შრი-ლანკის ისტორია

შრი-ლანკის ისტორია იწყება დაახლოებით 30 000 წლის წინ, როდესაც აქ დასახლდნენ პირველი მაცხოვრებლები, რომლებიც იყვნენ ვედების წინაპრები.

სირიმავო ბანდარანაიკე შრი-ლანკის 7-ე პრემიერ-მინისტრი
მაითრიპალა სირისენა - შრი-ლანკის პრეზიდენტი დღემდე

ადრეული ისტორია რედაქტირება

შრი-ლანკის ტერიტორია დასახლებული იყო პალეოლითის ეპოქაში. ინდოეთთან ტერიტორიულმა სიახლოვემ ძლიერი გავლენა იქონია კუნძულის მოსახლეობის ისტორიულ განვითარებაზე.

ძველი და შუა საუკუნეები რედაქტირება

ახალი წელთ აღრიცხვის დასაწყისში შრი-ლანკაზე პირველი მონათმფლობელური სახელმწიფოები წარმოიქმნა. XV საუკუნეში შრი-ლანკაში წარმოიქმნა 3 დიდი სახელმწიფო: სინჰალური-კოტე (დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით), კანდი (ცენტრალური ოლქი) და ტამილური-ჯაფნა (ჩრდილოეთით). შრი-ლანკის პოლიტიკურმა დაქუცმაცებამ და ეკონომიკურმა სისუსტემ ევროპელებს კუნძულის დაპყრობა გაუადვილა.

ახალი ისტორია რედაქტირება

1517 წელს შრი-ლანკის სანაპირო ნაწილი პორტუგალიელებმა დაიპყრეს, 1658 წელს - ნიდერლანდელებმა. 1795-96 წლებში ინგლისმა შრი-ლანკიდან განდევნა ნიდერლანდების ჯარები. 1815 წელს კანდის სამეფოს დამოუკიდებლობის მოსპობის შემდეგ მთელი შრი-ლანკა ინგლისის კოლონიად იქცა. 1796, 1818 და 1848 წლებში შრი-ლანკის ხალხმა მოაწყო აჯანყება ინგლისელი დამპყრობლების წინააღმდეგ.

უახლესი ისტორია რედაქტირება

XX საუკუნის დასაწყისში ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას თავში ჩაუდგა სინჰალისა და ტამილის ბურჟუაზია, რომელმაც 1919 წელს შექმნა პირველი პოლიტიკური პარტია - ცეილონის ეროვნული კონგრესი. 1935 წელს დაარსდა ლანკის სოციალური პარტია. 1943 წელს შეიქმნა ცეილონის კომპარტია. ომის შემდგომ წლებში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ზრდამ აიძულა ინგლისი 1948 წლის 4 თებერვალს შრი-ლანკისათვის დომინიონის სტატუსი მიენიჭებინა. 1955 წელს ქვეყანა გაეროს წევრი გახდა. 1956 წელს ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგა სოლომონ ბანდარანაიკე, რომელმაც გაატარა მთელი რიგი პროგრამული ღონისძიებები. რეაქციულმა ელემენტებმა 1959 წელს მოკლეს ბანდარანაიკე. 1960 წლის ივლისში პარლამენტის არჩევნებში გაიმარჯვეს დემოკრატიულმა ძალებმა. ახალ მთავრობას სათავეში ჩაუდგა სირიმავო ბანდარანაიკე (სოლომონ ბანდარანაიკეს ქვრივი), რომელმაც გააგრძელა წინაპორბედის პოლიტიკა. 1965 წლის პარლამენტის არჩევნებში შედარებით მეტი ადგილი მიიღო გაერთიანებულმა ეროვნულმა პარტიამ (გეპ), რომლის ლიდერი დადლი სენანაიკე სათავეში ჩაუდგა მთავრობას. 1970 წელს შეიქმნა ახალი კოალიციური მთავრობა სირიმავო ბანდარანაიკეს მეთაურობით. მან ფართო დემოკრატიული გარდაქმნებსა და მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გაფართოებაზე აიღო გეზი. 1972 წლის 22 მაისს ცეილონი შრი-ლანკის რესპუბლიკად გამოცხადდა. ახალმა კონსტიტუციამ გააუქმა დიდ ბრიტანეთზე დამოკიდებულების ყველა პოლიტიკური ფორმა, გაატარა აგრარური რეფორმა. მაგრამ მთავრობამ ვერ შეძლო იმედების გამართლება. ამით ისარგებლეს მემარჯვენე ძალებმა და შეძლეს მემარცხენე კოალიციის გათიშვა. 1977 წელს კომპარტიამ, ლანკის სოციალისტურმა პარტიამ და სახელმწიფო დემოკრატიულმა პარტიამ შექმნეს გაერთიანებული მემარცხენე ფრონტი. 1977 წლის არჩევნებში გაიმარჯვა გაერთიანებულმა ეროვნულმა პარტიამ. მთავრობის მეთაური გახდა მისი ლიდერი ჯუნიუს ჯაიევარდენე.

1978 წლის 7 სექტემბერს შრი-ლანკა გამოცხადდა დემოკრატიულ-სოციალისტურ რესპუბლიკად. 1982 წელს პირველად ჩატარდა პრეზიდენტის არჩევნები, ხოლო 1983 წლის მაისში პარლამენტის არჩევნები გაიმართა. ხმების უმრავლესობა კვლავ გაერთიანებულმა ეროვნულმა პარტიამ მიიღო. ივლისის დასასრულს კვლავ დაიძაბა ურთიერთობა სინჰალურ და ტამილურ თემებს შორის, რასაც შეიარაღებული თავდასხმა მოჰყვა. „ტამილების საკითხი“ გარკვეულ ზემოქმედებას ახდენდა ინდოეთ-შრი-ლანკის ურთიერთობაზე. საგარეო პოლიტიკაში იგი განაგრძობს მიუმხრობლობის პოლიტიკას.

1983 წლიდან ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო, რომელიც 2009 წლამდე გაგრძელდა. 2009 წლის 18 მაისს თამილის ვეფხვების ლიდერი ველუპილაი პრაბჰაკარანი მოკლეს საავადმყოფოდან გაქცევისას. თამილის ვეფხვები დათანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტას და ჩაბარდნენ ხელისუფლებას რითაც ამ ქვეყნის 25-წლიანი სამოქალაქო ომი დასრულდა. ტამილმა სეპარატისტებმა 1991 წელს მოკლეს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი რაჯივ განდი, ხოლო 1993 წელს შრი-ლანკის პრეზიდენტი რანასინგჰე პრემადასა.

1994-2005 წლებში ქვეყნის პრეზიდენტი იყო ჩანდრიკა კუმარატუნგა, რომელმაც 1999 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა საარჩევნო კამპანიის დროს „ტამილელი ვეფხვების“ მიერ მოწყობილი ტერაქტისას, არჩევნებამდე 3 დღით ადრე თავისუფლების პარტიის მიტინგზე კოლომბოში, სადაც სიტყვით გამოდიოდა, ბომბის აფეთქების შედეგად მარჯვენა თვალიდან დაკარგა მხედველობა.

2005-2015 წლებში პრეზიდენტია მაჰინდა რაჯაპაკსე, ხოლო 2015 წლიდან მაითრიპალა სირისენა.

ლიტერატურა რედაქტირება