დოროთეოზ III

(გადამისამართდა გვერდიდან დოროთეოს III)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დოროთეოზი.

დოროთეოზ III, დოროთეოს III — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1589 წლიდან. სიმონ I-ის (1556-1600) თანამედროვე.

დოროთეოზ III-ის შეწირულების წიგნი იტრიის ღვთისმშობლის ეკლესიისადმი, 1592-1600

დოროთეოზ კათოლიკოსმა გიორგი IX-საგან „დიდის ფასითა“ შეიძინა სურამთან ახლოს მდებარე სოფელი იტრია იქ მოსახლე აზნაურებითა და გლეხებითურთ. სოფელ ნიტრიაში (ამჟამად ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის უბანი იტრია) ააშენა საძვალე მონასტერი. მშენებლობაში მატერიალურ დახმარებას უწევდნენ ქართლის მეფეები: გიორგი IX, სიმონ I, გიორგი ბატონიშვილი (სიმონის ძე) და კახეთის მეფე ლევანი. ცნობილია დოროთეოზის მიერ დაწერილი გუჯარი, სადაც აღწერილია ნიტრიის მონასტრის მშენებლობის ამბავი. გუჯარი მნიშვნელოვან მასალას იძლევა საქართველოს ეკონომიკური, პოლიტიკური და მატერიალური კულტურის ისტორიის შესასწავლად.

სამონასტრო მშენებლობის დაწყებისას ქვეყანას შაჰ-თამაზი შემოესია, „ამოწყჳტა და ააოჴრა ქართლის ქუეყანა. ეს ყუელაი მეფობასა პატრონის ლუარსაფისსა“-ო, აღნიშნავს დოროთეოზი მის მიერ იტრიის ეკლესიისადმი გაცემულ შეწირულობის სიგელში. ამდენად, სამონასტრო მშენებლობა მას ჯერ კიდევ კათოლიკოსად დაწესებამდე დაუწყია.

სიმონ I-ს განუჩენია მონასტრისათვის „ცოტაოდენნი საფასე“. აშენებული ეკლესია და სოფელი მტერს აუოხრებია, თუმცა კათოლიკოსმა მოახერხა მისი განახლება. დოროთეოზმა მის მიერვე აშენებულ მონასტერს დიდი რაოდენობით ყმა-მამული და საეკლესიო ინვენტარი შესწირა. კათოლიკოსი საგანგებოდ აღნიშნავს კახთა მეფის ლევანისა და მის შვილთა წყალობასა და შეწევნას.

კათოლიკოსს მონასტრის საკეთილდღეოდ გაუწევია დიდი ჯაფა: „ეს რაც მამული და გლეხნი დამიწერია, ყუელა ჩემის მოღვაწებითა და წირვით მიშოვნია და მიყიდია. ამისთათანა პატიოსანი თვალთ-შეუდგამი მონასტერი ამიშენებია... მრავალნი ჭირნი და იწროებანი მომითმენია“.

ქართლის მეფეს გიორგი X-ს დოროთეოზ კათოლიკოსის თხოვნით იტრიის მონასტრისათვის თავისი სახასო მამულიდან მნიშვნელოვანი ყმა-მამული შეუწირავს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება