ჰენრიხ მუატი
ჰენრიხ არჩიბალდის ძე მუატი (დ. 1846, გაერთიანებული სამეფო — გ. 1921, თბილისი) — საქართველოში მოღვაწე შოტლანდიელი ინჟინერი, ქველმოქმედი, საზოგადო მოღვაწე, ამიერკავკასიის რკინიგზის, ხაშურის ორკლასიანი სკოლის საპატიო მზრუნველი, თბილისის საპატიო მოქალაქე.
ჰენრიხ მუატი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1846 გაერთიანებული სამეფო |
გარდაცვალების თარიღი |
1921 თბილისი, საქართველო |
დაკრძალულია | ქაშუეთის ეკლესიის ეზო, თბილისი, საქართველო |
ეროვნება | შოტლანდიელი |
მეუღლე(ები) | ეკატერინე (კატო) ყარანგოზიშვილი |
შვილ(ებ)ი | მარია მუატი, ეკატერინე მუატი, არჩილ მუატი, ალექსანდრე მუატი, ნინა მუატი, მიხეილ მუატი, სოფიო მუატი, დაგმარა მუატი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჰენრიხ მუატი 1846 წელს გაერთიანებულ სამეფოში დაიბადა. იგი ფოლკსტონის კერძო სასწავლებელში სწავლობდა, რომელიც ინჟინრის სპეციალობით დაასრულა. 1865 წელს მან ინგლისის სამოქალაქო ინჟინრის წოდება სამშობლოში, ჩრდილოეთის დიდი რკინიგზის მშენებლობის მთავარი ინჟინრის თანაშემწეობისა და ხუთწლიანი პრაქტიკული გამოცდილების შემდეგ მიიღო. 23 წლის შოტლანდიელი ინჟინერი ინგლისიდან საქართველოში 1869 წელს ჩამოვიდა. კავკასიაში იმდროინდელი მეფისნაცვლის - მიხეილ რომანოვის ბრძანებით მოიწვიეს. 1869 წლის თებერვალში ჰენრიხ მუატი ბრიტანული კონცესიის სხვა წევრებთან ერთად ფოთში გაემგზავრა, სადაც ტფილისი-ფოთის სარკინიგზო მაგისტრალზე საძიებო სამუშაოები მიმდინარეობდა. ამიერკავკასიის რკინიგზის მშენებლობა, 1865 წლიდან, ფაქტობრივად დაწყებული იყო და იგი რუსეთის იმპერიის გზათა მიმოსვლის კავკასიის მხარის რკინიგზების უფროსის, ინჟინერ-კაპიტნის, ბოლესლავ სტატკოვის პროექტის მიხედვით ხორციელდებოდა. 1871 წელს ჰენრიხ მუატი ამიერკავკასიის რკინიგზის მე-5 უბნის (სკრიდან მოლითამდე) უფროსად დაინიშნა. მომდევნო წლებში, შოტლანდიელი ინჟინერი აქტიურად იყო ჩართული ხაშური-ბორჯომისა და ბორჯომ-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზების, წაღვერთან და მოლითთან ხიდ-ვიადუკების, ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის, მდინარე სურამელაზე ხიდის, ხაშურის რკინიგზის სკოლისა და ჩუმათელეთის საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობაში. 1884 წელს ჰენრიხ მუატმა რუსეთის იმპერიის მოქალაქეობა მიიღო.
