ჭარების ღვთისმშობლის ეკლესია

ჭარების ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარებში. აგებულია X-XI საუკუნეებში, გადაკეთებულია XIV საუკუნეში.

დარბაზული ეკლესია ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვით დუღაბზე. ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია წვრილი ქვით. დასავლეთ ფასადზე შემორჩენილია შელესილობის კვალი.

ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით დასრულებული ნახევარწრიული აფსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. აფსიდის ჩრდილოეთით ერთი თაღოვანი, სამხრეთით კი ღრმა ნახევარწრიული ნიშაა, რომელშიც გაჭრილია ვიწრო სარკმელი და კიდევ ერთი მცირე ნიშა. აფსიდის კონქი სფერულია. სატრიუმფო თაღი აფსიდის სამსაფეხურიან მხრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ შემორჩენილია სოლეა და ხის კანკელის მცირე ნაწილი.

გრძივი კედლები სამსაფეხურიანი პილასტრების საშუალებით ორ ნაწილად იყო-ფა. პილასტრების ცენტრალურ საფეხურს, ნახევარცილინდრული კამარის საბრჯენი თაღი ეყრდნობა. გვერდით საფეხურებს კი კედლის თაღები ებჯინება.

ეკლესია ნათდება აღმოსავლეთის, დასავლეთის და სამხრეთის ორი თაღოვანი სარკმლით. სარკმლის წირთხლებისათვის და კედლის თაღებისათვის ქართული აგურია გამოყენებული.

დასავლეთი შესასვლელი შიგნით არქიტრავული, გარეთ - თაღოვანია. კედლები შელესილ-შეთეთრებულია. იატაკზე დასხმულია ბეტონი. ეკლესიის ფასადები სადაა. დასავლეთ კეხზე მცირე ზომის თაღოვანი სამრეკლოა. სამრეკლო ნაგებია ქართული აგურით. კარნიზი მარტივპროფილიანია.

ეკლესიის კედლები მრავალ ადგილას დაბზარულია. სახურავი დაზიანებულია. ეკლესიის გარშემო მიწის დონე აწეულია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 241-242