ავსტრია-თურქეთის ომი (1540-1547)
ავსტრია-თურქეთის ომი (1540—1547) | |||
---|---|---|---|
ავსტრია-თურქეთის ომების ნაწილი | |||
ბუდა, 1541. სულეიმან I ხვდება აღმოსავლეთ უნგრეთის დედოფალ იზაბელა იაგელონს და მის ვაჟს იანოშ II - ს. თურქული მინიატურა XVI საუკუნე. | |||
თარიღი | 30 აგვისტო 1540 — 19 ივნისი 1547 | ||
მდებარეობა | აღმოსავლეთ უნგრეთის სამეფო, უნგრეთის სამეფო | ||
შედეგი | (1547) წლის სტამბულის ზავი | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
|
ავსტრია-თურქეთის ომი (1540-1547) — მეორე ომი ავსტრიასა და ოსმალეთის იმპერიას შორის უნგრეთში ჰეგემონიის დამყარებისთვის.
სამოქალაქო ომის განახლება
რედაქტირება1538 წლის ნადივარადის ზავმა შეაჩერა სამოქალაქო ომი, რომელიც 10 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ოსმალეთის წინააღმდეგ მიმართული საზავო ხელშეკრულება საიდუმლო იყო, მაგრამ უკვე მომდევნო წელს ფერდინანდ ჰაბსბურგელის წარმომადგენელმა იერონიმე ლასკიმ თავის ბატონს უღალატა და სულთანს აცნობა მისი შინაარსი.
იმავე წელს იანოშ I ზაპოლიაი დაქორწინდა სიგიზმუნდ I-ის ქალიშვილზე, იზაბელა იაგელონზე და 1540 წლის 7 ივლისს შეეძინა ვაჟი იანოს ჟიგმონდი. 22 ივლისს ზაპოლიაი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, მაგრამ მან მოახერხა მაგნატებისგან ფიცი მიეღო, რომ ისინი შეასრულებდნენ შეთანხმებას ფერდინანდთან.[1]
ზაპოლიაის ხაზინარის, ნაგივარადის ეპისკოპოსის დიერდი მარტინუზის ინიციატივით, შეგეშვარის სახელმწიფო კრებამ გამოაცხადა იანოშ ჟიგმონდი უნგრეთის მეფედ, ჩამოაყალიბა რეგენტთა საბჭო და სექტემბერში მიმართა სულთანს მხარდაჭერის თხოვნით. ფერდინანდმაც მიმართა სულთანს და შესთავაზა წლიური ხარკის გადახდა 30 ათასი ოქროს ოდენობით ზაპოლიაის საკუთრების სანაცვლოდ. 1540 წლის ნოემბერში ჰაბსბურგმა გაგზავნა მცირე ჯარი უნგრეთში ლეონჰარდ ფონ ფელსის მეთაურობით. ავსტრიელებმა წარუმატებელი ალყა შემოარტყეს ბუდას, შემდეგ დაიკავეს ფერდინანდის მხარეს გადასული მაგნატების მიერ გადაცემული პეშტი, ვაკი, ვიშეგრადი და სეკესფეჰერვარი.
სულეიმან I-მა ოქტომბერში უნგრეთის მეფედ აღიარა იანოშ ჟიგმონდი, ხოლო ნოემბერში მან ომი გამოუცხადა ფერდინანდს.
სულეიმანის მეხუთე კამპანია
რედაქტირება1541 წლის აპრილში აუგსბურგის ბანკირების ფულით დაქირავებულმა გერმანულმა 20 ათასიანმა არმიამ ვილჰელმ ფონ როგენდორფის მეთაურობით ალყა შემოარტყა ბუდას პეტერ პერენიას უნგრეთის ჯარებთან ერთად. 23 ივნისს სულეიმანი უნგრეთის მეხუთე კამპანიაში გაემგზავრა. ბოსნიის და სმედერევოს ფაშები ალყაში მოქცეულებს დაეხმარნენ, გაერთიანდნენ ვალენტინ თერეკისა და დედოფალ იზაბელას ჯარებთან და 21 აგვისტოს დაამარცხეს ავსტრიის არმია ბუდასთან. ბრძოლის ველზე 16 ათასი გერმანელი დაეცა, სულთნის ბრძანებით მოგვიანებით 800 პატიმარი მოკლეს. თურქულმა ფლოტილიამ პეშტი დაიკავა. როგენდორფმა თავი შეაფარა ერთ-ერთ კუნძულს დუნაიზე, სადაც მალევე გარდაიცვალა ჭრილობებით, პერენმა უკან დაიხია ეგერის მიმართულებით.
