ზინდისი — ისტორიული სოფელი შიდა ქართლში, სურამისწყლის ხეობაში. მდებარეობს დღევანდელი დაბა სურამის საზღვრებში.

ნასოფლარი იხსენიება დოროთეოს კათოლიკოსის იტრიის ეკლესიისადმი 1584 შეწირულების სიგელში. ზინდისი იტრიის ეკლესიამ თავდაპირველად ქართლის მეფე გიორგი IX-საგან იყიდა, შემდეგ კი სიმონ I-მა საკუთრებად დაუმტკიცა. ზინდისში ცხოვრობდნენ ჯინგარაძეები, მახარაძეები და ჯონჭორაულები.

ზინდისი გვიანდელი შუა საუკუნეების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით შედიოდა ზემო ქართლის სადროშოში. ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) ზინდისს „შინდისის“ ფორმით იხსენიებს. სოფელი ზინდისი XIX საუკუნის ბოლოს გორის მაზრის სურამის საპოლიციო უბნის იტრიის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა. 1930 წელს მაზრების გაუქმების შემდეგ, ზინდისი ხაშურის რაიონში შევიდა.

1715 წლის რუისის სამწყსოს აღწერის დავთრის მიხედვით, აქ 6 კომლი მოსახლეა (აბაზაძე (3), ღაღანიძე, ნარიმანაშვილი, ლუქუნიძე). 1865 წლის აღწერით, ზინდისში 10 კომლი დროებით ვალდებული გლეხი სახლობს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ცინცაძე ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 370.
  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973
  • მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის, წგ. 1, თბ., 1964
  • ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970.
  • ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 15, 15 აპრილი, 2019, გვ., 4