აბანოს წმინდა გიორგის ეკლესია

აბანოს წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოში. მდებარეობს სოფლის განაპირას, გზის პირზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. გადაკეთებულია XIX საუკუნეში. ძველი ნაგებობიდან გადარჩენილი აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადების ცალკეული მონაკვეთები ნაგებია თლილი ქვის მოზრდილი კვადრებით. აღდგენილი ნაწილები აგურისაა. ნაგებობა ფერდობზე დგას და მისი ჩრდილოეთ ფასადი თითქმის მთლიანად მიწაშია ჩაფლული; სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხე დგას ამოშენებულ საყრდენზე (სიმაღლე, დაახლოებით 1,5 მ). ცოკოლი ერთსაფეხურიანი და კუთხოვანია.

აბანოს წმინდა გიორგის ეკლესია

ეკლესია დარბაზულია (10,3 X 6,1 მ), შესასვლელი დასავლეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია, ხოლო გვერდებზე — მაღალი და ღრმა ნიშები. სარკმლის ქვეშ, კედელზე მიდგმულია სატრაპეზო ქვა. საკურთხეველში დევს დიდი გათლილი ქვა, რომლის ცენტრში ამოკვეთილია კვადრატული ფოსო. საკურთხევლის წინ აგურის დაბალი შელესილი და მოხატული (XIX ს.) კანკელი დგას. გაირჩევა ცალკეული სცენები და ზოგიერთი წმინდანის სახე, ორნამენტებისა და წარწერების ფრაგმენტები. კანკელს ორი კარი ჰქონია. კანკელის ჩრდილოეთ ნაწილში, ზედა იარუსზე, ორი სახატე ნიშია. დარბაზის გრძივი კედლები და ნახევარწრიული კამარა დანაწევრებულია მასიური ორსაფეხურიანი, ორმაგკაპიტელებიანი პილასტრებითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით. ჩრდილოეთ კედელში ფართო და ღრმა ნახევარწრიულთაღიანი ნიშია. დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სარკმელია.

ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადის ცენტრში შემორჩენილია აგურის რელიეფური ჯვრის ქვედა მკლავი. ნაგებობას დასავლეთით ჰქონია მინაშენი (კარიბჭე), რომლისგანაც შემორჩენილია კედელზე მიშენებული ორი მასიური ბურჯი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება