეტმენი #654
  30. ბრედ მელნტზერი (ს), ედ ბენესი (მ). "The Tornado's Path" Justice League of America (vol. 2) 1 (აგვისტო, 2006), DC Comics
  31. Holy smoke, Batman! Are you dead? დაარქივებული 2008-12-01 საიტზე Wayback Machine. სტატია. 2008 წლის 28 ნოემბერი.
  32. Newsarama: "Batman R.I.P. - Finally?” 2009 წლის, 15 იანვარი.
  33. გრანტ მორისონი (ს),ჯეი ჯი ჯონსი (მ). "How to Murder the Earth" ფინალური კრიზისი #6 (იანვარი, 2009), DC Comics
  34. გრანტ მორისონი (ს). ფინალური კრიზისი #7 (იანვარი, 2009), DC Comics
  35. გრანტ მორისონის ინტერვიუ ფინალურ კრიზისზე Newsarama.com-თან
  36. ტონი დენიელი (ს/მ) ბეტმენი: ბრძოლა მოსასხამისთვის #1 (2009) DC Comics
  37. ბრძოლა მოსასხამისთვის #3 (2009)
  38. წითელი რობინი #1(2009)
  39. ჯეფ ჯონსი (ს), უბნელესი ღამე #0 (2009, DC Comics)
  40. უბნელესი ღამე #5(2010, იანვარი)
  41. ბეტმენი: ბრიუ უეინის დაბრუნება - ნომრები 1-6.(2010, მაისი-ნოემბერი) DC Comics
  42. Time masters of vilishing point #1-6 (2010-2011) DC Comics
  43. ბეტმენი: დაბრუნება (2010, DC Comics)
  44. ბეტმენი: ბრიუს უეინის დაბრუნება #6 (2010)
  45. ბეტმენი გაერთიანებული #1-10 (2010-2011. DC Comics)
  46. ბეტმენი: ბნელი რაინდი #1...(დღემდე)(2010)
  47. ბეტმენის ისტორიები სექტემბერში Newsarama.com
  48. Pearson, pg. 202
  49. Daniels, 1999, pg
  50. Scott Beatty, The Batman Handbook: The Ultimate Training Manual. 2005, Quirk Books, p51
  51. Aichele, G. (1997). Rewriting Superman. In G. Aichele & T. Pippin (Eds.), The Monstrous and the Unspeakable: The Bible as Fantastic Literature (pp. 75-101). Sheffield: Sheffield Academic Press
  52. Superman vol. 2, #53
  53. Brooker, Will (2001). Batman Unmasked. NY/London: Continuum International Publishing Group. p. 368.
  54. T. James Musler. 2006. Unleashing the Superhero in Us All.
  55. Boichel, pg. 9
  56. Batman #691