დევლეთ I გირეი (ყირიმ. I Devlet Geray, ۱دولت كراى‎; დ. 1512 — გ. 1577, ბახჩისარაი, ყირიმის სახანო) — ყირიმის ხანი 1551–1577 წლებში, მუბარექ გირეის ვაჟი, მენლი I გირეის შვილიშვილი, ოსმალეთის სულთნის, სულეიმან I-ის ბიძაშვილი დედის მხრიდან.

დევლეთ I გირეი
Devlet Giray
ყირიმის მე-10 ხანი
მმართ. დასაწყისი: 1551
მმართ. დასასრული: 1577
წინამორბედი: საჰიბ I გირეი
მემკვიდრე: მეჰმედ II გირეი
სულთანი: სულეიმან I
სელიმ II
მურად III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1512
გარდ. თარიღი: 1577
გარდ. ადგილი: ბახჩისარაი, ყირიმის სახანო
შვილები: მეჰმედ II გირეი
ისლამ II გირეი
გაზი II გირეი
ფეთიჰ I გირეი
სელამეთ I გირეი
ადილ გირეი
შაქაი მუბარექ გირეი
ჰაჯი გირეი
აჰმედ გირეი
ყაფლან გირეი
შარდან გირეი
ალფ გირეი
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: მუბარექ გირეი
(მენლი I-ის ვაჟი)
რელიგია: სუნიტური ისლამი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დევლეთი აღიზარდა სტამბოლში. მამამისი, მუბარექ გირეი დაიღუპა ოსმალებსა და მამლუქებს შორის გამართულ ბრძოლაში, 1517 წელს. მისი მამიდა, აიშე ჰაფსა სულთანი იყო სელიმ I-ის ცოლი და სულეიმან I-ის დედა.

დევლეთ გირეი ყირიმის ტახტის მემკვიდრედ არ განიხილებოდა, მაგრამ სარგებლობდა სულთანთან კარგი ურთიერთობით. 1551 წელს ოსმალების დახმარებით ბიძამისი, საჰიბ I გირეი გადააყენა და თავად გახდა ყირიმის ხანი. 26 წლიანი მმართველობის პერიოდში არაერთხელ გაძარცვა, დაარბია და გადაწვა რუსეთის სამეფოს ქალაქები.

1552 და 1556 წლებში რუსეთის ცარმა, ივანე მრისხანემ ყაზანისა და ასტრახანის სახანოები დაიპყრო და გირეის დინასტიის წევრები განდევნა რუსეთიდან. საპასუხოდ, დევლეთ გირეიმ ალყა შემოარტყა კიევს. მართალია მან ქალაქის აღება ვერ მოახერხა, მაგრამ დიდი ზარალი მიაყენა სლავებს და მთლიანად რუსეთის სამეფოს.

მონაწილეობა მიიღო რუსეთ-ოსმალეთის 1568-1570 წლების ომში, რომლის მსვლელობის დროსაც მდინარე თერგი დაიკავა და რუსები აიძულა თავიანთი პორტი გაენადგურებინათ. 1571 წელს 45 000 კაციანი რაზმით ჩრდილოეთით დაიძრა, მოსკოვს შეუტია, გაძარცვა და დაარბია ქალაქი. თუმცა რუსეთში მისი გამანადგურებელი მარბიელი ლაშქრობები საბოლოოდ წარუმატებელი აღმოჩნდა. 1572 წელს, მოლოდის ბრძოლაში ყირიმელი თათრების 27 000 კაციანი არმია გაანადგურა 6000-მა რუსმა ჯარისკაცმა.

დევლეთ გირეის მმართველობა გამოირჩეოდა ხშირი აჯანყებებითა და ტახტისათვის გაჩაღებული ბრძოლებით, რომელთა ჩასახშობად უსასტიკეს მეთოდებს მიმართავდა. მიუეხადავად იმისა, რომ მისი ლაშქრობები არც თუ ისე წარმატებული იყო, მან მაინც მოახერხა მცირე ხნით სახანოზე სრული კონტროლის დამყარება. 1573-1576 წლებში მან საკუთარი ნათესავები სიკვდილით დასაჯა და კალგად (მემკვიდრედ) უფროსი ვაჟი, მეჰმედ II გირეი დაასახელა.

გარდაიცვალა 1577 წელს, 65 წლის ასაკში, ბახჩისარაიში. დევლეთ გირეის შემდეგ ყირიმის სახანო საგრძნობლად დაასუსტა მის შვილებს შორის გამართულმა ომებმა. დევლეთის 5 ვაჟი გახდა ყირიმის ხანი: მეჰმედ II გირეი 1577-1584 წ.წ, ისლამ II გირეი 1584-1588 წ.წ, გაზი II გირეი 1588-1596 და 1597-1607, ფეთიჰ I გირეი 1596-1597 და სელამეთ I გირეი 1608-1610 წლებში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Büyük Osmanlı Tarihi, Hammer, Üçdal Neşriyat, III. Cilt s. 598