კემპი (ინგლ. camp — ბანაკი, დროებითი სადგომი) — თანამედროვე ესთეტიკაში სპეციფიკურად განვითარებული ესთეტიკური გემოვნების აღმნიშვნელი ტერმინი, რომელსაც საფუძვლად უდევს საგანგებოდ ათვისებული მგრძნობელობა, ყველაფერ არაბუნებრივზე, გროტესკამდე გაზვიადებულზე, ხანდახან ვულგარულსა და უხეშზე დამყარებული ესთეტიკური გრძნობა, ხშირად ობივატელისთვის შოკის მომგვრელი, მანერული, კიჩური, უხამსი, მოუხეშავი, ამორალური, პორნოგრაფიული, თუმცა ხშირ შემთხვევაში დახვეწილი ესთეტიზმის მქონეც. კემპის სტანდარტებია გადაჭარბებული თეატრალობა, ხელოვნურობა, ფრივოლურობა, მანერულობა, სტილიზაცია. კემპი თავისი თაყვანისმცემლების მიერ კულტის დონეზეა აყვანილი და გარკვეულწილად ჰერმეტულ სემანტიკას ატარებს, რომელიც ამაში გაურკვეველი ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

რაც შეეხება ტერმინ „კემპის“ წარმომავლობას, ამერიკელმა კულტუროლოგმა და ესეისტმა სიუზან ზონტაგმა 1964 წელს გამოაქვეყნა ესსე „შენიშვნები კემპის შესახებ“ (Notes on Camp), რომლის გამოსვლის შემდეგ, დასახელებულმა ტერმინმა თანამედროვე ესთეტიკის ლექსიკონში ადგილი მყარად დაიმკვიდრა.

ზონტაგმა კემპი ჰომოსექსუალურ სუბკულტურას და ესთეტიკას დაუკავშირა. ხშირ შემთხვევაში, ამ გემოვნების მატარებელნი ჰომოსექსუალები არიან, თუმცა არა მხოლოდ ისინი. ამ ესსეს მეშვეობით, ავტორმა გეი სუბკულტურა იატაკქვეშეთიდან გამოიყვანა და კულტურულ სივრცეში პირველად განსაზღვრა გეების ადგილი და მნიშვნელობა. ესსეს გამოქვეყნებისთანავე, კემპი იმთავითვე აღიარებული კულტურული ფენომენი ხდება და შეიძლება ითქვას, ჩნდება კემპური ესთეტიკის კულტი. ამასთანავე, შეწყდა მსჯელობა ჰომოსექსუალთა განსაკუთრებულ ესთეტიზმზე. მათი წვლილი აღიარეს კულტურულ და ინტელექტუალურ სფეროში, რაც 60-იანი წლებისთვის სერიოზული გარღვევა იყო.

კემპი „გარყვნილების სახეობაა, - წერს სიუზენ ზონტაგი, - რომლის დროსაც ორმაგი ინტერპრეტაციის შესაქმნელად ფერადოვანი მანერა გამოიყენება“. თამაში და ზღვრამდე მისული სერიოზულობა, ექსტრავაგანტულობა და მიამიტობა, უხამსობა და ესთეტიზმი კემპის ანტონიმური მახასიათებლებია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში, რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“.