ჰენრიხ მუატს დაევალა მთელი რეგიონისათვის სტრატეგიულად და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი შავი და კასპიის ზღვების დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის უღელტეხილზე გადასაყვანი ურთულესი მონაკვეთის პროექტირება. ჰენრიხ მუატმა ჯგუფთან ერთად სამუშაო წარმატებით დაასრულა და სურამის უღელტეხილზე რკინიგზის გაყვანა სწრაფი ტემპით დაიწყო. ჰენრიხ მუატი საცხოვრებლად ხაშურიდან სურამში, ზინდისის უბანში, აზნაურ ნიკოლოზ აბაზაძის სახლში გადავიდა. ამ სახლში, მოგვიანებით, 1913 წელს, ცნობილი უკრაინელი პოეტი ლესია უკრაინკა გარდაიცვალა. ხოლო 1952 წლიდან, იქ მისი მემორიალური მუზეუმი განთავსდა.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაჰენრიხ მუატი სურამში ხშირად სტუმრობდა ფრანგი ინჟინრის - მიხეილ ზაგიუს ოჯახს, რომელსაც ცოლად ნინა ყარანგოზიშვილი ჰყავდა, აზნაურის ქალი დუშეთიდან. ჰენრიხმა დიასახლისის და, ეკატერინე (კატო) ყარანგოზიშვილი ამ სახლში გაიცნო. წყვილი მალევე დაქორწინდა. ახლადშექმნილმა ოჯახმა სურამში საკუთარი პროექტით სახლიც აიშენა. მათ სამი ვაჟი და ხუთი ქალიშვილი შეეძინათ: მარია, ეკატერინე, არჩილი, ალექსანდრე, ნინა, მიხეილი, სოფიო და დაგმარა.
საზოგადოებრივი საქმიანობა
რედაქტირებამუატების სახლს ხშირად სტუმრობდნენ მეგობრები, იმ დროის საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი სახეები: მსახიობი ნატო გაბუნია-ცაგარელი, მწერალი და დრამატურგი შალვა დადიანი, ჟურნალ „ნაკადულის“ რედაქტორი ილია ნაკაშიძე და სხვები. მათი მონაწილეობითა და თანადგომით მუატები საქველმოქმედო საღამოებსა და კონცერტებს მართავდნენ. ქალიშვილებთან ერთად ფორტეპიანოზე თავად ჰენრიხ მუატიც უკრავდა. ჰენრიხ მუატი ქველმოქმედი ინჟინერი ამიერკავკასიის რკინიგზის, ხაშურის ორკლასიანი სკოლის საპატიო მზრუნველიც ყოფილა. ეკატერინე ყარანგოზიშვილი კი მე-19 საუკუნის მიწურულს, სურამში „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ რწმუნებული იყო. მუატების ქველმოქმედებაზე იმდროინდელი პრესაც აქტიურად წერდა.
1884 წლის აგვისტოში გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ „სურამში გამართულ წარმოდგენაში, „სცენა მომრიგებელ მოსამართლესთან“, მოწონება დაიმსახურა სოფრომ მგალობლიშვილმა და კოტე ყიფიანმა. 1885 წელს „დროება“ კვლავ იუწყებოდა: „ერთ მშვენიერ დღეს სურამში გამოცხადდა, რომ ეკატერინე მუატი აწყობდა კონცერტს. კონცერტი გაიმართა კერძო ბინაში. დარბაზი მაყურებლით გაივსო და საზოგადოება კონცერტით კმაყოფილი დარჩა. კონცერტის მთელი შემოსავალი უკლებლივ გაეგზავნა „წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“.
მოგვიანებით ჰენრიხ მუატი ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსმა, იოსიფ ნეიგებაუერმა თანამდებობიდან გაათავისუფლა. ცნობა ინგლისელი ინჟინრის რკინიგზის რომელიმე ხაზის უფროსად დანიშვნის შესახებ არსად გავრცელებულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან თბილისში, მეუღლესთან ერთად გაატარა.
ჰენრიხ მუატის ოჯახი 1910 წელს საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. მათ თბილისის ქაშუეთის ეკლესიის მშენებლობისთვის გარკვეული თანხა გაუღიათ და ჰენრიხ მუატს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებაც დაუმსახურებია. ჰენრიხ მუატი და მისი მეუღე 1921 წელს გარდაცვლილან. კაცი 75 წლის, ხოლო ქალი 76 წლის ასაკში. ორივე მათგანი თბილისის ქაშუეთის ეკლესიის ეზოში განისვენებს.