ჭარები
ჭარები[1][2] — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ქსუისის თემში.
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს მდინარეების პატარა ლიახვისა და მეჯუდის წყალგამყოფი ქედის დასავლეთ კალთაზე, მდ. ჭარებულის (მეჯუდის აუზი) ზემოთში. ზღვის დონიდან 1200 მ, ქ. ცხინვალიდან 15 კმ. სოფელი ორ ნაწილად — ზემო და ქვემო ჭარებად იყოფა.
ისტორია
რედაქტირებაჭარები მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა სამეფოსა საქართველოში“ როგორც „ლაფაჩი“ (სოფელში შემორჩენილია გვარი ლაფაჩი). 1921 წელს შედიოდა გორის მაზრის ტყვიავის რაიონის მერეთის თემში. 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში. სოფელი ძლიერ დააზიანა 1991 წლის მიწისძვრამ. 2008 წ. აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე პატარა ლიახვის ხეობის სხვა სოფლებთან ერთად იყო საქართველოს ხელისუფლების კონტროლქვეშ. 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[3], ხოლო სოფელს ფიზიკურად აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. Чъареб).
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებასოფელში შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — XIII-XIV სს. ღვთისმშობლის დიდი სამნავიანი ბაზილიკა. შუა ნავი გვერდის ნავებზე მნიშვნელოვნად მაღალია. ინტერიერში სვეტების ორი წყვილია, რომლებზედაც ამოყვანილია კამარის საბჯენი თაღები. ჩრდილოეთ ნავის აღმოსავლეთ ნაწილში მომრგვალო სათავსია, რომელიც კარით უკავშირდება საკურთხეველს. საკურთხევლის აფსიდა შიგნით ნახევარწრიულია, გარედან — ხუთწახნაგა. შესასვლელი სამია — დას., სამხრ. და ჩრდ. მხრიდან. სამხრეთის კარის წინ სამ მხარეს თაღებით გახსნილი კარიბჭე იყო მიშენებული. ეკლესია გარედან შემოსილია სუფთა გათლილი მუქი წითელი ფერის ქვით. ფასადებზე შემორჩენილია მორთულობის ფრაგმენტები. შუა ნავის კამარა ჩამოქცეულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- მეფისაშვილი რ., ცინცაძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 384.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 131.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 217.
- ↑ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე — საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