ახატელი
ახატელი[2] — სოფელი საქართველოში, თელავის მუნიციპალიტეტში (რუისპირის თემი). მდებარეობს მდინარე თურდოს (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 500 მეტრი, თელავიდან 13 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 271 ადამიანი.
სოფელი | |
---|---|
ახატელი | |
ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თელავის მუნიციპალიტეტი |
თემი | რუისპირი |
კოორდინატები | 41°58′15″ ჩ. გ. 45°25′19″ ა. გ. / 41.97083° ჩ. გ. 45.42194° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 500 მ |
მოსახლეობა | 271[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 97,0 % აზერბაიჯანელები 1,1 % სომხები 0,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებაამ ადგილზე დასახლება უფრო ძველია ვიდრე საკუთრივ რუისპირში. კახეთიდან (თელავიდან) ქართლში გადამავალ, მნიშვნელოვან გზასთან სოფლის სიახლოვემ ადრევე დააჩნია კვალი მის სამეურნეო-ეკონომიკურ ყოფას. საისტორიო წყაროებში ასახული XI საუკუნიდან იხსენიება: „მეუფემან კათალიკოს-პატრიარქმან მელიქსედეკ მოიგო ნათქვამი „მატიანე ქართლისაიში“, ესენი კათალიკოსმა სვეტიცხოვლის მონასტერს შესძინოთ სოფელ ახატლის ყმა-მამული“. საქართველოს კათალიკოსს ამ დროიდან XIX საუკუნემდე შეუნარჩუნებია აქ თავისი სამფლობელოები. ახატელი, როგორც განვითარებული მეურნეობისა და მევენახეობის ადგილი კახეთში, მოიხსენიება XIII-XV საუკუნეების საბუთებში. ამ პერიოდში სოფელში ადგილი ჰქონდა ყმა-მამულის ხშირ ყიდვა-გაყიდვას. წლების განმავლობაში სვეტიცხოვლის ყმა-მამულის რაოდენობამ თანდათან იკლო. 1447 წლისთვის მას მხოლოდ გლეხობის 6 კომლიღა შერჩა. 1579 წელს ალექსანდრე II-მ სვეტიცხოველს მამულების მფლობელობა განუახლა კახეთში. მათ შორის ახატელშიც, სადაც იმჟამად სვეტიცხოველს „ხუთი მთელი გლეხი და საგლეხო მამული ჰქონდა“. 1616 წლის ერთ-ერთ საბუთში მოხსენიებულია მცხეთის აზნაური ელიოზის ძე, რომელიც ახალ წელში დარჩენილ სვეტიცხოვლის ოთხ კომლ გლეხს განაგებდა. XVII საუკუნიდან სოფელში ყმა-მამულის დიდ ნაწილს კახეთის თავადები — მაყაშვილები დაეპატრონენ. XVII-XVIII საუკუნეებში შაჰ-აბასისა და სხვა დამპყრობთა დამანგრეველმა შემოსევებმა, მათ შორის „ლეკიანობამ“, სოფლის სამეურნეო ცხოვრება რამდენადმე დააკნინა. მოსახლეობის ნაწილი XVIII საუკუნეში რუისპირში გადასახლდა. ვინც დარჩა, შიშიანობის ჟამს, რუისპირის ციხესიმაგრეს აფარებდა თავს. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, ახატელი ტფილისის გუბერნიის თელავის მაზრაში შედიოდა. დღეს სოფელში მოსდევენ მევენახეობას, მებაღეობას და მემინდვრეობას.
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 504[3] |
2014 | 271[1] |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 103.
- კახაძე .კ, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 160.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 20.
- ↑ 2002 წლის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-07-27.