29 აგვისტოს სულთნის ჯარებმა ბუდა დაიკავეს. სულეიმანმა მიიღო უნგრეთის ზაპოლიაის სამეფოს ლიკვიდაციის გადაწყვეტილება. ტისასა და დუნაის შუამდინარეთი გადავიდა ოსმალეთის იმპერიის მფლობელობაში, ჩამოაყალიბა ვილაიეთი, რომლის ცენტრი ბუდაში გახლდათ. ორი დღის შემდეგ იზაბელა და მისი ვაჟი ლიპაში გაგზავნეს. თურქებმა მათ დაუტოვეს ტისას იქით მდებარე და ტრანსილვანიის სავოევოდოს რეგიონები. შედეგად შეიქმნა ტრანსილვანიის ვასალური სამთავრო. მარტინუსი გახდა მთავრის ნაცვალი, რომელიც უკვე სულთნის ვასალი გახლდათ უკვე და არა მოკავშირე. ვალდებული იყო ყოველწლიური ხარკი გადაეხადა 10 ათასი ოქრო.[2]
2 სექტემბერს სულეიმანი საზეიმოდ შევიდა უნგრეთის ყოფილ დედაქალაქში. ღვთისმშობლის ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა, ბუდას გამგებლად დანიშნეს ბაღდადის ყოფილი მმართველი სულეიმან ფაშა. სექტემბერში თურქეთის ბანაკში ჩავიდნენ ფერდინანდის ელჩები ნიკოლაუს ფონ ზალიმი (უმცროსი) და სიგიზმუნდ ჰერბერშტეინი, რომლებმაც ჰაბსბურგისთვის ზაპოლიაის სამეფოს გადაცემის სანაცვლოდ შესთავაზეს 100 ათასი ფლორინი ან უკიდურეს შემთხვევაში 40 ათასი დუკატი მშვიდობის აღსადგენად. სულეიმანმა განაცხადა, რომ მან იარაღის ძალით აიღო უნგრეთი და მშვიდობის პირობად წამოაყენა ესტერგომის, ტატას, ვიშეგრადისა და სეკესფეჰერვარის თურქებისთვის გადაცემა.[3]
1542 წლის კამპანია
რედაქტირებამაგნატების ზეწოლის ქვეშ მარტინუზიმ დაიწყო მოლაპარაკებები ფერდინანდთან 1541 წლის ოქტომბერში. 1541 წლის 29 დეკემბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას ტრანსილვანიის ფერდინანდის მმართველობაში გადაცემის შესახებ, რომელიც ბუდას თურქებისგან გათავისუფლების პირობას იძლეოდა. რაიხსტაგმა შპეიერში გამოყო სახსრები უნგრეთში 60000-კაციანი არმიის გასაგზავნად იოახიმე ბრანდენბურგელის მეთაურობით. კასპარ სერედისა და პეტერ პერენიას 20000-ე უნგრულ არმიასთან გაერთიანების შემდეგ, გერმანელებმა ალყა შემოარტყეს პეშტს 1542 წლის 28 სექტემბერიდან 8 ოქტომბრამდე, მაგრამ მალევე იძულებულნი გახდნენ ალყა მოეხსნათ ჯარში გავრცელებული ტიფის ეპიდემიის გამო. იმპერატორმა კარლ V-მ ვერ შეძლო დახმარების გაწევა, რადგან ივლისში იტალიის ახალი ომი დაიწყო.
როდესაც დაინახეს გერმანელების უუნარობა შეეცვალათ არსებული ვითარება, ტრანსილვანიის სახელმწიფო ასამბლეამ 20 დეკემბერს უარი განაცხადა ფერდინანდთან შეთანხმებაზე, მმართველად აღიარა იანოშ ჟიგმონდი და გადაწყვიტა სულთნისთვის გადაეხადა ყოველწლიური ხარკი 10 ათასი ოქროს ოდენობით.
