აბანო (ქარელის მუნიციპალიტეტი)

(გადამისამართდა გვერდიდან აბანო (ქარელის რაიონი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბანო.

აბანო[2][3]სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში (ბრეძის თემში). მდებარეობს დასავლეთის ფრონეს ხეობაში, მდინარე ლოპანისწყლის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 720 მეტრი. ქარელიდან 27 კილომეტრი.

სოფელი
აბანო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ქარელის მუნიციპალიტეტი
თემი ბრეძა
კოორდინატები 42°07′32″ ჩ. გ. 43°43′37″ ა. გ. / 42.1257861° ჩ. გ. 43.7269750° ა. გ. / 42.1257861; 43.7269750
პირველი ხსენება XVI საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 720
მოსახლეობა 239[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (99,2 %)
სასაათო სარტყელი UTC+4
აბანო (ქარელის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
აბანო (ქარელის მუნიციპალიტეტი)
აბანო (ქარელის მუნიციპალიტეტი) — შიდა ქართლი
აბანო (ქარელის მუნიციპალიტეტი)
აბანო (ქარელის მუნიციპალიტეტი) — ქარელის მუნიციპალიტეტი
აბანო (ქარელის მუნიციპალიტეტი)

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 239 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 407 - -
2002[4] 368 171 197
2014[1]   239 113 126

სოფელი აბანო ერთ-ერთი უძველესი სოფელია მდინარე დასავლეთის ფრონის ხეობაში. ამას მოწმობს აქ არსებული მატერიალური კულტურის ძეგლები. კერძოდ, აბანოს კოლექცია, ძველი ნამოსახლარი, სამაროვანი და ციხე-კოშკის ნაშთები, რომლებიც ციხიანას ბორცვზე მდებარეობენ, ბრინჯაოს, რკინის და გვიანფეოდალური ხანით თარიღდებიან. დღევანდელი სოფლის ჩრდილოეთ, დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ მხარეს მიკვლეულია ფეოდალური და გვიანფეოდალური ხანის სამი ნამოსახლარი.

სახელწოდება სოფელმა მიიღო მის ტერიტორიაზე არსებული სამკურნალო წყლის გამო, რომელსაც ოდითგანვე იყენებს ამ მხარის მოსახლეობა სხვადასხვა დაავადებებისაგან განსაკურნავად. "აბანოს დის თბილი წყალი, ჰკურნავს ქარით დახუთულს და ბუგრსა-მუწუკსა", წერდა თავის ცნობილ ნაშრომში ვახუშტი ბატონიშვილი.

ისტორიულ წყაროებში აბანო მოხსენიებულია XVI საუკუნეში, ამირეჯიბების მიერ ულუმბის მონასტრისათვის შეწირული ყმა-მამულის ნუსხაში. 1608 წ. მეფე ლუარსაბ II-მ იგი ბოქაულთუხუცეს დავით დავითიშვილს უბოძა. ამ დროიდან მოყოლებული აბანო ყოველთვის ბაგრატიონ-დავითიშვილების კუთვნილი სოფელი იყო. 1615 წელს ლუარსაბი კვლავ უმტკიცებს დავითიშვილებს აბანოს. არსებული დოკუმენტების მიხედვით იგი მოზრდილი სოფელი ყოფილა. 1715 წელს რუისის საეპისკოპოსოს აღწერის დავთრით აქ 31 კომლს უცხოვრია, რაც იმ დროისთვის არც თუ ცოტა იყო. ყოფილა ასევე მრავალი გაუქმებული ოჯახი იმ დროისთვის.

ლეკიანობის გამო XVIII საუკუნის 20-30-ანი წლებიდან მოყოლებული ფრონის ხეობის სხვა დასახლებულ პუნქტებთან ერთად აბანომაც დიდი უბედურება განიცადა. 1798 წლის 18 სექტემბრით დათარიღებული ერთ-ერთი განჩინებიდან, რომელიც დავითიშვილების გაყრის საქმეს ეხება ჩანს, რომ სოფლის მოსახლეობა 80 წელიწადში ხუთ კომლამდე შემცირებულა. ქართლ-კახეთის 1799 წლის აღწერის მასალების მიხედვით კი ირკვევა, რომ სოფელში საუკუნის ბოლოს უკვე აღარცერთი კომლი არ ცხოვრობდა.

XIX საუკუნის დასაწყიდიდან აბანო კვლავ აღდგენილა. 1818 წლის მასალებით აბანოში მცხოვრები ხუთი კომლიდან, რომლებიც მთლიანად ბაგრატიონ-დავითიშვილებს ეკუთვნოდათ, ოთხი ოჯახი კოკოლაშვილები იყო, ერთი კი სებისკვერაძე. კოკოლაშვილები, რომლებიც აბანოს ძველი მკვიდრნი იყვნენ 1859 წელს მიქელაძეებად დაეწერენ. 1818-1830 წლებში სოფელში დასახლდნენ აზნაურები: ციმაკურიძე, ჩიკოიძე და ლომიძე, 1859 წელს შალუტაშვილი. 1886 წელს სოფლის მოსახლეობას მიუღწევია 31 კომლისათვის. ის ამ დროისთვის სოფელი აბანო შედიოდა წაღვლის სასოფლო საზოგადოებაში.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

აბანოში ორი არქიტექტურული ძეგლია:

  1. განვითარებული ფეოდალური ხანის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც სოფლის განაპირას დგას გასულ საუკუნეში გადაუკეთებიათ.
  2. სოფლის სასაფლაოზე მდებარე წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია, რომელიც XVII საუკუნით თარიღდება, ხოლო მისი მხატვრობა XIX საუკუნეშია შესრულებული.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 13.
  • ომარ კილასონია, „ქარელი ისტორიის ანალებში“, თბილისი, 1996