სულეიმანის მეექვსე კამპანია
რედაქტირება1543 წლის 23 აპრილს სულთანმა 200 000-კაციანი არმიით ახალი კამპანია წამოიწყო უნგრეთის წინააღმდეგ. არმიას თან ახლდა 370 ხომალდისგან შემდგარი ფლოტილია ალი ბეგისა და სინან ფაშას მეთაურობით. თურქებმა აიღეს ვალპო 23 ივნისს, ფიუნფკირხენი (პეჩი) და შიკლოში ივლისში, ხოლო ესტერგომი დაეცა 10 აგვისტოს, სამკვირიანი ალყის შემდეგ. 17 აგვისტოს ოსმალებმა აიღეს ტატუ, ხოლო 4 სექტემბერს — სეკესფეჰერვარი. ყაჩაღობისთვის მიმოფანტული თურქთა რაზმები დაამარცხეს მიკლოშ ზრინიმ და ფერენც კაპოლნაიმ.[4]
1544 წლის კამპანია
რედაქტირება1544 წელს ომი გაგრძელდა უნგრეთში, სლავონიასა და ხორვატიაში. ბუდაში მოკალათებულმა მუჰამედ ფაშამ დაიპყრო ვიშეგრადი აპრილის ბოლოს, რამაც თურქებს საშუალება მისცა თავიანთი კონტროლის ქვეშ მოექციათ ნავიგაცია დუნაიზე, შემდეგ აიღეს ნოგრადი, ჰატვანი, დებრეკეზი, ოზორა და შიმონტორნია. ხორვატიაში პოზიციების გასამაგრებლად იბრძოდნენ მიკლოშ ზრინი და ბილდერშტეინი.
ზავი
რედაქტირება1544 წლის ბოლოს ჰაბსბურგები იძულებულნი გახდნენ თურქებთან სამშვიდობო მოლაპარაკება ეწარმოებინათ. 1545 წლის 10 ნოემბერს დაიდო ზავი წელიწადნახევრით, ხოლო 1547 წლის 19 ივნისს — სტამბოლის ზავი ხუთი წლის ვადით კარლ V, ფერდინანდსა და სულეიმან I - ს შორის.
გერმანიაში შმალკალდენის ომით შებოჭილი ძმები იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ დამარცხება მუსლიმურ სამყაროსთან ბრძოლის პირველ რაუნდში. სულთანი ახალი ომისთვის ემზადებოდა ირანთან და დასავლეთშიც სჭირდებოდა ამოსუნთქვა. ხელშეკრულება უზრუნველყოფდა უნგრეთის სამ ნაწილად გაყოფას; ფერდინანდს ყოველწლიურად 30000 ოქროს ცალი უნდა გადაეხადა უნგრული სამფლობელოების უზრუნველსაყოფად. უნგრელი მაგნატები, ჰაბსბურგების მომხრეები, უკმაყოფილონი იყვნენ სულთანისთვის იმ მიწების გადაცემით, რომელიც მათ საკუთრებას წარმოადგენდა, მაგრამ იძულებულები იყვნენ შეგუებოდნენ არსებულ ვითარებას და 1547 წლის 25 ნოემბერს კონსტანტინოპოლის ხელშეკრულება შეეტანათ სამეფოს კონსტიტუციაში.[5]
ლიტერატურა
რედაქტირება- Hammer-Purgstal J. von. Histoire de l’empire ottoman. T. II. — P.: Bethune et Plon, 1844 (გერმ.)
- Габсбурги, Венгрия, Трансильванское княжество и Османская империя в XVI в. // Османская империя и страны Центральной, Восточной и Юго-Восточной Европы в XV—XVI вв. — М.: Наука, 1984 (რუს.)
- История Венгрии. Т. I. — М.: Наука, 1971 (რუს.)
- История Словакии. — М.: Институт славяноведения РАН, 2003. — ISBN 5-93442-005-0 (რუს.)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Szerk.: Liptai Ervin: Magyarország hadtörténete. Zrínyi katonai kiadó, 175. o. (1985). ISBN 963-32-6337-9 (უნგრ.)
- ↑ Markó László. A magyar állam főméltóságai. Magyar Könyvklub, 38. o. (1999). ISBN 963-547-085-1 (უნგრ.)
- ↑ Csorba Csaba, Estók János, Salamon Konrád. Magyarország képes története. Magyar Könyvklub, 75. o. (1999). ISBN 963-548-961-7 (უნგრ.)
- ↑ Meg kell jegyezni, hogy a nagyobb hadmozdulatok szünetetelnek ilyenkor, a kisháború, azaz a portyázások és felderítések azonban még ekkor is tartanak. (უნგრ.)
- ↑ Csorba Csaba, Estók János, Salamon Konrád. Magyarország képes története. Magyar Könyvklub, 76. o. (1999). ISBN 963-548-961-7 (უნგრ.)